"გოსდეპო"- ფობია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-01-2015, 22:43 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 1532

ლადო ჩალათაშვილი

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაურკვეველი მდგომარეობიდან 90-იანების ბოლოს გამოვიდა და დაიწყო, უფრო სწორად კი გააგრძელა საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციები. ეს პროპგანდა, რომელიც აგერ უკვე 15 - 16 წელია აქტიურად მიმდინარეობს პოსტ - საბჭოთა სივრცეში წარმატებულად მოქმედებდა, ვიდრე წარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში «კომუნუნისტურ» კადრების სამჭედლოში გამოწრთობილი, ძველი კადრები მართავდნენ. საბჭოთა ობივატელის ყური მიჩვეული იყო ამერიკისა და დასვლელი კაპიტალისტების ლანძღვას. თუმცა, იგივე საბჭოთა ობივატელი «რკინის ფარდის» ჩამოხსნის შემდეგ გაოცებული დარჩა - ამორალური და არადაამიანური სამყარო, რომელიც კომუნისტური სამოთხის განადგურებას ცდილობდა, გაცილებით უფრო განვითარებული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. განვითარებული ყველა თვალსაზრისით - მორალურითაც, კულტურულითაც და ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც. დასავლელი ობივატელის საყოფაცხოვრებო პირობები და ყოველდღიური გარემო, საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის სადარი აღმოჩნდა და საბჭოელი, საკუთარი ცხოვრებით ვერც კი შეედრებოდა. მოკლედ 7- 8 წელი ყოფილ საბჭოელთათვის კულტურულ - ღირებულებითი შოკი იყო და შეშინებული ამ შოკით, თავდაპირველად ადვილად აჰყვა რუსული პროპაგანდის ანტიდასავლურ მტკიცებულებებს. შემდგომი წლების განმავლობაში კი რუსეთმა ვერ მოძებნა მტკიცებულება, რომ ჩაენაცვლებინა პროპაგანდის თემატიკა და იმდენად ჩაიციკლა ანტიდასავლურ და განსაკუთრებით ანტიამერიკული თემატიკით, რომ მისი დაჯერება შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაბამისად იქ სადაც მომძლავრებულ პუტინის სპეცსამსახურებს ხელი ვეღარ მიუწვდებოდათ გავლნა შემცირდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ დაიკარგა (მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები), აღნიშნული პროპაგანდის გავრცელების არეალი სულ უფრო მცირდებოდა და 2013 წელს უკრაინაში დაწყებული მოვლენები შემდეგი განვითარებით საუკეთესო მაგალითი გახდა ყველასთვის, განსაკუთრებით რუსეთის მოკავშირე ქვეყნებისთვის.

 

რუსული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ანტიდასავლურობა, უკრაინის კრიზისმა წარმოაჩინა როგორც - გოსდეპო-ფობია. რუსი პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ა.შ. ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ ყველაფერში რაც კი დედამიწაზე ხდება «Госдеп»-ის ხელი ურევია. ასეთი შეფასებები ისმოდა საქართველოს შემთხვევაში 2003 წელს, ასეთი შეფასებები ისმოდა, უკრაინაში პირველი მეიდანის დროს, ასეთი შეფასებები გაკეთდა 2013 წლის მეიდანის დროს და ზუსტად იგივე «მანტრა» გამოიყენეს სომხების მიმართ, რომლებიც გიუმრის ტრაგედიის შედეგად ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქციები გამართეს. რუს პოლიტ-«ტვინებს» არაფრით უნდათ იმის დაჯერება, რომ ერებს შესწევთ თვითორგანიზების უნარი (უკრაინაზე კარგი მაგალითი ალბათ არ არსებობს), ეს მათთვის წარმოუდგენელია და გარკვეულწილად ამას შიდა მოხმარებისათვის იყენებენ, რადგან მტრად შერაცხული «გოსდეპის» აჩრდილი დაიარება რუსი ობივატელისათვის ყველგან, სადაც კი ლაპარაკია ხალხის შეკრებაზე, ადმაიანის უფლებებსა და რაიმე სახის მოთხოვნებზე, რომელიც არსებული ხელისუფლების პოლიტიკაში არ ჯდება. 

 

რუსული «გოსდეპოფობია» და ამ ორიენტაციას აყოლილი ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, ალბათ ვერც კი ამჩნევს, რომ ყველგან და ყველაფერში «გოსდეპის» ძიება თავად რუსეთის იმიჯს აკნინებს და აი რატომ - მაგალითად ავიღოთ უკრაინა! ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რა დონით იყო კრემლის და მისი სპეცსამსახურების გავლენა უკრაინაზე იანუკოვიჩის ზეობისას. თუ იანუკოვიჩი «წამებული რაინდია» და არა ყაჩაღი, რომელმაც ქვეყანა გაძარცვა, რატომ ვერ მოახერხა რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი დაცვა «გოსდეპის» გავლენისგან? სად იყვნენ იმ დროს რუსული და რუსული ელფერის უკრაინული სპეცსამსახურები და რატომ ვერ შესძლეს, მათივე თქმით «გოსდეპის» მიზანმიმართული «ანტიუკრაინული» აქციების პრევენცია? ასეთივე შეკითხვა დამებადა სომხეთის შემთხვევაში, როდესაც გიუმრის ტრაგედიით გამოწვეული აღშფოთება და შედეგად მოყოლილი აქციები, რუსულმა მედიამ და პოლიტ - ტვინებმა კვალავ «გოსდეპს» მიაწერეს და რა თქმა უნდა, შეკრებილ ხალხშიც ადვილად ამოიცნეს «ჩაყვანილი» ხალხი! არგუმენტად კი ის მოიშველიეს, რომ მოვლენა მყისიერად აისახა დასავლეთ პრესაში, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსებისთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელია ინტერნეტის გავლენის მაშტაბი ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეზე და მიაჩნიათ რომ თუკი დასავლური პრესა რამე მოვლენაზე რეაგირებს, ეს აუცილებლად არის ნაკარნახევი «გოსდეპიდან», ხოლო გოსდეპს მიღებული აქვს თავისი აგენტურის მეშვეობით. დასკვნა - იქ «გოსდეპის» აგენტები ფუთფუთებენ!

 

მოკლედ რუსები სარკისებურად ასახავენ საკუთარ არგუმენტებში რუსულ პოლიტიკურ სისტემას, თუ როგორ ხდება ინფორმაციის მიწოდება, გავრცელება და ცენზურა. რა თქმა უნდა ის ერთადერთ უტყუარ და სწორ მეთოდად მიაჩნიათ. მათი ლოგისკისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია ის, რომ რომელიმე გამოცემის რედაქტორმა შეიძლება თავად გადაწყვიტოს რა გამოქვეყნის და რა არა!

 

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ რაც არ უნდა თქვან და ამტკიცონ რუსმა «ტვინებმა», რომ ერს არ შესწევს თვითორგანიზების უნარი და რომ ყველაფერში დამნაშავე «გოსდეპია», მაინც მოუწევთ ამ გამოცდილების მიღება და საკუთარ ტყავზე გადატანა იმისა, თუ რას ნიშნავს ერის თვითორგანიზება!

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია