უფლებები პასუხისმგებლობის გარეშე?!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-07-2013, 19:33 | კომენტარები | ნანახია - 1703

მამუკა გამყრელიძე

 

უფლებები პასუხისმგებლობის გარეშე?!“საბოლოო ჯამში ყველაფერს 

საზოგადოებრივი აზრი წყვეტს”

ნაპოლეონი

 

მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას „ნანუკას შოუში“ მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდა. გადაცემის მაღალმა რეიტინგმა (SHR 55%) გვიჩვენა, რომ პრეზიდენტი დღესაც ზედმიწევნით საინტერესო პოლიტიკურ ფიგურად რჩება. მაყურებელში ვგულისხმობ როგორც მეხოტბეებს, ისე არაკეთილმოსურნეებს. მთლიანობაში გადაცემა მაღალპროფესიულ დონეზე იყო მომზადებული და ნანუკასთვის დამახასიათებელ ფსევდოგულუბრყვილო მანერაში დასმული კითხვები საინტერესო და ხანდახან მწვავეც კი იყო. ბატონ პრეზიდენტთან ერთად მაყურებელმა იხილა, როგორ დინამიკურად მიდიოდა აღმშენებლობის პროცესი, ახალი მთავრობის პირობებში კი როგორ დაემსგავსა საქართველო ყვარლის გზაზე დამდგარ გუბეს. ყოველივე ეს ამ შოუს ჟანრისთვისაა დამახასიათებელი და განსაკუთრებული სერიოზულობით არ უნდა შევხედოთ. მეც ასე მოვიქცეოდი, რომ არა ნანუკას ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ეს კითხვა წამყვანმა სხვადასხვა ფორმით რამდენჯერმე გაუმეორა პრეზიდენტს, მაგრამ პასუხი ვერა და ვერ მიიღო. ამდენი აშენეთ, ამდენი იარეთ, ამდენი იბრძოლეთ, ამდენი შექმენით და მაინც რა გააკეთეთ საქართველოს ერთი კონკრეტული მოქალაქისთვის? აქ გამოჩნდა ის ფუნდამენტური შეცდომა, რამაც გამოიწვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არა დამარცხება (მობეზრების ფაქტორი აქ მართლაც ძირითადია), არამედ უკიდურესი არაპოპულარულობა.

   ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების იდეით მოვიდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით  ხელისუფლებაში მისი ყოფნის ცხრაწლიანი პერიოდი მართლაც ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. თითქმის არაფრიდან შეიქმნა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სტრუქტურები - არმია, პოლიცია, საბაჟო. გაკეთდა გზები. გალამაზდა და დამშვენდა დიდი და პატარა ქალაქები. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა შეუფერხებლად და თითქმის კორუფციის გარეშე დაიწყეს ფუნქციონირება. მნიშვნელოვნად შემცირდა ნარკომანია და კრიმინალი. დაავიწყდათ მხოლოდ ერთი რამ: ადამიანი! აქაა სწორედ პრობლემის სათავე. ქვეყნის რეფორმები ისეთივე ზედაპირულია, როგორც გარემონტებული “პლეხანოვი”, ვინაიდან არ შექმნილა ფუნდამენტი, სამოქალაქო საზოგადოება!

    ჩვენდა საუბედუროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება უკიდურესად სუსტია. ამის სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი არსებობს. მავანთ ჰგონიათ, რომ ქვეყნის აქტიური მოსახლეობა უკვე სამოქალაქო საზოგადოებაა. არამც და არამც. სამოქალაქო საზოგადოებას მოქალაქეები შეადგენენ და არა უბრალოდ პოპულაცია. მოქალაქეობრივი აზროვნებისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები კი საქართველოში, სამწუხაროდ, დიდ უმცირესობაში არიან. მოქალაქეს არა მხოლოდ თავისი ქვეყანა, “მთა და ველები” უყვარს, არამედ სახელმწიფოს ერთგული პატრიოტია. ის არა მხოლოდ საკუთარ ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნავს, არამედ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის იბრძვის. კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მისი კეთილდღეობა მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პირობებშია შესაძლებელი. საქართველოს მოსახლეობის ძირითადი პრობლემა კი სწორედ ის არის, რომ მას სურს ჰქონდეს უფლებები ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. როგორც ჩანს, ეს თვისება ჩვენში გენეტიკურ დონეზეა გამჯდარი. ღმერთის მიმართ კატეგორიული მოთხოვნა - “თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე” - დღეს სამწუხარო რეალობაა. 

     საქართველოს მოსახლეობა ერთი პერმანენტული ილუზიის ტყვეობაში იმყოფება. მას ჰგონია, რომ თუ ხელისუფლებას გადააგდებს, ყველაფერი უმალ დალაგდება და ცხოვრებაც მშვენიერი გახდება. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხშირად მესმოდა, “ნაცები ხომ გავყარეთ, თუ ოცნება არ მოგვეწონება, ამათაც 

პანღურს ამოვკრავთ”. ამ ხალხს ვერ გაუგია, რომ თავად არის ხელისუფლება. მან ვერ გაითავისა, რომ სახელმწიფო მისი დაბინძურებული სადარბაზოდან იწყება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ და რა სტატუსით იქნება შენი სახელმწიფოს მეთაური, თუ შენ არ დაიცავ შენი ქვეყნის კანონებს, მოძრაობის წესებს, საზოგადოებრივ წესრიგს, თანაცხოვრების უმარტივეს ყოფით ნორმებს. ყველაფრის სათავეში ჩვენი შინაგანი კულტურაა. შინაგანი კულტურა სულ არ ნიშნავს ლიტერატურის ან ფერწერის შედევრების მექანიკურ შესწავლას, შინაგანი კულტურა ჩვენი მოვალეობების ცოდნა და მათი შესრულებაა! ევროპაში ასოცირებას ვითხოვთ და არ გვესმის ევროპელი მოქალაქის უპირველესი მოვალეობა - ტოლერანტობა. ჩვენ გვსურს მივიღოთ, მაგრამ ამისთვის არაფრის გაცემა არ გვინდა.

     ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უმთავრეს შეცდომად მიმაჩნია სწორედ ის, რომ მან ვერ (თუ არ) იმუშავა კონკრეტულ ადამიანებთან, ვერ შეძლო ახალი ქართული სახელმწიფოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და ეროვნული სახელმწიფოს იდეის გარშემო გაერთიანება. ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც დასაწყისში გაჩნდა, რუტინად და ფორმალობად იქცა. მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კავშირი დაირღვა და ბოლოს გაწყდა. თუ  ამ კავშირის შენარჩუნება და გამყარება ჰიპერაქტიურმა მიშამ ვერ შეძლო, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამას თავის შუშის სასახლეში გამოკეტილი ხელისუფალი მოახერხებს. იმედი მაქვს, ოდესმე მოვიყვანთ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მომართული იქნება ერთი კონკრეტული მოქალაქის მოთხოვნების შესასრულებლად და ამას მხოლოდ დეკლარირების დონეზე არ გააკეთებს. შემთხვევით არ მითქვამს “მოვიყვანთ”, რადგან მოარული სენტენცია, რომ ჩვენი ყოველი ხელისუფლება რომელიღაც გარეშე ძალის “პროექტია”, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ამაშია ჩვენი საზოგადოების საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული დამორჩილებული ერის მენტალიტეტის გამოვლინება. დროა შევისისხლხორცოთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთადერთი პარადიგმა დამოუკიდებელი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოა. საბოლოოდ უნდა დამყარდეს კავშირი - ადამიანი სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ადამიანისთვის. დემოკრატია უდიდეს პასუხისმგებლობას და სიბრძნეს მოითხოვს, მათ შორის, საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობას და სხვისი არჩევანის პატივისცემას. როგორც ცნობილი სოციალური ინჟინერი და ფუტუროლოგი ჟაკ ფრესკო ამბობს, “ჩვენ ან ვისწავლით ერთად ცხოვრებას, ან სათითაოდ დავიხოცებით.” დრო მოვიდა, სწავლას მოვკიდოთ ხელი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია