ჩვენი დროის გმირები: "ვარიაგები" VS "ჟულიკები"

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-01-2015, 22:22 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 4876

ჩვენი დროის გმირები: "ვარიაგები" VS "ჟულიკები"ზურაბ კვაჭაძე

 

            ბოლო პერიოდში მიმდინარე დრამატულმა მოვლენებმა და რკინის ფარდის დაშვებამ, რასაც უკრაინაში რუსულმა აგრესიამ მისცა დასაბამი, ჩვენი დროის ახალი გმირები (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) შვა. მაგალითად, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთს "ხ**ლო" მართავს და ისიც იცის, რომ მისი მიმდევრები "ვატნიკები" არიან.  დონბასმა რომ ლამის უწინდელი რიხიანი სახელი დაკარგა და სეპარატისტების გამოისობით ახლა უფრო "ლუგანდონიად", ხანდახან კი "დონბურასადაც"  კი იწოდება, არც ეგაა ახალი. ერთ დროს ულამაზეს და უთანამედროვეს დონეცკის  აეროპორტს უკვე ლეგენდად ქცეულნი  "კიბორგები" იცავენ, რომელთა უმაგალითო წინააღმდეგობასაც უკვე ემსხვერპლა ასობით და ათასობით დონბურასელი და ლუგანდონიელი თუ რუსი ტერორისტი. ბოლოს კი ისიც გავიგეთ, რომ უკრაინის უფსკრულიდან ამოყვანას "ვარიაგი" მინისტრები ცდილობენ, ხოლო საქართველოს კი... საქართველოს "ჟულიკები" მართავენ. ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნია ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტსა და ბლოგერს  დმიტრი გნაპს: "... შეხედეთ, სადაა ახლა საქართველო, ხალხი, ვინც გაატარა რეფორმები, დღეს დევნაშია, ქვეყანას კი მართავენ "ჟულიკები", რომელთა ხელისუფლებაში მოსვლასაც რუსეთმა დაუჭირა მხარი. კი, მათ (ყოფილი ხელისუფლება) გაატარეს რეფორმები, მაგრამ ხალხმა ხმა მისცა პოპულისტებს და არამზადებს" - აცხადებს დმიტრი გნაპი თავის ინტერვიუში, გამოქვეყნებულს ამ ორიოდ კვირის წინ უკრაინულ მედიაში.

 

            საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელების გავლება ბოლო დროის ერთგვარ ტრენდადაც იქცა, განსაკუთრებით ეს რუსეთის აგრესიის შემდეგ დაიწყო, იმ აგრესიისა, რომლის შესახებაც მსოფლიოს არაერთხელ აფრთხილებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა შედარებები უფრო ხშირად ხდება ზოგადად რეფორმების, კონკრეტულად კი რეფორმატორების კუთხით: "ცუდია, რომ არ გვყავს ჩვენი სააკაშვილი, - წერს დმიტრი გნაპი, - სამწუხაროდ უახლოეს დროში არც გვეყოლება კაცი, რომელიც ქვეყანას თმებში ჩაავლებს და რეფორმების გზაზე დააყენებს. თუმცა კარგია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენი საზოგადოება უფრო მეტად მოტივირებულია და მომწიფებული, ვიდრე თავად ხელისუფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წარსულში აღარ დავბრუნდებით, ანუ არ მოხდება ის, რაც ახლა საქართველოში ხდება. ქართველებთან წარსულში დაბრუნება კი  იმიტომ მოხდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო პროგრესული აღმოჩნდა, ვიდრე თავად ქართული საზოგადოება. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა - საზოგადოებას სურს რეფორმები და ცდილობს "დაქოქოს" ხელისუფლება..." - აი ასე მარტივად და გასაგები ენით "ჩააანალიზა"  უკრაინელმა ბლოგერმა ზოგადად ქართული რეალიები, რასაც რთულია, რომ არ დაეთანხმო.

 

            ამ ინტერვიუმდე სულ რაღაც 2,5 წლის წინ კი სრულიად საპირისპირო სურათი იყო - ქართულ რეფორმებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე, მისგან ცდილობდნენ მაგალითის აღებას, ჩამოდიოდნენ ათასობით უცხოელი საჯარო მოხელეები გამოცდილების შეძენის მიზნით და ა. შ...  სხვაზე რა ვთქვათ, როდესაც მეგობარ უკრაინაშიც კი საკმაოდ ხშირად შურიც კი მიგვრძნია იუსტიციის სახლების, მოდერნიზებული პოლიციის, დამარცხებული  კორუფციის, კრიმინალებთან ბრძოლისა და ბევრი სხვათა გამო.

 

            2,5 წლის შემდეგ კი საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე ქება-დიდებას უცხოური მედიიდან თუ ვიგებთ (მადლობა მათ, რომ სიმართლეს ბოლომდე ამბობენ, და არა "ნახ-ნახევრად").  ფაქტია, რომ ამ კუთხით წინსვლა შეჩერებულია და თუ ვმოძრაობთ, ისიც ინერციით, და ისიც (ვაღიაროთ!) "9 წლიანი რეჟიმის" დანატოვარის წყალობით. კაცმა რომ თქვას, რომელ რეფორმებზეა საუბარი, თუკი საქართველოში რეფორმების გამტარებელი კაცი აღარ დარჩა - ნაწილი ჩასვეს, ნაწილსაც კი ჩასასმელად დასდევენ (ცოტა სასაცილოდ, "კაზაკი-რაზბოინიკურად", მაგრამ მაინც დასდევენ). ის ნაწილი კი, რომელიც ჩასმას გადაურჩა  (ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ საქართველოში ვინმეს ყელში არ გაეჩხირება), სამშობლოს აღარ სჭირდება.

 

            რეფორმები გაჩერდა, მსოფლიოც ჩვენზე აღარ ლაპარაკობს (რომელ მეზობელს უხარია ეს - ალბათ მიხვდებით), თურაშაულის პატრონი საქართველოს პრემიერი კი  საქვეყნოდ აცხადებს, რომ "სანთლით ეძებს" პროფესიონალ კადრებს, თუმცა ჯერ მხოლოდ პანტის პოვნას თუ ახერხებს, ისიც გაჭირვებით. მცირერიცხოვანი, მაგრამ  ეფექტურად ქმედუნარიანი, თანამედროვე და ერუდირებული მოხელეებით დაკომპლექტებული სახელმწიფო სამსახურის ის მოდელი და შემადგენლობა, რომელიც "9  წლიანმა რეჟიმმა" შექმნა და გადააბარა ახალ ხელისუფლებას, დღეს ჩამოშლის პირასაა პროფესიონალთა გადინების, ნეპოტიზმისა თუ სხვა სუბიექტური მიზეზების გამო. შედეგებიც სახეზეა - უკრაინელი დიმიტრი გნაპიც კი ხვდება, რომ საქართველო წარსულში დაბრუნდა.

 

            საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის სახელმწიფო სამსახურის სისტემას კი (ანუ "გოსაპარატი"), - რომელიც საბჭოთა ნომენკლატურის მიერ შეიქმნა 90-იანების გარიჟრაჟზე ლეონიდ კრავჩუკის პრეზიდენტობისას, განვითარდა ლეონიდ კუჩმას მიერ, ხოლო ძლევამოსილებას კი მიაღწია ვიქტორ იანუკოვიჩისას, - არ განუცდია რამე სახის  რეფორმა და თავისი არსით, რამოდენიმე ოლიგარქიურ/პოლიტიკური ოჯახისა და საჯარო მოხელეთა 380 ათასიანი არმიით, იქცა იმ მონსტრად, რომელიც მძლავრი საპრეზიდენტო მმართველობის მთავარი ადმინისტრაციული ინსტრუმენტი გახდა.

 

            რეალურად სწორედ ეს "სისტემა" ირჩევდა უკრაინის ხელისუფალს და არა ხალხი (იუშენკო და პოროშენკო გამონაკლისია - ორივე რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში), უფრო სწორედ "სისტემა" უზრუნველყოფდა სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვებას ნებისმიერ არჩევნებზე. "სისტემამ" წლების განმავლობაში დაამკვიდრა თავისი წესები და პოლიტიკური კულტურა, სისტემაზე მორგებული კანონმდებლობა და ასევე მასზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა. შესაბამისად უკრაინამ მიიღო საზოგადოების ახალი კლასი ჩინოვნიკთა სახით, რომელთაც გააჩნდათ ყველაფერი  - პრივილეგიები (მანქანები, ბინები, უფასო დასვენება/რეაბილიტაცია და ასე შემდეგ), იმუნიტეტი კანონმდებლობასთან, "პალაჟენიე" საზოგადოებაში, გარანტირებული კორუფციული შემოსავლის წყარო და ასე შემდეგ. ამასთან, რაც უფრო მეტად იზრდება ჩინოვნიკის რანგი, მით უფრო მეტია მისი მოთხოვნილებებიც (ბუნებრივია, კორუფციულიც). შესაბამისად უკრაინაში საჯარო სამსახურში მუშაობა, მცირე გამონაკლისების გარდა,  მიმზიდველი იყო პირველ ყოვლისა სწორედ "ლევი" შემოსავლის გამო. ამ "დალაგებულ" სისტემაში, ყველა დროსა და ყველა პრეზიდენტისას,  გადანაწილებული იყო როგორც გავლენის ("დაკრიშვის") სფეროები, ისე კორუფციული გარიგებებისა და "ოტკატების" მთელი ვერტიკალი, შესაბამისად დაცული იყო როგორც ქრთამის ამღები, ისე მისი მიმცემი. რამდენად კორუმპირებული იყო უკრაინა, მეტი  თვალსაჩინოებისათვის ერთ ამბავს მოგიყვებით, ჩემს მიერ მოსმენილს უკრაინის ერთ-ერთი ყოფილი ძალოვანი მინისტრის პირადი საუბრიდან: მისი მონაყოლით, იანუკოვიჩის ოჯახს სახელმწიფო აპარატისათვის "შეწერილი" ჰქონდა ყოველწლიური გეგმა 5 მილიარდი დოლარის ნაღდი ფულის სახით, ამასთან ყველაზე მსხვილი "შემომტანები" იყვნენ საგადასახადო და საბაჟო სამსახურები (თითო-თითო მილიარდი დოლარი), ხოლო შემდეგ კი შსს და პროკურატურა (ორივე ერთად 1,5 მილიარდი) და ა. შ. ალბათ მიხვდით, აქ საუბარი ეხება არა სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ "ოჯახის" პირად სალაროს.  და იმისაც მიხვდებით, რომ ამ თანხების ამოღება ხდებოდა მასებიდან - ქრთამების, გამოძალვებისა და "ოტკატების" მეშვეობით. მე მხოლოდ მოსმენილი გაგანდეთ, შესაძლოა, ციფრები არც იყოს სწორი,  თუმცა სიმართლისაგან რომ არ არის შორს ეს ამბავი, დღეს ამაში ყველა დარწმუნებულია - იანუკოვიჩის "ოჯახი" და მის ხელში არსებული ადმინრესურსები "სისტემის" სახით დაუფარავად ატერორებდა ხალხს და კერძო ბიზნესს (განსაკუთრებით წარმატებულ სისტემურ ბიზნესს).  

  

            აი ასეთი მემკვიდრეობა ერგო იუშენკოსა და იანუკოვიჩის დროის ყოფილ მინისტრსა და ოლიგარქს, მეორე "მაიდნამდე" ოპოზიციაში გადასულს და შემდგომში რევოლუციით ხელისუფლებაში მოსულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. მავანისათვის ამგვარი "გოსაპარატი" შესაძლოა სრული და კომფორტული საპრეზიდენტო კადენციის გარანტი ყოფილიყო, მაგრამ პოროშენკოს, რომელსაც "მაიდანმა" და, ზოგადად ხალხმა, რეფორმების ჩატარების მკაფიო, უალტერნატივო ამოცანა დაუსახა, კარგად ესმის, რომ რეფორმების ჩატარება სწორედ ამ "სისტემის" ნგრევით უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორმაიდანგამოვლილ სახელმწიფოში მესამე მაიდანიც მოხდება და პოროშენკოსაც ისტორიის სანაგვეზე მოისვრიან.

 

            პოროშენკომ ისიც კარგად იცის, რომ თუკი იგი არ დაასწრებს "სისტემას", ეს უკანასკნელი თავად შეეცდება გაანეიტრალოს პრეზიდენტი. ოლიგარქიულ/კლანური  სახელმწიფოსათვის, სადაც ქვეყნის მშპ მხოლოდ 8790 აშშ დოლარია ერთ სულ მოსახლეზე, მაშინ, როცა ქვეყნის უმდიდრესი ბიზნესმენების პირველი ოცეული ჯამურად ფლობს 55 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ქონებას, სხვა რამ არც არის მოსალოდნელი (შედარებისათვის: პოლონეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 23 230 აშშ დოლარს, როცა ქვეყანაში ოფიციალურად სულ 4 მილიარდერი იყო).

 

            საბჭოური "გოსაპარატის" დანგრევაში, ახალი ფორმაციის შექმნასა და ეფექტური რეფორმების ჩატარებისათვის, პეტრო პოროშენკოს თანამოაზრეებად გამოადგებოდა ამ "სისტემისგან" შორს მყოფი ხალხი - როგორც გეოგრაფიულად, ისე მენტალურად. სწორედ  ქართული რეფორმების წარმატებამ და მისმა საერთაშორისო აღიარებამ - ერთის მხრივ, ხოლო  კორუფციაში ჩაძირულმა საკუთარმა სამშობლომ - მეორეს მხრივ, პოროშენკოს ხელისუფლებას უბიძგა გადაედგა უკრაინული მენტალობისა და რეალობისათვის აქამდე დაუჯერებელი, ამასთან ძალზედ სარისკო ნაბიჯი - საკუთარ მთავრობაში მინისტრების რანგში მოეწვია გამოცდილი და წარმატებული უცხოელი  მენეჯერები, ანუ "ვარიაგები", როგორც მათ უკრაინაში შეარქვეს პირველსავე დღეებში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით, ორმა უმსხვილესმა  ჰედჰანტინგურმა კომპანიამ (რაც ძალზედ საინტერესოა, ერთ-ერთი მათგანი რუსული კომპანია იყო) 1,25 მლნ გრივნის საფასურად, დაიწყო მოუსყიდავი რეფორმატორების ძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველად სიაში მოხვდა 2 ასეული კაცი, მისი გაცხრილვის შემდგომ კი სიაში სულ 24 კაცი დარჩა.  საბოლოოდ კი შეირჩა სამი უცხოელი: ამერიკელი ნატალია იარესკო, ლიტველი აივარას აბრომავიჩუსი და ქართველი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომლებიც ვერხოვნა რადამ, პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, დაამტკიცა შესაბამისად: ფინანსთა, ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარებისა და ჯანდაცვის მინისტრებად (სამწუხაროდ, უეცარი გარდაცვალების გამო, ამ სიას გამოაკლდა კახა ბენდუქიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრად უნდა დანიშნულიყო).

 

            ამ სამთაგან პირველ ორს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნდათ, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ნ. იარესკო ითვლება მთავარ საკვანძო ფიგურად "ვარიაგებს" შორის და მოიაზრება ე. წ. "დასავლეთის მაყურებლად", რათა არ მოხდეს საზღვარგარეთიდან წამოსული დიდძალი დახმარებებისა და გრანტების მიტაცება. აივარას აბრომავიჩუსი (მეუღლე უკრაინის მოქალაქეა) კი ითვლება კომერციულ სფეროში ფინანსების მენეჯმენტის დიდ მცოდნედ, ამასთან კარგად ერკვევა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკაში და, განსაკუთრებით, უკრაინის რეალიებში. "ვარიაგმა" მინისტრებმა უკვე დაიწყეს თავისი მოღვაწეობა, ქმნიან თავის გუნდებს და სისტემის მოდერნიზების დაწყებასთან  ერთად, უახლოეს ხანში აპირებენ წარუდგინონ ვერხოვნა რადას 16 რეფორმატორული კანონპროექტი, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს 500 მილიონი დოლარის სესხი მსოფლიოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან.

 

            "ვარიაგების" დანიშვნიდან სულ მცირე ხანში მათ რიგებს ჯერ ეკა ზღულაძე შეუერთდა, რომელმაც შს-ს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ჩაიბარა, ამ ორიოდ დღის წინ კი იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა, მასთან ერთად კი "ქართული დესანტიც" გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროში. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს ხანში უკრაინის საჯარო სამსახურში კიდევ  მიიღებს  სხვა ქართველებსაც (აწ უკვე უკრაინის მოქალაქეთა სტატუსით), რადგანაც სამშობლოდან განდევნილი ქართველი რეფორმატორები უკვე არაერთი თვეა რაც უკრაინაში უწევენ კონსულტაციებს ადგილობრივ ხელისუფლებას და პირველი შედეგიც სახეზეა - საზოგადოება ნდობით ეკიდება მათ საქმიანობას.

 

            სანამ ქართველთა ერთი არცთუ მცირე ნაწილი ზეიმობს ქართული რეფორმატორული სკოლის მორიგ აღიარებას და მეგობარ უკრაინას ქართველ "ვარიაგებთან" ერთად უსურვებს წარმატებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დეკემბერში ჰქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, რა დროსაც არ მოუწონა სააკაშვილის თანაგუნდელების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში და დააყოლა: "... ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო". რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ სამწუხაროა, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის ფაქტიური მმართველი, სულ მცირე ორ უპატიებელ შეცდომას უშვებს: პირველად მაშინ, როდესაც თავს უფლებას აძლევს საფრთხის ქვეშ დააყენოს და რამოდენიმე ჩინოვნიკის დანიშვნას გადააყოლოს ათწლეულობით (თუ ასწლეულების არა) ნალოლიავებ-ნაპატივები ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან და მეგობარ სახელმწიფოსთან, მეორედ კი მაშინ, როდესაც იგი უხეშად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში და განსჯის საგნად აქცევს აწ უკვე უკრაინის მოქალაქეების თანამდებობებზე დანიშვნას, რომელთაც - ნუ დაგვავიწყდება! - უკრაინის კონსტიტუციით მფარველობს უკრაინის სახელმწიფო. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა პასუხს გასცემდა (ყოველ შემთხვევაში, თუ რას იფიქრებდა) პეტრო პოროშენკო ასეთ "რჩევებზე", რისი დასტურიც მისი შემდგემი ნაბიჯები გახდა - ჯერ ეკა ზღულაძის დანიშვნა, შემდგომ კი გია გეწაძის და მისი გუნდის.

 

            აი ასეთია დღეს რეალობა - საქართველოში დაწუნებული რეფორმატორები ტოვებენ საქართველოს მოქალაქეების რიგებს და უკრაინის სამსახურში დგებიან, სადაც მათ მძიმე სამუშაო ელით. რისკი დიდია და ყველამ იცის, რომ უკრაინა საქართველო არაა - შეიძლება მათი მოდელი არც გამოადგეს უკრაინას, შეიძლება ისიც, რომ რეფორმატორები ვერ გაუმკლავდნენ იმ საფრთხეებს, რომელიც დამყაყებული სისტემიდან მათ წინააღმდეგ იქნება მომართული, თუმცა დღეს მათ ეფექტურ მუშაობაზე დიდ იმედებს ამყარებს როგორც ხალხი, ისე ხელისუფლება. ამგვარი "ინტელექტუალთა ექსპორტით" კი  საქართველოს ისტორიული შანსი ეძლევა, უკრაინას მცირედით მაინც დაუბრუნოს მეგობრული ვალი იმ კეთილი საქმეებისათვის, რასაც ეს სახელმწიფო უწევდა საქართველოს არაერთი საუკუნის განმავლობაში. პოლიტიკური მხარდაჭერის შემთხვევაში, ქართველ რეფორმატორთა გუნდს ამის უნარი შესწევს და საკუთარ სამშობლოში მათთვის "პადნოჟკების" დადების  ნაცვლად, ეგებ ერთ წამს დავფიქრებულიყავით: უკრაინის წარმატებამ რეფორმების გატარების კუთხით, მისმა წელში გამართვამ და განვითარებამ უნდა გამოიწვიოს თუ არა სიხარულის გრძნობა საქართველოში? - მიმაჩნია, რომ კი. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ მათ შესაძლო წარუმატებლობას (მნიშვნელობა არ აქვს - ობიექტურს თუ სუბიექტურს) საქართველოში ბევრი სიხარულით, "შალახოთი" ან სულაც "ჩუნგა-ჩანგათი" შეხვდება, რადგანაც "ჟულიკების" ბრძოლა "ვარიაგებთან" გამოცხადებულია - ბრძოლა წესების გარეშე, კულუარული მენეჯმენტითა და ბინძური ტექნოლოგიებით. ესეც ქართული რეალობაა და ამასაც ვერავინ გაექცევა.

 

P.S. ამ მცირე ხნის წინ უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაქოვი ფბ-ს საკუთარ გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: "მალე კიევში ГАИ აღარ იქნება. იქნება ახალი საპატრულო სამსახური, ახალი მიდგომებით, წესებით, ახალი ხალხით. შემდგომში ეს გავრცელდება ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში... გთხოვთ დაფიქრდეთ - ვინ ხართ მზად გახდეს ახალი პოლიციელი პატრული. გზა ყველასთვის ხსნილია - გაიარეთ ტესტები და სწავლება + გააცნობიერეთ ახალი წესები და პრიორიტეტები + გაიღიმეთ! + მიიღეთ მაღალი ხელფასი მაღალი პასუხისმგებლობის შესაბამისად და = თქვენ იქნებით პოლიციელი პატრული! შევცვალოთ ქვეყანა ერთად! პ.ს. ეკა ზღულაძეს ვთხოვ დაწვრილებით განმარტოს ყველაფერი ის, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ ჩვენი სამსახურის ამ ყველაზე მგრძნობიარე სფეროში". არ დავმალავ, ამ პოსტის შემდეგ თეთრი შურიც გამიჩნდა, მეტი სიხარულიც და იმის ღრმა რწმენაც, რომ უკრაინა ფეხზე დადგება, თანაც ქართველების დახმარებით!

 

P.P.S. ამ პოსტს საქმეც მოჰყვა და დღეიდან უკვე გამოცხადდა კონსკურსი პოლიციელი-პატრულის ვაკანსიებზე. სათანადო განცხადებით ეკა ზღულაძე გამოვიდა. პროექტს აშშ აფინანსებს.

 

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია