“ჯაზი თავისუფლებაა... იმპროვიზაციაა... ჩემი ცხოვრებაც ეს არის...”

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-07-2013, 22:27 | კულტურა | ნანახია - 3899

“ჯაზი თავისუფლებაა... იმპროვიზაციაა... ჩემი ცხოვრებაც ეს არის...”17 წლის მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი საკუთარ  თავზე საუბრობს

 

ბავშვობაში, დაკვრას რომ ვიწყებდი, ჩემი უფროსი ძმა ბურთით ხელში ეზოში გარბოდა. ახლა პირიქითაა, როცა ვუკრავ, ბურთით ხელში სახლში შემორბის.

 

მამა მუსიკოსია. ერთხელ სკოტ ჯოპლინის „რეგთაიმი“ დაუკრა. დაკვრა რომ დაამთავრა, პიანინოსთან მივედი და იგივე მელოდია გავიმეორე. მაშინ ოთხი წლის ვიყავი… ზურა რამიშვილთან მიმიყვანეს და ასე დაიწყო ყველაფერი...

 

ჩემი პირველი ჯაზფესტივალი 2007 წელს ლატვიაში, საულკრასტის ფესტივალი იყო - ბებე ლორთქიფანიძემ წამიყვანა. მახსოვს, იქ სამეცადინო ოთახი არ მქონდა, ინსტრუმენტს მონატრებული ვიყავი და სადაც კი რამე კლავიშს დავინახავდი, მივვარდებოდი და ვუკრავდი ხოლმე - არავითარი მორიდება.

 

ლენი უაითი პირველად ამ ფესტივალზე ვნახე - არ ვიცოდი, ვინ იყო. ეზოში მარტო ვთამაშობდი ფეხბურთს და ვიღაც ულვაშებიანი კაცი დავინახე, ფესტივალის მაისური ეცვა და დრამის ქეისი ეჭირა ხელში... მასტერკლასზე არც შევსულვარ... მაინც არ მესმოდა, რას ლაპარაკობდნენ... რომ დაამთავრეს, ოთახში შევიჭყიტე და სინთეზატორი დავინახე -  მარტო იყო. მაშინვე შევედი, დავჯექი  და დაკვრა დავიწყე.  უაიტმა მკითხა,რამდენი წლის ხარო. დაკვრა არ შემიწყვეტია, ისე ვუპასუხე, თერთმეტის-მეთქი. საღამოს ვიქტორ ბეილის ბენდი უკრავს და ჩვენთან ერთად დაუკარიო. თავის პიანისტს ეხუმრებოდა, ჭკვიანად იყავი, თორემ მალე სამსახურს დაკარგავო. დამცინოდნენ, ამან არც იცის, ვისთან დაუკრაო... გენიოსებში მოვხვდი, მერე გავიგე, ვინც იყვნენ... უკვე ნიუ იორკში ვიყავი,როდესაც სოციალური ქსელით დავუკავშირდი ლენის და Birdland-ში ჩემს კონცერტზე დავპატიჟე... მოვიდა... მას მერე ვმეგობრობთ.

 

ახალი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც მონტროს  ფესტივალზე მოვხვდი. ჩემი იქ წასვლა ნიკა რურუას იდეა იყო. ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გავხდი. ახლა რომ მითხრათ, შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე გაიხსენეო, იმ დღეს გავიხსენებ... პირველი გამარჯვება იყო.

 

ჯულიარდში  ჩაბარება ჯოელ ჰარისონმა გადამაწყვეტინა. 2008 წელს ნიუ იორკში მოსმენებზე  ზურა რამიშვილთან ერთად წავედი. იქ ჰარისონმა გვიმასპინძლა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ნიუ იორკი და, შესაბამისად, ჯულიარდი მინდოდა.  ჯულიარდის მოსამზადებელ კოლეჯში Jazz Devision არ ჰქონდათ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს...

 

დედა ნიუ იორკში ვერ წამომყვა. გეგმები  ჩემი უმცროსი ძმის გამო შეიცვალა - დედა მასზე იყო ორსულად. მე და მამა წავედით.

 

ბრუკლინის ერთ-ერთ  სკოლაში ვსწავლობდი. ნიუ იორკში ახალი ჩასული ვიყავი და იქაურობასთან შეჩვევა ძალიან მიჭირდა. თან ვიჩხუბე, ჩემს სკოლელ რუს უთავმოყვარეო ბავშვებთან... ომი ახალი დამთავრებული იყო და პოლიტიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მომაყენეს… მეც სახეში მუშტით ვუპასუხე - ეს კახური პოლიტიკაა. ჯულიარდში გავიცანი  ნონა შენგელაია - იქ მუშაობდა. მისი დახმარებით, მანჰეტენზე, ჯულიარდთან არსებულ Art School-ში გადავედი და ნელ-ნელა დავლაგდი.

 

მე და მამა ნიუ იორკში ისე ვერ ვიყავით, როგორც  უნდა ვყოფილიყავით - ხომ გესმით, ძალიან არ მსიამოვნებდა, ჩემ გამო მშობლები შორს იყვნენ ერთმანეთისგან, მამა ამერიკაში, დედა თბილისში...  ნონა შენგელაიამ და მისმა მეუღლემ, გიამ, შემომთავაზეს, მათთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. მამა თბილისში წამოვიდა, მე იქ დავრჩი. უკვე ოთხი წელია ნიუ იორკში ვარ, ნონასთან და გიასთან ვცხოვრობ. მათთან ისევე ბედნიერად ვგრძნობ თავს, როგორც მშობლებთან.

 

ჰარლემის  კლუბში ”ჯემ სეიშენები” იმართებოდა, ძალიან კარგი მუსიკოსები უკრავდნენ. ერთ დღეს ნონასთან ერთად მივედი ამ კლუბში. მაშინ ტანითაც ძალიან პატარა ვიყავი და რომ დამინახეს, ნონას უთხრეს - ის პიანისტი,რომელიც ახლა უკრავს, Monk competition-ის მეორე ადგილის მფლობელია, ასე  რომ, აქ “დიდები”

დადიან და ახლა ამ ბავშვის ძილის დროაო. ნონამ - ეს მონტროს ფესტივალის გამარჯვებულიაო... ჰოდა, შეგვიშვეს... დაუკრავო? - მკითხეს. მაგისთვის მოვედი-მეთქი, - ვუპასუხე. დავუკარი და მიხვდნენ, რომ დაძინებას ჩემი იქ ყოფნა სჯობდა. ამის შემდეგ ყოველ სამშაბათს დავდიოდი ამ კლუბში. იქაურ მუსიკოსებს დავუახლოვდი და ახლა ჩვენთან სახლში სტუმრადაც დადიან.

 

ნიუ იორკი ისეთია... უნდა შეეჩვიო... ნიუ იორკთან შეჩვევა კი მუშაობასთან შეჩვევას ნიშნავს.

 

ჯულიარდში ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ  საკუთარ თავზე დიდხანს და კარგად ვიმუშაო. სირცხვილიც კია, რომ ეს პირობები არ გამოიყენო.  თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ თუ მარტო ხელებით უკრავ და ტვინი არ მუშაობს, ეს ფუჭი შრომაა. ესეც სიზარმაცეა.

 

ძალიან ზარმაცი ვიყავი. ამის აღიარების არ მრცხვენია. ალბათ იმიტომ, რომ აღარ ვარ  ზარმაცი.

 

პირველი კომპოზიცია, რომელიც ჩემით დავწერე, ზურა რამიშვილს მივუძღვენი და „My Teacher“ დავარქვი. მეორეს „My Love“ ჰქვია. ოღონდ  ეს ვირტუალური Love იყო... კიტ ჯარეტისთვის, ჩიკ კორეასთვის მაქვს დაწერილი კომპოზიციები... ჯიმი ჰენდრიქსსაც მივუძღვენი ერთი კომპოზიცია - ოღონდ ის ჯერ არავის მოუსმენია... კიდევ დედაჩემს და ნინიკოს...

 

რომანტიკა და ნინიკო ჩემი თანამგზავრია მუსიკაშიც და არა მხოლოდ... ნინიკოს ფოტო პირველად ნონამ მაჩვენა. Facebook-ით ვურთიერთობდით, მაგრამ ვცდილობდი, ძალიან არ შემეწუხებინა... არ ვიცი, როგორ გამოვიცანი მისი ხასიათი... მერე პაუზა იყო ჩვენს ურთიერთობაში და უკვე შედარებით დაღვინებულები შევხვდით ერთმანეთს თბილისში. მე სულ მიყვარდა, მაგრამ თვითონ არ იყო მზად ჩემთან ურთიერთობისთვის... ახლა ერთად ვართ.

 

კიტ ჯარეტს პირველად ოთხი წლის ასაკში მოვუსმინე.მას შემდეგ ყოველღამ და ყოველდღე ვუსმენ... დღეს არ ვტოვებ, რომ მისი რომელიმე კონცერტი არ ვნახო, ან არ გამახსენდეს...ბავშვობაში ჯარეტის ერთ-ერთი კონცერტის კასეტა მქონდა. იმ კონცერტზე ”რიბოკის” სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი შარვალი და შავი მაისური ეცვა. მე ისეთი ფანი ვიყავი, რომ წავედი და ისეთივე ფეხსაცმელი და თეთრი შარვალი ვიყიდე. ერთხელსახლში მარტო დავრჩი, ეს ტანსაცმელი ჩავიცვი, ზუსტად მისნაირად დავდე  პიანინოზე პირსახოცი, წყლით სავსე ჭიქა მივუდგი და წარმოვიდგინე, რომ  ჯარეტი ვარ... მთელი კონცერტი მოვიწყვე, თავისი გამოსვლით და ყველაფრით - მაგარი იყო! ახლაც სიამოვნებით გავიმეორებდი.

 

სულ მინდოდა, თავი მეგრძნო ჯარეტად... მუსიკოსად... უფრო სწორად, პირველ რიგში, მუსიკოსად და მერე ჯარეტად.

 

13 წლის ვიყავი, პირველად კიტ ჯარეტის კონცერტზე რომ მოვხვდი. ნონა და გია შენგელაიებმა წაგვიყვანეს მე და ბაჩა მძინარაშვილი.  არ მჯეროდა... დარბაზში შევედით და პირველი შთაბეჭდილება ჩემზე ინსტრუმენტების განლაგებამ მოახდინა. ეს ყველაფერი რომ დავინახე, მაშინ ვიფიქრე - აი, ეს არის სამოთხე. გამოვიდნენ, დაუკრეს, დაადუღეს...

 

კიტ ჯარეტს პირადად შევხვდი ბაჩასთან ერთად. კონცერტის შემდეგ მასთან შესახვედრად სიაში უნდა ყოფილიყავი. ჩვენ არავის ვიცნობდით და არც სიაში ვყოფილვართ. გია შენგელაიამ დაცვას 20 დოლარი აჩუქა და შეგვიშვეს... რომ შევედით, სტუდენტების დიდ ჯგუფს ელაპარაკებოდა. მე ვიდექი და ვფიქრობდი - ეს

“ჯაზი თავისუფლებაა... იმპროვიზაციაა... ჩემი ცხოვრებაც ეს არის...”

 

„ ბექა ერთერთი საუკეთესო ჯაზმენია, ვისთვისაც ოდესმე მომისმენია, - კონდოლიზა რაისი.

„ბექა არის ბრწყინვალე ახალგაზრდა მუსიკოსი. ის  ვირტუოზია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, - ჩიკ კორეა.

„ის არის ბებერი სული ახალგაზრდა სხეულში, - ლენი უაიტი.

„ტონი უილიამსისა და მაილს დევისის შემდეგ ასეთი დებიუტი არავის ჰქონია,- სტენლი კლარკი.

ბექა გოჩიაშვილი 1996 წელს თბილისში დაიბადა.  პიანინოზე დაკვრა 3 წლისამ ისწავლა,  ცხრა წლის ასაკში კი ზურა რამიშვილთან  დაიწყო მეცადინეობა.

2006 წლიდან ბექა წარმატებით მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ჯაზფესტივალში. ბექა გოჩიაშვილი არაერთი დიპლომის მფლობელია, 2009 წელს ის მონტროს ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. 

14 წლის ბექა გოჩიაშვილი ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში მიიღეს, რის შემდეგაც ის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ხელოვნების სასწავლებელის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა.

2012 წლის მარტში, ბექა გოჩიაშვილმა  ჯაზის ცოცხალ ლეგენდასთან ჩიკ კორეასთან ერთად ალბომიჩაწერა. ამავე წელს გამოვიდა ბექას პირველი სოლო ალბომი, რომელიც მან ნიუ იორკში ჩაწერა და რომლის პროდიუსერიც ლენი უათი გახლავთ.

ამ დროისათვის მზადების პროცესშია ბექას და დიჯეი ლოჯიქის ერთობლივი ალბომი, რომელიც ჯაზის და ჰიპ-ჰოპის სინთეზი იქნება.

2009 წლიდან ბექა გოჩიაშვილი ნიუ იორკში ცხოვრობს, „ჯულიარდის“ Pre College-ში სწავლობს და კონცერტებს მართავს ისეთ ცნობილ კლუბებში როგორიცაა Blue Note,  Birdland და სხვა...

 

ჯარეტია, ის კაცია, ტელევიზორში რომ ვხედავდი... დადგა ჩვენი რიგი და უცებ დამტვრეული ინგლისურით ვეუბნები: ”ოსკარ პიტერსონი, აი მაგრა არ მევასება-მეთქი”. გაიცინა.  მერე ვუთხარი, რაც შენ მოგისმინე, მას მერე პიტერსონის კასეტა ყუთში ჩავდე, ის ყუთი თაროზე შემოვდე და იმის შემდეგ აღარ ჩამომიღია-მეთქი.  ბავშვურ ენაზე ველაპარაკებოდი... თან მგონი მთელ დარბაზში 13 წლის მარტო მე ვიყავი... მისმენდა და იცინოდა.

 

რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილი ბედნიერება იყო. ფოტოს გადაღება ვთხოვეთ. საერთოდ, როგორც წესი, ჯარეტი ფოტოს არავისთან არ იღებს,მაგრამ რატომღაც დაგვთანხმდა - ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.ამის შემდეგ კიდევ ორჯერ შევხვდი.ერთხელ ნიკა რურუასთან ერთად, რომში. შენ რამდენჯერ უნდა შემხვდეო, მითხრა... არ მოგასვენებ-მეთქი.

 

ჯარეტზე ამბობენ, მძიმე ხასიათი აქვსო...ერთხელ ჩიკ კორეას ვუთხარი, ხალხი ამბობს, რომ რთული ადამიანია-მეთქი... ჩიკმა მითხრა, უბრალოდ რთული ხასიათის კი არა, Ontouchable არისო. ნამდვილად არის ხელშეუხებელი... ჩემთვის ყველაზე დიდი მუსიკოსია...

 

ჩიკ კორეას პირველად ”Blue Note”-ში შევხვდი.როი ჰეინსის 85 წლის იუბილეზე საგანგებო სტუმრად  იყო მიწვეული. პირველად ვნახე ახლოს. თან მაშინ თინეიჯერობის როგორი მწვავე პერიოდი მქონდა, იცით? - უკვე სულით და გულით, ემოციით და ყველაფრით ჯაზმენი ვარ... თან თინეიჯერი ჯაზმენი J წარმოიდგინეთ...

 

როდესაც ჩიკ კორეამ დაკვრა დაიწყო, ემოციისგან ვყვიროდი. ცოტა გაბრაზებული სახით შემომხედა, მაგრამ მერე სახეებით ისე ავეწყვეთ, რომ რაღაცას რომ აკეთებდა, მე მიყურებდა... კონცერტის შემდეგ შევხვდი. გია შენგელაიამ უთხრა, ეს მონტროს ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიაო. ”ყველაზე ახალგაზრდას” რატომ ამბობთ, უბრალოდ, მუსიკოსია და მორჩაო, - ჩიკმა. მომიბრუნდა და, - შენი იმეილი მომეციო. გიამ, - მე ჩაგაწერინებთო. შენ არა, აი ამას ველაპარაკებიო... მოკლედ, თავიდან ეჭვი შეეპარა გიაში - რა იცოდა, ჩემი მშობელივით რომ იყო. ახლა ამ ამბავს ჩიკთან ერთად სიცილით ვიხსენებთ ხოლმე. ერთ კვირაში ისევ შევხვდით ”ბლუ ნოუთში” და უკვე მეგობრულად მითხრა, შენი ვიდეოები ვნახეYoutube-ზე და თუ გინდა, მომავალ შაბათს ჩემთან ერთად დაუკარიო... არ ვუჯერებდი... ის ერთი კვირა სახლიდან არ გავსულვარ - შაბათამდე რამე არ მომივიდეს-მეთქი.

 

წამითაც არ მინერვიულია. სანერვიულო მაშინ გაქვს, როდესაც ისეთ მუსიკოსებთან უკრავ, ვის შესაძლებლობებშიც ეჭვი გეპარება. ფეხბურთივითაა... ფეხბურთის თამაში ხომ სტადიონზე უფრო ადვილია, ვიდრე აღმართზე?!  მთავარია, ვისთან ერთადაც არ უნდა უკრავდე, თავი არ შეიზღუდო.

 

ავტორიტეტების არ მეშინია. პირიქით, სტიმულს მაძლევენ. დიდი ენერგია მოდის მათგან. მათთან მუშაობა თავდაჯერებულობას გმატებს. ლენი უაითთან, ჩიკ კორეასთან ერთად ალბომებზე მუშაობაც არ გამჭირვებია. ეგრეთ წოდებული ვარსკვლავური ახირებები არც ერთს არა აქვს. აი, ჩემი ახირებაის არის, რომ არაფრის არ მეშინია.

 

გრემის მუსიკალური დაჯილდოების ბანაკში ერთ დღეს უბრალო მაისურით მივედი. ბანაკის ხელმძღვანელმა დევიდ სიერსმა მითხრა, ოფიციალურად უნდა გეცვასო. უფრო სწორად, კი არ მითხრა, შეურაცხყოფა მომაყენა... როდესაც საქმე მუსიკას ეხება, იქ თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს... ჯაზმენები ტოქსიდოში  უკვე ჯაზმენები არ არიან... დაუმორჩილებლობის გამო დამსაჯეს და ოთახიდან არ მიშვებდნენ. ჩიკ კორეამ დამირეკა, ქვევით ჩამოდი, სტენლი კლარკი უნდა გაგაცნოო. სიერსი დავალაპარაკე, თავი უქნია, მაგრამ მაინც არ გამიშვა... იქიდან რომ მოვდიოდით, ჩიკ კორეა ავტობუსთან იდგა და მელოდებოდა - მაშინ კიდევ ერთხელ, სხვანაირად დავაფასე...

 

ჯაზისთვის მნიშვნელოვანია, იყო გაბედული, არაფრის შეგეშინდეს. არა მარტო მუსიკაში, ისედაც... ამას ნიუ იორკში მივხვდი.

 

ჯაზმენები სხვა ჟანრის მუსიკოსებისგან იმით განსხვავდებიან, რომ, სხვებთან შედარებით,  სპონტანურობას უფრო ადვილად უმკლავდებიან. მათი ორი ნოტი უფრო ღრმაა, ვიდრე სხვების ათასი.

 

ვიცი, რომ თვითგანვითარებისთვის ბევრი წიგნი უნდა წავიკითხო, ბევრი ფილმი ვნახო, მუზეუმებში ვიარო... ამისთვის დრო თითქმის არ მრჩება, მაგრამ თუ სერიოზულად მივუდგები, მოვახერხებ. თან ამ მხრივ ბევრი ხელშემწყობი, ბევრი მრჩეველი მყავს, გია და ნონა შენგელაიები, ზურა რამიშვილი, ნიკა რურუა, ბებე ლორთქიფანიძე... უკვე მეც ამბიცია და პრეტენზია კი არა, მოთხოვნილება მაქვს, რომ ამ კუთხით გავიზარდო.ისეც არ არის, რომ მთლად გაყინული ვიყო, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცი და მაინტერსებს. ჯაზმენები ცნობისმოყვარეები ვართ, ყველაფერი  გვაინტერსებს.

 

 

მომავალს არ ვგეგმავ, მაგრამ მიზანს ვისახავ. მუსიკოსის ცხოვრებაში წარმატება დროებითი ტალღაა, რომელიც ხან შეგხვდება, ხან - არა. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიფიქრია - ეს  ჩავარდნაა... მაგრამ  ეს ჩავარდნები რომ არ ყოფილიყო, მომავლის შემეშინდებოდა... ეს რომ არ მომხდარიყო, ალბათ, მომავალსაც დავგეგმავდი.

 

ყველაზე მეტად  უმიზეზო შეურაცხყოფას გამოვყავარ წყობიდან. არა აქვს მნიშვნელობა, ვის  შეურაცხყოფენ, მე თუ ვინმე სხვას.

 

ადრე მინდოდა, ფეხბურთის კარგად თამაში მცოდნოდა, მაგრამ ახლა კალათბურთს ვამჯობინებ... ისე კი, ყველაზე მეტად მინდა კარგად ვწერდე - წიგნის დაწერა რომ შემეძლოს, ისე.  

 

არასდროს არვარ თვითკმაყოფილი.

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გავხდი, უფრო მეტად პრეტენზიული ვარ საკუთარი თავის მიმართ, ვიდრე მანამდე ვიყავი.

 

კარგი პიროვნება თუ არ ხარ, კარგი მუსიკოსიც ვერ იქნები - ეს ჯულიარდის პოლიტიკაა. თუმცა, გააჩნია პიროვნულ გემოვნებასაც. შეიძლება ვიღაც მე კარგ პიროვნებად ავღვიქვა, თქვენ - ცუდად... ჯარეტზე  ბევრი ამბობს, ცუდი პიროვნებააო, მაგრამ ვინც ამას ამბობს, არ იცის, რა არის სიტყვა პიროვნება.  შეიძლება ცუდი ადამიანი იყო, მაგრამ ცუდი პიროვნება ვერ იქნები... იმისთვის, რომ პიროვნება იყო, დიდი დამსახურება უნდა გქონდეს. ისე კი, ჩემთვის ადამიანში მთავარი უბრალოება და ხელგაშლილობაა. რაც შენ იცი, ის სხვებსაც უნდა გაუზიარო. 

 

ჩემს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად მიმაჩნია, რომ მომავალში, როცა უკვე გამოცდილი მუსიკოსი ვიქნები, სხვებს დავეხმარო. ისევე როგორც მე დამეხმარნენ ადრე... მინდა, რომ როცა საქართველოში ჩამოვალ, იმათ, ვისაც ჯაზი უყვართ და აინტერესებთ, გამოცდილება გავუზიარო.

 

ჯაზი ჩემთვის - ჩემი საკუთარი თავია. ერთხელ მკითხეს, არის რამე, რასაც სცენაზე გასვლამდე   აუცილებლად აკეთებო? კი, ვაკეთებ! - ვდგები და ეგრევე სცენაზე გავდივარ... ჯაზი თავისუფლებაა... იმპროვიზაციაა... ჩემი ცხოვრებაც ეს არის...

მოამდა თიკა ნიკოლაძე


Loading the player ...

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია