რატომ ვარ შარლი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-01-2015, 18:50 | ბლოგები | ნანახია - 3881

რატომ ვარ შარლიქეთი ელიეშვილი

 

მე არ მაქვს ჩემი ჟურნალი, არც ხატვა ვიცი, მით უმეტეს - კარიკატურების, უფრო „მით უმეტეს“ ისეთი კარიკატურების, ვინც სხვებს ძალიან, ძალიან გააბრაზებს... მე არც ფრანგი ვარ,  არ მაქვს თეთრი პატარა შლაპა, თეთრი ხელთათმანები, არ დავდივარ  საღამოობით კაფე „როტონდაში“,  „კოსმოსში“, არც ელისეს მინდვრებზე ვსეირნობ და არც წმინდა პარიზული აქცენტით შემიძლია წარმოვთქვა „Je sius Charlie “... მაგრამ მე, აი, ასეთი, საკუთარი ჟურნალის არმქონე, ხატვის ნიჭით არ დაჯილდოვებული, უშლაპო და უხელთათმანო ქართველი, უკვე რამდენიმე დღეა ვამბობ, რომ მე ვარ შარლი.. ხუმრობისთვის (მნიშვნელობა არ აქვს კეთილი თუ ბოროტი) და თავისუფლებისთვის ( რომელსაც არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს საზღვარი) მოკლული ...

 

არა მარტო შარლი კი არა, მე  გაბრაზებული, შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ სამართლიანად გაბოროტებული  ადამიანების მიერ უმოწყალოდ დახოცილი ყველა ფრანგი  ვარ.. და არა იმიტომ, რომ ქართველად (უჟურნალო, უშლაპო, უროტონდო) ყოფნა მომბეზრდა.. არა, მე, უბრალოდ, ზუსტად ვიცი, ზოგჯერ რა საჭიროა ყველა „შარლი გახდეს“, ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვიცი, რას ნიშნავს ტერორის „პროვოკაციაზე“ წამოკიდებით გამართლება, ვიცი, რა მნიშვნელოვანია, თვითოეული ადამიანის თანადგომა, მაშინ, როცა გგონია, რომ მთელმა სამყარომ ზურგი შეგაქცია...

 

მე ვიცი, რას ნიშნავს  განსაზღვრება არმიცემული  ბოროტება...და ისიც შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება გაბოროტდე, როცა ვიღაც იმას ეხება, რაც შენთვის ძალიან წმინდაა (და ამ შემთხვევაში მხოლოდ რელიგიას არ ვგულისხმობ), მაგრამ მიჭირს, ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება რამე  სიწმინდის სახელით ბოროტება ჩაიდინო და გაამართლო.

 

ჰო. მე ვარ შარლი, იმიტომ რომ  მინდა ვიყო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი, რომელიც საღი აზრით და ერთად დაუპირისპირდება  შარლის ყველა  მკვლელს....

 

მე ვარ შარლი, იმიტომ რომ არ მინდა შემდგომში კიდევ მომიწიოს ვიყო : პიერი, გაბრიელი, ჯეკი.. რა მნიშვნელობა აქვს...

 

და ბოლოს, გამოგიტყდებით: მე ვარ შარლი და  მე ვარ ფრანგი,  იმიტომაც  რომ მთელს მსოფლიოს დავანახო, რომ  ხშირად მეც ძალიან, ძალიან მჭირდება, რომ  სხვებიც იყვნენ ქართველები! 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია