“ზიზღდალეულები” და პეპლები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-08-2013, 19:54 | კომენტარები | ნანახია - 2623

“ზიზღდალეულები” და  პეპლებინათია მეგრელიშვილი

                                                                                     

“სულ ომს ხომ არ გადავიღებთ, ოდესმე პეპლებსაც ხომ გადავიღებ?!”- ეს სიტყვები ,იმ ქართველ ოპერატორს ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ცხელ წერტილებში მუშაობს.

ამ ფრაზამ  შემძრა,  ჩემი სენტიმენტალური ხასიათისთვისაც კი შეუფერებელი რეაქცია მქონდა: გავბრაზდი, გავმწარდი.

არავინ იფიქროს, რომ 11 აგვისტოს TV3-ზე ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი ქართველ ტელეოპერატორებზე რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს გვთავაზობს და ყველამ  აუცილებლად ჩემსავით უნდა იტიროს, სულაც არა. ამ ფილმში გამოყენებულ ვიდეოკადრებს  საქართველოს მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ვუყურებთ და თითქოს ეს ყველაფერი გადავიტანეთ კიდეც. ტელეოპერატორების მონათხრობი, რასაკვირველია, გაცილებით მგრძნობიარეს გვხდის და უფრო მეტად ვფიქრობთ იმ ადამიანებზე,რომლებიც   ისტორიულ ქრონიკას ქმნიან. თუმცა, ეს არ არის ფილმი, რომელიც ცდილობს მათ პროფესიულ გმირობას გაუსვას ხაზი და გული აგვიჩუყოს. იქ გაცილებით დიდი გზავნილია ჩადებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით იგრძნობა. სანამ  ფილმის მთავარ კონცეპტუალურ ნაღმზე მოსაზრებას გაგიზიარებდეთ, მინდა, პატარა “ლირიკული” გადახვევა გავაკეთო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდე იმაში, რომ არც თუ ისე მშვიდობისმოყვარე  ერი ვართ, როგორც შთაგვაგონეს.

რამდენიმე წლის წინ ერთ ტელეგადაცემაზე მიწვეული ჰყავდათ პოპულარული ქართველი ტელეჟურნალისტები - ცნობილი სახეები. გადაცემის წამყვანმა სტუმრებს უამბო, რომ ამსტერდამში, პრაიმტაიმის დროს ყველაზე პოპულარული გადაცემა არის “მებაღეობა”,  რაც სტუმრებმა ქართველებისათვის დამახასიათებელი ქედმაღალი ღიმილით შეაფასეს და ერთმა მათგანმა ისიც კი თქვა, რომ არ აქვს სურვილი ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც პიკის საათის დროს ყვავილებზე საუბრობენ. თუ გავითვალისწინებთ  იმას, რომ ისინი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები იყვნენ,  გასაგებია, რომ მებაღეობა არ აინტერესებთ, მაგრამ,  როგორ შეიძლება არ გინდოდეს ცხოვრება ისეთ ბედნიერ და მოწესრიგებულ სახელმწიფოში, სადაც შოკისმომგვრელი ინფორმაციის ნაცვლად, ადამიანებს ყვავილების მოვლის კულტურაზე ესაუბრებიან.

ინტრიგანი მკითხველი აუცილებლად იტყვის, რომ ჰოლანდიელებს მსოფლიო ბაზარზე ყვავილების მასშტაბური ბიზნესი აქვთ და სულაც არ არის მათი გადაცემა უწყინარი და რომანტიკული. გეთანხმებით, ეს მათი დიდი ბიზნესია, თანაც წარმატებული, მაგრამ ჩვენ თუ ვიცით, რა შრომის ფასად უჯდება ჰოლანდიელს მიწისა და მცენარეების მოვლა? იქნებ გავიხსენოთ ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და გავითვალისწინოთ, როგორია მათი მიწა და ნიადაგი?........მე, ნამდვილად ვისურვებდი, ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც შრომა, მშვენიერება, ესთეტიკა და ეკონომიკა ჰარმონიაში მოიაზრება.

სამაგიეროდ, ჩვენ მოგვწონს და გვაქვს კიდეც ჰოლანდიელებზე გაცილებით საინტერესო ცხოვრება, სისხლითა და ცრემლით სავსე. პირველყოფილი ადამიანის მოთხოვნილებებთან ეს ხომ უფრო ახლოს დგას, ვიდრე ყვავილების მოვლა, ჩვენ კი ტრადიციული ხალხი ვართ და კონსერვატორები, ადამიანის  საწყის მდგომარეობას არ ვღალატობთ. მოუთმენლად ველოდებით ახალ ამბებს ყველა არხზე, სადაც ტელეწამყვანებმა ცვილის თოჯინების გამომეტყველებით უნდა გვამცნონ, ვინ დაახრჩვეს,  ვინ დაიწვა, ვინ გააუპატიურეს და რამდენჯერ, როგორ ფეთქდება მოუვლელი მაღაროები ,იმსხვრევა ოფისების შუშები, იძარცვება მაღაზიები, ყვითელ ავტობუსებში ადამიანები ნერვიულობით იღუპებიან, უღელტეხილზე ხიდი წყალმა წაიღო; სეტყვამ ნახევარი საქართველოც თან მიაყოლა, წყალდიდობამ  მოსავალი გველეშაპივით შთანთქა, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ისტერიკაში არიან, სტიქიამ დააზიანა ქვეყნის დიდი ნაწილი და ჩვენ არასდროს ვიცით, როგორ იქცევა ასეთ დროს სახელმწიფო, როგორ იცავენ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს არასამთავრობო ორგანიზაციები? როგორ უნდა მოხდეს ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მიმდინარე პროცესებში? ვინ არეგულირებს ამ სიტუაციას?. . ბათუმში უცხოელი “ტურისტები” ჩვენს მოქალაქეებს კლავენ და იტაცებენ, განსხვავებული აზრის ადამიანებს უსაფრდებიან, არამართლმადიდებლებს დიდი პრობლემები შეექმნათ, მათ უკვე თითებს უქნევენ ღმერთის (რომელსაც სინამდვილეში ჩვენთვის ამის უფლება არ მოუცია) სახელით, მოხუცი პოეტებიდან ერთი პრეზიდენტს პრიმიტიულად დასცინის და მეორე ქალს ცემით ემუქრება იმის ნაცვლად, რომ ახლა მაინც , 80 წლის ასაკში, ღირსეული პოეტების სახელით დაამახსოვრონ ერს თავი,  ქალივით იწყევლებიან, ბიჭებივით იგინებიან და გვემუქრებიან . აფსუს! რა დრო დადგა საქართველოში?!  პოეტები “დაძველბიჭდნენ” და სიბერეში ისე მლიქვნელობენ, ახალგაზრდა ასაკის ავანტიურისტ - კარიერისტსაც კი რომ არ შეჰფერის.

მათ ქართულ “ლიტერატურაში” ახალი მიმართულება შექმნეს  _“ზიზღდალეულები”.  მართალია, ქართველები წიგნებს დიდი სიამოვნებით აღარ კითხულობენ, მაგრამ ამ ახალ “მწერალთა კავშირს” გულშემატკივრები მაინც გამოუჩნდა. ამას ყველაფერს ჩვენ ვუსმენთ, ჩვენი შვილებიც, მთელი ერი უყურებს და არ ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ ყვავილებზე გადაცემები არ გვინდა.  სამაგიეროდ, პარლამენტარები აპროტესტებენ სერიალებს, რომლებიც თურმე რყვნის მათ შვილებს,მაგრამ ჩვენ არ ვართ მათი არც საფიქრალი და არც სადარდებელი. რა ბედი გვქონია, ნეტავ, რა ჰქვია იმ პოლიტიკოსს,რომელიც ხანდახან ჩვენ სიმშვიდე-სიხარულზეც იზრუნებს?

 დაგვეხმარეთ, პოლიტიკოსებო, რომ ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალოს, იქნებ სჯობდეს, ჩვენც გვახარებდეს მებაღეობის  თემა? შეცვალეთ ჩვენი ცხოვრება მშვენიერებისკენ, გთხოვთ!

 ერთმა ქართველმა ეპისკოპოსმა ცნობილი ქადაგების დროს გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა, 2013 წელს ნახევარი საქართველო ფსიქიკურად შეიშლებაო. ამ დროს, ნეტავ, მრევლმა თუ წარმოთქვა “ამინ”? ერის ასეთი კურთხევა და დალოცვა ჯერ არ მსმენია. ის რუსი ეგზარხოსი გამახსენდა, საქართველო რომ დაწყევლა. ამას რომ სულიერი მამა გეტყვის, მერე ღამე როგორ უნდა დაიძინო? არაფერი მსგავსი სახარებაში არ წამიკითხავს. პირიქით,  ნამდვილი ქრისტიანული მოძღვრების საიდუმლო სიკეთესა და  სიყვარულშია და ეს  “ქრისტეს მსახური”  ვისი ენით გვესაუბრება? იმედი მაქვს, რომ უფალი ყველაფერს ხედავს და დაგვიფარავს მსგავსი “წინასწარმეტყველებისგან”.

ახლა კი დავუბრუნდები ჩემს მთავარ სათქმელს. ზემოთ ხსენებული ჩვეულებრივი ფილმი ტელეოპერატორების გმირობაზე ყველამ უნდა ნახოს. სხვადასხვა ასაკის ადამიანები უკანასკნელი ოცი წლის მოვლენების მოწმეები გახდნენ და იმყოფებოდნენ ბრძოლის ველზე. დავით ჩხიკვიშვილის, ამირან მურვანიძის, ლევან თეთვაძის, ლევან დგებუაძის, ნიკა ჭანიშვილის, თამაზ შავშიშვილის შრომის შედეგად მივიღეთ კადრები აფხაზეთზე, ჩეჩნეთზე, ბესლანზე, ბაქოზე, ცხინვალზე. ეს ისტორიები 20 წელიწადზე გაიჭიმა და სინამდვილეში, ამ ფილმის მთავარი გმირი ოპერატორი კი არა,  მტერია, ამ ომებისა და  ბრძოლების გამჩაღებელი მტერი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მტერი ყველგან ერთი და იგივე აღმოჩნდა.ის  სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელმწიფოში იდენტურ პროექტს ახორციელებს-ნგრევა, ცეცხლი, სიკვდილი და ხალხის დამორჩილება. იქნებ, ასე შევხედოთ ამ ფილმს და გავაანალიზოთ მისი მთავარი გზავნილი?
“ზიზღდალეულებისათვის” 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო და ეს უაზრო ომი ყოფილა, რომელშიც რუსებს მხოლოდ ერთი კედელი დაუნგრევიათ. ჰოდა, მიბრძანდით ხვალ, პატივცემულო პოეტებო და საზოგადო მოღვაწეებო, მუხათგვერდის სასაფლაოზე და იმ ბიჭებს ჩასძახეთ, რომ “ერთი კედლის დანგრევისათვის” არ უნდა ებრძოლათ და მათი სიკვდილი უაზრობაა. აბა, რომელი გაბედავთ ამის თქმას მათ საფლავებთან?

ეს ფილმი მშობლებმა შვილებს უნდა აჩვენონ, მასწავლებლებმა- მოსწავლეებს, მეზობელმა - ნათესავს და, გარდა იმისა, რომ პროფესიონალიზმის ნათელ მაგალითებს გაეცნობიან,  მიხვდებიან, რომ ამ ბრძოლებს, რომლებშიც ქართველი და არაქართველი ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები და ოპერატორები  “უაზროდ” დაიღუპნენ, სინამდვილეში ერთი ავტორი ჰყავს და ის ჩვენი მეზობელია. თუ  ამას ბოლოს და ბოლოს ვაღიარებთ, ეს ძალიან ხელს შეუწყობს ჩვენს სურვილს, რომ მეზობლებთან ურთიერთობა მართლაც მოვაწესრიგოთ და ომის რეჟიმში აღარ გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ არა მლიქვნელობის და სამშობლოს გაყიდვის ფასად, არამედ, პირიქით, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებით, საერთაშორისო პროცესებში დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსით და ძლიერი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეით, რაც ძალიან აფრთხობს ჩვენს მეზობლებს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა პრორუსულ ძალას მისცენ ხმა და მტერმა დამოუკიდებლობა ისევ წაგვართვას. იმედი მაქვს, ამ ფილმის ნახვის შემდეგ ახალგაზრდები მაინც დაფიქრდებიან და სწორ არჩევანს გააკეთებენ.  მეზობელთან  კულტურული და ზრდილობიანი ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაგრამ შენს ოჯახს მეზობლის ცოლი არ უნდა მართავდეს.

ოპერატორის პროფესიას კარგად ვიცნობ და ვიცი,რომ თითქმის ყველა ცოტა ფანატიკოსია, კამერას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ  გამორთავენ. ისინი ომის დროს ჯარისკაცები არიან და საკუთარი იარაღით იბრძვიან, მაგრამ როცა ადრენალინზე საუბრობენ, ეს იმას არ  ნიშნავს, რომ ადრენალინი მხოლოდ სისხლიანი შეტაკებების და ექსტრემალური სიტუაციების დროს მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ყაზბეგის მთებიდან ნიაღვარივით მომდინარე ჩანჩქერის ხილვისას მათი ადრენალინი კიდევ უფრო აიწევს და იქაც შეძლებენ უნიკალური, სახიფათო და ისტორიული კადრების გადაღებას.

იმის იმედი არ მაქვს, რომ ოდესმე ჩვენი ტელევიზიები პრაიმტაიმის დროს მებაღეობაზე ისაუბრებენ,მაგრამ მინდა გავიმეორო ოპერატორის, დავით ჩხიკვიშვილის, სიტყვები: “კედელზე ორი დაღუპული მეგობრის (ოპერატორების) ფოტო მაქვს, ამას მესამეც რომ დაემატოს, ვეღარ გავუძლებ. ბოლოს და ბოლოს სულ ომს ხომ არ გადავიღებთ, ოდესმე პეპლებსაც ხომ გადავიღებ?”

ნუთუ ეს მხოლოდ მათი ოცნებაა? ნუთუ ჩვენც არ დავიღალეთ? ნუთუ მხოლოდ საიქიოში უნდა ველოდოთ სიმშვიდეს, ცისარტყელას, ყვავილებს და სიხარულს?  მაგრამ ვინ იცის, იქაც რომ ადამიანები დაგვხვდნენ და დაგვესიონ? მერე სად წავიდეთ?.  ასე რომ, სჯობს აქვე, დედამიწაზე, სანამ ცოცხლები ვართ, მეზობელს თავისი სახელი დავარქვათ და ნათესავად და ოჯახის წევრად ნუ მივიღებთ. ”კაი გამარჯობა და კაი ნახვამდის”, მაგრამ ოჯახი ჩვენი სიმაგრეა, სახელმწიფო ჩვენი ღირსებაა, დამოუკიდებლობა ჩვენი თვითდამკვიდრების და თანამედროვე მსოფლიოსთან იდენტიფიცირების ერთადერთი ბერკეტია.

რუსეთის ხელისუფლებას მტრობას  და ჩვენს ხერხემალში გადამტვრევას,  ერჩივნა კეთილმეზობლობით დაკმაყოფილებულიყო, რადგან ქართველებმა კარგი მეზობლობა ვიცით და ჭირშიც და ლხინშიც დახმარება გვიყვარს. მაგარი შანსი გაუშვეს ხელიდან. დამონებული და დამცირებული საქართველოსგან მხოლოდ ნეგატიურ ენერგეტიკას თუ აკრეფენ, თავისუფალი საქართველოსგან კი მხოლოდ სიკეთე ელოდათ. ეს მათი დიდი სტრატეგიული შეცდომაა, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ეწირება და რაც უფრო დიდ ხანს გასტანს ასეთი პათოლოგიური ურთიერთობა, მით უფრო დაგვიმახინჯდება ცხოვრება  და  ვეღარც ილიას სიტყვები და დავითის მაგალითები გვიშველის.

 ქვეყანა, რომელიც ჭაობიდან ამოცოცდა და უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა(მოგვწონს თუ არა, მაინც სიმართლეა), უნდა შევინარჩუნოთ და მოვუაროთ, მაგრამ თუ “ზიზღდალეულების” დახმარებით ქვიშის კოშკივით ჩამოიშლება, მერე ჩვენს ქვეყანაში აღარც ყვავილი იხარებს, აღარც პეპლები იფრენენ და ჩვენს ბიჭებს ისევ ტყვიების ზუზუნში მოუწევთ სირბილი.

 ოპტიმისტიც ვიყავი და რომანტიკოსიც . . .  ქრისტეს თითოეული სიტყვის მჯერა - თუ ქონებას გასცემ და მე გამომყვები ყველაფერი კარგად იქნება -საქართველოში უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ათასობით ვაჟკაცი შეეწირა სამამულო ბრძოლებს,ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ათასობით ადამიანი ლოცულობს, ათასობით ადამიანი უძლებს გაუსაძლისს და მაინც ვსუნთქავთ, ვარსებობთ, ვიბრძვით და იმედს არ ვკარგავთ. დარწმუნებული ვარ, რომ “ზიზღდალეულების”ეპოქა მალე დასრულდება და ჩვენი თვალები დაინახავენ მდელოებს, მინდვრებს, ცას და მასზე უამრავ პეპელას, რომელსაც დათო და მისი მეგობრები აუცილებლად გადაიღებენ. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია