Jelly Roll Morton

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-12-2014, 11:44 | პოლიტიკა | ნანახია - 1511

Jelly Roll Mortonგიგი კუბლაშვილი

 

‘Jelly Roll’ Morton, ნამდვილი სახელი Ferdinand Joseph Lemott

20.10.1890, ახალი ორლეანი – 10.07.1941 ლოს - ანჟელოსი.

 

ჟერი - როლ მორტონი,  პიანისტი, ჯაზის პირველი ლეგენდარული სოლისტი, რეგტაიმის შემსრულებელი, ორკესტრის ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და კომპოზიტორი. მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ თანამედროვეობამ არ შეაფასა ის დამსახურების მიხედვით; იგი თავის თავს უწოდებდა `ჯაზისა და ბლუზის გამომგონებელს”, ჯიუტად იტოვებდა საავტორო უფლებას `გამოგონებაზე” და ყველას ადანაშაულებდა წინასწარგანზრახულ პლაგიატობაში.

 

1906 წლიდან, როგორც ახალი ორლეანის საუკეთესო პიანისტმა დაიწყო გასტროლები მთელ ამერიკაში - ახალი ორლეანიდან კალიფორნიასა და კანადამდე. მონაწილეობდა ვოდევილების დადგმაში, გამოდიოდა კლუბებში, გახდა ნოტების პირველი გამომცემელი. გარდა ამისა, იყო აზარტული მოთამაშე - ხშირად ცხოვრობდა ბილიარდში მოგებული თანხით, დაუღალავი ლოველასი, სამკერვალო სახელოსნოებისა და კრივის მატჩების ორგანიზატორი. ნაწილობრივ მისი ბიზნესი არალეგალური იყო. 1923 წელს გადავიდა ჩიკაგოში, სადაც წარმატება მოუტანა მის მიერ გამოქვეყნებულმა კომპოზიციებმა Kansas Sity Stomp და King Porter Stomp.

 

Jelly Roll Morton1926 - 30 წლებში ხელმძღვანელობდა ბენდს Red Hot Peppers (10 კაცი), რომლის ჩანაწერებიც დიდი ტირაჟით იყიდებოდა.  იყო მკაცრი და მომთხოვნი ლიდერი, რეპეტიციებზე მოითხოვდა დაწერილი მუსიკის ზუსტ შესრულებას, მაგრამ შესრულების დროს იგი პარტნიორებს იმპროვიზაციის საშუალებას აძლევდა და თვითონაც იმპროვიზირებდა. ბენდში სხვადასხვა დროს უკრავდნენ კიდ ორი, ომარ სიმეონი, ალბერტ ნიკოლასი, ჯონი დოდსი, ბარნი ბიგარდი, ბები დოდსი, ბაბერ მაილი და სხვები. ბენდის ჰიტებია -  Sidewalk Blues, Dead Man Blues. 1928 წელს ჩავიდა ნიუ - იორკში, მაგრამ მეგაპოლისმა ვერ შეაფასა მორტონის პატარა ორკესტრი (ამ დროს მოდაში იყო ბიგ - ბენდები). 1930 წლის შემდეგ პიანისტი უმუშევარი დარჩა, ხოლო 1936 წლიდან ფულს ვაშინგტონის კლუბებში მუშაობით შოულობდა. 1938 წელს იგი აღმოაჩინა ფოლკლორისტმა ალან ლომაკსმა, რომელმაც გამოაქვეყნა ინტერვიუ აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისთვის; მასში იყო მორტონის მონათხრობი თავისი ცხოვრების შესახებ, რომელშიც იგი ამტკიცებდა თავის პრიორიტეტს ჯაზის შექმნაში.

 

1938 - 40 წლებში იგი ჩავიდა ნიუ - იორკში და ჩაწერა ბლუზის ფირფიტები - მღეროდა საკუთარი აკომპონემენტით.

 

თუ არ დაიზარებთ და მოუსმენთ მის ჩანაწერებს, მართლაც ძალიან თბილ და ლამაზ მუსიკას აღმოაჩენთ, უდავოა რომ ამ ადამიანმა  გარკვეული კვალი  დატოვა ჯაზისა და ბლუზის ისტორიაში.

Loading the player ...

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია