"ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-12-2014, 13:25 | პოლიტიკა | ნანახია - 1575

2014 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2015 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა. 

 

- ბატონო ნიკა, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოზე განცხადებები გააკეთა. მან 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა. იმავდროულად თქვა, რომ 2008 წლის შედეგები რთული დასაძლევი იქნება, მაგრამ თუ მხარეებ სშორის დიალოგი შედგება, რუსეთი შუამდგომლობისთვისაც მზად არისო. ანუ, სოხუმთან და ცხინვალთან კრემლის შუამავლობა შემოგვთავაზა. პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, მოსკოვში შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს? 


- რაც შეეხება პუტინის პასუხს, პრინციპში, მას ახალი არაფერი უთქვამს. გასაგებია, რომ დაადანაშაულა ქართული მხარე, ჩვეულ შეურაცხმყოფელ ტონში მოიხსენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. პუტინმა ჩვეულებრივად გადმოაგდო სატყუარა, რაც მას ახასიათებს - იმედის ნაპერწკალი გაუჩინოს ქართულ მხარეს, რათა შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დაიყოლიოს ვითომ დიალოგზე. პუტინმა საქართველოს ხელმძღვანელები მოსკოვში ისე დაიბარა, როგორც კოლონიების მმართველებს იბარებდნენ ხოლმე. ჯერ პუტინის განცხადებას ხელისუფლებაში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რაც მესიამოვნა კიდეც. იმედია, ასე გაგრძელდება.

მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან შუამდგომლობის შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა მათივე ძველი ხრიკების გამეორება. კრემლს სურს, საქართველო ისეთ პროცესში ჩაითრიოს და, საბოლოო ჯამში, ისეთ ხელშეკრულებას მოაწერინოს ხელი, რაც ჩვენ არაფერს მოგვცემს, სამაგიეროდ რუსეთის ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონებში ისეთ ღრმა ლეგიტიმაციას გაუკეთებს, რომ მას ჩვენსავე საშინაო საქმეებში სამხედრო ჩარევის იურიდიულ უფლებასაც კი მიცემს. მისი მიზანია, ამით საქართველო პოლიტიკურად დააკაბალოს, რომ ჩვენ რუსეთის პოლიტიკური სივრციდან ვერ გამოვიდეთ. 


- ორ წელზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გზით შეცვალა "ნაცმოძრაობა". შეიძლება ითქვას, რომ წელს, არა მარტო განვლილი, არამედ კოალიციის ხელისუფლებაში 2წლიანი საქმიანობის შეჯამებაც შეიძლება. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის 2014 წელს და საერთოდ 2013-2014 წლებში განვითარებულ პროცესებს? 


- სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ 2013-2014 წლები წარუმატებელი წლები იყო. ასე იმიტომ მოხდა, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკური ფილოსოფია, სტრატეგია და კონცეფცია არ გააჩნია. შესაბამისად, მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულ საზოგადოებას ვერაფერი სერიოზული ვერ შესთავაზეს. გარდა იმისა, რომ პრაქტიკაში დაიწყეს არასწორი პოლიტიკის გატარება და დამკვიდრება. სამწუხაროდ, ვერანაირი სერიოზული ძვრები ვერ ვნახეთ ვერც ეკონომიკაში. პრაქტიკულად მოარღვიეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, რაც საკმაოდ სერიოზული დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესებითვის. 
ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ ზარზეიმით გამოცხადებული ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის ნაცვლად, აბსოლუტურად საპირისპირო პოლიტიკა ტარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა თუ მათ წინააღმდეგ მოქმედებაში მთელი ძალით ჩართული არიან ძალოვანი უწყებები. ვფიქრობ, ეს უკან გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მათ შორის, საზღვარგარეთიდან, რომ ეს ასეა. ქვეყნის შიგნით რომ ჩანს, ეს ყველამ იცის. 


- ოპონენტები, ძირითადად "ნაცმოძრაობა" და არა მარტო ისინი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უუნარობაში, არა ეფექტურობასა და არა კომპეტენტურობაში სდებენ ბრალსთქვენი აზრითრამდენად სამართლიანია კოალიციაზე ოპონენტების შეფასებები და თქვენ თავად ხელისუფლების რა მახასიათებლებზე გაამახილებდით ყურადღებას?

 
- იმას, რომ "ქართული ოცნება" ეკლექტური კოალიციაა, ერთიანი იდეოლოგია არ აქვს, ერთი ადამიანის გარშემოა გაერთიანებული და პრაქტიკულად უფრო საერთო მერკანტილური ინტერესები აერთიანებთ  – ამას ვეთანხმები. ეს სწორედ იმასთანაა კავშირში, რომ მათ ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ. მათი უუნარობა და არაეფექტურობა ამას უკავშირდება და აქედან გამომდინარეობს. 
ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ შეიქმნა ეს კოალიცია. ერთმა მდიდარმა პიროვნებამ, რომელსაც არ აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება პოლიტიკაში და ქვეყნის მართვაში, გარშემო შემოიკრიბა საკმაოდ დაბალი რეიტინგისა და ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ძალები, რაც კი იმ მომენტში საქართველოში არსებობდა. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი ის შედეგი და წარუმატებლობა, რასთანაც გვაქვს საქმე. 


- მინისტრობიდან ალასანიას განთავისუფლებისა და "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ, მმართველი კოალიცია კინაღამ დაიშალა. "რესპუბლიკელები" კარგა ხანია, კოალიციას "თვისობრივ ცვლილებებს" სთავაზობენ, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია, მიიღებს თუ არა კოალიცია "რესპუბლიკელების" თამაშის წესებს და იქნებიან თუ არა ისინი "ქართულ ოცებაში. თქვენი აზრით, 2015 წელს,სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები მმართველ კოალიციაში? 


- ვფიქრობ, რომ მმართველ გუნდს 2015 წელს სერიოზული პრობლემები ექნება. მათ პრობლემებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკა შეუქმნის. უკვე მუსირებს იდეა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს. სინამდვილეში, კიდეც რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ეს ვერც მმართველ გუნდს და მათ არაფორმალურ ლიდერს ვერ უშველის. ვინაიდან არსობრივად მაინც არაფერი შეიცვლება. ჩატარებული არჩევნების შემდეგ გათენდება მეორე დღე და, პრაქტიკულად, იგივე რეალობასთან გვექნება საქმე. ცხადია, მმართველი გუნდი სერიოზულ და ძლიერ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს და პრობლემები იგივე დარჩება. 


- როგორ შეაფასებდით ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს და სავარაუდ, რას შეიძლება იგი ნიშნავდეს? და კიდევ, გახშირდა საუბარი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე. გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი შესაძლოა, პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდეს, თუ მთავრობამ რესურსი ამოწურა. თქვენი აზრით, რამდენად დიდია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ალბათობა?

 
- მეეჭვება, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში უშუალოდ დაბრუნდეს. თუმცა, გამორიცხული არაფერია. არ მესმის, კიდეც რომ დაბრუნდეს, რა უნდა გააკეთოს? რა  პოლიტიკური თუ ინტელექტუალური რესურსი აქვს მას, ჩვენ უკვე ვნახეთ. 
ივანიშვილმა გაცილებით უფრო ძლიერ პოზიციებზე მყოფი ქვეყანა ჩაიბარა, სადამდე მოიყვანა ქვეყანა ჯერ მან, შემდეგ მისმა გარემოცვამ ესეც ვნახეთ. ისიც ვიცით, რომ კულისებიდან ივანიშვილი უშუალოდ არის ჩართული  ქვეყნის მართვაში. 
ივანიშვილმა რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიბაროს ქვეყანა ხელახლა, ოფიციალური თანამდებობის პოზიციაზე, ჩემი აზრით, ეს მისთვის ძალიან სერიოზული კრახი იქნება.  ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილს ეს უკვე ესმის. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არაფრის მომცემი იქნება არც მისთვის და არც ქვეყნისთვის. ასეც რომ მოხდეს, ეს დაბრუნება კი არა, უფრო ჩრდილიდან გამოსვლა იქნება. 


- თქვენი დაკვირვებით, როგორ განვითარდება პროცესები ოპოზიციურ ფლანგზე? "ნაცმოძრაობა" შეძლებს ხელისუფლების მთავარი ოპონენტის პოზიციის შენარჩუნებას, თუ არჩევნების მოახლოებისას  გაძლიერდებიან როგორც ხელისუფლების, ისე "ნაციონალების" ოპონენტები? თუ ასე მოხდა, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტი? 


- ვფიქრობ, რომ 2015 წლის განმავლობაში, ძველ ძალებთან შედარებით, საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. ასეთ პოლიტიკური ნიშაზე იმდენად დიდია საზოგადოებაში მოთხოვნა, რომ ეს სიცარიელე აუცილებლად შეივსება. იმედი მაქვს, რომ ასპარეზზე საკმაოდ ეფექტური ძალა გამოვა. ფაქტია, რომ საზოგადოებაში ამ თვალსაზრისით გარკვეული მოძრაობები უკვე არის. 
ჩემი აზრით, ახალმა ძალებმა ახალი დღის წესრიგი უნდა შესთავაზონ საქართველოს საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულება და ჩვენს საზოგადოებაში პოზიტიური, აღმშენებლობაზე ორიენტირებული კონსოლიდაციის დამკვიდრება. ეს უნდა გაკეთდეს პროფესიულად და ღრმად გააზრებული სტრატეგიის საფუძველზე. 


- მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და რუსეთის რეგულარული ძალების დონბასის ოლქში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო, ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის მკვეთრად დაიძაბა. "ცივი ომი" პრაქტიკულად ეკონომიკური სანქციებით უკვე მიდის. პრეზიდენტმა პუტინმა ლამის მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადა და სახეზეა სხვადასხვა ქვეყნებს შორის გადაჯგუფების პროცესი. თქვენი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობები სთვალსაზრისით როგორი შეიძლებაიყოს 2015 წელი? 


- ჩემი აზრით, 2015 წელი უმძიმესი იქნება რუსეთისთვის. ეკონომიკური სანქციები და, რა თქმა უნდა, ნავთობზე ფასების ვარდნა დაკავშირებულია მიზანმიმართულ პოლიტიკასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. ვფიქრობ, დასავლეთი გათავისუფლდა იმ ილუზიისგან, რომ რუსეთის კონკრეტულ ლიდერთან ნორმალური ურთიერთობა შესაძლებელია. რუსეთის მიმართ მოხდა პოლიტიკის სიღრმისეული გადალაგება იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის პრობლემას კაპიტალურად მიხედონ. მთელ სამყაროსთან დაპირისპირება პუტინზე უფრო მაგარ ბიჭებსაც არ გამოსვლიათ. შესაბამისად, 2015 წელი შესაძლოა, მავნებლური რეჟიმის წელში გადატეხვის წელი გახდეს. 


- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საგრეო პოლიტიკა განსაზღვრულია და კურსი აქვს აღებული ევროკავშირსა და ნატოსკენ, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა ჯერაც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე თქვენ უკვე გამოთქვით რამოდენიმე კრიტიკული მოსაზრება. თქვენ როგორ შეაფასებდი თქვეყნ ის საგარეო პოლიტიკას?


- ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრობლემა არის ის, რომ საერთაშორისო არენაზე  საქართველოს საკითხის დეაქტუალიზაცია მოხდა, რადგან მმართველ გუნდს არ აქვს საგარეო პოლიტიკური ხედვა. საერთაშორისო ფორუმებზე, მაღალი რანგის პირების პრესკონფერენციებზე საქართველოს საკითხმა პრაქტიკულად ჩრდილში გადაიწია. როდესაც საუბარია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, მხოლოდ უკრაინაზე ამახვილებენ ყურადღებას და საქართველოზე არა, ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელია. უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გვაძლევდა უნიკალურ შანსს საქართველოს თემა გაცილებით სხვა და უფრო მომგებიან დონეზე ასულიყო ჩვენთვის. აქ პასიურობამ და, რაც მთავარია, კონცეპტუალურად არასწორმა მიდგომამ რუსეთთან, მავნებლურ ორმხრივ დიალოგში გადასვლამ, 2008 წელს ომის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს მაღალი რანგის პირების განცხადებებმა, იმის მტკიცებამ, რომ რუსეთთან დალაგების პროცესი მიმდინარეობს,  საგარეო პოლიტიკური უწყების დეზორიენტაცია გამოიწვია. ყველაფერმა ამან, მიგვიყვანა იქამდე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სწორი და კარგი განლაგება სერიოზულად დავკარგეთ. იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა სწორი და ეფექტური იყოს, ამას უმაღლესი ხელისუფლების შეცვლა სჭირდება. იგი შემდგომი არჩევნების შემდეგ თუ დალაგდება, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში. 


- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვი საქართველოზე კონტროლის დასამყარებლად გამოიყენებს შეიარაღებულ ძალებს ან ეკონომიკურ ბერკეტებს, ანდა ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციისა და მართვადი ქაოსის ინსპირირების მეთოდს მიმართავს. საქართველოზე პუტინის უკანსკნელმა განცხადებებმა რამდენად მოხსნა ეს საფრთხეები დღის წესრიგიდან? 


- არა, რა თქმა უნდა, არ მოუხსნია. ჯერ ერთი, პუტინის ერთი სიტყვისაც არა მჯერა. რუსულ დიპლომატიას ახასიათებს საპირისპირო განცხადებების გაკეთება, როცა სულ სხვა რამე აქვთ დაგეგმილი. მათი ამგვარი მოქმედება იმაზეა გათვლილი, რომ სხვები შეიყვანონ შეცდომაში და შემდეგ თავი იმით იმართლონ, ჩვენ ამას არ ვაპირებდითო და ასე შემდეგ. 


სამწუხაროდ, რუსეთს პირდაპირი აგრესიის გარდა, საქართველოზე ზემოქმედების ბევრი სხვა საშუალებაც აქვს. მათ შორის, რეგიონში ვითომ უკონტროლო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა, რომელთა ნაწილს ისინი თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით აკონტროლებენ და მართავენ. ამ თვალსაზრისით ჩვენს სახელმწიფოს მაქსიმალური ყურადღება სჭირდება. 

 


ძალიან მაშფოთებს სამხედრო გზების მშენებლობა საქართველოს მიმართულებით. ფაქტია, რომ ტყუილად ამდენ ფულს არავინ ხარჯავს. ეს სერიოზულად უნდა გვაფიქრებდეს და ჩვენ შიგნითაც უნდა ვემზადებოდეთ, საერთაშორისო არენაზე უნდა გვქონდეს ატეხილი სერიოზული განგაში, რასაც ვერ ვხედავ. 
აბსოლუტურად კრეტინული განცხადებები იყო - რუსეთი თავის ტერიტორიაზე რასაც აშენებს პრობლემა არ არის და გზებში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავთო. სხვათა შორის, ძალიან ცუდად მენიშნა ის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების პუტინისეული კონცეფცია პრაქტიკულად ერთი ერთში დაემთხვა პაატა ზაქარეიშვილის კონცეფციას. მგონი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს. 

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი" 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია