დემოკრატიის ქართული ნაირსახეობის თავისებურების ილუზია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-11-2014, 02:28 | მსოფლიო | ნანახია - 2642

დემოკრატიის ქართული ნაირსახეობის თავისებურების ილუზიანიკა რურუა

 

 “მომეცით ნებისმიერი ადამიანის დაწერილი ექვსი სტროფი, და მე მათში ვიპოვი საკმარის მიზეზს, რომ იგი ჩამოვახრჩო”. ეს სიტყვები დიდი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, კარდინალი რიშელიეს წარმოთქმულია, ვისზეც დიდმა მწერალმა საკუთარ უკვდავ ნაწარმოებში (“სამი მუშკეტერი”) მთელ მკითხველ მსოფლიოს ამ დიდებულ მოაზროვნესა და პატრიოტზე ძალიან მცდარი წარმოდგენა შეუქმნა - რომ არა არმან დიუ პლესი, იგივე კარდინალი რიშელიე, შესაძლოა საფრანგეთს, როგორც ერთიან სახელმწიფოს, დღემდე ვერც მოეღწია. ასე რომ, ხშირად დიუმასმაგვარი გენიალური მწერლებიც ძალიან ამახინჯებენ სიმართლეს.

 

მაგრამ დიუმა დროებით დავივიწყოთ, და მისი პერსონაჟის, კარდინალი რიშელიეს ამ სიტყვებს დავუკვირდეთ. მართლაც, როდესაც სახელმწიფოს, ამ ძალისა და მისი გამოყენების, იგივე ძალაუფლების ერთადერთ კანონიერ მფლობელს მოუნდება ნებისმიერი ცალკეული ადამიანის დაჩაგვრა, დემონიზება, დაპატიმრება, დამცირება და განადგურებაც კი - მას ეს ძალიან იოლად შეუძლია: ნებისმიერი ადამიანი უძლურია სახელმწიფოს თვითნებურად გამოყენებული ძალაუფლების წინაშე.

 

სწორედ ამიტომ დასავლური ცივილიზაციის გამოცდილებამ მიაგნო და დააკანონა სახელმწიფოსაგან თავდაცვის ისეთი მექანიზმები, რომელიც სახელისუფლებო ძალაუფლებას (რომელიც ასევე ცალკეულ ადამიანებს აბარიათ, ვისაც ყოველთვის შეიძლება მოუნდეს ამ ძალის პირადი მიზნებისთვის გამოყენება) ზღუდავს. ამ გამოცდილებით და ადამიანის ბუნების ცოდნით მიგნებულ კონცეფციებში შედის “კანონის უზენაესობის” პრინციპი, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობის შესაძლებლობა, ძალაუფლების დაყოფისა და ბალანსირების ინსტიტუტი, მსაჯულთა მიერ ბრალდებულის განსჯის პრაქტიკა სასამართლოებში და ა.შ.

 

მხოლოდ იმ სახელმწიფოებს ეთქმით თავისუფალი სახელმწიფოები, სადაც ეს ინსტიტუტები რეალურად მუშაობენ და სადაც მათი არსი და საჭიროება კარგად ესმით როგორც პოლიტიკურ კლასს, ისე მოსახლეობის განათლებულ ნაწილს.

 

სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. ‘მოსმენების კანონის’ ის ვერსია, რომელიც მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, გარდა მმართველი ძალისა, და ასევე საზოგადოების უმრავლესობამ დაგმო და სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნების მატარებლად მიიჩნია. ამის მიუხედავად, უმრავლესობამ კანონპროექტის ეს ვარიანტი მაინც აქცია კანონად და ეს სახელმწიფოს კანონიერ უფლებას აძლევს, რომ ყველანაირი შემოწმებისა და კონტროლის რეალური, მუშა მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში მოუსმინოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მოისურვებს.

 

ალბათ ზედმეტია გამეორება იმისა, რომ სახელმწიფო, როგორც წარმონაქმნი, არა არის რა, თუ არა წესებისა და რეგულაციების კრებული, რომელთა დაცვა - აღსრულებაც ადამიანებს, ჩვეულებრივ მოკვდავებს აბარიათ. ანუ, როდესაც ვამბობთ - სახელმწიფო - ეს გულისხმობს ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას, ვისაც ძალაუფლება უპყრია ხელთ. შესაბამისად, რადგან ისინი ადამიანები, და არა რობოტები არიან, მათაც გააჩნიათ საკუთარი მიზნები, სიმპათია-ანტიპათიები, ახირებები, ფობიები, კომპლექსები და დანარჩენი ყველაფერი, რაც უცხო არ არის ადამიანისათვის.

 

აქედან გამომდინარე, როდესაც ვახსენებთ სიტყვა ‘სახელმწიფოს’, არანაირად უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის რთული მექანიზმი, რომელსაც ისევ და ისევ ცოდვილი ადამიანი ამუშავებს. ამიტომ ყველა რთული გადაწყვეტილების მიღების დროს “სახელმწიფო ინტერესების” არგუმენტის მოშველიება მისაღები არაა, რადგანაც ხშირად, ეს ბუნდოვანი და მრავალნაირად ინტერპრეტირების უნარიანი ტერმინი მხოლოდ ჩვენს დასაბნევადაა ხოლმე გამოყენებული.

 

ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც მმართველმა ძალამ, “ქართულმა ოცნებამ” მოიშველია ეს ტერმინი (სახელმწიფო ინტერესები) იმის გასამართლებლად, რომ თავისი გაეტანა და მოეპოვებინა კანონიერი უფლება და სრული კომფორტი საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებზე მიყურადებისა.

 

ბუნებრივია, ამგვარი დისონანსი პოლიტიკურ ძალთა შორის, როდესაც ერთ ძალას სახელმწიფო მართვის სადავეები, ბიუჯეტი, უამრავი მართვის ბერკეტი და პლუს ამას, უკვე კანონით ზურგგამაგრებული თვალთვალ - მიყურადების უფლებაც აქვს, უკიდურესად აზიანებს და ამცირებს სამართლიანი, წესიერი პოლიტიკური ბრძოლის პერსპექტივას; როდესაც პოლიტიკურ მოედანზე ამგვარი უთანასწორო ძალები ებრძვიან ერთმანეთს, აქ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და განმტიცებისთვის შანსები ძლიერ მცირდება, რადგანაც ძალაუფლების მქონე მხარე საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდაზე ფიქრობს, ხოლო შეუდარებლად სუსტი მისი ოპონენტი - მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე.

 

როგორც გაირკვა, ზემოთხსენებულ ‘მოსმენების კანონს’ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს ადებს, მაგრამ უმრავლესობისთვის ესეც არაა ხელისშემშლელი ფაქტორი, რადგანაც მან დააანონსა, რომ იოლად მოიპოვებს მმართველი ძალის წარმომადგენელთა საკმარის ხმებს პარლამენტში, რომ პრეზიდენტის ვეტო გადაილახოს.

 

ასე რომ, ეს განვითარებაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ისტორიის მიერ არაერთხელ დემონსტრირებულ ფაქტს - რომ ძალაუფლება, თუ ის შეზღუდული არაა, ყოველთვის ცდილობს თვითგანდიდებას; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვისაც სუსტად ლიმიტირებულ - შეზღუდული ძალაუფლება გააჩნია, როგორც ეს ძირითადად ავტორიტარულ და გარდამავალ დემოკრატიებშია ხოლმე, ყოველთვის ცდილობდა, ცდილობს, და ეცდება საკუთარი ძალაუფლების განვრცობა - გაზრდას.

 

ახლა ჩვენ ყველანი ამის ღია მაგალითის მომსწრენი ვართ. მიუხედავად ამისა, თუ ამ გამოცდილებიდან შევძელით დასკვნების გამოტანა და გაკვეთილის სწავლა, მაშინ შანსი იმისა, რომ ეს მანკიერება უსასრულოდ გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში, სერიოზულად კლებულობს.

 

ამიტომაც, ყველა ის დემოკრატიული ოპოზიციური ძალა, რომელიც რეალურად ზრუნავს ჩვენი სამშობლოს დემოკრატიულ ქვეყანად ქცევაზე, ვალდებულია ერთმანეთს დაუკავშირეს და ერთიანი ძალებით სცადოს ამ ღირებულებათა დასაცავად ბრძოლა.

 

მათ გაერთიანებას კი, ჩემი ღრმა რწმენით, წინ უნდა უსწრებდეს ქაღალდზე მკაფიო, გასაგები ენით დატანილი საერთო ღირებულებები და მათი ხელშეუხებლობის გარანტიები: ერთგვარი ქართული ‘უფლებათა ბილი’ (Bill of Rights), რომელზე ხელმოწერითაც ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა დაურღვეველ პირობას დადებს ხსენებულ დემოკრატიულ ღირებულებათათვის ერთგულებისა.

 

სხვაგვარად, ყოველი მათგანი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადაიქცევა იმად, ვისაც დღეს თვითონ ებრძვის და ვინც ასე არ მოგვწონს თითოეულ ჩვენგანს.

 

და ბოლოს - ყველას გვსმენია უამრავი თავისმართლება ამ თუ სხვა ხელისუფლებისგან, რომ როდესაც გარე მტერი გვიტევს, არაა დრო შიდა თავისუფლებებზე და უფლებებზე კამათისა. ეს ძალიან მცდარი და მავნე მომიზეზებაა.

 

ქვეყანა ვერ იქნება გარე მტრისაგან თავისუფალი, თუ ის საკუთარ მოქალაქეთა ქვეყნის შიდა თავისუფლებას არაფრად დაგიდევთ. ასე, რომ თუ გვინდა გარე მტრისაგან თავისუფლება, ჯერ ჩვენი ქვეყნის შიგნით უნდა განვთავისუფლდეთ.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია