ინტერვიუ კალათბურთის პრობლემებზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 12:52 | არქივი | ნანახია - 1491

ინტერვიუ კალათბურთის პრობლემებზე- სულ ცოტა ხნის წინ ვეტერანი კალათბურთელების ინიციატივით დაფუძნდა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, რომლის პრეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით. რა არის ამ კავშირის მთავარი მიზანი?
- მოგესალმებით და, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ინტერნეტ სივრცეში შემობრძანებას. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.
რაც შეეხება კავშირს: ვიდრე ჩვენს მიზნებზე მოგახსენებდეთ, ჩვენი კავშირის წევრებზე, ჩვენი თანამშრომლობის დაწყებაზე გეტყვით ორიოდე სიტყვას.
საბედნიეროდ, საქართველოში საკალათბურთო სამყარო ერთ-ერთი სამაგალითო, დიდი, მეგობრული ოჯახია. ჩვენი კავშირის დამფუძნებლები და ამავე დროს გამგეობის წევრები, ვეტერანი კალათბურთელები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად განვიხილავდით კალათბურთის მომავალს საქართველოში, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებსა და შეხედულებებს. გვქონდა ინტენსიური შეხვედრები, რომლის შედეგადაც ჩამოგვიყალიბდა კალათბურთის განვითარების ჩვენეული ხედვა.
შევთანხმდით, რომ თბილისში კალათბურთის სწორი მიმართულებით განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს და ჩვენი მომავალი მოქმედების არეალიც გამოიკვეთა.
თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის თითოეულ წევრს გამოვლილი გვაქვს ის სპორტული გზა, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება:


1. სკოლების შიდა ჩემპიონატი.ინტერვიუ კალათბურთის პრობლემებზე

2. რაიონის ჩემპიონატი, რომელზეც სკოლები გამოდიან ერთიანი გუნდით.
3. თბილისის ჩემპიონატი რაიონებს შორის. აქ რაიონების ნაკრებებში ხვდებოდნენ გამორჩეული, პერსპექტიული კალათბურთელები. სწორედ თბილისის ჩემპიონატი იყო ძალიან საინტერესო და, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, საკალათბურთო ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების აღმოჩენის მთავარი ”საბადო”. უკვე მერე დგებოდა თბილისის ნაკრები, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჩემპიონატში.
ეს მექანიზმი მრავალი ათეული წლის განმავლობაში ძალზე ეფექტურად და კალათბურთის განვითარებისთვის სასარგებლოდ მოქმედებდა და თბილისის ”დინამოს”, რომელიც იმ დროს კალათბურთელის ოსტატობის ერთადერთი საზომი იყო, ღირსეული ცვლა ავსებდა.
ასეთივე სისტემით მუშაობდნენ რეგიონები და, შესაბამისად, მათი წვლილი კალათბურთის განვითარებაში ძალიან დიდი იყო.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ მოდელის, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, გადმოტანა და ზუსტად კოპირება დღევანდელ საკალათბურთო რეალობაში, რბილად რომ ვთქვათ, არ მოხერხდება?
- რასაკვირველია, ყველაფრის გადმოტანა და გამეორება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ჩემი აზრით, დეტალურად ყველაფრის აღდგენა არც არის მიზანშეწონილი. თბილისის ჩემპიონატების ჩატარების წლევანდელმა სისტემამ ნიადაგი უნდა მოამზადოს და გახდეს სწორედ იმ ”ძველი” ტრადიციების დაბრუნების საფუძველი. ვაპირებთ აქტიურად ჩავებათ თანამშრომლობაში ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელთაც გარკვეული ხელშეწყობა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ამ კუთხით.
- წლევანდელი სისტემა ახსენეთ. იქნებ უფრო დაწვრილებით ისაუბროთ ამის თაობაზე...

- საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, 29 მაისს დაიწყება ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელი
 პირველი საკალათბურთო ღონისძიება - მინიკალათბურთის ფესტივალი, რომლის გახსნის ცერემონიალი თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილია 29 მაისს. გუნდები იბრძოლებენ თბილისის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად და, რაც მთავარია, პირველ რვა ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. ანალოგიურად ჩატარდება სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატები.

- ეს ყველაფერი გასაგებია. თქვენი აზრით, რამდენად სწრაფად დაეტყობა ეს თამაშები კალათბურთის განვითარებას საქართველოში და, კერძოდ, თბილისში?
- მესმის თქვენი შეკითხვის აზრი. იმის ილუზია, რომ პირველივე წელს საგრძნობლად შეიცვლება ყველაფერი, ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენი მიზანია წლების განმავლობაში სწორად მომუშავე ამ სისტემამ თავისი ნაყოფი გამოიღოს და თაობათა ცვლის პროცესი, რომელიც ყველა ქვეყანაში და სპორტის ყველა სახეობაში ძალიან რთული და მძიმეა, რაც შეიძლება, უმტკივნეულოდ გადაიტანოს ქართულმა კალათბურთმა.

- ამ თემაზე ამომწურავად ისაუბრეთ, თუმცა, თქვენს დანარჩენ მიზნებსა და გეგმებზე ჯერ არაფერი გითქვამთ. ჩვენს ინტერნეტ გაზეთს ერთი შემოთავაზება აქვს თქვენს კავშირთან და პირადად თქვენთან: თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩვენი სურვილია დროდადრო ვისაუბროთ კალათბურთზე, თქვენი კავშირის გასაკეთებელ, გაკეთებულ საქმეებსა თუ მიმდინარე პროცესებზე. აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით, ვიცით რა თქვენი საქმიანობის შესახებ ტელეკომპანია GMG-ზე, რომლის სპორტული არხისინტერვიუ კალათბურთის პრობლემებზე
პროდიუსერიც ბრძანდებით, შემოგთავაზოთ არა მარტო ქართული კალათბურთის საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი, შეხედულებები და მოსაზრებები NBA-ს , ევროპული კალათბურთის შესახებ. თუ მიიღებთ ჩვენს წინადადებას, დანარჩენი შემდეგი საუბრისთვის გადავდოთ.
- დიდი მადლობა ამ შეთავაზებისთვის. თუ ჩემი საკალათბურთო შეხედულებები გარკვეულწილად დააკმაყოფილებს სპორტულ საზოგადოებას, დიდი სიამოვნებით გეწვევით ხოლმე სტუმრად.
- გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს. როგორც შევთანხმდით, მომავალ შეხვედრამდე

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია