სნოუდენი და “გადატვირთვის” ილუზია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-07-2013, 19:12 | მსოფლიო | ნანახია - 2077

მამუკა გამყრელიძე

 

სნოუდენი და “გადატვირთვის” ილუზიაუკვე თვეზე მეტია მსოფლიო მედიაში ედვარდ სნოუდენის პერსონა ერთ-ერთი ძირითადი ახალი ამბის როლს თამაშობს. საზოგადოების მხრიდან ამერიკული ელექტრონული დაზვერვის რიგითი თანამშრომლის მიმართ ასეთი ინტერესი გასაკვირი არარის. როგორც ჩანს, დაზვერვის ანალიტიკოსი ფლობს უამრავ ინფორმაციას, რომლის გახმაურებამ შეიძლება  გრანდიოზული სკანდალი გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ასე არ მოხდება. სნოუდენმა ინფორმაციის მხოლოდ ზედაპირი გამოაჩინა, რამაც თავისთავად შეძრა მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები. ამის იქით ინფორმაცია აღარ გაჟონავს და ის მხოლოდ სპეცსამსახურების ნადავლი გახდება. საკითხავი ისაა, თუ რომელი სპეცსამსახურების.

    სნოუდენი პირველი არარის, ვინც რუსეთში დასავლეთიდან გამოიქცა და თავშესაფარი ითხოვა. რად ღირს ისეთი გვარების ჩამოთვლა, როგორებიცაა უილიამ ფიშერი, რომელიც სსრკ-ში რუდოლფ აბელის სახელით იყო ცნობილი, “კემბრიჯული ხუთეულის” წევრები გაი ბერჯესი და კიმ ფილბი, ლევ ტროცკის მკვლელი რამონ მერკადერი და კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა,  ედვარდ სნოუდენის ერთგვარი ისტორიული ანალოგი, ჯორჯ ბლეიკი, ბრიტანეთის დაზვერვის მოსმენების განყოფილების უფროსი. როგორც ხედავთ, ხმაურიანი “ჩავარდნები” ადრეც იყო. მაშ რატომარის სნოუდენის საქმე დღეს ასეთი აქტუალური?

    ვისაც დაზვერვისა და სპეცსამსახურების ისტორია აინტერესებს, მათ კარგად იციან, რომ ფარული აგენტები, ანუ აგენტები, რომლებიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მუშაობენ, მზვერავების ელიტას წარმოადგენენ და დაზვერვის სამსახურებისთვის ყველაზე ფასეულნი არიან. მათ დასაცავად ეს სამსახურები არაფერს იშურებენ. მათი დაცვა მარტო იმიჯის საქმე არარის. ეს პრაგმატული საკითხია. არავინ დაიჭერს მომავალში საქმეს ისეთ დამკვეთთან, რომელიც თავის აგენტს არ უფრთხილდება. აქ ჩნდება პირველი კითხვა, რომელზე პასუხიც ჯერ არ არსებობს და რაც  საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ვისი აგენტია ედვარდ სნოუდენი?

    აქ რამდენიმე ვარიანტი განიხილება. პირველი, რომ სნოუდენი ჩინეთის დაზვერვის აგენტია, ალბათ ნაკლებად რეალურია. თუმცა, ის დაუწერელი კანონი, როცა გაშიფრული ფარული აგენტი დაზვერვას სასწრაფოდ თავის ტერიტორიაზე გაჰყავს, სწორედ ასეთ ეჭვს ბადებდა, რადგან ანალიტიკოსის “მოგზაურობის” პირველი მისამართი ჰონგ კონგი იყო. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რა სახის და რა მოცულობის ინფორმაცია მიიღო ჩინეთის დაზვერვამ მასთან რამდენიმე დღის მუშაობის შემდეგ. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ჩინელებმა აუტკივარი თავი არ აიტკივეს და დამუშავებული (ნაწილობრივ მაინც) “მასალა” რუსებს გადაულოცეს.

    იმ ინფორმაციას, რომ სნოუდენი კუბაში რუსეთის გავლით მიემართება, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. სხვადასხვა სააგენტოების ჟურნალისტები კუბაში გაემართნენ, რომ მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაეშვათ. CNN-ი მარჩიელობდა, თუ რომელ სამხრეთამერიკულ ქვეყანას აირჩევდა სნოუდენი საცხოვრებლად. ჟურნალისტების აჟიოტაჟს ეკვადორელი და ბოლივიელი პოლიტიკოსების აქტივობა და ავსტრიის საჰაერო სივრცეში მომხდარი არასასიამოვნო ინციდენტიც  დაემთხვა.სიტუაცია საბოლოოდ დაიძაბა, როცა ამერიკელი ანალიტიკოსი კუბაში არ გაემგზავრა. იგი “შერემეტიევოს” სატრანზიტო ზონაში აღმოჩნდა  გაჩხერილი. ამერიკელებმა მას პასპორტი გაუუქმეს,რის გამოც არცერთ ქვეყანაში გამგზავრება აღარ შეეძლო. აქ უკვე მეორე ვერსია ჩნდება. არის თუ არა სნოუდენი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტი ?

ვინც “შერემეტიევოს” აეროპორტს იცნობს, კარგად იცის, რომ სატრანზიტო ზონაში დიდხანს ვერ გაჩერდები. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ნახოთ აფრიკელი ან აზიელი არალეგალი მგზავრები, რომლებიც იატაკზე წვანან და თავის ქვეყანაში იძულებით დაბრუნებას ელოდებიან, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ სნოუდენიც  ასე იატაკზე იძინებს და საზოგადოებრივ ტუალეტში, სადაც შხაპი არარის, კბილებს იხეხავს, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. რაღა თქმა უნდა, ის რუსეთის სპეცსამსახურმა დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანა და მასთან ინტენსიურად მუშაობს. აქ ყველაფერი მარტივი და ნათელი იქნებოდა, ეს ისტორია ზემოთ ჩამოთვლილი მზვერავების ამბავივით რომ დასრულებულიყო და რუსეთს თავშესაფარი მიეცა, სნოუდენს კი ახალგაზრდა რუსი მზვერავებისთვის ლექციების კითხვა დაეწყო. ეს გაპიარდებოდა, როგორც რუსეთის დაზვერვის მორიგი გამარჯვება, ხოლო ამერიკის დაზვერვა დაიწყებდა თავის რიგებში რუსეთის მორიგი აგენტების ძებნას. მაგრამ ისტორია უცნაურად გაიწელა. აქ უკვე მესამე ვერსია გამოჩნდა, იქნებ სნოუდენი უბრალოდ იდეალისტია, რომელმაც მსოფლიოს უდიდეს სადაზვერვო სააგენტოს ჯვაროსნული ომი გამოუცხადა?

     პირადად მე ეს ვერსია ყველაზე მისაღებად მიმაჩნია. აქ განსაკუთრებით საინტერესოა არა სნოუდენი, არამედ პუტინის, ყოფილი (არცთუ ისე წარმატებული) მზვერავის ფიგურა. ჩემი სუბიექტური შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ძალიან საინტერესო კატათაგვობანა წამოიწყო ამერიკასთან და, შეიძლება ითქვას, წარმატებასაც მიაღწია. პუტინის დაპირისპირება დასავლეთთან ახალი არაა. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ივნისში ჩატარებულ დიდი რვიანის სამიტზე. რუსეთი მარტო დაუპირისპირდა რვიანის სხვა წევრებს სირიის საკითხში და თავისი პოზიცია ბოლომდე დაიცვა. დასავლეთთან და, კერძოდ, ამერიკასთან მისი ხისტი დამოკიდებულება სნოუდენის შემთხვევაშიც კარგად ჩანს. ის მისთვის ჩვეული, ძლიერის პოზიციიდან მოქმედებს, მაგრამ მისი ვიზავი არის უკვე არა საქართველო ან უკრაინა, არამედ დასავლური სამყაროს ლიდერი ამერიკა. შეერთებული შტატების დაზვერვის ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა მისთვის, როგორც არარეალიზებული მზვერავისთვის, განსაკუთრებით სასიამოვნოა. სნოუდენის პრესკონფერენცია “შერემეტიევოში”, რუსი უფლება დამცველების მოწოდებები და რუსეთის საზოგადოების გამარჯვებული აღტკინება ნათლად გვიჩვენებს, რომ პუტინმა ამ დაპირისპირებაში უდავო წარმატებას მიაღწია.  ამ პარტიაში ფინალურ აკორდად ალბათ ობამას სატელეფონო ზარი გაისმა. მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ობამა მაინც დაუკავშირდა პუტინს. არავინ იცის, როგორი იყო საუბარი, იყო თხოვნა თუ მუქარა, მაგრამ ობამამ შედეგად ვერაფერი მიიღო - ზერო! ამ ზარს რუსეთისგან შორეულ აღმოსავლეთში ჩატარებული, ყველასთვის მოულოდნელი გიგანტური მასშტაბის სამხედრო წვრთნები მოჰყვაპასუხად. პუტინმა დანარჩენ მსოფლიოს კბილები დაანახა. 

დასასრულ მინდა მოგახსენოთ, რომ ყბადაღებული “გადატვირთვის” პოლიტიკა სრული ფიქცია აღმოჩნდა. ამერიკელმა დემოკრატებმა, ისევე როგორც ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერებმა, არ იციან, როგორ ესაუბრონ პუტინს. ეს დიალოგი მაგონებს თავხედი ქუჩის ბიჭისა და სათვალიანი “დედიკოს ბიჭის” საუბარს ეზოს მოფარებულ კუთხეში. რუსეთის პრეზიდენტი გრძნობს თავის ძალას. დასავლეთი ვერ ღალატობს ლიბერალურ და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს. პუტინს კი ხელ-ფეხი გახსნილი აქვს და მას რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის უპირობო მხარდაჭერაც უმაგრებს ზურგს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ობამას “გადატვირთვის” ინიციატივამ სრული კრახი განიცადა. ედვარდ სნოუდენი კი, მისთვის მოულოდნელად, დემოკრატების რუსული პოლიტიკის მესაფლავე გამოდგა.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია