კვირის სპორტის სიახლები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-07-2013, 21:16 | არქივი | ნანახია - 1501

კვირის სპორტის სიახლებიფეხბურთი

 

“ბაიერნმა” გვარდიოლას ალკანტარა უყიდა

 

მიუნხენის "ბაიერნმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ბარსელონადან” შეიძინა ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა. მოთამაშის ტრანსფერის თანხამ 25 მილიონი ევრო შეადგინა. ესპანელმა რეკორდმაისტერთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც "ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, ალკანტარა მიუნხენური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას მთავარი სატრანსფერო მიზანი იყო. 2012-13 წლების სეზონში ალკანტარამ "ბარსელონას” რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ნახევარმცველს ესპანეთის ნაკრებში სამი თამაში აქვს ჩატარებული.

 

“რეალი” ყველაზე ძვირად ღირებულია

 

კვირის სპორტის სიახლებიპოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა” გამოაქვეყნა ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ტრადიციული სია.

ადრე ამ რეიტინგში პირველობა "მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა მადრიდის "რეალმა” მოიპოვა ლიდერობა. "სამეფო კლუბის” ღირებულებაა 3.3 მილიარდი დოლარი, ინგლისის ჩემპიონის ფასი კი 3.165 მილიარდს შეადგენს. სიაში მესამე ადგილზეა "ბარსელონა” – 2.6 მილიარდი.

 

ზიდანის ახალი პროფესია

 

ესპანეთში 2013-14 წლების სეზონი იმით იქნება გამორჩეული, რომ ოფიციალურად იწყებს სამწვრთნელო კარიერას ლეგენდარული ფრანგი ზინედინ ზიდანი – ის მადრიდის "რეალში” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწე იქნება.

"ზიზუმ” ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა "ეკიპს” და ისაუბრა მწვრთნელის რანგში თავის მომავალზე.

- როგორც მოთამაშემ, ბევრს მივაღწიე, მაგრამ ახლა სულ სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავარ – მინდა ვიმუშაო მწვრთნელის რანგში, - ამბობს ზიდანი. – არავისი არ მეშინია, მზად ვარ კამათისა და გამოცდისთვის. ყველაფერს ნულიდან ვიწყებ, მაგრამ ეს სრულიად არ მაშინებს.

- სამწვრთნელო კურსებზე ამიხსნეს, რომ ეს სამუშაო დაკავშირებულია ადამიანური ურთიერთობების სირთულეებთან. მოთამაშეების დაახლოებით მესამედი გაღმერთებს და მზად არის შენთვის ცეცხლში გადაეშვას, კიდევ ერთი მესამედი უნდა დაარწმუნო შენს სიმართლეში და ბოლო მესამედი მუდმივად ქმნის პრობლემებს. მზად ვარ სირთულეებს გავუმკლავდე, რადგან ძალიან მინდა მწვრთნელის პროფესიას დავეუფლო, - ამბობს ფრანგი.

 

დორტმუნდის ახალწვეული ბოლტზე სწრაფად დარბის

 

კვირის სპორტის სიახლებიდორტმუნდის "ბორუსიას” ახალწვეულმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გუნდის ვარჯიშზე სპრინტერული გარბენის დროს აჩვენა შედეგი, რომელიც პლანეტის უსწრაფესი ადამიანის, იამაიკელი უსაინ ბოლტის დროს აღემატება. 24 წლის გაბონელმა 30 მეტრი 3.78 წამში გაირბინა, რაც 0.01 წამით უკეთესია იამაიკელი სპრინტერის დროზე.

- პიერი ერთმნიშვნელოვნად ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, ვისაც კი ოდესმე "ბორუსიაში” უთამაშია, - განაცხადა "ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

ობამეიანგი ამ ზაფხულს ფრანგული "სენტ ეტიენიდან” გადავიდა "ბორუსიაში”. ტრანსფერის თანხამ 13 მილიონი ევრო შეადგინა.

 

 

კალათბურთი

 

როუზი 100 პროცენტით ბრუნდება

 

კვირის სპორტის სიახლები"ჩიკაგო ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი, რომელმაც მთელი გასული სეზონი მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო გამოტოვა, ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მთლიანად გამოჯანმრთელდა და პირველივე წინასასეზონო მატჩში აპირებს მოედანზე გასვლას.

"ასი პროცენტით მზად უნდა ვიყო სეზონის სასტარტო მატჩისთვის. თამაში ძალიან მომენატრა. შემიძლია ჩემს ახლანდელ ფიზიკურ მდგომარეობას თითქმის იდეალური ვუწოდო. აუცილებლად უნდა ვითამაშო პირველ მატჩში, - ამბობს როუზი.

 

ბრაიანტი ხელფასს არ მოიკლებს

 

კვირის სპორტის სიახლებისაინტერესო განცხადება გააკეთა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერმა კობი ბრაიანტმა. მან თქვა, რომ ახალ კონტრაქტზე კლუბთან მოლაპარაკებისას დათმობაზე წასვლას არ აპირებს. კალათბურთელის მიმდინარე ხელშეკრულებას მომავალ ზაფხულს ეწურება ვადა.

- უკან არ დავიხევ – მოგვიწევს ახალი კონტრაქტის პირობების განხილვა. შევეცდები მივიღო იმდენი, რამდენსაც ვაჭრობის შედეგად გამოვტყუებ მათ, - ამბობს ბრაიანტი.

ვარაუდობდნენ, რომ კობი დათანხმდებოდა ხელფასის შემცირებას იმისთვის, რომ "ლეიკერსს" მომავალ ზაფხულს ძლიერი თავისუფალი აგენტების ხელში ჩასაგდებად ეზრუნა.

 

NBA-ში იორდანიელი ითამაშებს?

 

კვირის სპორტის სიახლებიNBA-ის მომავალი რეგულარული ჩემპიონატის წინ ლიგის ერთ-ერთი გუნდის საწვრთნელ ბანაკში შეიძლება გამოჩნდეს იორდანიის ნაკრების მძიმე ფორვარდი ზაიდ აბასი.

ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია "დეტროიტ პინსტონზე". ამ გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაზ თრაქს ზაიდთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და მზად არის იორდანიელს რეკომენდაცია გაუწიოს გუნდის მთავარ მწვრთნელთან მორის ჩიქსთან.

გასული სეზონი აბასისთვის ძალიან წარმატებული იყო - ჩინეთის ჩემპიონატის 39 მატჩში ის საშუალოდ 17.9 ქულას, 11.4 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, მისი გუნდი - "შანდონგ ლაიონსი" კი პლეი ოფის ფინალში გავიდა.

აბასმა საერთაშორისო დონეზე პირველად 2010 წელს წარმოაჩინა თავი. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი  მატჩი ჩაატარა და სამი ორმაგი დუბლი შეასრულა.

 

არაყი როდმანისგან

 

კვირის სპორტის სიახლებისკანდალურად ცნობილმა დენის როდმანმა არყის საკუთარი მარკა გამოუშვა. სასმელს 27 ივლისს გამოიტანენ გასაყიდად. მისი სახელი იქნება "ცუდი ბიჭის არაყი".

თავის კარიერას როდმანი "დეტროიტში" იწყებდა. 90-იანი წლების გუნდმა, რომლის წევრიც იყო დენისი, ხისტი თამაშისა და ჩხუბისკენ მიდრეკილების გამო მიიღო მეტსახელი "ცუდი ბიჭები".

 

 

მძლეოსნობა

 

კვირის სპორტის სიახლებისპორტის დედოფალს დოპინგ-სკანდალების ტალღამ გადაუარა

 

ორი დღის განმავლობაში მძლეოსნობის სამყარო შეძრა ორმა დოპინგ-სკანდალმა, რომლის ფიგურანტები არიან მამაკაცთა და ქალთა სპრინტის ვარსკვლავები.

თავდაპირველად სააგენტო "ფრანს-პრესმა" დაწერა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო სპრინტერმა, 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტაისონ გაიმ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა.

დოპინგ-სინჯი ტაისონს 16 მაისს ჩამოართვეს - ტურნირებისგან თავისუფალ პერიოდში. ცოტა ხნის წინ, ივნისში, ამერიკელმა 100 მეტრი 9.75 წამში გაირბინა, რაც წლევანდელი სეზონის საუკეთესო შედეგია, ისტორიაში კი - მეათე დრო.

ამ სკანდალთან დაკავშირებით გაიმ უკვე გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც 2013 წლის აგვისტოში მოსკოვში გაიმართება. სპორტსმენმა აღიარა, რომ ან თავად შეცდა, ან საკუთარი გარემოცვიდან ვინმემ უღალატა.

* * *

ამას მოჰყვა კიდევ უფრო გრანდიოზული სკანდალი - ერთბაშად ხუთმა იამაიკელმა მძლეოსანმა აღიარა აკრძალული პრეპარატის მიღება. მათ შორის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები არიან.

როგორც ირკვევა, მსოფლიოს ყოფილი რეკორდსმენი 100 მეტრზე სირბილში ასაფა პაუელი აკრძალულ პრეპარატს წელს, ივნისში, იამაიკის ჩემპიონატის დროს იყენებდა. ათლეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანამშრომლობს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან და ირწმუნება, რომ დოპინგი სპრინტერის ორგანიზმში შემთხვევით მოხვდა.

იამაიკელმა მორბენალმა ქალმა შერონ სიმპსონმა ასევე აღიარა, რომ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს სტიმულატორი ოქსილოფრინი. მან განაცხადა, რომ შეგნებულად არ მიუღია დოპინგი, მაგრამ ვერც ის ახსნა, როგორ მოხვდა მის სისხლში აკრძალული პრეპარატი.

სიმპსონმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 მეტრზე სირბილში პეკინის ოლიმპიადაზე და ასევე მეორე ადგილზე გავიდა ლონდონში 4X100 მეტრზე ესტაფეტაში.

დოპინგზე ჩავარდნილი კიდევ ერთი იამაიკელი ასევე სპრინტერია - ნესტა კარტერი, რომელიც პეკინისა და ლონდონის თამაშებზე ოქროს მედალს იღებდა სპრინტერულ ესტაფეტაში.

 

 

ჩოგბურთი

 

კვირის სპორტის სიახლებიჰინგისი ისევ ბრუნდება

 

ამერიკის ქალაქ ნიუპორტში მდებარე ჩოგბურთის დიდების დარბაზში ახალი წევრები შეიყვანეს.

ამჯერად დიდების დარბაზის ექსპერტებმა ოთხი ცნობილი ჩოგბურთელი დააფასეს - კლიფ დრისდეილი, ჩარლი პასარელი, იონ ცირიაკი და მარტინა ჰინგისი.

ამ კვარტეტში ყველაზე წარმატებული იყო შვეიცარიელი მარტინ ჰინგისი, რომელსაც ერთეულებში, წყვილებსა და მიქსტში მოგებული აქვს "დიდი სლემის" 15 ტიტული. ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო WTA-ის ერთეულთა და წყვილთა რეიტინგში.

ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზი 1955 წელს დაარსდა და მას შემდეგ იქ 11 ქვეყნის 234 წარმომადგენელი შეიყვანეს.

* * *

დიდების დარბაზში შეყვანის შემდეგ უფრო საინტერესო ამბავი გავრცელდა. მარტინა ჰინგისი კარიერის განახლებას აპირებს იმისთვის, რომ ამერიკის ქალაქ კარლსბადის ტურნირში მიიღოს მონაწილეობა. როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, 32 წლის შვეიცარიელი წყვილთა თანრიგში გამოვა სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად.

ეს იქნება მარტინა ჰინგისის პირველი გამოჩენა პროფესიულ ტურში 2007 წლის შემდეგ, როცა მან შემოდგომაზე ბოლო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შვეიცარიელს კარიერაში WTA-ის 43 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, "დიდი სლემის" ხუთი ჩემპიონატი.

კარლსბადის ტურნირი 27 ივლისს დაიწყება.

 

 

მარიას კონორსი გაწვრთნის

 

კვირის სპორტის სიახლებირუსული ჩოგბურთის ლიდერის მარია შარაპოვას ახალი მწვრთნელი იქნება ლეგენდარული ამერიკელი ჯიმი კონორსი. ეს ინფორმაცია მარიას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ამ ამბამდე სამი დღით ადრე შარაპოვამ გამოაცხადა, რომ ურთიერთობას ამთავრებს თავის მწვრთნელ ტომას ჰოგსტედტთან, რადგან ამ უკანასკნელს პირადი პრობლემების გამო არ შეუძლია მუდამ ჩოგბურთელის გვერდით იყოს.

ჯიმი კონორსი ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული პროფესიონალი ჩოგბურთელია. მან კარიერაში ATP-ის 109 ტიტული მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია. მის ანგარიშზეა "დიდი სლემის" რვა ტიტული. რაც შეეხება კონორსის სამწვრთნელო კარიერას, ის დიდხანს ამერიკელი ენდი როდიკის დამრიგებელი იყო.

 

 

როჯერი ყველაზე მდიდარია

 

საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანია Wealth-X-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელის სია. თავიანთ კვლევებში სპეციალისტები ითვალისწინებდნენ საპრიზო თანხებს, სპონსორებისგან მიღებულ შემოსავალსა და მოგებას ბიზნეს-საქმიანობისგან.

რეიტინგის ლიდერია "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელების საუკეთესო ათეული:

1. როჯერ ფედერერი (შვეიც) - $180 მლნ

2. რაფაელ ნადალი (ესპ) - $120 მლნ

3. მარია შარაპოვა (რუს) - $95 მლნ

4. სერენა უილიამსი (აშშ) - $90 მლნ

5. ვენუს უილიამსი (აშშ) - $60 მლნ

6. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - $55 მლნ

7. ენდი მარეი (ბრიტ) - $42 მლნ

8. ნა ლი (ჩინ) - $35 მლნ

9. ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალ) - $30 მლნ

9. კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - $30 მლნ

 

 

ოტოგრან-პრი

 

კვირის სპორტის სიახლებიფავორიტების არყოფნაში დებიუტანტმა მოიგო

 

მოტო გრან-პრიში მსოფლიოს ჩემპიონატი "ზახსენრინგის" ტრასაზე გერმანიის გრან-პრით გაგრძელდა. რბოლას წინ უძღოდა საინტერესო მოვლენები, რამაც საბოლოოდ ძალიან გააღარიბა ეს ეტაპი. საქმე ის არის, რომ მეორე და მესამე თავისუფალი პრაქტიკის დროს ავარიაში მოხვდნენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხორე ლორენსო და წლევანდელი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი დანი პედროსა.

მათ არყოფნაში ეტაპი მარკ მარკესმა მოიგო. მეორე იყო კელ კრატჩლოუ, ხოლო ლეგენდარული ვალენტინო როსი მესამე ადგილზე გავიდა.

ამ გამარჯვებით მარკესი სათავეში ჩაუდგა გენერალურ კლასიფიკაციას. ის ორი ქულით დაშორდა პედროსას და 11 ქულით – ლორენსოს.

 

 

ფორმულა 1

 

კვირის სპორტის სიახლები”მაკლარენი” დანებდა

 

"მაკლარენი" წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდად გამოდის და იმის გათვალისწინებით, რომ არაფერი მოასწავებს ბრიტანელთა ბოლიდის სიჩქარის სერიოზულად გაზრდას, "მაკლარენში” გადაწყვიტეს შეაჩერონ წლევანდელი მანქანის გაძლიერებაზე მუშაობა.

გუნდი იწყებს მომავალი წლის შასიზე მუშაობას იმ იმედით, რომ ამ საკითხზე ადრე  დაწყებული ზრუნვა გუნდს თავის კონკურენტებზე უპირატესობას მისცემს. ამ მომენტისთვის სხვა საჯინიბოები კვლავ აქტიურად მუშაობენ წლევანდელი ბოლიდების გაუმჯობესებაზე.

ბრიტანული საჯინიბოს ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ "მაკლარენისთვის” ამ სეზონში პოდიუმისთვის ბრძოლაც კი თითქმის გამორიცხულია.

 

კვირის სპორტის სიახლებიკრივი

 


მეივეზერის საათები

 

ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, იმითაც არის ცნობილი, რომ მანქანების მშვენიერი კოლექცია აქვს. ახლა კი ირკვევა, რომ პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ მოკრივეს საათების კოლექციაც ჰქონია. რაოდენობა შეიძლება შთამბეჭდავი არ არის (პატრონი მათ ერთ ყუთში ატევს), მაგრამ საერთო ღირებულებაა შთამბეჭდავი - 4.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია