ზაზა ბიბილაშვილის “დრუსილა“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-12-2014, 12:17 | მსოფლიო | ნანახია - 3389

ზაზა ბიბილაშვილის “დრუსილა“გია ჯაფარიძე

 

ყველაზე ძნელი მეგობრის შემოქმედებაზე წერა ყოფილა, თან ისეთი მეგობრის, რომელთანაც 35 ერთად გატარებული წელი გაკავშირებს. რთულია ობიექტურად სუბიექტური იყო, როცა მეგობრობის მრავალწლიანი პერსპექტივა თავისკენ გიზიდავს.

 

ემოციურ-დამოკიდებულება-გადალახული ვიტყვი, რომ ზაზა ბიბილაშვილის „დრუსილა“ ქართულ ენაზე დაწერილი ლიტერატურის ახალი ბრწყინვალე ტექსტია. მისი გამოცემის დრო დაემთხვა საქართველოში ღირებულებათა აღრევის, ახალი ზნეობრივი მოდელის ძიების და სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პერიოდს.

 

წიგნი საქართველოს ისტორიის აღწერაცაა - „ზასტოიდან“ თანამედროვე ეპოქამდე. ეს ავტორის ნაცხოვრები დროა, სადაც ქვეყნის ტრანზაციები და მთავარი გმირის სულიერი გარდასახვები ერთმანეთს ემთხვევა. პიროვნული თავგადასავლი სახელმწიფოს თავგადასავალს მისდევს, წიგნის მთავარი გმირი, ანდრო ხელაია თითქოს თვითონ არის საქართველო, მისი ბედით და უიღბლობით, წარმატებით და დაცემით, ამბიციით და პოტენციალით, განცდებით და ფიქრებით. ალბათ, არც მთავარი პერსონაჟის სახელი და გვარი უნდა იყოს შემთხვევით შერჩეული და ამ სახელის მატარებელი გმირის ლიტერატურული გზა სულიერების, ვაჟკაცობის და თავდადების გარყვნა-დევალვაციაზე უნდა მიუთითებდეს.

 

ანდრო ხელაია ერთდროულად არის იმპერატორი და პატრიარქი, რომლის არსებასა და აზროვნებაში ერთმანეთს ერწყმის დასავლური და აღმოსავლური მსოფლმხედველობები, ის პირველი ადამიანის წიაღში დაბრუნებაა, ღმერთთან შერიგება და ღმერთთან პაექრობა.

 

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ვგულისხმობ 21-ე საუკუნეს, გამორჩეული ავტორი იშვიათად ჩანს, უმეტეს წილად ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველა ერთსა და იმავეს წერს, თავს ვერავინ გვამახსოვრებს ვერც მხატვრული ოსტატობით და ვერც განსჯის სიღრმეებით. ცოტა არის ორიგინალური, ღირებული ავტორი და წიგნი, რომელიც მსოფლიოს კულტურის მაჯისცემას აჰყვება. თანამედროვე ქართველი მწერლები საკუთარ თავთან კოპწიაობის და ეროვნული სნობიზმის ჩიხში შევიდნენ. ზაზა ბიბილაშვილის „დრუსილა“ ამ მხრივ უცილობლად გამორჩეულია, ის ქართული ვიწროკულტურული ნაჭუჭიდან გაღწევაა, უფრო გარღვევა, და დიდი ალბათობით გავლენას იქონიებს ქართული ლიტერატურის შემდეგ პროცესზე.

 

ვინც ზაზა ბიბილაშვილს კარგად იცნობს, იცის მისი სიყვარული მუსიკის მიმართ, ბგერის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება. მუსიკა თან გასდევს „დრუსილას“ ტექსტს, მუსიკალური თემები იცვლება სიუჟეტის, გმირის ფიქრების, განცდების, ქმედებების მიხედვით და პარალელურად. ტექსტი თითქოს მუსიკალურ ნოტებად მოდის ავტორის გონებაში, მუსიკალური ბგერები თითქოს ლიტერატურულ პარტიტურად არის გადმოტანილი. მთელი წიგნი ერთი წინააღმდეგობრივი, დაძაბული სიმფონიაა.

 

იშვიათია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში წიგნი, რომელიც სავსეა ფილოსოფიური სიღრმეებით და ყოფიერების საიდუმლოებებზე ბჭობით. თანამედროვე ქართველი მწერლებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის უპირობო გაგრძელება - რაც ზედაპირულობას, აზროვნებაზე უარს და ფიქრის ზიზღს გულისხმობს - ადვილი გამოსავალი აღმოჩნდა მორალური და ფილოსოფიური სიდუხჭირის შესანიღბად. „დრუსილა“ სხვა ტექსტია, მთავარი გმირის კითხვებს, ფილოსოფიურ ეჭვებს, აზროვნების სივრცეს და თავისუფლებას საზღვარი არ აქვს.  

 

ზაზა ბიბილაშვილის ქართული მწიფე ენაა, „დრუსილას“ კითხვისას სიამოვნებით აგემოვნებთ ქართული ენის სიტკბოებას. ზაზა იურისტია და იურიდიულ ენას ერთაზროვნება, მკაცრი ჩარჩოები და ცნებათა და ტერმინთა  სიცხადე ესაჭიროება. ავტორმა მოახერხა და იურიდიულ ენას ლიტერატურული ენის თავისუფლება მისცა, ხოლო ლიტერატურული ენა გაწმინდა სხვადასხვა ჭარბი ფილოლოგიური მინარევებისგან. ამიტომაც „დრუსილას“ ტექსტი თავისუფალი, მკვეთრი, მკაფიო და მსუბუქია, თან საოცრად თანამედროვე. ლაღი და ამავდროულად გამოთლილი ქართულით დაწერილი ფიქრები, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება სასიამოვნო უწონადობის შეგრძნებას აჩენს მკითხველში. ზაზა ბიბილაშვილი „კარგი ქართულის“ ტრადიციას უბრუნდება და მკითხველს იტაცებს უნიჭობით გაღარიბებული ქართული ენისგან.

 

ზაზა ბიბილაშვილი შესაშური სიმსუბუქით ძერწავს წიგნის სიუჟეტს, ყველაზე ტრაგიკული ამბები კომიკურობის განუმეორებელი სოუსით არის მოწოდებული. ფილოსოფიური, ლიტერატურული, მუსიკალური თუ მხატვრული სახეები და აზრები ბუნებრივად არის ერთმანეთში შერწყმული და დაუვიწყარ სცენებს ქმნიან. ეკლესიათა მეთაურებით სავსე თვითმფრინავის გატაცება და ქართველის შუამავლობით შერიგებული ორი საქრისტიანო მსოფლიო ლიტერატურის შედევრების ბევრ ეპიზოდს გადაწონის. 

 

და ბოლოს, ზაზა ბიბილაშვილის „დრუსილა“ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული წიგნია. ავტორი ამბობს, რომ არ არსებობს ცხოვრება მისი არსის ძიების გარეშე და შემოქმედება ამ ძიების ნაწილია, ხელოვნება თავისთავადია, ის თვითონ არის სრული თავისუფლება, მას დროსა და სივრცეში სასრული არ აქვს, შესაბამისად არ არსებობს ხელოვნება გამბედაობის გარეშე, ხელოვნება ვერ იქნება პოზიორობა. „ახალი ქართველი საბჭოთა მწერლებისგან“ განსხვავებით, რომლებიც ტოტალიტარულ ავტორიტეტებთან ბრძოლით ხელოვნებაში თვითდამკვიდრებას წარუმატებლად ცდილობენ, ზაზა ბიბილაშვილი „სუფთა ხელოვნებას“ ქმნის, რომელიც თავისუფალია იდოლებისგან, ზაზას ხელოვნება თვითონ არის კერპი. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია