ოპეკისგან დაჭრილი რუსეთი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-11-2014, 10:16 | მსოფლიო | ნანახია - 2533

თორნიკე შარაშენიძე

 

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დასავლეთს დიდ პოლიტიკურ გამბედაობად დაუჯდა, მაგრამ ამავე დროს ყველა კარგად ხვდებოდა, რომ თავისთავად ეს სანქციები პუტინის რეჟიმს ძნელად თუ გამოუთხრიდა ძირს. რუსეთის მოსახლეობა ყირიმის ანექსიითა და „უკრაინელ ფაშისტებთან“ ბრძოლის ხათრით პატარა გაჭირვებას როგორმე აიტანდა. დიდი გაჭირვება კი რუსეთს მანამდე არ ემუქრებოდა, სანამ ნავთობზე მეტ-ნაკლებად მაღალი ფასები ნარჩუნდებოდა.

 

მაგრამ სექტემბრიდან მოყოლებული ნავთობის ფასები შეირყა და მასთან ერთად შეირყა პუტინის რეჟიმის თავდაჯერება. რა არის ნავთობის გაიაფების მიზეზი? ძირითადად ორი ვერსია სახელდება და საბოლოოდ ორივე ფიქლის ნავთობამდე მიდის. ამერიკაში მომხდარმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ბოლოსდაბოლოს თავისი შედეგი გამოიღო. მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და საწვავის უმსხვილესი მომხმარებელი ახლა თავად ხდება საწვავის ერთ-ერთი უპირვეელსი მწარმოებელი. თავის დროზე ერაყში არც ისე წარმატებულმა კამპანიამ ნავთობის ფასის გაძვირება გამოიწვია, რამაც ძალიან გააძლიერა რუსეთი. მაგრამ გავიდა დრო. რუსეთმა თავისი მილიარდები ვერაფერში დააბანდა და მისი ეკონომიკა კვლავაც ხუხულასავით შეიძლება ჩამოიშალოს თუკი ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცემა. ამერიკაში კი ნავთობის გაძვირებამ ფიქლის ქანებიდან საწვავის მოპოვების ტექნოლოგიის განვითარება გამოიწვია. სწორედ ამის წყალობით იაფდება ახლა ნავთობი - ამერიკა ძალიან ბევრს აწარმოებს.

 

მეორე ვერსიის მიხედვით ნავთობის გაიაფების უკან საუდის არაბეთი დგას. ამ უკანასკნელს სულაც არ აწყობს ფიქლის ნავთობის ბუმი, რადგანაც ამის გამოისობით ამერიკა სულ მალე ნავთობმოპოვებაში ყველას გადაუსწრებს საუდის არაბეთის ჩათვლით. სწორედ ამიტომ ეს უკანასკნელი ჭარბ ნავთობს აწარმოებს, რათა იმდენად დააგდოს ფასი, რომ ფიქლის ნავთობის მოპოვება არარენტაბელური გახადოს.

 

მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯერაც არავინ იცის სადამდე უნდა გაიაფდეს ნავთობი, რომ ფიქლის ტექნოლოგია მოკლას. გაიაფებას ბოლო არ უჩანს, მაგრამ ფიქლის ნავთობის მოპოვება კვლავაც გრძელდება. როგორც ჩანს, ფიქლის ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო იაფდება და არაბების მცდელობას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შედეგი აქვს - ფიქლის ნაცვლად რუსეთის ეკონომიკა კვდება. კიდევ ერთიც - ფიქლის ტექნოლოგია არარენტაბელურიც რომ გახდეს, ამერიკის მთავრობას შეუძლია მენავთობეებს სუბსიდიები მიაწოდოს, რათა მათ ფიქლის ნავთობის მოპოვება არ შეაჩერონ. მთავრობას ეს ნამდვილად უღირს, რადგან სხვა თუ არაფერი, იაფი საწვავი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

 

ასეთ მძიმე ვითარებაში რუსეთს ოპეკის იმედი ჰქონდა. ამ უკანასკნელს ნავთობის გაიაფების პირობებში არაერთხელ მიუღია საგანგებო ზომა - შეუმცირებია საწვავის წარმოება და ამით მოუხდენია ნავთობის ფასის აწევა. ოპეკზე მთელი მსოფლიოს ნავთობმოპოვების დაახლოებით 30% მოდის და ცხადია მისი გადაწყვეტილებების მიმართ ბაზარი მეტად მგრძნობიარეა. რუსეთის მთავრობა უკვე აღარც მალავდა თავის მოლოდინებს. საუდის არაბეთს პირადად პუტინი დაუკავშირდა, ოპეკის წევრ სახელმწიფოებთან აქტიურად მუშაობდა „როსნეფტის“ ხელმძღვანელი სეჩინიც, რომელიც მათ არწმუნებდა, რომ რუსეთი მზად იყო შეეტანა წვლილი საერთო საქმეში და თავად შეემცირებინა ნავთობმოპოვება... მოსკოვში გაჩნდა იმედი, რომ რუსეთის ეკონომიკას ოპეკი გადაარჩენდა. მაგრამ მალე პრესაში გასკდა ცნობა, რომ ოპეკი ნავთობმოპოვებას უცვლელად ტოვებდა. „დაბალი ფასი ჩვენი პრობლემა არ არის,“ - თქვეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ფასიც კიდევ უფრო სწრაფად დაეშვა ქვემოთ.

 

ოპეკის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი სულად არ იყო. ერაყული კამპანიის წინ (როცა ნავთობის აწევა არაფრით ხერხდებოდა) ამ ორგანიზაციამ არაერთხელ შეამცირა ნავთობმოპოვება, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი რაღაც მოჰყვებოდა ხოლმე - რუსეთი თავად ნავთობმოპოვებას ზრდიდა და ბაზარზე გამოთავისუფლებულ ნიშასაც იკავებდა. რაც ოპეკის წევრ სახელმწიფოებს აკლდებოდათ ის რუსეთს ემატებოდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ ამჯერად სეჩინი ოპეკს წინასწარ ყველაფერს ჰპირდებოდა, მაგრამ არც ამან იმუშავა. ყველა ბაზარზე თავის წილს უფრთხილდებოდა. ოპეკს შეიძლებოდა შეემცირებინა ნავთობმოპოვება, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ გამოეღო - ამჯერად ამერიკა გაზრდიდა ნავთობმოპოვებას და ბაზრის ახალ ნიშას დაიკავებდა, რაც ფასს ისევ დააგდებდა. წაგებულები კი ისევ ოპეკელები დარჩებოდნენ. გარდა ამისა, ალბათ საუდის არაბეთმა (ოპეკის წამყვანმა სახელმწიფომ) გადაწყვიტა ფიქლის გაზის ტესტირება გაეგრძელებინა.

 

ბარელი ნავთობის ფასი 70 დოლარის გარშემო ტრიალებს. რამდენიმე კვირის წინ კი რუსეთში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც ემყარება გათვლას, რომ ბარელის საშუალო ფასი 96 დოლარი იქნება. რუსულ ტელეარხებზე უკვე მუსირებს ტრადიციული შეთქმულების თეორები, რომ ამერიკა საუდის არაბეთს შეეკრა რუსეთის დასანგრევად (ისე როგორც ეს მოხდა რეიგანის პრეზიდენტობის დროს, რამაც საბჭოთა კავშირის დანგრევა მოჰყვა). რუსეთს მტრები ჰყავს, რუსეთს მასონები და ებრაელები ებრძვიან და ა.შ.

 

ამ სპეკულაციების (და შიგადაშიგ ისტერიკების) ფონზე რატომღაც არ ისმება ერთი კითხვა: როგორ შეიძლება ასეთი დიდი და ასეთი ამბიციური სახელმწიფო 21-ე საუკუნეში ნავთობზე იყოს ჩამოკიდებული.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია