აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ფორმულის შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-08-2013, 21:36 | პოლიტიკა, არქივი | ნანახია - 6926

ნიკოლოზ ვაშაკიძე

 

14 აგვისტოს  21 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასაცავად საქართველოს ეროვნული გვარდიის შესვლას საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ომი მოყვა. კარგად ვიცით, რა ტრაგედიად შემოუბრუნდა ეს ომი საქართველოს და მის მოსახლეობას. მას შემდეგ, მთელი ამ ოცდაერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ წყდება კონფლიქტის მოგვარებისმცდელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ვიცით, უშედეგოდ.

 

ანბანურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის მარტივი ფაქტი, რომ კონფლიქტის მიზეზი, თავად ომი, მისი ტრაგიკული ფინალი და ომის შემდგომ პრობლემის მოგვარების უამრავი მცდელობის უნაყოფობა მოსკოვის იმპერიალისტული პოლიტიკის შედეგია და ამ მწარე რეალობამ კიდევ ერთხელ, ძალზე მკაფიოდ იჩინა თავი 2008 წლის რუსეთ-საქარველოს ომის დროს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში.

 

აბსოლუტურად სწორია ის, რომ აფხაზეთის ირგვლივ არსებული მწარე რეალობა არის არა იმდენად ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ რუსეთ-საქართველოს ხანგრძლივი ლატენტური ომის ერთ-ერთი გამოვლინება და, თუ გნებავთ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. ცხადია, რომ რუსეთის ფაქტორის არსებობა, უკიდურესად აძნელებს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, ეს ფაქტორი არ უნდა იყოს სასოწარკვეთისა და ხელების ჩამოშვების საბაბი. აქ მთავარია ის, რომ, რაოდენ ძნელი და ხანგრძლივიც არ უნდა იყოს პრობლემის გადაწყვეტა, საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა იყოს მუდმივი, დაუღალავი, მიზანმიმართული და, რაც მთავარია, კონცეპტუალურად სწორად დალაგებული.

 

აქ სწორედ ამ კონცეპტუალური სისწორის თემას მინდა შევეხო, რადგან მიმაჩნია, რომ  ამ თვალსაზრისით, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან, საქართველოს ყველა ხელისუფლება და საზოგადოებაც ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, რომელიც არასწორი გზით მიმართავს ჩვენს ძალისხმევას და ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

 

ყველას კარგად მოგვეხსენება, საბჭოთა პერიოდში, ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რა მახინჯ საზოგადოებას წარმოადგენდა, 17 პროცენტიანი აფხაზური ეთნოსი, რესპუბლიკის სხვა ეთნოსებთან შედარებით, ერთგვარი პრივილეგირებული კასტა იყო და უმაღლეს საბჭოში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამეურნეო თანამდებობებზე და ასე შემდეგ, ხელოვნური უმრავლესობა  გააჩნდა. ერთი ეთნოსის პრივილეგირებულობის პრინციპზე იყო აწყობილი ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სფეროს მართვაც. ასეთი მახინჯი სისტემა, ბუნებრივია, აფხაზური ეთნოსისა და ასევე, მთელი აფხაზეთის საზოგადოების ცნობიერების სერიოზულ დეფორმირებას ახდენდა და უქმნიდა ნოყიერ ნიადაგს იმ ეთნიკურ სიძულვილს, რომელმაც ასეთი საშინელი როლი ითამაშა უშუალოდ ომის დროს, როცა უდანაშაულო ქართველები მხოლოდ ეთნიკური ნიშნით უმოწყალოდ დახოცეს და მასობრივად გაყარეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან.

 

ერთ-ერთი მთავარი საშინელება აქ ისაა, რომ „პრივილეგირებული ეთნოსის“ იდეოლოგია მყარად გაჯდა აფხაზების ფსიქიკაში და ისინი ამ არანორმალურობას აღიქვამდნენ და აღიქვამენ  ბუნებრივ, ერთადერთ სწორ და თავისთავად გასაგებ რეალობად. ამ თვალსაზრისით, თვისობრივად დღევანდელ აფხაზეთშიც არაფერი შეცვლილა. აფხაზეთი ეთნიკურად გაწმენდილია ქართველებისგან, რომლებიც რადიკალურად შემცირებული რაოდენობით, უკიდურესად შეზღუდული უფლებებით, ქართველთა გეტოდ გადაქცეულ გალის რაიონში არიან მოყუჩებულნი, ხოლო მთლიანად აფხაზეთში კი გამეფებულ მდგომარეობაში „პრივილეგირებული ეთნოსის“ სტატუსის მქონე აფხაზები იმყოფებიან. თავად განსაჯეთ: დღევანდელ აფხაზეთში სომხების რაოდენობა აფხაზებისას არ ჩამოუვარდება, ზოგიერთი მონაცემებით აღემატება კიდეც, ქართველები, მცირე ჩამორჩენით, რაოდენობრივად მესამე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, შემდეგ მოდის არც თუ მცირე რუსული დიასპორა და უკრაინელები, ბერძნები, ესტონელები, ბელორუსები, ბულგარელები და სხვა. ამ ეთნიკური სურათის ფონზე აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ორი-სამი კაცის გარდა, დეპუტატები მხოლოდ აფხაზური ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ანალოგიური სურათია სხვა ე.წ. სახელისუფლებო სტრუქტურებში. ბუნებრივია, ეთნიკურ აფხაზებს ხელში აქვთ ჩაგდებული აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების ლომის წილი, მათ შორის, რა თქმა უნდა, დახოცილი და გაძევებული ქართველების უკანონოდ მითვისებული ქონება. ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის ამ სამარცხვინო სურათს „ღირსეულად“ აგვირგვინებს აფხაზეთის ე.წ. „კონსტიტუციის“ 49-ე მუხლი, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ „აფხაზური ეროვნების პირი“. ძნელი წარმოსადგენი არაა, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით, ადამიანის ღირსებისა და უფლებების რა დამამცირებელი რეალობა დგას ასეთი „სახელმწიფოებრივი“ მოწყობის უკან. წარმოდგენაც არ არის საჭირო, ამაზე კარგად ცნობილი ფაქტებიც ნათლად მეტყველებს. ამ დანაშაულებრივი, კაცთმოძულე რეჟიმის სადარჯოზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი დგას, ხოლო რუსეთის პოლიტიკური ლიდერები მთელი მსოფლიოს გასაგონად გაიძახიან, რომ მათი შეიარაღებული ძალები  აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე დგანან. ვფიქრობ, ჩვენ მაინც მოვაკელით ძალისხმევა იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ დაგვენახებინა მსოფლიოსთვის, რა სამარცხვინო რეალობის „სადარაჯოზე“ დგანან რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთში.

 

ასეთი მძიმე და უსამართლო რეალობის ფონზე, პრობლემის მოსაგვარებლად, ქართულ მხარეს არჩეული აქვს პრინციპულად არასწორი, ასევე უსამართლო და წამგებიანი პოლიტიკური იმპერატივი, რომელიც, რამდენიმე სიტყვიანი ფორმულით რომ წარმოვადგინოთ, ასე ჟღერს: „დიალოგი, შერიგება და ნდობის აღდგენა ქართველ და აფხაზ ძმებს შორის“. ამ ფორმულას, მისი სხვადასხვა, უმნიშვნელო განსხვავებების მქონე ვარიაციებით, სისტემატურად იმეორებს საქართველოს ყველა ხელისუფლება და განსაკუთრებით  ინტენსიურად გამოიყენება დღევანდელი მთავრობის მიერ, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის და და რეინტეგრაციის მინისტრის მხრიდან.

 

კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება სუფრა არ გახლავთ და ვფიქრობ, ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში და ტექსტებში სიტყვები „ძმები“, „ძმობა“, „ძმური ურთიერთობა“ და ასე შემდეგ, ამოვარდნილია სტილიდან და სიყალბისა და ფარისევლობის ელფერს ატარებს. თუმცა, იმ ფონზე, როცა ქართველებს გალში პირუტყვებივით გვექცევიან და ღიად და უტიფრად გვიცხადებენ, რომ დევნილების დაბრუნებაზე არც კი ვიფიქროთ, ალბათ, ამ ეტაპზე, ძმობაზე სუფრაზეც კი ნაადრევია ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ ესმოდეთ, ქართველ პოლიტიკოსებს შესაბამისი ეროვნული ღირსებისა და სტილის გრძნობა უნდა გააჩნდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე ეს თვისება ტრადიციულად ძალზედ დიდი დეფიციტია ქართულ პოლიტიკაში.

 

თუმცა, მთავარი აქ მაინც სხვა რამ არის. როცა ჩვენ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას ქართველ და აფხაზ „ძმებს“ შორის დიალოგის ჭრილში ვიხილავთ და შესაბამის მესიჯებს ვაგზავნით როგორც აფხაზეთში, ასევე საზღვარგარეთ, ამით ჩვენ თვითონ  ვაკეთებთ კონფლიქტის ეთნიკური ხასიათის ხაზგასმას და ხელს ვუწყობთ „პრივილეგირებული ეთნოსის“ იდეოლოგიის ლეგიტიმაციას. იქნებ, ვინმემ ახსნას, რომ თუ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ რატომ უნდა გადაწყვიტონ აფხაზეთის ბედი ქართველებმა და აფხაზებმა აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეთნოსების ზურგს უკან? რა დააშავეს აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა, რუსებმა, უკრაინელებმა ან თუნდაც ქართველებმა?

 

დიახ, სწორედ აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა, როგორც ამ მიწა-წყლის სრულუფლებიანმა ბატონ-პატრონებმა, აფხაზეთში მცხოვრებ ყველა სხვა ეთნოსთან ერთად. ვფიქრობ, თუ დიალოგზეა საუბარი, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება არა გამორჩევით აფხაზებს, არამედ აფხაზეთის მოსახლეობას და საზოგადოებას უნდა ელაპარაკებოდეს და სწორედ ასეთი მიდგომა უნდა იყოს ჩვენი გზავნილი აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საქართველო, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა მიისწრაფვის არა რაღაც გარიგებისკენ ქართველებსა და აფხაზებს შორის, სხვა ეთნოსების ზურგს უკან, არამედ იმისკენ, რომ ნამდვილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ნორმები და პრინციპები თანაბრად და სრულად ვრცელდებოდეს მთელს მის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ჩათვლით. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ, საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემთხვევაში, აფხაზეთში მეორეხარისხოვანი ეთნოსები არ იარსებებენ, არამედ იქნებიან მხოლოდ თანასწორუფლებიანი მოქალაქეები, რომლებიც, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, წყვეტენ საკუთარ და თავისი ქვეყნის ბედს - ანუ, ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, ნაცვლად „პრივილეგირებული ეთნოსის“ იდეოლგიაზე დაფუძნებული ძალადობრივი რეჟიმისა. ვფიქრობ, ასეთ გზავნილს ძალიან კარგად გაიგებენ და მიიღებენ აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები და იმასაც უკეთ გაიაზრებენ, თუ რას იცავს და რისგან „იცავს“ მათ რუსეთის საოკუპაციო ჯარი.

 

მავანმა შეიძლება თქვას, რომ ეს ისედაც ასეა და თავისთავად იგულისხმება, რომ საქართველო თავის ყველა პრობლემას, აფხაზეთის პრობლემის ჩათვლით, დემოკრატიისა და ევროპული სტანდარტების მიხედვით უნდა წყვეტდეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში აქცენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ,  გადაჭრით უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის მოგვარებას „ქართველ და აფხაზ ძმებს შორის დიალოგის“ გზით, მცდარი, უსამართლო და წამგებიანი მიმართულებით მივყავართ და ეს მიმართულება ხელიდან გვაცლის იმ მთავარ პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ უპირატესობას, რომელიც ობიექტურად გაგვაჩნია. თანაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთის ეთნოცენტრულ რეჟიმს და პოლიტიკურ ელიტას არანაირად არ აწყობს პრობლემის ნორმალური მოწესრიგება და, შესაბამისად, ნებისმიერი დიალოგი ე.წ. აფხაზ „ძმებთან“ ყოველთვის იქნება მხოლოდ თვალთმაქცობით გაჟღენთილი ტაქტიკური თამაშები და შედეგს ვერასოდეს მოიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ საქმე უნდა  გვქონდეს არა ექსკლუზიურად აფხაზ „ძმებთან“და მათთან გარიგებას კი არ უნდა ვისახავდეთ მიზნად, არამედ აფხაზეთის მრავალეთნიკურ მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან და მიზანი უნდა იყოს  საქართველოს სახელმწიფოს მიერ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების  მოქალაქის შელახული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

 

აქ ძალზედ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ. ომში აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. წყენამ და სიძულვილმა ამ მსხვერპლის შედეგად კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. როცა ჩვენ კონფლიქტის მოგვარების მთავარ ასპექტად აფხაზ და ქართველ „ძმებს“ შორის შერიგებას გამოვყოფთ, სწორედ ეს მცდელობა წარმოშობს გადაულახავ წინააღმდეგობას. პირველ ადგილზე ამოდის დაღვრილი სისხლი და ადამიანების გულებში ღრმად ჩაბუდებული ტრავმა, მტრობა და წყენა. სისხლი და მტრობა, სწორედ რომ ძმებს შორის არის განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე. სხვათა შორის, აფხაზეთის ეთნოცენტრული რეჟიმის წარმომადგენლები, დევნილების დაბრუნების შეუძლებლობის დასასაბუთებლად, მუდმივად სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ. ამიტომ აუცილებელია, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისას  საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკამ გვერდი აუაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგების საკითხს, დადგეს მასზე მაღლა და დაეყრდნოს ზოგადპოლიტიკურ და ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს. აფხაზებსაც და აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ხალხებსაც ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ მათ ესაუბრება არა ქართველების სახელმწიფო, არამედ საქართველოდ წოდებული ევროპულ პრინციპებზე მდგარი სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის მიზანია, აღადგინოს თავისი იურისდიქცია მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა და იქ, თავისი მოქალაქეებისთვის დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებების დაცვა და ნორმალური განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკური და კულტურული განვითარება უზრუნველყოს.

კარგად მესმის, რომ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები მხოლოდ პრინციპებია - წარმატებისთვის აუცილებელია მათი გადაყვანა სტრატეგიასა და ტაქტიკაში და კარგად გათვლილი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება.  ამ შემთხვევაშიც კი, პროცესი ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. პროცესი სწორ პრინციპებზე უნდა აეწყოს.

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია