“ჩინეთი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ განვითარების გზას”

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-07-2013, 21:11 | პოლიტიკა | ნანახია - 1981

“ჩინეთი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ განვითარების გზას”ინტერვიუ    ჩინეთის   სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მის აღმატებულება  ჩენ ჯიანფუსთან

 

          ჩინეთმა ძალიან მოკლე დროში უდიდეს წარმატებებს მიაღწია თავის განვითარებაში და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წამყვან ძალად ჩამოყალიბდა. რით ახსნით ასეთ შთამბეჭდავ წარმატებას და რა არის დღევანდელი ჩინეთის მთავარი ამოცანები და პრობლემები?

          - გახსნილობისა და რეფორმების პოლიტიკის გატარების დაწყებიდან 30 წლის მანძილზე, ეკონომიკურ და სამოქალაქო განვითარებაში მიღწეული შედეგებით, ჩინეთმა მოახერხა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო. ჩინეთის განვითარების გზას ეწოდა განვითარებისჩინური მოდელი“. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩინურ მოდელს შემდეგი თავისებურებები ახასიათებს:

            პირველ რიგში, ახლებურად მოაზროვნე და ეფექტური მთავრობა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან გასული საუკუნის ბოლომდე, ჩინეთმა განვითარებისთვის რთული გზა განვლო. ჩინეთის მთავარმა რეფორმატორმა დენ სიაოპინმა, ჩინელი ხალხის გამოცდილების, სხვადასხვა თაობის ხელმძღვანელი პირებისა და მთელი ჩინელი ხალხის ერთობლივი შრომის შედეგად, მიაგნო ჩინური სპეციფიკის შესაფერის გრძელვადიან სტრატეგიასა და პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის გზას ვუწოდებთ. სწორედ ამ გზას მტკიცედ ადგას ჩინეთის როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლება.

            მეორე, თავისუფლად მოაზროვნე მთავარი პოლიტიკური პარტია - ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც რეალობიდან გამომდინარე წყვეტს ჩინეთის განვითარების პრობლემებს. რაც შეეხება განვითარების სისტემასა და ინსტიტუციონალურ საკითხებს, ჩვენ მუდამ არსებული სისტემიდან ვცდილობთ განვითარებას, მუდმივად ვატარებთ რეფორმებს და ვცდილობთ საკუთარი თავის სრულყოფას, მუდამ ვეძებთ განვითარების ახალ გზებსა და საშუალებებს. ჩინეთი დიდი სახელმწიფოა, რეფორმებსა და განვითარებაზე მეტად მას სტაბილურობა სჭირდება, ამიტომ ამ სამს შორის კომპლექსური კავშირის დარეგულირება ჩინეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე პრინციპულია.

            მესამე, ორიენტაცია ხალხზე. ხალხისთვის ისეთი გადაუდებელი მოთხოვნების შესრულება, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და მისი ცხოვრების დონის გაუმჯობესების საკითხის პირველ ადგილზე დაყენება. გაეროს სტატისტიკის მიხედვით, გასული 20 წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის დაძლევაში სწორედ ჩინეთს აქვს ყველაზე მაღალი - 70%-იანი მაჩვენებელი.

            მეოთხე, ეკონომიკური მოდელი. ამჟამად ჩინეთის ეკონომიკურ მოდელს განსაზღვრავენ, როგორც სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც არა მარტო საბაზრო ეკონომიკის, არამედ სოციალიზმის ელემენტებსაც შეიცავს, რაც არა მარტო რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, არამედ სოციალური სამართლიანობის გარანტიასაც გულისხმობს. გარდა ამისა, ჩვენ ძალზე თავისუფალი დამოკიდებულება გვაქვს; ყველასგან საუკეთესოს ვიზიარებთ. ჩემი აზრით, ჩინეთი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად იდეოლოგიზებულ ჩარჩოებში მოქცეული ქვეყანაა მსოფლიოში. თუკი რაიმე კარგია, ჩვენ აუცილებლად ვიზიარებთ, თუმცა შეთვისების პროცესში ამ კარგს ჩვენს თავს ვარგებთ, ბრმად კი არ ვიღებთ.

            მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა დიდ წარმატებას მიაღწია, არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანა კიდევ დგას მის წინაშე: პირველი - არათანაბარი განვითარება: ზღვის სანაპირო ზოლი სწრაფად ვითარდება, მაშინ როცა ცენტრალური და დასავლეთი რეგიონები ჯერ კიდევ ჩამორჩენილია; მეორესოციალური წინააღმდეგობები: განათლება, დასაქმება, სოციალური დაზღვევა, ჯანმრთელობა, საცხოვრებელი და ეკოლოგიური გარემო, საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოება და სხვა სოციალურ საკითხებს საარსებო მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის; მესამეზოგიერთ სფეროში ჯერ კიდევ არსებობს კორუფცია და სხვ. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პრობლემები განვითარების პროცესში წარმოიშვა და აუცილებელია მათი ამ პროცესშივე ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარება.

         - როგორ გესახებათ საქართველო-ჩინეთის მომავალი  ურთიერთობა და რომელი სფერო მიგაჩნიათ პრიორიტეტულად მომავალი ურთიერთობის გასაღრმავებლად?

         - დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 21 წლის მანძილზე, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება. ჩვენ ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას; თანამშრომლობა ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში განუწყვეტლივ ფართოვდება და ნაყოფიერ შედეგებს იძლევა. გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ვინარჩუნებთ კომუნიკაციასა და კოორდიანციას, ხელს ვუწყობთ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩინელ და ქართველ ხალხს შორის მიმოსვლაც გახშრიდა, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორმხრივი ურთიერთობის ყოველმხრივ განვითარების საქმეში.

            ჩინეთი მზად არის, მომავალშიც მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის შემდგომ განვითარებასა და ჩინელი და ქართველი ხალხის კეთილდღეობას. უფრო კონკრეტულად კი, უკეთესი იქნება ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მეტად გაძლიერება.

          - ვიცით, რომ წარმატებით მუშაობს ჩინური პროექტიხადორი ჰესი“, კომპანიახუალინიახორციელებს ოლიმპიური სოფლის მშენებლობას თბილისში. მომავალშიც ხომ არ არის დაგეგმილი რაიმე კონკრეტული პროექტების ინვესტირება?

            - 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ოლიმპიური სოფლის მშენებლობათბილისის ხუალინის საერთაშორისო ეკონომიკური ზონისერთ-ერთი ნაწილია. ამ ეკონომიკური ზონის მშენებლობას 2012 წლის 7 ივლისს ჩაეყარა საფუძველი. 4.2 მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე კომპანიახუალინი“, ოლიმპიური სოფლის გარდა, ააშენებს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, დიდ სავაჭრო ცენტრს, კომერციულ და საცხოვრებელ შენობებსა და სხვა პროექტებს. დასრულების შემდეგ, ეს იქნება მთელს ამიერკავკასიასა და შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი ეკონომიკური ზონა, რომელშიც გაერთიანდება უბაჟო ზონა (.. „Duty Free“), კომერცია, საერთაშორისო ლოჯისტიკა, სასტუმროები, აგარაკები, ტურიზმი და დასვენება. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

            კომპანიახუალინმაუკვე დაასრულა ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა. ამას გარდა, ამავე კომპანიამ შეიძინაბაზისბანკისაქციების 90%. კომპანიახუალინიერთ-ერთი საუკეთესოა ჩინეთის კერძო საწარმოებს შორის. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ხელს უწყობს ამ კომპანიის ინვესტირებასა და განვითარებას საქართველოში. თავის მხრივ, კომპანიახუალინსაცშეაქვს თავისი წვლილი საქართველოს განვითარების საქმეში. დარწმუნებული ვარ, ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ორმხრივი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში კიდევ უფრო გაფართოვდება.

           - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

            -  ჩინეთი მხარს უჭერს ქვეყნების თანასწორუფლებიანობას მათი ზომის, სიძლიერისა თუ ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად. ჩინეთი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ განვითარების გზას და არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

        - ჩვენთვის ცნობილია პირადად თქვენი და თქვენი მეუღლის როლის შესახებ ქართველი სტუდენტებისა და სპეციალისტების ჩინეთში გადამზადების საკითხში. ასევე ვიცით, რომ მოეწყო გამოფენები, ჩინეთის თეატრი სტუმრობდა საქართველოს...

მომავალშიც ხომ არ იგეგმება მსგავსი ტიპის ღონისძიებები კულტურისა და განათლების სფეროებში?

         - კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობა ჩინურ-ქართული ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ჩვენი საელჩო შესაძლებლობებს არ იშურებს ამ მხრივ. კულტურის სფეროში წელს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის ჩინეთში საქართველოს კულტურის კვირეულის წარმატებით ჩასატარებლად საელჩოს მხრიდან ხელშეწყობა. ბათუმის კულტურისა და ხელოვნების დასი 18 ივლისიდან 6 აგვისტომდე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კულტურის კვირეულსა და ჩინეთის სინძიანის მესამე საერთაშორისო ცეკვების ფესტივალში, რის შედეგადაც ჩინელი ხალხი უკეთ გაიცნობს საქართველოს ისტორიასა და კულტურას, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ტრადიციას.

            განათლების სფეროში თანამშრომლობის მხრივ მინდა აღვნიშნო, რომ ჩინელი მოხალისე მასწავლებლების საქართველოში სწავლების პროექტი წარმატებით დაიწყო, ქართველი მოსწავლეები დიდ ენთუზიაზმს იჩენენ ჩინური ენისა და კულტურის სწავლისადმი, რაც მტკიცე საფუძველს ქმნის ჩინეთ-საქართველოს შორის საგანმანათლებლო სფეროში პრაგმატული თანამშრომლობისთვის. ჩინეთის ხელისუფლება კვლავ დაუჭერს მხარს ამ პროექტს; უკვე გადაწყდა, რომ წელს ჩინელი მოხალისე მასწავლებლების ჯგუფს კიდევ ხუთი მოხალისე დაემატება და მათი საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებისა და ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერის, მოხალისე მასწავლებლების გულმოდგინე შრომისა და მოსწავლე-მასწავლებლებს შორის ურთიერთთანხმობის შედეგად, საქართველოში ჩინური ენისბუმისახალი ტალღა დაიწყება.

            ჩინეთის მთავრობა კვლავაც განაგრძობს საქართველოსთვის სტიპენდიების გამოყოფას, ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს გაემგზავრონ ჩინეთში სასწავლებლად და კვლავაც გაუწევს რეკომენდაციას ქართველ სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში გამართულ სემინარებში.

        - ჩინეთი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ხომ არ იგეგმება ჩინური კულტურული ცენტრის გახსნა, ან მსგავსი კონკრეტული ღონისძიება მისი პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში?

          - ჩინეთი და საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყნებია. ჩინეთ-საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს, რისთვისაც მრავალი გზა არსებობს. კულტურული ცენტრის გახსნა მათ შორის ერთ-ერთია. კულტურული ცენტრის დასაარსებლად მთელი რიგი პირობებია აუცილებელი, პირველ რიგში კი, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მოლაპარაკებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის წინ წასაწევად საჭიროა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მოქმედება და უფრო მეტი არხის საშუალებით კულტურული კავშირების დამყარება.

         - თქვენი პირველი შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანაზე და რა შეიცვალა მას შემდეგ დღემდე?

          - უკვე 2 წელი და 9 თვეა, რაც საქართველოში ვმუშაობ. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო ის, რომ საქართველოში ლამაზი ბუნება და სუფთა ჰაერია, რაც ადამიანს აჯანსაღებს. საქართველო უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის ქვეყანაა, რაც ძალზე შთამბეჭდავია; ქართველი ხალხი კეთილი, თბილი და გულისხმიერია, რის გამოც აქ ისე გრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ეს შთაბეჭდილებები მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

 

ინტერვიუ მოამზადა თამთა შკუბულიანმა

 

ჩინურიდან თარგმნა თამარ მუჯირმა

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია