უნგრული გამბიტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-01-2015, 22:11 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 2067

უნგრული გამბიტიგუგა ჯულუხიძე (ბუდაპეშტი)

    

 

"ერთადერთი პუტინისტი მმართველი ევროკავშირში"; “იღბლიანი პოპულისტი"; "ავტორიტარი ძძიმე ხასიათით”; " პუტინიზმის ექსპორტიორი ევროპაში" ……

ამ ადამიანს, ახალი მსოფლიო წესრიგის იდეის მხარდამჭერად და ნეო -ნაციონალიზმის მქადაგებლად მოიხსენიებენ. მისი მმართველობის პერიოდში, ქვეყანამ ევროსკეპტიკოსთა ბანაკში გადაინაცვლადა "იმედის მომცემი პოსტ - კომუნისტური შუქურის" სტატუსი დაკარგა. იგი ხშირად აკრიტიკებს დასავლეთსლიბერალურ ღირებულებებს, ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას, ბრუსელის მოუქნელობას და მაინც ... ტრიუმფალურად იმარჯვებს არჩევნებში!

 

გაიცანით უნგრეთის პრემიერ მინისტრი - ბატონი ვიტორ ორბანი!

 

ორბანის "პოლიტიკური ნათლობა" 1989 წლის ივნისში შედგა, როდესაც მან, როგორც ახალგაზრდული ანტი-კომუნისტური მოძრაობის (Fidesz - "ფიდეს") ლიდერმა, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული გმირის, იმრე ნადის (Imre Nagy) სამოქალაქო პანაშვიდზე (სიმბოლური ღონისძიება, რომელიც მარშით დაგვირგვინდა) უმკაცრესად გააკრიტიკა საბჭოთა ხელისუფლება. მისი ემოციური სიტყვის უმთავარესი ნაწილი, 1956 წლის "ბუდაპეშტურ ტერორსა" და საბჭოთა ჯარების 80 000-იანი კონტიგენტის უნგრეთიდან  გაძევებას ეხებოდა.

 

საწყისი ფურორის შემდეგ, ახალგაზრდა ლიდერმა მალევე შესძლო მზარდი და პროგრესირებადი ახალგაზრდული მოძრაობა პოლიტიკურ გაერთიანებად ექცია.

 

პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, ორბანი ლიბერალური ღირებულებების ერთგულ მხარდამჭერად/მომხმარებლად ითვლებოდა, თუმცა მისი "ფლირტი" ლიბერალიზმთან დიდხანს არ გაგრძელებულა. ბევრი უნგრელი პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, ამის მიზეზი, "დემოკრატიით იმედგაცრუება" იყო (იმ ხანად, ძალიან ბევრს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, გადამეტებული მოლოდინი გაუჩნდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ კაპიტალიზმისა და დემოკრატიის "შემოსვლას", არნახულად სწრაფი/ზღაპრული შედეგები მოჰყვებოდა). რთულია, ორბანის გარდაქმნის ზუსტი მიზეზების დადგენა, თუმცა მის პოლიტიკურ ტრანსფორმაციას სრულებითაც არ შეუშლია ხელი 1998 წლის საარჩევნო ტრიუმფში - 35  წლის იურისტი და ანტი-საბჭოთა დისიდენტი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა!

 

Fidesz და ორბანი 4 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, თუმცა უნგრულ საზოგადოებას თავი ვერაფრით დაამახსოვრეს, გარდა მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტური და ცენტრალიზებული მმართველობისა, შედეგად 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა (MSZP) - ვიქტორი ოპოზიციაში გადავიდა.

 

სოციალისტებმა მომდევნო არჩევნებშიც იმარჯვეს 2006 წელს, თუმცა 2008 წლის მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა და უნგრული ეკონომიკის 7%-იანმა წლიურმა ვარდნამ, სამუშაო ადგილების მკვეთრმა შემცირებამ, გარე ინვესტიციების შეჩერებამ, უძრავ ქონებაზე ფასების დაცემამ ახალი ასპარეზი მისცა უნგრეთის სამოქალაქო გაერთიანებას (Fidesz). შედეგად, 2010 წელს ორბანი მეორე ვადით აირჩიეს მთავრობის ხელმძღვანელად - უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ციკლი დაიწყო!

 

ორბანმა თავიდანვე მკვეთრად კრიტიკული პოზიცია დაიკავა ბრიუსელის, უნგრეთისადმი პოლიტიკის მიმართ. იგი თავიდანვე თამამი იყო განცხადებებში. მაგალითად: მან მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, უკანასკნელი ასწლეულის მეოთხე ყველაზე მასშტაბური გლობალური შოკი უწოდა (პირველი და მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ). მან დასავლეთის მთავრობები უმოქმედებაში დაადანაშაულა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, დასავლეთის კრახი უწოდა.

 

უნგრეთის პრემიერის თეორიის მიხედვით, "მიმდინარეობს შეჯიბრი, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისათვის, რათა  შეიქმნას სახელმწიფო, რომელიც ორიენტირებული იქნება ერის წარმატებაზე” (“a race to invent a state that is most capable of making a nation successful”).

 

Fidesz-ის ლიდერი არც თავის სიმპათიებს მალავს ილიბერალური ღირებულებებს მიმართ. რუმინთში, ეთნიკურ უნგრელ სტუდენტებთან შეხვედრისას ორბანმა განცხადა, რომ "ევროკავშირის წევრობა არ გამორიცხავს ილიბერალური, ახალი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ ფუნდამენტზე" (“I don’t think that our European Union membership precludes us from building an illiberal new state based on national foundations,”).

 

ახალი მსოფლიო წესრიგის “ამომავალ ვარსკვლავებად” კი, ჩინეთს, სინგაპურს, თურქეთსა და რუსეთს მიიჩნევს.

 

ორბანი ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის ბიუროკრატიულ მმართველობით ფორმას, იმ მოტივით, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის რიგით მოქალაქეებს. გამომდინარე იქიდან, რომ Fidesz საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, ორბანი ხშირად მიმართავს საკონსტიტუციო შესწორებებსა, თუ ცვლილებებს. მაგალითად, მეტ-ნაკლებად დეცენტრალიზებული მმართველობითი ფორმა, მკაცრად ცენტრალიზებული გახდა.

 

რუსეთთან პოლიტიკური კეკლუცობისა და ევროსკეპტიკური განცხადებების მიუხედავად, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორბანი ტრიუმფალურად, ხმების 2/3-ით იმარჯვებს არჩევნებში. უშუალო კონკურენტები "სოციალისტები" მესამე ადგილზე გადავიდნენ (19%), ხოლო მეორე ადგილი, ულტრა - მემარჯვენე პარტიამ, Jobikk-მა ("იობბიკ" - უკეთ) დაიკავა (20%).  

 

შიდა პოლიტიკური არენისაგან განსხვავებით, უნგრეთის პრემიერი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის დასავლეთში პოპულარობით. მას ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირის ლიდერები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაიები. ამ მხრივ, აშშ-ში აქტიურობენ განსაკუთრებით. მაგალითად, ბილ კლინტონმა Daily Show-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ავტორიტეტული კაპიტალიზმის მოყვარული - მიმდევარია და მას არაფერი აინტერესებს გარდა ფულის შოვნისა და ძალაუფლების რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნებისა, უნგრეთის მოსახლეობის 1/3 სიღარიბის ზღვარზე, ან საერთოდ, ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ასევე ერთ - ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის, ბოშების მდგომარეობა. ასევე პრობლემად რჩება მედიის თავისუფლების საკითხიც World press freedom index 2014-ის მიხედვით, უნგრეთი 64-ეა მსოფლიოში და წინ უსწრებს ბურკინა ფასო, ტონგა, სენეგალი).

 

უნგრული გამბიტიორბანს მედიისა და ხელოვნების ცენტრალიზებასაც კი აბრალებენ (უფრო სწორად, პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას). პრემიერის კრიტიკოსების თქმით, უნგრეთში იმდენად ცენტრალიზებული მმართველობითი წესია, რომ "ბუდაპეშტის იკონოგრაფიაზეც კი, ორბანის კვალს აღმოაჩენთ". ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში, 450 000-მდე ებრაელი გაასამართლა გერმანიამ უნგრეთის ხელისუფლების ხელშეწყობითა და მდუმარე თანხმობით. თუკი უწინ, ეს ფაქტი სამარცხვინო იყო უნგრელებისათვის, დღეს, ორბანმა ისტორიის გადაწერა/სხვა კუთხით დანახება დაიწყო. ამის ნათელი მაგალითია მონუმენტი, რომელიც უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს მახლობლად დგას. მონუმენტზე გამოსახულია ნაცისტური არწივი, რომელიც თავს ესხმის მთავარანგელოზ გაბრიელს (მთავარანგელოზი - უნგრეთი) და ბევრის აზრით, ამ ჩანაფიქრის უკან, ორბანის მცდელობაა, რომ უნგრეთის კავშირი წაშალოს ნაცისტურ გერმანიასთან, რათა უნგრეთი გამოჩნდეს არა, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, არამედ ჩიხში მოქცეული მსხვერპლი.

 

სხვათა შორის, ორბანს პუტინს ადარებენ ამ კუთხით, რომლისთვისაც არ არის უცხო ვიქტიმაზაცია ("მსხვერპლად წარმოჩენა"). რუსეთის პრეზიდენტი ხშირად მიმართავს ამ მეთოდს, როდესაც გარე ძალებისგან “ჩაგრულ” რუს ხალხს “იცავს”.

 

ყველაფრის მიუხედავად, იშვიათად თუ მოიძებნება ევროკავშირში ლიდერი, რომელიც ასეთი წარმატებით “აბარებს საარჩევნო გამოცდებს”.

 

უკანსკნელი 1 წლის განმავლობაში, ორბანმა და მისმა პარტიამ 3 არჩევნებში იმარჯვეს:

 

   -   06.04.2014 საპარლამენტო არჩევნები - Fidesz-მა ხმების 2/3 მიიღო.

 

   -   25.05.2014 ევროპარლამენტის არჩევნებში - Fidesz-მა უნგრეთისათვის გამოყოფილი კვოტის 56% მიიღო (12 სადეპუტატო მანდატი).

 

   -      12.10.2014 თვითმმართველობის არჩევნები - უნგრეთის სამოქალაქო გაერთიანება მთლიანობაში, 20 თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის პოსტს იღებს (ბუდაპეშტის ჩათვლით).

 

არანაკლებ საინტერესო იყო მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი: "ჩვენი გზავნილი ბრუსელს: პატივი ეცით უნგრელებს!"

 

ევროპისადმი ერთგვარი ანტაგონიზმის მიუხედავად, უნგრეთი, ევროკავშირის ერთ - ერთი ყველაზე აქტიური ბენეფიციანტი იქნება მომდევნო. 2014 - 2020 წლებში, უნგრეთი 21.9 მილიარდ ევროს მიიღებს ბრიუსელისაგან, ხოლო სოფლის მეურნეოიბის განვითარების ფონდში, დამატებით 3.45 მილიარდს.

 

თუმცა გაცილებით უფრი საინტერესო, უნგრეთის მომავლის პერსპექტივაა.

 

საით წაიყვანს ორბანი უნგრეთს. თუკი 2008 წლამდე, იგი რუსეთის მწვავე კრიტიკოსი იყო, დღეს, პუტინის ერთ - ერთი ყველაზე სანდო დასაყრდენია ევროპაში.  იმის მიუხედავად, რომ უნგრეთის უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი გერმანიაა, თანაც ძალიან შთამბეჭდავი ინვესტიციებით (მხოლოდ Daimler AG-მა და Volkswagen-მა 7.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 2010 წლიდან - დღემდე). 300 000 - ზე მეტი უნგრელი არის დასაქმებული სხვადასხვა გერმანულ კომპანიებში და ასეთი ეკონომიკურ მიბმულობის მიუხედავად, ორბანი მაინც აგრძელებს რუსეთთან ფლირტს, რაც უკრაინასთან მიმართებაშიც გამოიხატა. მას არცერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი და მაქსიმალურად ახდენდა დისტანცირებას უკრაინის თემისაგან; უფრო მეტიც, გასული წლის მაისში. უნგრეთის პრემიერმა, დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უნგრელებისათვის ავტონომია მოითხოვა.

 

სამაგიეროდ, უნგრეთი იმ თითზე ჩამოსათვლელ ევროპულ სახელმწიფოთა შორის არის, რომელმაც პუტინის კეთილგანწყობა მოიპოვა.

 

როგორც ერთ - ერთი წამყვანი უნგრელი ანალიტიკოსი, პეტერ კრეკო ამბობს: "უნგრეთი ჯერ კიდევ დემოკრატიაა, თუმცა გაცილებით სუსტი, ვიდრე 5 წლის წინ!”

 

ერთ დროს, უნგრეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბერლინის კედლის დანგრევაში, როდესაც აღმოსავლეთ გერმანელებს იფარებდა/საზღვარს უხსნიდა, თუმცა დღეს, საკუთარ პოზიციებს თმობს, როგორც მისაბაძი დემოკრატიული მოდელი.

 

დემოკრატია, რუსეთთან მეგობრობის სანაცვლოდ - უნგრული გამბიტი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია