კვირის სპორტის სიახლები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-07-2013, 21:06 | არქივი | ნანახია - 1329

ფეხბურთი

 

ბარსელონა მარტინოს ჩააბარეს

 

ხერარდო მარტინო "ბარსელონას" ახალი მწვრთნელია. არგენტინელი სპეციალისტი მომავალი სამი სეზონის განმავლობაში გაუძღვება კატალონიურ გრანდს.

მარტინოს ბარსელონაში თავისი ორი მუდმივი თანაშემწეც მიჰყავს - ელვიო პაოლოროსო და ხორხე პაუტასო.

"ნიუელს ოლდ ბოისისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ხერარდო მარტინო, როგორც მწვრთნელი, ფართო საზოგადოებამ გაიცნო 2007 წელს (იმ წელს ხერარდო სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს), როცა მან პარაგვაის ნაკრები ჩაიბარა. მანამდე ხერარდო "ლიბერტადთან" და "სერო პორტენიოსთან" ერთად ოთხჯერ გახდა პარაგვაის ჩემპიონი.

მარტინო პარაგვაის ნაკრებს 2011 წლამდე წვრთნიდა და კოპა ამერიკას ფინალის წაგების შემდეგ წავიდა. სამწვრთნელო კარიერა მან მშობლიურ "ნიუელს ოლდ ბოისში" გააგრძელა. ეს გუნდი 2012-13 წლების სეზონში არგენტინის შემოდგომის ჩემპიონი გახადა და წელს ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალამდე მიიყვანა.

ხერარდო მარტინო "ბარსელონაში” შეცვლის ტიტო ვილანოვას, რომელმაც ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება.

 

 

კვირის სპორტის სიახლები”ფენერბაჰჩე” და ”ბეშიქთაში” ევროპაში დააბრუნეს

 

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ შეაჩერა უეფას მიერ თურქული კლუბების - "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ გამოტანილი სანქციები. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ამ გუნდებს აკრძალული ჰქონდათ 2013-14 წელს ევროთასებზე თამაში. უეფას გადაწყვეტილება იქამდე არ შევა ძალაში, სანამ საარბიტრაჟო სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტს არ გამოიტანს.

ასე რომ, "ფენერბაჰჩე" შეძლებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში მონაწილეობას, "ბეშიქთაში" კი ევროპის ლიგის შესარჩევ შეხვედრებში ითამაშებს.

 

 

არგენტინაში ორი ფანი მოკლეს

 

არგენტინაში "ბოკა ხუნიორსსა” და "სან ლორენსოს” შორის ამხანაგური მატჩი გულშემატკივართა დაპირისპირებისას ატეხილი სროლის გამო გაუქმდა.

"ბოკას” დაპირისპირებულ გულშემატკივრებს შორის შეტაკება თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. არეულობა სროლის ფონზე მიმდინარეობდა. თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით ასი გასროლის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა.

არგენტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სერხიო ბერნიმ მომხდარში "ბოკა ხუნიორსის” ხელმძღვანელობა დაადანაშაულა. მისი აზრით, გუნდმა სეზონის სტარტზე რამდენიმე შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ უნდა ჩაატაროს.

 

 

მსოფლიოს თასი 2014: ბილეთების ფასი ცნობილია

 

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასები გამოაცხადა.

უცხოელი მაყურებლისთვის ყველაზე იაფი ბილეთი 90 დოლარი ეღირება. ამ ფასად ბრაზილიაში ჩასულ გულშემატკივარს ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩზე დასწრების საშუალება ექნება. ფინალურ მატჩზე დასასწრებად უცხოელს 440-დან 990 დოლარამდე გადახდა მოუწევს. ბრაზილიელისთვის ყველაზე იაფი ბილეთის ფასია 15 დოლარი (ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის). შედარებისთვის, 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ბილეთის მინიმალური ფასი 20 დოლარი იყო.

სულ ორგანიზატორები დაახლოებით სამი მილიონი ბილეთის რეალიზაციას გეგმავენ. აქედან, სულ მცირე, 400 ათასი ადგილობრივი მაყურებლისთვის იქნება გათვალისწინებული. ბილეთების ზუსტი რაოდენობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც დასრულდება 12 სტადიონის რეკონსტრუქცია.

 

 

კალათბურთი

 

”ლეიკერსმა” ლებრონს და კარმელოს დაუმიზნა

 

როგორც ESPN წერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ოფისში რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ კალიფორნიელები ორი სუპერვარსკვლავის - ლებრონ ჯეიმსისა და კარმელო ენტონის გადაბირებაზე დაიწყებენ მუშაობას. ისინი 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტები უნდა გახდნენ.

მაიამელი ჯეიმსისა და ნიუიორკელი ენტონის კონტრაქტებში არის პუნქტი, რომლითაც მათ შეუძლიათ მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა. იტყობინებიან, რომ "ლეიკერსი" აპირებს იბრძოლოს ამ ორიდან ერთ-ერთის ან ორივე ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიუეიდის ცოლი ქუჩაში ცხოვრობს

 

ამერიკულ პრესაში გაჩნდა "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავის დუეინ უეიდის ყოფილი მეუღლის შოკისმომგვრელი ფოტოები - ის უსახლკაროდ არის დარჩენილი და ქუჩაში მათხოვრობით ირჩენს თავს.

ფოტოგრაფმა შივონ ფანჩესი ჩიკაგოს ერთ-ერთ ქუჩაზე გადაიღო. ქალი 2010 წელს დაშორდა უეიდს. გაყრის პროცესი სამ წელიწადს გრძელდებოდა. საბოლოოდ შივონმა დუეინისგან სასამართლოს ძალით ერთი მილიონი დოლარი მიიღო. გარდა ამისა, ვარსკვლავ კალათბურთელს თვეში 25 ათასი დოლარი დააკისრეს - ალიმენტი ორი შვილისთვის, რომელიც უეიდს ფანჩესისგან ჰყავს.

კალათბურთელმა მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო, შეუყვარდა და მასზე იქორწინა კიდეც. მაგრამ მოგვიანებით შივონმა დუეინი მსახიობ გაბრიელ იუნიონთან ღალატში ამხილა. დღეს 40 წლის იუნიონი უეიდის შეყვარებულია, ამ დროს კი უეიდის ყოფილი მეუღლე ჩიკაგოში მოწყალებას ითხოვს. მხოლოდ ერთი რამ არის გაურკვეველი: სად წაიღო მან სასამართლოს ძალით მიღებული ერთი მილიონი დოლარი.

 

 

კიდი ციხეს გადაურჩა

 

"ბრუკლინ ნეტსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა აღიარა, რომ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და თავი დამნაშავედ ცნო. ამით ახალგაზრდა სპეციალისტმა თავიდან აიცილა ერთწლიანი პატიმრობა, რომელიც ამ დარღვევისთვის ელოდა.

კიდს პრობაციის ერთწლიანი რეჟიმი დაუნიშნეს. ის სკოლის მოსწავლეების წინაშე გამოვა ლექციით ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის მავნებლობაზე.

ინციდენტი 2012 წლის 15 ივლისს მოხდა. ჯეისონი თავისი ყველგანმავლით შეეჯახა სატელეფონო ჯიხურს. პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმში აღნიშნული იყო, რომ კიდი დიდი გაჭირვებით ინარჩუნებდა წონასწორობას. საბედნიეროდ, ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა.

პრობაციის რეჟიმის გარდა, გამორიცხული არ არის, 40 წლის სპეციალისტმა NBA-სგან დისკვალიფიკაციაც მიიღოს და გამოტოვოს 2013-14 წლების სეზონის  სტარტი. ლაპარაკია, სულ მცირე, ორი მატჩის გამოტოვებაზე.

 

 

კვირის სპორტის სიახლებირუსები უმწვრთნელოდ დარჩნენ

 

ევროპის მოახლოებული ჩემპიონატის წინ რუსეთის ნაკრებს მწვრთნელის შეცვლა მოუწევს. ბერძენმა სპეციალისტმა ფოცის კაციკარისმა, რომელმაც გასული წლის დეკემბერში რუსეთის კალათბურთის ფედერაციასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, საკუთარი სურვილით დატოვა პოსტი. მიზეზი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციასთან უთანხმოება გახდა.

უახლოეს პერიოდში გაიმართება რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საგანგებო სხდომა, რომელზეც ახალ მთავარ მწვრთნელს აირჩევენ. უკვე ცნობილია, რომ ნაკრების დამრიგებელი რუსი იქნება. კანდიდატები არიან: ვალერი კარასიოვი, სერგეი ბაზარევიჩი და ევგენი პაშუტინი.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიჩოგბურთი

 

ფედერერის კრიზისი

 

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის კარიერაში სერიოზული კრიზისია. 2002 წლიდან მოყოლებული პირველად მან სეზონში უკვე მეორედ წააგო მატჩი კლასიფიკაციის საუკეთესო ასეულის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან. შეგახსენებთ, რომ ივნისში უიმბლდონზე როჯერი დამარცხდა უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან, რომელსაც იმ დროს 116-ე ადგილი ეკავა მსოფლიოს რეიტინგში, ახლა კი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ფედერერი დაამარცხა მსოფლიოს 114-ე ნომერმა, 22 წლის არგენტინელმა ფედერიკო დელბონისმა – 7:6, 7:6.

სხვათა შორის, ჰამბურგის ტურნირის წინ როჯერმა ჩოგნის მოდელი შეიცვალა. შესაძლოა, მისი არადამაჯერებელი თამაში ამის ბრალიც იყო, მაგრამ ეს მიზეზი თავად ჩოგბურთელმა უარყო.

დელბონისი ფინალშიც ახლოს იყო გამარჯვებასთან. მას სამი მატჩბოლი ჰქონდა იტალიელ ფაბიო ფონინისთან, მაგრამ მაინც დამარცხდა – 6:4, 6:7, 2:6.

 

 

კვირის სპორტის სიახლებისერენა მონიკას დაეწია

 

გასულ კვირას ყველაზე წარმომადგენლობითი ტურნირი იმართებოდა შვედეთის ქალაქ ბაშტადში ქალებს შორის, სადაც უიმბლდონის შემდეგ პირველად გამოჩნდა კორტზე სერენა უილიამსი. რა თქმა უნდა, ამერიკელი მთავარი ფავორიტი იყო და ეს სტატუსი დაამტკიცა კიდეც  - ყველა მეტოქეს ისე მოუგო, რომ სეტი არ წაუგია. ფინალში მან საათსა და 18 წუთში დაამარცხა შვედი იოჰანა ლარსონი - 6:4, 6:1.

ეს ტიტული მეშვიდეა უილიამსისთვის ამ სეზონში და 53-ე კარიერაში. ამ მაჩვენებლით სერენა დაეწია მონიკა სელეშს და მასთან ერთად ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილს იყოფს. უფრო მეტი ტიტული კარიერაში მოგებული აქვთ: მარტინა ნავრატილოვას (167), კრის ევერტს (157), შტეფი გრაფსა (107) და ლინდსი დავენპორტს (55).

 

 

კვირის სპორტის სიახლებიათოლიკეებმა აგნიეშკა მოიძულეს

 

პოლონეთში ახალგაზრდულმა კათოლიკურმა ორგანიზაციამ თავისი რიგებიდან დაითხოვა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ქალებს შორის აგნიეშკა რადვანსკა.
გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სპორტსმენის მონაწილეობა ჟურნალ ESPN Body Issue-ის ფოტოსესიაში.

ტრადიციის თანახმად, ამგვარი ფოტოსესია ითვალისწინების ცნობილ სპორტსმენთა შიშველი ფოტოებს გადაღებას. რადვანსკას საქციელმა პოლონური საზოგადოების კონსერვატიულ წრეებში აღშფოთება გამოიწვია.

ESPN-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ კათოლიკური ორგანიზაცია რადვანსკას საქციელს "ამორალურს" უწოდებს.

 

 

ენდის რაინდობა არ ეკუთვნის

 

უიმბლდონზე ენდი მარეის გამარჯვების შემდეგ, ბრიტანეთში დღის წესრიგში დადგა ჩოგბურთელისთვის რაინდის წოდების მინიჭების საკითხი. ინიციატივა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან დევიდ კემერონისგან მოდის.

მიუხედავად ამისა, ბრიტანული გამოცემა Mirror-ის მიერ ორგანიზებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 55 პროცენტი მარეისთვის "სერის" ტიტულის მინიჭების წინააღმდეგია. ამასთან, შოტლანდიელ ჩოგბურთელს მხარი დაუჭირა თანამემამულეთა მხოლოდ 26-მა პროცენტმა.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიჩამწყობი ხორვატები

 

ოთხი ხორვატი და ერთი მოლდოველი ჩოგბურთელი ეჭვმიტანილნი არიან გასულ კვირას საკუთარი მატჩების შეგნებულად დათმობაში.

ხორვატებმა - ანტონიო ვეიჩმა (172-ე ჩოგანი), ნიკოლა მეკტიჩმა (337), დინო მარცანმა (366), ტონი ანდროიჩმა (391) და მოლდოველმა რადუ ალბოტმა (209) სხვადასხვა ტურნირზე წააგეს მატჩები ორ სეტში.

Xორვატიული პრესის ცნობით, გამოძიების ინიციატორებად გამოვიდნენ რუმინელი ბუკმეიკერები, რომლებმაც აღნიშნეს ალოგიკურად მაღალი ფსონები ჩამოთვლილი ჩოგბურთელების წაგებებზე. ტოტალიზატორების ზარალმა 500 ათასი ევრო შეადგინა, რის შემდეგაც მათ ინტერპოლსა და ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართეს.

საინტერესოა, რომ ანტონიო ვეიჩი ერთხელ უკვე იყო ეჭვმიტანილი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაში. ეს მოხდა 2009 წელს, ზაგრების ტურნირზე, როცა არგენტინელ გილერმო კანიასთან მატჩის პირველ სეტზე შეინიშნებოდა ფსონების უცნაური მანიპულაციები. მაშინ ვეიჩმა, რომელიც აუტსაიდერად ითვლებოდა, წააგო პირველი სეტი, მაგრამ მატჩი მოიგო.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიჰინგისს აშშ-ის ღიაზეც ვნახავთ

 

ჩოგბურთში დაბრუნებულ მარტინა ჰინგისს სერიოზული გეგმები აქვს. ცოტა ხნის წინ შვეიცარიელმა გამოაცხადა კარლსბადის ტურნირში მონაწილეობის შესახებ. ლაპარაკია წყვილთა თანრიგზე, სადაც 32 წლის ჰინგისი სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად გამოვა.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დაბრუნების შემდეგ ჰინგისი ჯერჯერობით ხუთ ტურნირში გეგმავს თამაშს. კარლსბადის გარდა, ეს შეჯიბრებებია ნიუ ჰევენის, ტორონტოსა და ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირები და აშშ-ის ღია პირველობა.

ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ჰანტუხოვა მარტინას მუდმივი პარტნიორი წყვილთა თანრიგში.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიჰოკეი

 

ვარსკვლავები სოჭში მიდიან

 

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ NHL-ის მოთამაშეებს შეეძლებათ 2014 წელს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

ეს იქნება ზედიზედ მეხუთე ზამთრის ოლიმპიადა, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ვარსკვლავები ითამაშებენ. პირველად ისინი თამაშებზე 1998 წელს, ნაგანოს ოლიმპიადაზე გამოჩდნენ. ვარაუდობენ, რომ სოჭში NHL-ის დაახლოებით 120 ჰოკეისტი ჩავა.

 

 

ველოსპორტი

 

ტური წარმოშობით კენიელმა მოიგო

 

საფრანგეთში დასრულდა ტურ დე ფრანსი, რომელიც წელს მეასედ ჩატარდა. საიუბილეო ველომარათონის ტრიუმფატორი გახდა ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი. წარმოშობით კენიელმა კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ტურ დე ფრანსზე. საინტერესოა, რომ ბრიტანელი წლევანდელ ტურზე 12-ჯერ შეამოწმეს დოპინგზე, სულ კი კრისტოფერმა მიმდინარე სეზონში ეს პროცედურა 50-ჯერ გაიარა და ყოველთვის "სუფთა" აღმოჩნდა.

საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა კოლუმბიელი ნაირო კინტანა. 23 წლის ველომრბოლი ტურის დებიუტანტი იყო და ფანტასტიკური გამოსვლა ჰქონდა – მოიგო ერთი ეტაპი, დაიკავა მეორე ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში, დაისაკუთრა საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლის თეთრი მაისური და "მთის მეფის" მაისური.

წლევანდელი ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო ესპანელი ალბერტო კონტადორის ჩავარდნა. ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ საპრიზო სამეულშიც ვერ მოხვდა.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიფორმულა 1

 

ბერნი სასამართლოში დაიბარეს

ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის სასამართლომ მას ოფიციალურად წაუყენა ბრალი გრიბოვსკის საქმეზე. ბრიტანელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ დღეიდან მოუწევს სასამართლოში თავისი ინტერესების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ ექლსტოუნი დიდი ხანია ფიგურანტია იმ საქმეში, რომელშიც მან 2006 წელს, ფორმულა 1-ზე უფლებების გაყიდვისას, ქრთამი მისცა გერმანელ ბანკირს გერჰარდ გრიბოვსკის. ამ საქმესთან დაკავშირებით გრიბოვსკის 8.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თავად ბერნიმ კი არაერთხელ განაცხადა თავისი უდანაშაულობის შესახებ.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიმოტოსპორტი

 

დებიუტანტმა მესამე მოიგო

 

მოტო გრან-პრიში მსოფლიოს ჩემპიონატი აშშ-ის გრან-პრით გაგრძელდა, რომელიც კალიფორნიის შტატში ლაგუნა სეკას ტრასაზე გაიმართა. საინტერესო იყო რბოლისწინა პერიპეტიები, კერძოდ, გერმანიის გრან-პრიზე მიღებული ტრავმების მიუხედავად, აშშ-ში გამოსვლას აპირებდნენ ესპანელები - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო და საერთო ჩათვლის ყოფილი ლიდერი დანი პედროსა. საბოლოოდ, ფავორიტები ტრასაზე გავიდნენ, მაგრამ გერმანიაში მიღებულმა დაზიანებებმა ფავორიტების გამოსვლას მაინც კვალი დაამჩნია - პედროსამ და ლორენსომ, შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.

სანამ გრანდები ფორმაში არ არიან, ამ დროის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს "ჰონდას" დებიუტანტი მარკ მარკესი და ეს კარგადაც გამოსდის. ახალგაზრდა ესპანელმა ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო და გაზარდა უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

ლაგუნა სეკაზე მარკესი პირველი მივიდა ფინიშთან და ახლა საერთო ჩათვლაში 16 ქულას უგებს პედროსას და 26 ქულას - ლორენსოს.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიტრაგედია მოსკოვში

 

მოსკოვის ტრასაზე ტრაგედიით დასრულდა სუპერსპორტის ჩემპიონატის ეტაპი: შეჯიბრების დროს დაიღუპა 25 წლის იტალიელი ანდრეა ანტონელი, რომელიც "კავასაკის" მოტოციკლით გამოდიოდა.

რბოლა წვიმიან ამინდში მიმდინარეობდა. სტარტის შემდეგ იტალიელი უმძიმეს ავარიაში მოხვდა, ზურგზე დაეცა და თან წაქცეულს ლორენცო ძანეტის მოტოციკლი დაეჯახა. ანდრეა ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ფუძის მოტეხილობა დასახელდა.

 

 

ლაურეატები

 

ESPN-მა პრიზები დაარიგა

 

ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა მიიღო ESPY-ის პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ქალმა სპორტსმენმა ტელეკომპანია ESPN-ის ვერსიით. პრესტიჟული ჯილდოების გადაცემის ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა.

გასული კალენდარული წლის განმავლობაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მოიგო "დიდი სლემის" ორი ტურნირი (აშშ-ის ღია პირველობა და როლან გაროსი), ოლიმპიური თამაშები და WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. ბუნებრივია, ESPN-მა ამერიკელს ქალებს შორის საუკეთესო ჩოგბურთელის პრიზიც გადასცა. სერენა მესამედ დასახელდა საუკეთესო ქალ სპორტსმენად და მეექვსედ - საუკეთესო ჩოგბურთელად.

მამაკაცებს შორის მეორედ გამოცხადდა საუკეთესო ჩოგბურთელად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

კაცებს შორის საუკეთესო სპორტსმენი ზედიზედ მეორედ გახდა კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო მისი გუნდი "მაიამი ჰიტი" წლის კლუბად გამოცხადდა. გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, ლებრონი მესამედ აღიარეს NBA-ის საუკეთესო კალათბურთელად.

საუკეთესო საერთაშორისო სპორტსმენის ტიტული მიიღო იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა. კარიერაში მეხუთედ გახდა NHL-ის საუკეთესო მოთამაშე "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი, ხოლო MLS-ის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გამოარჩიეს ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი, რომელიც "ნიუ იორკ რედ ბულსში" თამაშობს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია