ქაღალდზე შესრულებული 2014 წლის ბიუჯეტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-01-2015, 14:45 | ბლოგები | ნანახია - 1910

მურად მიქელაძე

 

ბიუჯეტი არის სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების ფინანსური გეგმა, რომელიც უკლებლივ ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ეხება, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონით რეგლამენტირებული საქმიანობა ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, მიღებისა და შესრულებისათვის  ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური იყოს, რაც გულისხმობს ზოგადად დაეხმარება თუ არა სახელმწიფო უმუშევრობას? გაიზრდება თუ არა გადასახადები? ახალი სკოლები აშენდება თუ უპირატესობა მიენიჭება გზების მშენებლობას?  მოიმატებს თუ არა პენსიები? დაა.შ.

 

      2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმაშივე ჩანდა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას სახელმწიფოს მოლოდინი 2014 წელს ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით 2013 წელთან შედარებით უფრო ნაკლები იყო, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის 74,9%-ს შეადგენდა, რაც 2013 წლის მონაცემზე – 82,1%-ზე ნაკლები იყო, ხოლო ვალდებულებების წილი 18%-ი, რაც 2013 წლის მონაცემზე – 10,3%-ზე მეტი იყო.  საგადასახადო შემოსავლები შემცირებულია, ვალდებულებები კი გაზრდილი.  2014 წელს ბიუჯეტი 9,105 მლნ ლარით, საგადასახადო შემოსავლები 6,820 მლნ ლარით, ხოლო ვალდებულებები 1,636 მლნ ლარით იყო დაგეგმილი, რაც შეეხება მის შესრულებას კვარტალურად თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ თითქმის ყველა კვარტალში გვაქვს გარღვევა, როგორც შემოსავლების ასევე ხარჯვის ნაწილში, მაგალითად ორ კვარტალში ბიუჯეტში დაახლოებით 127 მლნ ლარის გარღვევა დაფიქსირდა (რისი მიზეზიც გრანტების, სხვა შემოსავლების, ფინანსური აქტივების კლებისა და ვალდებულებების ზრდის გეგმასთან მიმართებით შეუსრულებლობაა), რაც ეკონომიკისთვის უკვე უარყოფითი ფაქტია,  თუმცა ,,საბედნიეროდ“ წინა 2013 წლის ანალოგიური პერიოდის ბიუჯეტის 490 მლნ ლარის გარღვევასთან შედარებით გაცილებით მცირეა.  ყველაზე საინტერესო მაინც ბოლო კვარტალი იყო, რადგან ყველა დანარჩენი სამი კვარტლის გარღვევებმა იჩინა თავი, ამას თან დაერთო, ხელისუფლების მხრიდან ე.წ ,,ტრადიციულ–სეზონური“, ლარის დევალვაცია  დაახლოებით სამ კვირაში 11%–ით.

 

ამ კრიზისის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ სხვადასხვა ხერხს მიმართა. თავიდან აღნიშნული პრობლემა ეროვნული ბანკის ფულად – საკრედიტო  პოლიტიკას გადააბრალა და ალბათ, სურდათ 80 მილიონი დოლარის ინტერვენცია კიდევ გაზრდილიყო,  მაგრამ გაახსენდათ სავალუტო ფონდთან არსებული ვალდებულებები და ამავდროულად,  აღმოჩნდა, რომ ფულად აგრეგატ M2-ის 2,6% –იანი ზრდა წლის დასაწყისთან შედარებით ფიზიკურად ინტერვენციის შედეგად ნულამდე დავიდა, ანუ ნათელი გახდა, რომ ეს არგუმენტი  არაადეკვატური იყო და შემდეგ სპეკულანტებს და ექსპერტებს გადააბრალეს, თითქოს, მათ მიერ იყო შექმნილი ეს პანიკა. ბოლოს კი ბრალდებების ტალღა საგარეო ფაქტორებზე გადაერთო. სინამდვილეში, პრობლემის სურათი მარტივი დასანახი იყო,  რომელთაგან მნიშვნელოვან პოსტულატებს წარმოადგენდა: ეკონომიკის შიმშილი უცხოური ვალუტის ნაკლებლობით, ანუ დემონეტიზაცია, უცხოური ინვესტიციების შემცირება, მიმდინარე ოპერაციათა ბალანსის გაუარესება (სავაჭრო ბალანსის გაუარესება – ექსპორტი გაიზარდა 5%–ით, იმპორტი კი 11%–ით), ბიუჯეტის არარითმული ხარჯვა და ა.შ.  ეს ყველაფერი კი განაპირობა საინვესტიციო კლიმატის არამიმზიდველობამ,  სავიზო რეჟიმის რეგულაციამ და ზოგადად,  ლიბერალური ეკონომიკის ტრანსფორმაციამ რეგულირებად ეკონომიკაში.

 

    ისევ ბიუჯეტს რომ დაუბრუნდეთ,  ყველაზე კულმინაციური შემთხვევა მაინც დეკემბერში განხორციელებული საბიუჯეტო პოლიტიკაა.  გასული წლის ბიუჯეტით, თერთმეტი თვის განმავლობაში, საშუალოდ, თვეში იხარჯებოდა 700 მილიონი ლარი. დეკემბრის მხოლოდ ბოლო სამ დღეში დაიხარჯა 372 მილიონი. წლის განმავლობაში უცხოეთიდან გეგმაზომიერად მისაღები ასეულ მილიონობით ლარი შემოვიდა მხოლოდ ბოლო დღეებში,  რაც, ფაქტიურად, ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულებას ნიშნავს,  ვინაიდან ფულის რეალურ საქმეებზე დახარჯვა მოხდება 2015 წლის განმავლობაში. ცუდი ისაა,  რომ ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროები, უცხოური გრანტები და კრედიტები.  მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ჩამორიცხულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა,  რადგან სამუშაოები არ შესრულდა დროულად. წლის ბოლო თვეში კი   ყველა თანხამ  ერთად  მოიყარა თავი. მხოლოდ დეკემბერში დაიხარჯა 1,248 მილიარდი ლარი,  რაც ნიშნავს მთავრობის მხრიდან შეთანხმების დარღვევას ეროვნული ბანკის მიმართ აღნიშნული თანხის დაუხარჯველობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული ამ ყველაფერმა თავი იჩინოს ისევ ლარის გაცვლით კურსში. მეორეს მხრივ, ისმის კითხვა,   როგორ მოხდება 2014 წლის ხარჯვითი ნაწილის რეალური ათვისება ახალ 2015  საფინანსო წელიწადში?  ბუნებრივია,  მიმდინარე წელიწადში მთავარ გამოწვევად რჩება ისევ და ისევ ბიუჯეტი. თუმცა, ზუსტად თუ ვიტყვით, 2014 წლიდან გადმოყოლილი აუთვისებელი და მიმდინარე წლის ბიუჯეტი ერთად აღებული. მისი არარიტმული ხარჯვა და პრობლემების დაგროვება,  რომლის „კორექცია"  შეიძლება უკვე წლის ბოლოს კი არ მოხდეს,  არამედ გაცილებით ადრე.

 

   ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ,  რომ საქართველოში დღეს ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილური მიმართულებით მიდის. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და სახელმწიფოს ბევრი ბერკეტი გააჩნია ეკონომიკის ზრდის წასახალისებლად. მაგალითად: ქვეყანაში პრიორიტეტული სექტორების დაფინანსება,  კარგი საინვესტიციო კლიმატის შექმნა დაა.შ.  ამიტომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო ეკონომიკა ცალსახად დამოკიდებულია მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკურ ფაქტორებზე.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია