თავისუფლების ლამპარი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-01-2015, 02:10 | ბლოგები | ნანახია - 1707

თავისუფლების ლამპარინიკა რურუა

 

ამბობენ, რომ მსაჯულთა ინსტიტუტი ის ლამპარია, რომლის ნათებაც ამა თუ იმ სახელმწიფოში თავისუფლების და დემოკრატიის არსებობაზე მიუთითებს.

 

ეს მართლაც ასეა. იმ ქვეყნებში სადაც ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მართლმსაჯულების აღსრულებაში პირდაპირ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ძალიან რთულია ტირანიის გამარჯვება ვინაიდან სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ძლიერია ერთ ადამიანზე საკუთარი სურვილის მიხედვით ვეღარ გაისტუმრებს საპატიმროში მას, ვინც რაიმე მიზნით “არასასურველ” თუ “არაკეთილსაიმედო” მოქალაქედ მიაჩნია.

 

მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორც ფენომენი, ისტორიული წარმონაქმნია, რომელიც ადამიანთა მრავალი თაობის გამოცდილებამ შვა. ინგლისში, მაგალითად, იგი არსებობს ე.წ. “მაგნა კარტა ლიბერტატუმ”-ის დროიდან, როდესაც ინგლისის მეფე ჯონმა 1215 წელს აჯანყებული თავადების (ბარონების) მოთხოვნით ამ ფუნდამენტურ და საეტაპო დოკუმენტს ხელი მოაწერა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი მისი მიღების შემდეგ რამდენჯერმე გაუქმდა და ისევ აღსდგა, იგი ბრიტანული თავისუფლების ქვაკუთხედადაა მიჩნეული და არა მარტო - 1789 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ცამეტმა კოლონიამ საკუთარი კონსტიტუციის შექმნისას “მაგნა კარტა”-ს სულისკვეთება მაქსიმალურად შეინარჩუნა და ამერიკული “უფლებათა ბილის”, ანუ ა.შ.შ. კონსტიტუციის პირველი ათი ჩასწორების მიხედვით ახალგაზრდა ამერიკულ რესპუბლიკაში მსაჯულთა ინსტიტუტის აუცილებლობა დააწესა.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მსაჯულთა ინსტიტუტი ძირითადად ე.წ. “თემთა” ანუ “საერთო” (Common Law) სამართლის ქვეყნებში გამოიყენება, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ინგლისი, უელსი, შოტლანდია და სხვა, ეს სისტემა ასევე “კონტინენტური სამართლისა” (Civil Law) და შერეული სისტემის სახელმწიფოებში არსებობს: ასეთებია, ავსტრია, საფრანგეთი, ბელგია, საბერძნეთი, გიბრალტარი, ჰონგ-კონგი, ირლანდია, ინდოეთი, ახალი ზელანდია, იაპონია, იტალია, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია და სხვები.

 

როგორც წესი, მსაჯულთა მონაწილეობით პროცესები ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებს ეხება, თუმცა უამრავია შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო ტიპის საქმეებსაც მსაჯულები განიხილავენ. ეს ძირითადად იმ შემთხვევებში ხდება ხოლმე, როდესაც სასწორზე დიდი საზოგადოებრივი, ან კომერციული ღირებულება დევს ხოლმე. (ასეთებს ფარმაცევტული კომპანიების, მსხვილი კორპორაციების, გარემოს დაბინძურების ბრალდებების და მაგვარი თემატიკის მქონე სასამართლო პროცესები წარმოადგენენ).

 

აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტებაც, რომ მსაჯულები სასამართლო პროცესის წარმართვისას მხოლოდ ფაქტების არსებობა - არარსებობის, ანუ მათი სანდოობის ხარისხს განიხილავენ; მათ არ ესაჭიროებათ არანაირი იურიდიული განათლება იმისათვის, რომ მხოლოდ საღი აზრის გამოყენებით დაიჯერონ ბრალმდებლის, ან დაცვის მხარის მიერ მოყვანილი ფაქტების სანდოობა თუ ამის საპირისპირო. მეტიც, პროცესის ორივე მხარეს, ბრალმდებელსაც და დაცვასაც მსაჯულთა პანელის შერჩევისას  უფლება აქვთ გაიწვიონ, ანუ “ჩააგდონ” იმ პოტენციური მსაჯულის კანდიდატურა, რომელიც რაიმე სახის წინასწარ სიმპათიას ან ანთიპატიას ავლენს რომელიმე მხარის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ. ასევე, მსაჯულებად, როგორც წესი, არ დაიშვებიან სასულიერო პირები, იურისტები, პოლიციისა და სპეცსამსახურების თანამშრომლები მათი მხრიდან სხვა მსაჯულებზე არათანაზომადი გავლენის მოხდენის თავიდან ასაცილებლად.

 

ამდენად, მსაჯულები ძირითადად საქმის ფაქტებს (Questions of Facts) და არა იურიდიულ დეტალებს (Questions of Law) ადგენენ: იმ შემთხვევაში თუ მათ განსასჯელის საწინააღმდეგოდ ბრალმდებლის მიერ მოყვანილი ფაქტების ნამდვილობა დაიჯერეს, ისინი განსასჯელს დამნაშავედ სცნობენ, რის მერეც აწ უკვე მსჯავრდებულს ადეკვატურ სასჯელს მოსამართლე უფარდებს; ხოლო, თუ მსაჯულებმა განსასჯელის დაცვის მიერ მოყვანილი ფაქტები მეტად ირწმუნეს (ანუ თუ მათ  ამ კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე გააჩნიათ ე.წ. “კეთილგონივრული ეჭვი”), მაშინ ისინი ვალდებულნი არიან განსასჯელი უდანაშაულოდ სცნონ და ეს უკანასკნელი ამ შემთხვევაში სასამართლო დარბაზიდან თავისუფლდება.

 

ამდენად ეს სისტემა, მსაჯულთა ინსტიტუტი, თავისუფალი სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა სწორედ იმ მიზეზით, რომ პიროვნული თავისუფლების დაცვა მისი წყალობით ბევრად დაცული იქნებოდა სახელისუფლებო და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელთაგან.

 

თავისუფლების ლამპარიამის მშვენიერი მაგალითია ისიც, რომ ავტორიტარული თუ ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემის დამყარებისთანავე ნებისმიერ ასეთ უიღბლო ქვეყანაში პირველი, რასაც ახალი მმართველები აუქმებდნენ  მსაჯულთა ინსტიტუტი იყო: ზუსტად ასე მოიქცა ულიანოვ-ლენინი რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალებისთანავე, ადოლფ ჰიტლერი გერმანიაში ძალაუფლების ხელში აღებისთანავე, ბენიტო მუსოლინი იტალიაში, ფრანცისკო ფრანკო ესპანეთში, ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინეთში, ხუან პერონი არგენტინაში, აუგუსტო პინოჩეტი ჩილეში და ა.შ. - ყველა დიქტატორს, ან დიქტატურის დამყარების მსურველს ისტორიულად და ტრადიციულად ეშინოდა მსაჯულთა ინსტიტუტის ისე, როგორც უწმინდურს საკმეველისა.

 

პირველი, რას საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა გააუქმეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტებიდან - იყო მსაჯულთა მონაწილეობა სამართალწარმოებაში. რა მაშტაბისა და ხარისხის რეპრესიებიც მოჰყვა ამ საკვანძო ინსიტუტის გაუქმებას საქართველოში, ეს ყველამ მეტ-ნაკლებად კარგად ვიცით: საბჭოთა სასამართლოებმა ათიათასობით ქართველ ინტელიგენტს, მეცნიერს, ხელოვანს, მეწარმეს, სასულიერო პირს, უბრალო გლეხსა თუ ყოფილ დიდგვაროვანს სასიკვდილო განაჩენი და უკეთეს შემთხვევაში რუსულ ციმბირში გადასახლება არგუნეს წილად. და ეს ყველაფერი სახელმწიფოს გაუადვილდა სწორედ იმიტომ, რომ ამიერიდან მას საკუთარი თავისადმი დაშინებულ-ლოიალური მოსამართლეების ხელით ნებისმიერი ადამიანის, სრულიად უდანაშაულოსა თუ ოდნავ “არაკეთილსაიმედოობაში” ეჭვმიტანილის განადგურება შეეძლო.

 

საბედნიეროდ, სულ რამდენიმე წელია, რაც დამოუკიდებელ საქართველოში აღსდგა მისი პირველი რესპუბლიკისდროინდელი ტრადიცია და სისხლის სამართლის საქმეების განსჯა მსაჯულთა ინსტიტუტმა დაიწყო. დღეისათვის ბრალდებულს კანონით აქვს უფლება აირჩიოს თუ ვინ განსჯის მას - საკუთარ თანამოქალაქეთაგან დაკომპლექტებული მსაჯულთა კრებული, თუ სახელმწიფო მოსამართლე.

 

ეს უდიდესი თავისუფლებაა, რომელიც დაცვას და არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულებზე, არამედ სხვა სახის საქმეებზე განვცრობას საჭიროებს.

 

სამწუხაროდ და უკიდურესად შემაშფოთებლად გამოიყურება დღევანდელი ხელისუფლების ჯერჯერობით შეფარულ - შემალული ინიციატივა, რომ საქართველოში გაუქმდეს ძლივს აღორძინებულ თავისუფლების დამცველი ეს უმთავრესი ფენომენი - მსაჯულთა მიერ განსჯილი სასამართლო პროცესი, ანუ მსაჯულთა ინსტიტუტი.

 

იმედს ვიტოვებ, რომ ეს მავნებლური ზრახვა მხოლოდ ოცნებაა კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მათი არაფორმალური მმართველისა. მაგრამ თუკი ხელისუფლებამ სერიოზულად დააპირა მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება საქართველოში, ეს მხოლოდ ერთადერთ რაიმეს ნიშნავს. კერძოდ იმას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საბოლოოდ და ღიად გადაწყვიტა დემოკრატიული მმართველობის მოდელის მიტოვება და მისი აღვირახსნილი ტირანიით ჩანაცვლება.

 

ბუნებრივია, რომ მას ამის საშუალება არც ერთმა ჩვენგანმა უნდა მისცეს, რადგანაც ეს საქართველოში თავისუფლების დასასრული იქნება.

 

არჩევანი ჩვენზეა.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია