ცხინვალის რეგიონის სამართლებრივი ანექსია გადამწყვეტ ფაზაში შედის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-01-2015, 09:52 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 3478

კოტე იოსელიანი

 

აფხაზეთის იურიდიული ანექსიის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მიერთების მეორე რაუნდის განხორციელებას შეუდგა. ამ ეტაპზე, რუსეთი სრული დატვირთვით შეუდგა ცხინავლის რეგიონის სამართლებრივი ანექსიის პროცედურების დასრულებას. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება თვალს ხუჭავს მიმდინარე პროცესებზე, რაც მტერს უადვილებს მზაკვრული ჩანაფიქრის აღსრულებას.

 

გასულ კვირას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის მარიონეტულმა მთავრობამ გაასაჯაროვა რუსეთთან “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების” პროექტის ოფიციალური ვერსია. აღნიშნული შეთანხმების პროექტი პირველადი ვერსიისაგან ხარისხობრივად განსხვავებულია. პირველად ვერსიაში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მარიონეტული რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების სრულ ინტეგრაციაზე რუსეთის ფედერაციაში, ხოლო, ახალი პროექტი არ ითვალისწინებს სამართალდამცავი, ძალოვანი და საბაჟო სტრუქტურების საყოველთაო გაუქმებას. მარიონეტული რეჟიმის საპარლამენტო უმრავლესობა პროექტში შეტანილი ცვლილებებით უკმაყოფილოა და მოითხოვს პროექტის პირველადი ვერიის მიღებას.

 

ახალი შეთანხმების პროექტის პრეზენტაცია დაევალა მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრს, პარტია “ახალი ოსეთის” ლიდერს დავიდ სანაკოევს. მან ამ დოკუმენტს უწოდა “საბედისწრო” და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის გასაჯაროებით მოსახლეობაში არსებული დაძაბულობა ჩაქრება. როგორც სანაკოევმა თქვა, თავიდანვე, როდესაც დაიწო დოკუმენტის შემუშავების პროცესი, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ეს საკითხი ხელოვნურად გახდა პოლიტიზირებული. სანაკოევის თქმით 2014 წლის ბოლოსთვის, პრესაში და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ამ შეთანხმების მრავალი ყალბი ვერსია, რომლის შინაარსმაც მოსახლეობა გააღიზიანა. სანაკოევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საგანი, არის მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმების ის ვერსია, რომლის პრეზენტაციაც ჩატარდა მ/წლის იანვარში.

 

სანაკოევის მიერ წარმოდგენილი პროექტის ოფიციალურ ვერსიაში  წერია, რომ რუსეთი და “სამხრეთ ოსეთი” -  “ჩამოაყალიბებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურს”, კერძოდ, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში, შეიქმნება რეგიონალური გაერთიანებული სამხედრო ქვედანაყოფი”. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ პერიოდში მიმდინარეობს “სამხრეთ ოსეთის” არმიის ერთობლივი მოდერნიზაცია, რათა მხარეებს შორის “შედგეს ოპერატიული (ტაქტიკური) ურთიერთ თავსებადობა”. პროექტში ასევე წერია, რომ “სამხრეთ ოსეთის” არმიის სწავლება, შეიარაღება, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა განხორციელდება რუსული სტანდარტებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული გაერთიანებული ქვედანაყოფის მოქმედებებზე, შეთანხმებული იქნება სამხრეთ ოსეთის შეიარაღებლი ძლების მთავარსარდალთან.

 

ეს არის ოფიციალური ვერსიის ძირითადი განსხვავება პირველად პროექტთან შედარებით, სადაც საუბარი იყო “სამხრეთ ოსეთის” ძალოვანი სტრუქტურების სრულ გაუქმებაზე და რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადასვლაზე. საბოლოო ვერსია სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელეს, ბოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის “ერთიანი ოსეთის” წევრებმა (34 ადგილიან პარლამენტში იკავებს 20 ადგილს). ეს პარტია დაჟინებით მოითხოვს, რომ სამხრეთ ოსეთი უნდა გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი. პარტიის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ნაბიჯი დააჩქარებს მარიონეტული რეჟიმის სტრუქტურების სრულ ინტეგრაციას რუსულ ანალოგიურ სტრუქტურებში. შეთანხმების პირველადი ვერსიის მიხედვით, “სამხრეთ ოსეთს” უნდა გადეცა უფლებამოსილება რუსეთის ფედერაციისათვის, რათა ამ უკანასკნელს განეხორციელებინა თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამაში იგულისხმება სახელმწიფო საზღვრის დაცვა, საბაჟო კონტროლი და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების ინტეგრაცია განხორციელდებოდა ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელის ხელმოწერაც უნდა შემდგარიყო ძირითადი დოკუმენტის ხელმოწერიდან ექვსი თვის განმავლობაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების” პირველადი ვერსია შეიცვალა შედარებით შერბილებული პროექტით, აღნიშნულ ვერსიას ცხინვალში მაინც გამოუჩნდნენ მცირერიცხოვანი მოწინააღმდეგეები. კერძოდ, ადგილობრივი მედიაცენტრის "Ир" ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა და “ეროვნული” პარტიის დეპუტატი ამირან დიაკონოვი ამბობენ, რომ “დოკუმენტი ატარებს ანტიკონსტიტუციურ ხასიათს”. მათი განცხადებით, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების რუსული სტრუქტურებისთვის დაქვემდებარება ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 1 თვის მე-10 მუხლს. გაგლოევას თქმით ამ დოკუმენტმა საზოგადოებაში ბევრი კითხვა წარმოშვა. გაგლოევამ ასევე თქვა, რომ გაუგებარია თუ, რატომ გამოჩნდა დოკუმენტის ტექსტი სოციალურ ქსელებში, იმის ნაცვლად, რომ პროექტი დაედოთ მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდზე. მისთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება დოკუმენტის სრულფასოვანი განხილვა. გაგლოევას თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბარია არა სტრატეგიულად მნიშვნეოლოვან დოკუმენტზე, არამედ საქმე ეხება ზედაპირულ იურიდიულ ფორმალობას.

 

როგორც დიაკონოვმა თქვა, საინტერესოა თუ რატომ ცდილობს პარტია “ერთიანი ოსეთი” აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერას საჯარო განხილვის გარეშე. იმის გამო რომ წარმოდგენილი პროექტი ანტიკონსტიტუციურია, ის შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში და ამ შეთანხმების კანონიერება საეჭვო გახდება. ამას გარდა, პროექტის სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ პროექტის ლობისტები, მათ მოწინააღმდეგეებს, უპირობოდ, მტრების სიაში ათავსებენ. დიაკონოვის თქმით “სამხრეთ ოსეთში” რუსეთთან ინტეგრაციას არ ყავს მოწინააღმდეგეები, მიუხედავად ამისა საჭიროა ამ პროექტის საჯარო განხილვა და კანონიერი პროცესის უზრუნველყოფა.

 

ერთ - ერთი ადგილობრივი ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების გაუქმებას ადგილობრივი მოსახლეობა არ მიესალმება. მისი თქმით “ჩვენ არა ერთი ომი გადავიტანეთ და უაღესად რთული იქნება, უანგაროდ, ჩვენი არმიის სხვისთვის გადაცემა. სამხრეთ ოსეთმა უნდა დაიტოვოს იმის უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოიყენოს შეიარაღებული ძალები”.

 

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოფიციალური პროექტი “სამხრეთ ოსეთს” უტოვებს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის უფლებას. “რესპუბლიკას” ასევე დარჩება სამართალდამცავი და საბაჟო სტრუქტურები, რომლებიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას რუსულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად. პროექტის მიხედვით რუსული მხარე გააკონტროლებს “სამხრეთ ოსეთის” სახელმწიფო საზღვრებსაც. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება “რესპუბლიკას” უზღუდავს სუვერენიტეტს, თუმცა მათივე განცხადებით “თუკი ეს შეთანხმება არის აუცილებლად განსახორციელებელი, მაშინ ღირს გარკვეულ დათმობებზე წასვლა”.

 

აღნიშნული შეთანხმების გამო გამოწვეული აჟიოტაჟი პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ რუსეთი ცდილობს სრულად გააკონტროლოს საქართველოსა და “სამხრეთ ოსეთის” საზღვარი. 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა აფხაზეთის სახალხო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნატოს შესაძლო გაფართოება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით, რუსეთისთვის წარმოშობს ახალ საფრთხეებს, რაზეც აუცილებელია სათანადო რეაგირება.

 

ადგილობრივი პოლიტოლოგი, დინა ალბოროვა მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოს მიერ წარდგენილი პროექტი გაცილებით უკეთესია იმ ვერსიაზე, რომელსაც ავრცელებდა პარლამენტი. ალბოროვას თქმით, ეს პროექტიც ბადებს შეკითხვებს, თუმცა ამ პროექტში წარმოდგენილი დეტალები იძლევა შემდგომი განვითარების საშუალებას. კერძოდ, პროექტში მოცემული ისეთი სიტყვები როგორებიცაა ურთიერთქმედება, სტრატეგიული თანამშრომლობა და ინტეგრაცია ხსნის მხარეებს შორის  თანამშრომლობის პერსპექტივას, რის საშუალებასაც არ იძლეოდა პირველადი ვერსია. პირველად ვერსიაში მთელი უფლებამოსილება გადადიოდა რუსეთის ხელში, ხოლო, “რესპუბლიკა” ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ალბოროვას თქმით, ეს კონფიგურაცია, საკამოდ ბევრ კითხვას ბადებდა.

 

პარლამენტში აღნიშნავენ, რომ სამთავრობო პროექტი არის მხოლოდ ის ქვაკუთხედი, რის საფუძველზეც უნდა მომზადდეს ძირითადი დოკუმენტი. პარტია “ერთიანი ოსეთის” ლიდერის ანატოლი ბიბილოვის თქმით, ძირითადი დოკუმენტი მზად იქნება მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი შეთანხმდებიან სასურველ ტექსტზე. ბიბილოვმა ასევე თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გახდეს დაპირისპირების საგანი ის ტექსტი, რომელზეც ჯერ არ გამართულა კონსულტაციები და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების მიღება არის აუცილებელი, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ოცნებობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე. ბიბილოვის ფრაქციამ “ერთიანი ოსეთი”, გაავრცელა განცხადება, რომ სახელისუფლებო პროექტის რატიფიცირება ამ ეტაპზე არ განხორციელდება.

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საკითხს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კურირებს, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. მიმდინარე პერიოდში შეთანხმების გაფორმების თარიღი არ არის დაზუსტებული, თუმცა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს, ცხინვალში ყოფნისას სურკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება უნდა გაფორმდეს 2015 წლის იანვრის ბოლოს.

 

რუსული წყაროს მიხედვით შეთანხმების პირველი ვერსია გაცილებით მიმზიდველია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, რადგან ფინანსური თვალსაზრისით, პირველად ვერსიაში უფრო მეტი ფინანსური რესურსებია გათვალისწინებული. კერძოდ, ამ ვერსიის მიხედვით “სამხრეთ ოსეთის” ძალოვნების, სახელმწიფო მოხელეებისა და პენსიონერების ანაზღაურება,  ასვე სოციალური ლგოტები და დახმარება გაუთანაბრდება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში არსებულ დაფინანსებას. ამ ვერსიის მიხედვით რუსეთი ასევე განახორციელებს რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების დეფაქტო უზრუნველყოფას. 

 

სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა საერთოდ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიბლოკოს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება. მაშინ, როდესაც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები დაობენ შეთანხმების ტექსტის პროექტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არსებობს საბოლოო ტექსტის შეთანხმებამდე დროის გაჭიანურების საშუალება, რუსი ოლიგარქის დაქვემდებარებაში მყოფი მთავრობა ამ საკითხის განხილვას მთავრობის სხდომაზეც კი არ გეგმავს. იმის ნაცვლად რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ატეხოს განგაში, დაიწყოს ინტენსიური კონსულტაციები პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა ერთობლივი ძალებით განხორციელდეს რუსეთზე ზეწოლა და დაიბლოკოს “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების” გაფორმება, საგარეო უწყება კოლაბორაციონიზმის რეჟიმზეა გადართული და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უსადაგებს რუსი ოლიგარქის პირად პრიორიტეტებს. ამის დასტურია ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საელჩოებს “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ პირველ 100 დღეში მიღწეული წარმატებების ადგილსამყოფელ ქვეყნებში პოპულარიზაციისა და მსგავსი უმეცარი დავალებების გარდა, სხვა არსებითად საქმიანი ინსტრუქცია არ მიუღიათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციები უკიდურესად შევიწროებულია, რაც ცალსახად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისგებლობაა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის მორიგი კრახი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული ქაოსის გამო, რაც შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც, კოლაბორაციონიზმის, მავნებლობისა და უუნარობის იდეალური ნაზავი.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია