ეპილოგი, 2013 - 2020 წლები (რომანი - ,,რეისი ორპირი - თბილისი - სტოკჰოლმი“)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-01-2015, 18:35 | წიგნები | ნანახია - 2967

ეპილოგი, 2013 - 2020 წლები (რომანი - ,,რეისი ორპირი - თბილისი - სტოკჰოლმი“)ზურა ოდილავაძე 

 

   2013 წლის ოქტომბერში, პირველად, ახალი საქართველოს ისტორიაში მოხდა ძალაუფლების, ,,კალაშნიკოვისა“ და ,,მუხის“ გარეშე, არჩევნების გზით გადაცემა. ხელისუფლებაში ცხრა წელი ყოფნისგან გაამაყებული, ხშირად თავგასული, საკუთარ უცდომელობაში დარწმუნებული ,,ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული შეიქნა, გზა დაეთმო  ნაკლები პოლიტიკური გამოცდილებისა და პროფესიული კვალიფიკაციის, ნაწილობრივ, საბჭოური კადრებით დაკომპლექტებული ,,ქართული ოცნების“ ამორფული კონგლომერატისთვის. ძველი საბჭოური ელიტისა და მისი შთამომავლების მმართველობის პირობებში რუსული საფრთხე კვლავ გაიზარდა. წარჩინებული საზოგადოება კი, პრაქტიკულად უცვლელი შემადგენლობით, უკვე ,,გაევროპელებული“, მაგრამ მაინც ფეოდალური კლანებითა და ,,ძეხვმოყვარე” ელიტური სექტებით, მშვიდ, უშფოთველ ცხოვრებას აგრძელებდა. ხალხის ძირითადი მასა, ამჯერად ახალი მმართველობის პირობებში, კვლავ გაჭირვებაში, უიმედობასა და უმუშევრობაში არსებობას ეჩვეოდა...

 

   ,,ჯიშიანები“ კარგა ხანია გადაშენდნენ, გამძლე ,,დვარნიაჟკების“ ეპოქა დადგა! გადაჯიშების ეს პროცესი ხელისუფლების ცვლისა და ,,მეორეული“ ფიგურების აღზევების შემდეგ, განსაკუთრებული სიცხადით წარმოჩნდა – ქვეყანა მარაზმის მორიგ, თვისობრივად უფრო ღრმა სტადიაში შევიდა, კულტურული ცხოვრება პრაქტიკულად ჩაკვდა. მიუხედავად ყველაფრისა, ეროვნული ელიტის ცხოვრება დუღდა და გადადუღდა! მწერლებისა და პოეტების ათკაციანი ჯგუფი ერთმანეთში ლიტერატურული პრემიებს ინაწილებდა; ჟურნალისტებს სიძულვილისა და აბსურდის წლის საუკეთესო მთესველის წოდებით აჯილდოებდნენ; მომღერლების, მოდელების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვა გამოჩენილი მოღვაწეების სექსუალურ ფოტოებს ჟურნალების ,,ქალაქი და ქალაქელების“ თუ ,,წითელი ტაბურეტი“, ,,აწყვეტილი ლიბერალი“ თუ ,,ცხელი ბომონდელები“ გარეკანზეც კი ათავსებდნენ... ადამიანები იხვეწებოდნენ, ბიწიერი ხორცისგან განიმოსებოდნენ და აი, ანგელოზები და მთავარანგელოზები ზეციურ ტელესივრცეში, ,,თვალცრემლიან პირისახეში“ გამოჩენის ღირსნი ხდებოდნენ, ხოლო ღმერთებს ,,ბაბუკას შოუსა“ ან ,,მივიწყებული სელებრითების თოქ-შოუშიც” კი პატიჟებდნენ! საბჭოეთის დროიდან შემორჩენილ პერსონაჟებს, სანამ ისინი ზეცად ამაღლდებოდნენ მონიკელებული ვარსკვლავის სახით, ფილარმონიის ასფალტში აცემენტებდნენ და იუბილეებს უხდიდნენ. 

 

   დამოუკიდებლობის ორ ათეულ წელზე მეტი ილეოდა, ღვაწლმოსილები მათმა ,,უნიჭიერესმა“ შვილებმა და შვილების ,,მოწინავე“ მეუღლეებმა ჩაანაცვლეს, უკვე შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ჯეჯილი ბიბინებდა, ახალი ფეოდალების უკანასკნელი ნაბარტყის ეპოქა ახლოვდებოდა. მიდიოდა, მიედინებოდა ყოფიერების მდინარე, რაიმე იმედისმომცემი ან ხელჩასაჭიდი ,,ნეთელი წერტილი“, საიდანაც, თუნდაც წარმოსახვაში, გახდებოდა შესაძლებელი საქართველოს ღირსეული მომავლის განჭვრეტა, ისევ არ ჩანდა. საქართველო კვლავ სასწაულისა და მითოლოგიური ,,გაბრწყინების“ იმედად რჩებოდა...

 

   დავით ვაშაკიძის ცხოვრებაც ისე უბედურად აეწყო, რომ სამამულო ბომონდმა მას ,,იგნორის“ ძაფისგან ნაქსოვი უჩინმაჩინის ქუდი ჩამოაფხატა. ელიტარული სექტებისა და ფეოდალური კლანების მსაჯულებმა წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი ბილიკი დაუტოვეს – მისი დიდების შარავანდით შემკობის გზა ჯორდანო ბრუნოს მოწამეობრივი აღსასრულის მსგვასი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო დავით ვაშაკიძეს, თუნდაც სიკვდილის შემდეგ, ეროვნული გმირის წოდების ღირსი გამხდარიყო. ისიც ამ ოცნების აღსრულებაზე ფიქრს მიეცა.

 

   მალევე გაირკვა, რომ ეს ნატვრა არც ისე ახლოს იყო...

 

  ჯერ ქართული ინკვიზიციის ცეცხლში დაწვა აიკვიატა და ეკლესიის ნაკლოვანებათა მხილებას მიჰყო ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსული ტანკების ქვეშ ლიმონკებით შევარდნას ნატრობდა. არ გამოვიდა, სამშობლოსთვის გმირულად დაცემულის ძეგლი ,,კომპო დე ფიორეზე“ არ წამოიმართა. გარშემო გამყიდველი ,,ჯოვანო მოჩენიგოებიც” ოხრად იყო, მაგრამ იმხანად  ინკვიზიციის შესაძლებლობები ჯერ კიდევ მოიკოჭლებდა. მას, კვლავ და კვლავ, მოსვენებას არ აძლევდა ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა: ,,რა ექნა, რით დაეღწია თავი უჩუმრად ცხოვრების უწონადობისგან და უცნობლობაში სიკვდილსგან?“. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დავით ვაშაკიძე, უკიდეგანო ამბიციურობისა და ასეთივე ჯინიანობის გამო, არ დანებდა და პოპულარობის მოხვეჭის შესაძლებლობას ხელს არ უშვებდა...

 

   წარმატებისკენ სწრაფვის პროცესს, 2013 წლის პოლიტიკურმა ძვრებმა მძლავრი ბიძგი მისცა. გადამდგარი ხელისუფლებით იმედების გაცრუებამ დავით ვაშაკიძე აიძულა, რაღაც ახალი გზები ეძებნა. ასე გარდაიქმნა ის პუბლიცისტიდან მწერლად. ბევრი რამ ადრეც ჰქონდა დაწერილი, მაგრამ, აბა, ვის აინტერესებდა საქართველოში ვიღაც დავით ვაშაკიძის ლიტერატურა? ახალი ფეოდალები სარფიან ადგილებსა და ლიტერატურულ პრემიებს, მამაპაპისეული ტრადიციისამებრ, ან საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს, მამიდებსა და ბიცოლებს, მაზლებსა თუ ქვისლებს, დეიდაშვილებსა თუ სიძეებს ურიგებდნენ, ან ზემოდან დასახელებულ სახელისუფლებო თოჯინებს განადიდებდნენ. ამ პირობებში დავით ვაშაკიძის პერსპექტივები თითქმის უიმედოდ გამოიყურებოდა – აბა, როდის მოვიდოდა მისი რიგი?

 

   მაგრამ დავითი, რისი დავითი იყო, თუ გოლიათს შეუშინდებოდა და არ შეებრძოლებოდა?! მაშ ასე, წინ! – გადაწყვიტა მან და მწერლების შურით, კრიტიკოსების დაცინვითა თუ ლიტერატურული კონკურსების უსამართლობით დანაღმულ ველზე ფეხი შედგა! თუ ადრე გმირულად, ტანკის ქვეშ სიკვდილს ნატრობდა, ახლა უკვე ლიტერატურულ წარმატებაზე, სიტყვაში უკვდავებაზე ოცნებობდა, რაც სრულებით არ ნიშნავდა იმას, რომ რუსული საფრთხის შეთხვევაში, ისეთივე თავგანწირვით არ დაუდგებოდა მტერს. თავის ,,ორპირულ ქრონიკებში“ ის წერდა: ,,მე დღეს უკვე თბილისში, ამჯერად რუხ-ვერცხლისფერ, საკმაოდ მოძველებულ ,,Golf-4”-ში ვზივარ და ტანკების კოლონას ველოდები. ვზივარ არა მარტო მე, ბევრი სხვაც. ამჯერად რუსული ტანკები უფრო ახლოს არიან, 40 კილომეტრში თბილისიდან. ჩვენ, ყველანი, ადგილზე ვართ!“.

 

   ...თბილისი. ჩახუთული ზაფხული – პაპანაქება სიცხე. ,,პლეხანოვზე“, ,,იტალიური ეზოს“ ერთსართულიან მინაშენში დავით ვაშაკიძე ცხოვრობს. ღამისკენ, აგრილების ნაცვლად, გავარვარებული რკინის სახურავი ოთახს ადუღებს. საწოლში გაშხლართულს ჯოჯოხეთურად ცხელა, ოფლი სდის, იხუთება, იძინებს...

   ...სადღაც შეაგდეს – სხდომათა დარბაზია, თათბირი მიდის. ღრუბლებზე ტახტი დგას – ღმერთი ზის, დათოს უღიმის. ღმერთის წინ – იახვე-II მუხლებზე. ოც-ოცი პატარა ეპისკოპოსი, არწივებივით ორივე მხარზე აზის, ერთიც, მეუფე პეხო (მომავალი პირველიერარქი?) თავზე. ღმერთი ამბობს: ,,უსაკალელესო და უსათნოესო, ლოლ! მოკლედ, მე აღარ ვარ რა, უბრალო ბუტაფორიად მაქციეთ, აი! სულ თქვენსას უბერავთ – სტალინიც მაცხონებინეთ, ახლა ამ საწყალ, ნატანჯ ჯორდანოს ნობელის პრემიას არ აძლევთ! კაი რა, სინდისიც კაი საქონელია!“. იახვე-II სირცხვილისგან იწვება, თვალებს დაბლა ხრის, ხოლო მის თავზე მჯდომი, არწივისებრი მთავარეპისკოპოსი პეხო მაინც არ ცხრება: ,,არა მხოლოდ ნობელის გარეშე, არამედ ჯოჯოხეთის ცეცხლი, უძღები მატლი და შამფურები გვერდებში!”

 

    ღმერთი: ,,ძმებო, შეუნდოთ, ცოდოა, ნაწვალები კაცია... ერთი სიტყვით, ღირსია და მორჩა!”

   ეპიკოპოსთა დასი ერთხმად გალობს: ,,აქსიოს ჯორ-და-ნო, აქსი-ოს, ჩვენო დათო, შენ გაიმარჯვეოო!”...

 

                                                                       *      *      *

 

   შვედეთი, სტოკჰოლმი. საზეიმო ბანკეტი. ბროლის ჭაღებით განათებული დარბაზი. შვედეთის მეფე, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრები, საპატიო სტუმრები. შავი ფრაკები და სამეჯლისო კაბები. 

 

2020 წლის 10 დეკემბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვა

 

    ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო საზოგადოებავ, გამარჯობა!

    მე, დავით (,,ჯორდანო”) ვაშაკიძე თქვენთან მოვედი!

   გესტუმრეთ უძველესი კულტურის ქვეყნიდან – ივერიიდან. უმშვენიერესი ადგილიდან, სადაც დათოვლილ მთებს, მწვანეში ჩაფლული ფერდობები და ლურჯი ზღვა ცვლის! ჩამოვედი ედემის ბაღიდან, სადაც კამკამა, ცივ მდინარეებში, კლდის ქვებზე კალმახი დასრიალებს და ალაზნის ველს ოქროსფერი მტევნებით ვენახი ეფინება. იმ ზღაპრული ქვეყნიდან გამოვჩნდი, სადაც სტუმართმოყვარე ხალხი, ცხოვრების გაუსაძლისობას ,,მრავალჟამიერითა“ და გრაციოზული ცეკვებით აფერადებს. მე შოთა რუსთაველისა და ნიკო ფიროსმანის სამშობლოში დავიბადე და თქვენთან მოვედი!

   თქვენთან უძველესი დროიდან მოვაბიჯებ... მე საუკუნეებია ქრისტიანობისა და ქრისტიანული ცივილიზაციის ფორპოსტს ვიცავდი! უამრავი წინააღმდეგობა და  დაბრკოლება გადავლახე... იცით, ძალიან ბევრი ვიწვალე:

   – გავუძელი მონღოლთა ურდოების თარეშსა და სასტიკ ომებს არაბ, სპარს და ოსმალ  დამპყრობლებთან... გადავურჩი ლეკიანობასა და შიდა გამყიდველებს!

   – ავიტანე რუსეთის იმპერიის უმძიმესი წნეხი, სისხლით შევიღებე მრავალი აჯანყებითა თუ ომით ჩრდილოელ მეზობელთან და მაინც გადავრჩი, მე დღესაც ოკუპირებული ვარ და მაინც ვცოცხლობ...

   – ,,რკინის ფარდით“ შემოღობილ საბჭოურ ,,ხალხთა საპყრობილეში“ ჩამსვეს, ხერხემალში გადამტეხეს, კომუნისტური იდეოლოგიით გადამაგვარეს, თავში ცრუ ფასეულობები ჩამიბეჭდეს, დამაყარეს წამალი და ალკოჰოლი – ... და... და ამასაც გავუძელი!

   – თქვენთან არ მიშვებდა სამოქალაქო ომის ტყვიები და მოძმის სისხლი, შიმშილი, სიცივე და უშუქობა, კვლავ არ მიშვებდა წყეული რუსეთის იმპერია!

   – რუსეთზე შეყვარებულმა იერარქებმა, ამპარტავნებით შეპყრობილმა მღვდელმსახურებმა და ,,კანონიერმა ქურდებმა“, ბნელ საკანში ამომაწყვდიეს...  ბორკილები დამადეს: სიბნელემ და გაუნათლებლობამ, გაქვავებულმა დოგმებმა და არქაულმა ტაბუებმა, საბჭოურ - ,,ეროვნულმა“ ფასეულობებმა და ფარისევლურმა მორალმა – მე უვიცობას გამოვექეცი!

   – ამდენი წელია თქვენთან მოვდივარ და არ მიშვებდნენ ელიტური სექტები. გაბატობული კასტების უღრანი ტყეები და ფეოდალური კლანების მტაცებლებით სავსე ჯუნგლები გადმოვლახე... შურისა და ბოღმის ოკეანეები გადმოვცურე. მაბრკოლებდა მონობა, თვალთმაქცობა, მითოლოგია და უკრიტიკო აზროვნება... მაინც განვაგრძობდი თქვენკენ სვლას!

   – და ბოლოს, თქვენამდე არ მიშვებდა თქვენი ენის უცოდინარობა, ლიტერატურული კრიტიკისა და მთარგმენელობითი სკოლის არარსებობა!

   – უფულობა, უმუშევრობა და გაჭირვება არ მაძლევდა საშუალებას თქვენამდე მოსვლისა...

   მე ხომ იმ ქვეყნიდან მოვდივარ, სადაც ხალხი წელში წყდება რუსეთისგან და უგუნური, მატყუარა, მექრთამე მმართველებისგან, სადაც ადამიანები დაიღალნენ მლიქვნელობისა და გაჭირვებისგან, სადაც პიროვნება დაითრგუნა ,,ყოვლისმცოდნე“, ვერცხლისმოყვარე სასულიერო პირებისგან...

   – მე გადავურჩი ხანგრძლივ მძიმე სნეულებებს და, ფაქტობრივად, ვძლიე სიკვდილს!

   – მთავარი კი, რაც თქვენამდე მინდოდა მომეტანა, ეს არის ის, რომ დღესაც არ მიშვებენ რუსული ტანკები და მავთულხლართები! მთავარი, რაც მინდა გიაიგოთ, არის ის, რომ ჩვენ ორ საუკუნეზე მეტი ხანია, მოურიდებლად ვიტყვი – შეგვცა რუსეთმა!.. და,  სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო – შინაურმა კოლაბორაციონიზმმაც! ერთი სიტყვით, დაგვეხმარეთ!

   – გაითვალისწინეთ, მე ამაყი ერის ამაყი შვილი თქვენთან სამათხოვროდ არ მოვსულვარ –თანადგომისა და თანაგრძნობისთვის მოვედი!

   – ეს მე ვარ, ქართველი მწერალი დათო (,,ჯორდანო“) ვაშაკიძე – მე და ჩემმა საქართველომ, ერთად, ბოლოს და ბოლოს, თქვენამდე მოვაღწიეთ! მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მოვედით!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია