ახალი რეალობა ახლო აღმოსავლეთში......

ახალი რეალობა ახლო აღმოსავლეთში......გიორგი ტიანშანსკი

 

ალბათ ბევრმა ექსპერტმაც  არ მიაქცია ყურადღება, რომ  მიმდინარე წლის 5 იანვარს ე.წ. ერაყისა და ლევნტას ისლამური სახელმწიფოს 4 -მა მებრძოლმა შეაღწია რა საუდის არაბეთის ერთ - ერთ ჩრდილოეთ პროვინციაში ქალაქ არარის მიდამოებში სასაზღვრო-გამშვებ საგუშაგო სუვეიფში, საიდანაც გზა გრძელდება ისეთი ისლამური სიწმინდეებისაკენ როგორიცაა მექა და მედინა, ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ საგუშაგოს, რასაც მოჰყვა ერთ - ერთი მებრძოლის მიერ შახიდის ქამრის მეშვეობით თავის აფეთქება.

 

აღნიშნული შეტაკების შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 4 ბოევიკის გარდა საუდის არაბეთის სასაზღვრო სამსახურის 3  ოფიცერი დაიღუპა, მათ შორის ჩრდილოეთის მიმართულების სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ალ-ბალავი.

 

ცხადია, რომ  ე.წ. ისალამური სახელმწიფო აფართოვებს მოქმედების არეალს, ის ფაქტი რომ შიიტებით დასახლებულ საუდის არაბეთის ამ პროვინციაში, სადაც დისლოცირებულია მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო კონტინგენტი, ავიაცია,  ერაყიდან გადმოსულ მებრძოლებს საუდის არაბეთის ერთ – ერთი მაღალჩინოსანი შეეწირა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ  როგორც სჩანს საქმე  საკმაოდ მძიმედაა.

 

 ერაყის მთავრობა, რომელიც დღეგამოშვებით იფიცება, რომ სიტუაციას მყარად აკონტროლებს ქვეყნის უმეტეს რეგიონებში, რბილად რომ ვთქვათ ფიქციაა. ე.წ. ისლამური სახელმწიფო ტოტალურად  აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში, სირიის ნაწილს და ემზადება სერიოზული ნახტომისათვის როგორც სამხრეთ, ისე აღმოსავლეთ მიმართულებით.

 

რაც  არ უნდა გასაკვირი იყოს,  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იკრიფება გადასახადები, მოქმედებს სასამართლოები, მეტიც  ნავთობით მდიდარი  ერაყის ქალაქ მოსულის და სხვა რეგიონებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს შავი ოქროთი ვაჭრობა.

თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში, ერაყში, წარმოიდგინეთ ავღანეთშიც კი ასობით მებრძოლი, რომლებიც ხშირად  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი იბრძოდნენ, უერთდებიან ზემოაღნიშნულ მოძრაობას.

 

იგივე საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან, ევროპის ბევრი ქვეყნიდან მათ შორის საქართველოდანაც წასული მოქალაქეები მონაწილეობენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბრძოლაში.

 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირშია ავღანეთში მიმდინარე პროცესებთან, სადაც კოალიციის ძირითადი ძალების გასვლის შედეგად, პრაქტიკულად ნაბიჯ-ნაბიჯ ძალებს იკრებენ თალიბები, რაც გამოიხატება ქვეყნის რამოდენიმე რეგიონის უკვე ტოტალურ კონტროლში, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.

 

არაერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თალიბებმა დაიკავეს თურმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის  მიმდებარე ტერიტორიები. სავარაუდო მიზნით - შემდგომ განავრცონ თავისი მსვლელობა ჩრდილოეთისაკენ. აღნიშნული ფაქტები დასტურდება ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერების გამოსვლებშიც.

 

ზემოაღნიშნული საფრთხეების მიმართ დასავლეთის პოზიცია, ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელია, თუ არ ჩავთვლით  აშშ -ს სამხედრო-საჰაერო ძალების მოქმედებას (2014 წლის სექტემბრიდან) ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ერაყის ზოგიერთ რეგიონში.

 

საუდის არაბეთმა ამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, მთელ სასაზღვრო პერიმეტრზე ააგოს კედელი, რომლის სიგრძეც იქნება 965 კმ, ხოლო სიღრმე 9,5 კმ. აღნიშნული ქმედებები ამ ქვეყნის ხელისუფლების აზრით შეაჩერებს ტერორიზმის გავრცელებას.

 

თურქეთის ხელისუფლება ჯერეჯრობით კედლის აშენებას არ აპირებს, თუმცა საკმაოდ შეშფოთებულია პერსპექტივებით, რომლებიც დაკავშირებულია თურქეთის მოქალაქეების მონაწილეობასთან საბრძოლო მოქმედებებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეს.

 

რაც შეეხება საქართველოს  - ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ამ პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობს, რაშიც მაპატიეთ, მაგრამ  ეჭვი გვეპარება.

 

მეტს ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, საქართველოს არ აქვს უფლება იყოს სუსტი სახელმწიფო, ეს ყველას უნდა კარგად გვახსოვდეს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია