აბრუნებენო, ამბობენ, დავითს...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-08-2013, 23:52 | ბლოგები | ნანახია - 2821

ზურა ოდილავაძე

 

მცნება მეორე:,,არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არცა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ”.

 

ამ წერილის იდეა ჩემმა ახლო მეგობარმა მომაწოდა. სულ ახლახანს, ის თვითირონიით აღნიშნავდა – თუ ვინმე მიცნობს და ვახსოვარ, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანის გარშემო ატეხილ ტელედებატებს უნდა ვუმადლოდეო. შემდეგ მსჯელობა გავაგრძელეთ, თემა გავშალეთ და განვავრცეთ.

   ...საქართველოს უახლესი ისტორიის მრავალტომეულის პროლოგი სერგო ორჯონიკიძის ძეგლთან კვერცხებიანი ბრძოლით იწყება და ვლადიმერ ულიანოვის გრანდიოზული ფიგურის დემონტაჟით სრულდება.ძველი კერპები დაიმსხვრა... და ერმა ილიჩისა და კობას ანდერძის მიხედვით ყოფა არხეინად განაგრძო, რასაც ,,მართლმადიდებლობა“ უწოდა. ,,ქართველნო, ერთად ღვთისაკენო“ – შესძახეს და მჩქეფარე მოღვაწეობაც გაჩაღდა. დაიწყო ძველი ძეგლების გადატანისა და მათ ადგილზე ახლების აგების გრანდიოზული ეპოქა! აგერ უკვე მეორე ათეული წელია ივერიელთა ყოფა-ცხოვრების საკვანძო ეტაპები, გადამწყვეტი იდეოლოგიური ბრძოლები და მენტალური გარდაქმნები, სწორედ ძეგლებთან შეიქნა დაკავშირებული.

   ქართველი ერი ერთდროულად ,,ნატოშიც“ შედიოდა, ევროკავშირისკენაც მიისწრაფვოდა და ამავე დროს,ქვის ხანის დასრულებისა და კერპთაყვანისმცელობის გაფურჩქვნის პერიოდის ამოცანებსაც წყვეტდა.ძეგლების საკითხის გარშემო ატეხილ სისხლისმღვრელ ომებში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა ორი, არამედ ერთდროულად სამი მხარე მონაწილეობდა. მათ ლაშქრებს დროშაზე შესაბამისი წარწერა ამშვენებდა: ,,მუდამ მართალი პროგრესულები“,

,,მუდამ მართალიბნელები“ და ,,მუდამ მართალისექტანტ-ინტელექტუალები“.

ახლის ძველზე გამარჯვებაში საეტაპო როლი დავით აღმაშენებლისა და მისი რაშის გადატანამ შეასრულა. სრულიად საქართველოს ღირსება ,,მუდამ მართალი ბნელების“ დროშის ქვეშ განსხეულდა! მაგრამ, მოწინააღმდეგე მხარის ,,პროგრესულებმა“ იმარჯვეს და აღმაშენებელი დიღმისკენ რიხინ-რიხინით გააქანეს...ივერიის ცის კაბადონზე,,პროგრესულების“დიდების შარავანდედის ნათება აკიაფდა!

   ბრძოლის ეპიცენტრმა თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლა და აი, აქ უკვე ომში სახელოვანი ,,სექტანტ-ინტელექტუალები“ ჩაებნენ.

ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს: ჯერ იყო და წმინდა გიორგის ოქროს კერპი... უკაცრავად, 3D ხატი... ფუი, ეშმაკს, ისევ  უკაცრავად, ძეგლი?.. მოკლედ, რაცაა, თავისუფლების მოედანზე ერის გამარჯვების სიმბოლო აღიმართა;ერთი შეხედვით ლოკალური, მაგრამ ახალი გემოვნებისა და მენტალობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მეტად პრინციპულ ბრძოლებს ზეაღმატებული კინომცოდნეების, უმემარცხენესი ლიბერალებისა და უგანათლებულესი მწერალ-ლიტერატორების წვრილბურჟუაზიული ჰიპების კასტები ჩაუდგნენ სათავეში. როგორც მათ ნაზ ბუნებასჩვევია, პროტესტი დუნე და ხანმოკლე აღმოჩნდა. ,,მუდამ მართალი პროგრესულების“ რევოლუციური ტალღა იმდენად მძლავრი იყო, რომ ყველაფერი გადაფარა და ,,სექტანტ-ინტელექტუალები“ წალეკა.ეს უკანასკნელნი მაინც არ დანებდნენ და დაცვითი პოზიციები გაამაგრეს...

შემდეგ ,,პროგრესულებმა“, დავითის ადგილზე ,,ველოსიპედი წამოჭიმეს“, ხოლო ბათუმში (ეს ქალაქი, ამ ომის ისტორიის ცალკე ტომში განიხილება) კვერცხებიანი,,შლეპანცი“ გლიჯეს. იგივე ,,ელიატარულმა სექტანტებმა“ კვლავ შეიღვიძესდა ალესილი კალმები აამოქმედეს. ამჯერად ,,მუდამ მართალი პროგრესულების“ თავგასულობას საზღვარი არ ჰქონდა და,,სექტანტ-ინტელექტუალები“უბრალოდ დაიკიდეს.

   როგორც ზემოთ ვახსენე,ცალკე ტომი ამ სამოქალაქო ომში ივერიის სამ ქალაქს ბათუმს, გორს და სამტრედიასეძღვნება. დიდი ბატალიები ბათუმს წარიმართა! აქ შეტაკებები ,,ბნელებსა“ და ,,პროგრესულებს“ შორის მიმდინარეობდა. პირველნი იასონის სატრფოსა და მეუღლეს,,ბოზს“ უწოდებდნენ, მეორენი კი მასშიმითოლოგიური პერსონაჟის გაცოცხლებასადა ტურიზმის განვითარების საშუალებას ხედავდნენ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ქალაქში დაფიქსირდა ისეთი დღემდე ამოუხსნელი ფენომენი, როგორიცაა მ.აბაშიძის ძეგლის ქუჩა-ქუჩა ხეტიალი...

   ძეგლომანიის საკითხში, არც გორელებმა დათმეს და ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, მათ ბათუმელებს აჯობეს კიდეც! თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოს ქალაქებისა თუ სოფლების ამ, სტალინიადად წოდებულ შეჯიბრში, დიდი ბელადის ძეგლისა და მისი პატარა ასლების ბედი, მედეასა თუ კვერცხებიან,,შლეპანცებზე“ ნაკლებადმნიშვნელოვანი არ იქნებოდა. მაშ ასე, სამოქალაქო ომი გაჩაღდა! გორის ცენტრალური ძეგლის გარშემო გამართული უმწვავესი ბრძოლების პარალელურად, რაიონებსა და სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის შეტაკებები მიმდინარეობდა.,,ბნელებსა“ და უხილავ, ვარდისფერსაღებავიან ,,პროგრესულებს“ შორის ლაშქრობა ლაშქრობაზე იმართებოდა. ,,პროგრესულებმა“ ტონობით საღებავი დახარჯეს, ხოლო ,,ბნელებმა“ ასეთივე რაოდენობის ,,რასტვარიტელი“, რათა სირცხვილის ლაქები ბელადისგან ჩამოერეცხად. დღეისთვის, ღირსების დაბრუნებასთან ერთად, სტალინისტებმა გაიმარჯვეს...

   ამ სამოქალაქო გაპარტახებისა და სისხლისმღვრელი შიდა დაპირისპირების ფონზე, მხოლოდ სამტრედიამ შეინარჩუნა ერთობა და მშვიდობა – ბეჭებში გადაჭრილ ,,ბრონზის“ იოსებს არავინ მიჰკარებია! პირიქით, ის შეალამაზეს, ამოტეხილი ადგილები თაბაშირით ამოავსეს, ბრჭყვიალა საღებავით მოაოქროვეს და შემდეგ ლაქიც გადაუსვეს. გალაქული კობა სამტრედიელების გულის გასახარადახლაც დგას და ულვაშებში გაღიმებული მზეზე ლაპლაპებს.

აქ მოკლე ლირიულ გადახვევას გავაკეთებ და გაკვრით აღვნიშნავ, რომ რამდენიმე ტომი, ძეგლების აგებისა და დემონტაჟის ანთოლოგიაში, საბურთალოს მშვენებას – გიორგი სააკაძის ძეგლს დაეთმო. ტექსტის ამხელა მოცულობა და მასების ესოდენ დიდი ვნებათაღელვა, ამ პერსონაჟის გარშემო იმან განაპირობა, რომ ვაზელინმოყვარე ქართველები მასში იმის მტკიცებულებას ხედავენ, თუ როგორ შეიძლება სხვის კარზე მსახურებით სახელი გაითქვა და სამშობლოსაც გამოადგე.

   დასასრულს, უნდა ითქვას, რომ ძეგლების პრობლემატიკა მიბმულია, არა მხოლოდ, ისეთ მთავარ ქართულ ფასეულობებთან, როგორებიცაა: ღირსება, უძველესი ისტორია, ქართველობა, სუფრა-აკადემია, ქალიშვილობის ინსტიტუტი, უბიწოება და ყველაზე მართალი რწმენა, არამედ ის განსაზღვრავს ერის პოლიტიკურ აწმყოსა და მომავალს. დღეს ეკლიანი ვარდების დიდების შარავანდედი დაბნელდა. სამართლიანობის აღდგენის ეპოქა დადგა და დავითი, უკვე თავისით, კვლავ დიღმიდან ,,გარედისონებულ ივერიასთან“  წამორიხინებას აპირებს. აქ დიღმელ დავითს ღირსებააღდგენილი, ,,მეოცნებე პროლეტარიატი“ დახვდება, ,,ვარდების რევოლუციის“ მოედნის ქვაფენილში კვლავ ჩააბეტონებს, მოედანს დავით აღმაშენებლის სახელს მიანიჭებს და სამართლიანობაც ავტომატურად აღდგება... ჰო, ერთი დეტალიც, სავარაუდოდ, სამართლიანობის აღდგენის დასტურად, ცხენიც დაიჭიხვინებს და... აქ ერთი საკითხი რჩება გაურკვეველი. დავით აღმაშენებლის ძეგლის გარშემო ატეხილი დავის საგანი, მხოლოდ კონკრეტულად დიდი მეფის ადგილსამყოფელის გარკვევით არ სრულდება. გასათვალისწინებელია დაობლებული დიღმელების აზრიც. ამასთან დაკავშირებით, ერთმა გონებამახვილმა მოქალაქემ ასეთი წინადადება წამოაყენა – დიღომში, რომ თუნდაც ცხენის ყვერების ძეგლი დავტოვოთ, ასეთი ვარიანტი ზემოთ არ განიხილებაო? იქვე მეორემ შენიშნა – როდემდე შეიძლება ამ ,,ნძრევაი საკვირველის“ ყურებაო?

ასეა თუ ისე, ქართული ძეგლის ფენომენი, არა მხოლოდ, როგორც ნაციონალური იდენტობის ორგანიზმის მგძნობიარე ნერვი, არამედ როგორც ეგზისტენციალური საკითხი, მთელი სიდიადითა და სიმწვავით წითელ ხაზად გასდევს ქართველი ერის ყოფა- ცხოვრებას. მასში, როგორც სარკეში, ისეა ასახული ივერიელთა აბსურდული ცნობიერების მცონარე არსი!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია