ევროპა 2015

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-01-2015, 23:04 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 1705

ევროპა 2015გია ჯაფარიძე

ალექსი ჩხიკვაძე

 

წინა კვირას თბილისში მყოფმა ევროპული კავშირის სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა ერთ-ერთ შეხვედრაზე აუდიტორიას განუცხადა, რომ ევროპული კავშირი ასაკით იმაზე უფრო ხნიერია, ვიდრე ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობა და რომელიმე წევრ-სახელმწიფოში მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება ევროპული პროექტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

ძნელია არ დაეთანხმო ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის - ევროპის სახალხო პარტიის -წარმომადგენელს. ევროპული კავშირი ისტორიისთვის ახალგაზრდაა, მაგრამ ამავდროულად ზრდასრულია იმისთვის, რომ ცალკეულ წევრ-ქვეყნებში აღმოცენებული პოტენციური საფრთხეების ლოკალიზაცია მოახდინოს და ევროპული ექსპერიმენტისთვის პრობლემა არ შეიქმნას. ევროპული ინტეგრაციის ისტორია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ რეალური თუ მოჩვენებითი კრიზისებიდან ევროპა უფრო გაძლიერებული გამოდის.

 

კატასტროფოლოგია და ალარმიზმი პოლიტიკური პროცესების ანალიზისას ცუდი მეგობარია, ხშირად არც გადაჭარბებული ოპტიმიზმია პოლიტიკის კარგი ამხანაგი. ევროკომისრის დიპლომატიური პასუხი დამამშვიდებელია, მაგრამ არ ანეიტრალებს 2015 წელს ევროპული კავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საუბარი არაა, ევროპული კავშირის საგარეო გამოწვევებზე, მხედველობაშია ის პრობლემები, რომელიც გაერთიანების შიდა პროცესებიდან მომდინარეობს. ეს გამოწვევები საქართველოსთვის მრავალმხრივ საინტერესოა.

 

2015 წელი ევროპაში ტრაგიკულად დაიწყო. ახალი ტექნოლოგიების წყალობით მსოფლიო ლამის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს პარიზში მიმდინარე ტერორისტულ აქტს, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა. განგრძობითობიდან გამომდინარე პარიზის ტერაქტი არ ჰგავდა მადრიდის ან ლონდონის აფეთქებებს. საფრანგეთს მსგავსი შეტევა თავის ტერიტორიაზე დიდი ხანია არ ახსოვს, არც ევროპულ კავშირს ახსოვს, რომ მის წევრ-სახელმწიფოებს - ბელგიას და საფრანგეთს - ქალაქის ქუჩებში ჯარის დაყენება დასჭირვებოდეს ასიმეტრიულ საფრთხეებთან საბრძოლველად.

 

დღეს ძნელია იმის ზუსტად განჭვრეტა, თუ რა შედეგი ექნება პარიზის ამბებს ევროპული კავშირის პოლიტიკურ პროცესებზე  - გადარჩება მულტიკულტარალიზმის იდეა თუ მას წერტილი დაესვა 7 იანვარს პარიზში? დაუდებს კონკრეტულ გეოგრაფიულ თუ ღირებულებით საზღვრებს ევროპა თავად ევროპეიზმის იდეას? როგორ აისახება პარიზის ტერაქტი ევროპული კავშირის და ზოგიერთი მისი მეზობლის მომავალ ურთიერთობებზე, ევროპული კავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე? როგორ გაუმკლავდება ევროპული კავშირი კულტურული რელატივიზმის ქოლგის ქვეშ შუაგულ ევროპაში გაჩენილ ასიმეტრიულ საფრთხეებს?

 

რამდენიმე შესაძლო პროგნოზის გაკეთება უკვე შეიძლება. სავარაუდოდ გაიზრდება იმ პოლიტიკური ძალების პოპულარობა, და ეს საარჩევნო შედეგებშიც აისახება, რომლებიც რადიკალური ნაციონალიზმის დღის წესრიგით ხასიათდებიან. საქმე მხოლოდ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება არ არის, საემიგრაციო პოლიტიკა ამ შემთხვევაში მეორე რანგის პრობლემაა, ულტრა მემარჯვენე პარტიები, ალბათ, ევროპული კავშირის დღევანდელი სახით არსებობას, ზოგადად ევროპული პოლიტიკის სისწორეს, დააყენებენ ეჭვქვეშ.

 

სავარაუდოდ გადაიხედება ევროპული კავშირის სამეზობლო პოლიტიკა, კერძოდ, მისი სამხრეთ მედიტერანული განზომილება. ევროპული კავშირი ან უფრო მეტად იქნება ჩართული ევროპის სამხრეთ სამეზობლოში, ან მისი ყურადღება ამ მიმართულებით მოდუნდება. უფრო მოსალოდნელი პირველი ოპციაა, რასაც შეიძლება ირიბი გავლენა საქართველოზეც ჰქონდეს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სიმძიმის ცენტრის გადატანა მის მხოლოდ ერთ განზომილებაზე ალბათ არ იქნება საქართველოსთვის ყველაზე სასურველი განვითარება.

 

პარიზის ტერაქტის გარეშეც ევროპას საფიქრალი არ უნდა მოკლებოდა 2015 წელს. ევროპული კავშირის რამდენიმე წევრ-სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელთა შედეგებმაც შესაძლოა ახალი გამოწვევები დააყანოს ევროპის წინაშე. მთელ ევროპაში სახეზეა არა-სისტემური, ევრო-სკეპტიკური და რადიკალური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური მოძრაობების აღმავლობა.

 

იანვრის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია საბერძნეთში, რომელსაც დიდი ალბათობით მოიგებს „რადიკალურ მემარცხენეთა ალიანსი“, მაგრამ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მისი ლიდერი, ალექსის ციპრასი, დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით, ციპრასსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრს, სამარასს, შორის სხვაობა მცირდება, ნაკლებად სავარაუდოა, რადიკალმა მემარცხენეებმა პირველობა დაკარგონ. მთავრობის ჩამოყალიბება დიდწილად იქნება დამოკიდებული საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ერთად აღებულ პროცენტზე. რაც უფრო დიდი იქნება ეს პროცენტი, მით მეტი შანსი აქვს ალექსის ციპრასს, ჩამოაყალიბოს მთავრობა. თუმცა, ციპრასის და საბერძნეთის პრობლემები ამით არ დამთავრდება, საბერძნეთის პარლამენტს რესპუბლიკის პრეზიდენტი ეყოლება ასარჩევი. წინა მოწვევის პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის სამი ჩავარდნილი მცდელობა გახდა სწორედ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ალექსის ციპრასს ხელს აძლევს პოლიტიკურ ძალთა დაქსაქსულობა პარლამენტის გარეთ დარჩენილ პარტიებში და რამდენიმე დაბალი რეიტინგის პარტიის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში, რაც მისთვის პოლიტიკური ვაჭრობის სივრცეს გაზრდიდა. საბერძნეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარი პერმანენტული საარჩევნო პროცესი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მთავრობის ჩამოყალიბების შეუძლებლობაა.

 

რთული სათქმელია, რა უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ევროპული კავშირისთვის - მთავრობის არ არსებობა საბერძნეთში თუ ალექსის ციპრასის გაპრემიერმინისტრების შემდეგ მაღალი ალბათობით საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება, რასაც პოლიტიკოსთა და პოლიტიკის შემფასებელთა დიდი ნაწილი წინასწარმეტყველებს. ე.წ. Grexit-ის შედეგების მოცემულ მომენტში განჭვრეტა რთულია. გერმანიის კანცლერის დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, ვერავინ იტყვის დაზუსტებით, თუ რა გავლენა ექნება Grexit-ს, ერთი მხრივ, ევროზონაზე, და მეორე მხრივ, იმ წევრ-სახელმწიფოებში  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ფინანსურ კრიზისში არიან, ან ფინანსური დახმარების მემორანდუმით გათვალისწინებულ ეკონომიკური სიმკაცრის პროგრამას ახორციელებენ. თავად ალექსის ციპრასი კატეგორიულად გამორიცხავს საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვბას. შედგება თუ არა Grexit, საბერძნეთის პეიზაჟი მაინც ნისლში რჩება - ევროპულმა კავშირმა საბერძნეთის ფინანსური კრიზისის რეცეპტი უნდა იპოვოს.

 

დეკემბრის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებია ესპანეთში, სადაც ასევე ფინანსური კრიზისია და უმუშევრობა თითქმის 30%-ს აღწევს. მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი, პარიზის მშვიდობის მარშში მონაწილეობის შემდეგ ათენს ესტუმრა. თუ აქამდე რახოი თავს არიდებდა ესპანეთის პრობლემების რაიმე სახით საბერძნეთის პრობლემებთან ასოცირებას, მოახლოებულ არჩევნებთან ერთად, როგორც ჩანს, ფსონი და პოტენციური საფრთხეები გაზრდილია. რახოი ათენში სამარასის მხარდასაჭერად ჩავიდა. ესპანეთის პოლიტიკურ სივრცეს არა-სისტემური რადიკალური მემარცხენე მოძრაობა „Podemos“ არყევს. ეკონომიკური სიმკაცრის საწინააღმდეგო და ანტი-კაპიტალისტური დღის წესრიგის მქონე მოძრაობა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში პირველ პოზიციებს იკავებს. „Podemos“-ის ლიდერი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ხელოვნების დოქტორი, ტელეწამყვანი პაბლო იგლესიასი, რომლის პოპულარობა დღითი დღე იზრდება, ასევე ესტუმრა ათენს, რასაკვირველია, ალექსის ციპრასის მხარდასაჭერად. ორი ახალგაზრდა პოლიტიკოსი საერთო მიზნებზე, ხედვებზე და ბრძოლაზე შეთანხმდა. იბერიიდან ბალკანეთამდე არც ისე შორია, მაგრამ ციპრასი-იგლესიასის სიახლოვის ნახვა ალბათ ცუდ სიზმარში არ სურთ ბერლინსა და ბრიუსელში.

 

კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე დიდ ბრიტანეთში გაიმართება. სამთავრობო კოალიციის უმცროს პარტნიორს, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას, წინა არჩევნების შედეგის გამეორება გაუჭირდება. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ედ მილიბანდი, არამარტო ევროპულ, არამედ ბრიტანულ პოლიტიკურ სცენაზეც კი მკრთალ ფერებში ან თითქმის არ ჩანს. ევროპული კავშირის ბოლო საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული ბრიტანეთში ნაიჯელ ფარაჯის გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია(Ukip) იყო, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებში კვლავ მაღალ პოზიციას იკავებს. Ukip-ის რადიკალური მემარჯვენე და ანტი-ევროპული დღის წესრიგი აშინებს ბრიუსელს, მაგრამ საქართველოსთვის კიდევ უფრო სახიფათო ფარაჯის ვლადიმირ პუტინთან ფლირტია. მზარდი ევროსკეპტიციზმის ფონზე კონსერვატორ პრემიერ-მინისტრ დეივიდ კამერონს პოლიტიკის კორექცია მოუწევს. სავარაუდოდ ის იძულებული გახდება კონსერვატორთა პოზიცია Ukip-ის პოზიციებს დაუახლოვოს, რომ პარტიის იმ ტრადიციულ ამომრჩეველთა ხმები დაიბრუნოს, რომლებიც Ukip-ის მხარეს აღმოჩნდნენ. უკვე ცნობილია, რომ გაერთიანებულ სამეფოში 2017 წელს დიდი ბრიტანეთის ევროპულ კავშირში ყოფნაზე რეფერენდუმი გაიმართება. დიდი ბრიტანეთის გარეშე ევროპული კავშირის წარმოდგენა უცნაურია, მაგრამ წევრი-სახელმწიფოს მიერ კავშირის დატოვების პრეცენდენტის შექმნა ბევრად უფრო სახიფათო ფაქტს წარმოადგენს.

 

შემოდგომაზე არჩევნებია პოლონეთშიც, სადაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მემარჯვენე იაროსლავ კაჩინსკის აქვს. კაჩინსკი საქართველოს მეგობარია და მისი არჩევა მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ინტერესების წახალისებას ევროპულ კავშირში. მაგრამ „Prawo i Sprawiedliwość“ პარტიის გამარჯვება თავისტკივილია ბრიუსელისთვის და განსაკუთრებით ბერლინისთვის. ძმები კაჩინსკების ევროპული იდეალები, მათი ევროპული კავშირი განსხვავდება კანცლერ მერკელის ან თუნდაც დონალდ ტუსკის ევროპისგან. წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ იაროსლავ კაჩინსკის თანამშრომლობა სხვა ევროპელ ლიდერებთან პრობლემური იყო, ტყუპებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დამაბრკოლებლადაც კი რაცხავდნენ. უთანხმოების დეტალების განხილვა სტატიის ფარგლებს სცდება, მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ კაჩინსკის ევროპულ პოლიტიკაში არსებობა გარკვეულწილად ევროპაში მორალის პოლიტიკის დაბრუნებას ნიშნავს, რის დეფიციტზეც ევროპული გაერთიანების მოქალაექები ასე აშკარად მიუთითებენ.

 

2015 წელი შეიძლება ბევრი რამის მიმანიშნებელი აღმოჩნდეს ევროპულ კავშირისთვის, რაც ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია