ნუთუ მეღირსება ძეგლი?!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-07-2013, 17:37 | ბლოგები | ნანახია - 2112

ზურაბ ოდილავაძე

 

ის გვტოვებს...

 

   ,,მესიამ“ კვლავ განაცხადა, მივდივარო... მართალია, „მამა მზეს“ აკვიატებული იდეები ახასიათებს, მაგრამ ის ისე დაჟინებით იმეორებს ამას, რომ თითქოს არ უნდა ხუმრობდეს. ცხადია, “ღმერთის” ავანსცენიდან წასვლას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარკვეული პოლიტიკური ძვრები. პრეზიდენტად, როგორც ყველამ ვიცით, ,,მესიას ბუტაფორიული მახვილი“ შეგვრჩება, ხოლო მეინსტრიმი წარმოდგენილი იქნება ისეთი პოლიტიკური ფიგურებით, როგორებიცაა რუსული ორიენტაციის ,,რკინის ლედი“ და არანაკლებ რუსი, ,,ბედნიერების მაძიებელი ჩოხოსანი რაინდი”. აქვე უნდა ითქვას შემდეგი: ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ვლადიმერ ვოლფის ძის იგნორმა იმხელა დაღი დაასვა ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს ,,КК“-ს, რომ ის რუსული ნაკელით ასე უხვად განოყიერებულ ნიადაგშიც კი ვერ გაიხარებს და ნანატრ სკამს ხელს ვერ გამოჰკრავს. რას იზამ, დიდი გულდაწყვეტის მიუხედავად, მწარე რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ...

   მაშ ასე, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები გავარკვიეთ, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რომელ ძალას უნდა დაეყრდნოს ეს ,,ტრიუმვირატი“? რაღა თქმა უნდა, ,,ტაბურეტკიანების“ მრისხანე კოჰორტას! აქ კი მივადექით ჩემთვის მთავარს!

   ნუთუ დგება ჟამი ჩემი სანუკვარი ოცნების აღსრულებისა?! დავიჯერო, მოვიდა დრო გმირული სიხარულისა და სამოთხისეული განცხრომისა?!

 

მზის შვილი და მსოფლიო მოქალაქე

   ...52 წლის დომინიკანელი კათოლიკე ბერი ჯორდანო (ფილიფო) ბრუნო წმინდა ინკვიზიციამ ცეცხლს მისცა. ეს მოხდა კომპო დე ფიორეზე (ყვავილების მოედანი) 1600 წლის 17 თებერვალს. ყოფილი მღვდელ- მონაზვნის ბრალდება ერეტიკოსობასა და ბერული აღთქმის დარღვევაში მდგომარეობდა. 7 წელი აწამეს ის ციხეში რომაელმა ინკვიზიტორებმა, რათა თავის შეხედულებებსა და სწავლებაზე უარი ეთქვა.

   ყოველივე კი პოლონელი ნიკოლაი კოპერნიკის წიგნის - ,,De revolutionibus orbium coelestium” (ნიურნბერგი, გერმანია, 1543) წაკითხვით დაიწყო, როდესაც ბრუნო ჯერ ახალგაზრდა ბერი იყო. იგივე ბედი უნდა სწვეოდა სხვა სწავლულსაც, თუმცა, უარყო რა ნიკოლაი კოპერნიკის სწავლება, 1633 წლის 22 ივნისს მსჯავრდებული გალილეო გალილეი ინკვიზიციის ცეცხლს გადაურჩა. საქმის კეთილად დასრულებას დაჟინებით მოითხოვდა სწავლულის პროტეჟე პაპი ურბან VIII.

   მფარველების ხელშეწყობით გალილეო არც ციხეში დატანჯულა და პროცესის დასრულებამდე პაპის მიერ გამოყოფილ ხუთოთახიან აპარტამენტებში ნებივრობდა. დადიოდა ხმები, თითქოს სასამართლოს შემდეგ მან განაცხადა - ის მაინც ტრიალებსო, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ მითი იყო, 1757 წელს ჟურნალისტ ჯუზეპე ბარეტას მიერ შეთხზული. ძლიერ დაშინებული გალილეო ცხოვრების ბოლომდე იმართლებდა თავს და გამუდმებით იმეორებდა: „ჩემს არც ერთ ნაშრომში არ არის ოდნავი ჩრდილიც კი, რომელიც შეურაცხყოფს წმინდა ეკლესიის პატივსა და ღირსებას”. ამგვარადვე იწყებოდა ჩემი საკანდიდატო დისერტაციაც: ,,კომუნისტური პარტიის XXVI ყრილობის დადგენილებების გათვალისწინებით...”

   1992 წელს (მანამ დედამიწა გაჩერებული გახლდათ) პაპმა იონე პავლე II ოფიციალურად აღიარა, რომ ინკვიზიცია შეცდა, როცა აიძულა მეცნიერი, უარეყო კოპერნიკის თეორია. დედამიწამაც ტრიალი იწყო!

    ამ ლირიკული წიაღსვლის შემდეგ, კვლავ მივუბრუნდეთ ჩემს საოცნებო გმირს ჯორდანო ბრუნოს. ერეტიკული სწავლების ქადაგებისთვის ახალგაზრდა ბერი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. იტალიიდან ლტოლვილმა მთელი ევროპა მოიარა: ჟენევა, ტულუზა, პარიზი, ლონდონი, ოქსფორდი, პრაღა და გერმანია - ვიტენბერგი - პროტესტანტიზმის აკვანი. აქ მან მარტინ ლუთერის ქებით მხურვალე სიტყვა წარმოთქვა. ევროპის უმაღლეს ხელისუფალთა მფარველობის მიუხედავად, 1591 წელს ბრუნო სამშობლოში, იტალიაში დაბრუნდა - მიიღო ქველმოქმედისა და მაგნატის ჯოვანი მოჩენიგოს მიპატიჟება. სწავლული ვენეციაში გადავიდა და მუშაობას შეუდგა. შემდეგ მათი ურთიერთობა გაფუჭდა. ,,მსოფლიოს მოქალაქე”, ,,ღმერთის მეგობარი”, ,,დედამიწისა და მზის შვილი”, ,,უაკადემიო აკადემიკოსი”, როგორადაც ის თავის თავს მიიჩნევდა, ამჯერად შეცდა. როგორც ამბობენ, ეკლესიათა უხვი შემომწირველი მოჩენიგო, დასაწყისშივე ბრუნოს წინააღმდეგ მოქმედი, პაპის ტახტის აგენტ-პროვოკატორი იყო. 1591-92 წლებში ვენეციელი ქველმოქმედის მრავალი დამაბეზღებელი წერილის შედეგად ბრუნო გადაცემულ იქნა ინკვიზიციის ხელში და ის კოცონზე დაწვეს.

   ,,მართალი” ჯოვანის ,,დანოსი” ასე იწყებოდა: ,,მე, ჯოვანი მოჩენიგო, მისი უგანათლებულესობის მარკო ანტონიოს შვილი, სინდისის კარნახითა და სულიერი მამის ბრძანებით მოგახსენებთ...” მრავალი პანთეისტური ერესის გარდა, ვენეციელი დიდებულის ,,ქსივა” ინკვიზიციას ამცნობდა: ,,... ჩემთან საუბრისას მან განაცხადა: ჩვენ არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ ჩვენს რწმენას რაიმე დამსახურება აქვს ღვთის წინაშე, რომ სათნო ცხოვრებისთვის სრულიად საკმარისია არ გაუკეთო სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ”.

   სოკრატეს მსგავსად, ბრუნომ თავის მსაჯულებს ამაყად განუცხადა, რომ „მათ მეტი შიშით მოუწევთ თავისივე განაჩენის მოსმენა, ვიდრე თვით ბრალდებულს“. გზად რომ ვერ ექადაგა, ჯალათებმა მსჯავრდებული აუტოდაფეს ადგილზე პირში საცობგაჩრილი მიიყვანეს. შემდეგ ჯაჭვით ბოძზე მიაბეს და სველი თოკით გადაჭიმეს, რათა ცეცხლის ზემოქმედების შედეგად კანაფს მეტად შემოეჭირა და სხეულში შეჭრილიყო. ბრუნოს უკანასკნელი სიტყვები იყო: ,,მე ნებაყოფლობით ვკვდები მოწამედ!”

   მისი ყველა ნაშრომი კათოლიკე ეკლესიის მიერ შეტანილ იქნა ,,აკრძალული წიგნების ინდექსში”. ხოლო 1864 წელს ნეაპოლი უკვე ამაყობდა თავისი შვილით. ცნობილ მოწამეს, თავისუფალი აზრისთვის მებრძოლს და მკვლევარს, ქალაქში ძეგლი აუგეს! 1889 წლის 9 ივნისს, ამჯერად რომში, იტალიელი ფილოსოფოსისა და პოეტის ჯორდანო ბრუნოს დიდი ქანდაკება კომპო დე ფიორეზე დაიდგა - სწორედ იმ მოედანზე, რომელზეც 300 წლის წინ ერეტიკოსი სიკვდილით დასაჯეს...

 

ნუთუ გამიმართლა?!

   ჩემი ცხოვრება ისეუბედურადაეწყო, რომსამამულო ბომონდმა ,,იგნორის“ ძაფისგან ნაქსოვი უჩინმაჩინის ქუდი ჩამომაფხატა და დღეს მეც კი ეჭვი მეპარება - თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და ხელოვნებისა არ იყოს, რეალურად მართლა ვარსებობ თუ ესეც ილუზიაა?

   ასე და ამრიგად, ელიტური სექტებისა და ფეოდალური კლანების იგნორმოყვარე მსაჯულებმა წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი ბილიკი დამიტოვეს - ჩემი დიდების შარავანდით შემკობის გზა ჯორდანოს მოწამებრივი აღსასრულის მსგავსი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლო, თუნდაც სიკვდილის შემდეგ, ეროვნული გმირის წოდების ღირსი გავმხდარიყავი. მეც ამ ოცნების აღსრულებაზე ფიქრს შევუდექი.

   მალევე გაირკვა, რომ ეს ნატვრა არც ისე ახლოს ყოფილა...

  ჯერ ქართული ინკვიზიციის ცეცხლში დაწვა ავიკვიატე და ეკლესიის ნაკლოვანებათა მხილებას მივყავი ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსული ტანკების ქვეშ „ლიმონკებით“ შევარდნას ვნატრობდი. არ გამოვიდა, სამშობლოსთვის გმირულად დაცემულის ძეგლი ,,კომპო დე ფიორეზე“ არ შედგა. გარშემო ,,მოჩენიგოებიც” ოხრად იყო, მაგრამ იმხანად ჯერ ინკვიზიციის შესაძლებლობები მოიკოჭლებდა. ჩემ წინაშე მთელი სიმწვავით კვლავ და კვლავ ერთი გრანდიოზული კითხვა იდგა: რა მექნა, რით დამეღწია თავი უჩუმრად ცხოვრების უწონადობისგან და უცნობლობაში სიკვდილსგან? სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, უკიდეგანო ამბიციურობისა და ასეთივე ჯინიანობის გამო, არ დავნებდი და ამ გზით პოპულარობის მოხვეჭის შესაძლებლობას მაინც არ ვკარგავდი... და აი, თითქოს, საოცნებო ,,ტრიუმვირატისა“ და ულმობელი ,,ტაბურეტკიანების“ ეპოქა მოდის!

   ასე იქნება თუ ისე, დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ამჟამინდელი ხელისუფლება ისეთი სიჩქარით მიექანება აბსურდისკენ, მომავლის ისეთ სიურრეალისტურ პეიზაჟს გვთავაზობს, რომ ქაოსის უფსკრულში გადაჩეხვა გარდაუვალია! თუ დავუმატებთ იმას, რომ შვებით ამოსუნთქვის პერსპექტივამ, ,,მამა მზის“ ახალი გათვლების თანახმად, შორეულ 2020 წლამდე გადაიწია, ქართველ ინკვიზიტორებს დროც უხვად აქვთ...

   მართალია, პოლიტიკურ არასტაბილურობას ეკონომიკური სტაგნაცია, კრიმინალის აღზევება, კორუფცია და ბოლოს, გვირგვინად, სამშობლოს საბჭოურ წარსულში დაბრუნება მოჰყვება, ამას არ ვდარდობ, ჩემთვის მთავარია ძეგლი ,,კომპო დე ფიორეზე“!

   მაშ ასე, იგუგუნეთ ქართველო ,,პროტესტანტებო“ - ჩვენი ჟამი დგება! იხარეთ, ქართველო ჯორდანო ბრუნოებო! მომავალი თქვენია, ივერიელო ჟანა დ’არკებო!

 

P.S.

   უილიამ შექსპირს უთქვამს - ,,ყოველგვარ შეშლილობას აქვს თავისი ლოგიკა“. მე მხოლოდ გმირთა მოედანზე ხმელი ტაბურეტებისგან აგიზგიზებულ კოცონზე ვოცნებობ და ისღა დამრჩენია, როგორც მართლმორწმუნემ, ოცნების აღსრულება ,,მამა მზეს“ შევავედრო: ,,ჯორდანო და უილიამ, ევედრეთ ,,მესიას“ აღსრულებად სცენარისა ჩემისა!“

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია