რუსეთში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-02-2015, 19:07 | მსოფლიო | ნანახია - 2539

რუსეთში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება

ხატია ჭილავა

 

რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება გრძელდება. ნავთობზე ფასის ვარდნა, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის ნახევარი წლით სანქციების გახანგრძლივება უარყოფით გავლენას ახდენს რუსულ რუბლზე.

 

" ჩვენ ვხედავთ ნდობისა და ურთიერთგაგების სრულ არარსებობას რუსულ/ევროპული ურთიერთობებეში, რაც აისახება რუსეთის ეკონომიკაზე/მის განვითარებაზე.“ – ევგენი კოშელოვი ( ანალიტიკური ექსპერტი).

 

2015 წლის დასაწყისში რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 17,5 პროცენტით დაეცა. მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასის 50 დოლარზე ქვემოთ გამყარებამ კი ექსპერტებსა და ეკონომისტებს თავიანთი პროგნოზების კიდევ ერთხელ გადახედვისაკენ უბიძგა.

 

შესაბამისად, 2015 წლისათვის რუსულ ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდა 3–5%–ით შემცირდება. რუსეთის მოქმედი ბიუჯეტი, რომელიც ბარელ ნავთობზე 100 დოლარის ფასზეა გათვლილი, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან და მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მოსალოდნელი პროცესებიდან გამომდინარე, დამატებით დაკარგავს დაახლოებით 3 ტრილიონ რუბლს (45 მილიარდ დოლარს). ჯერ კიდევ დასავლეთის მხრიდან ახალი სანქციების ამოქმედებამდე, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ვარაუდობდა, რომ რუსეთის ბიუჯეტი უნდა შეკვეცილიყო დაახლოებით 10%–ით, თუმცა, 2015 წელს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მინისტრს ბიუჯეტის შეკვეცვა უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებლით მოუწევს.

 

კაპიტალის გადინება, ნავთობის ფასის ვარდნა და დემოგრაფიული პრობლემები, რასაც ხელი შეუწყო არასწორმა სოციალურ–ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რუსეთს კვლავ დიდი ხანი დატოვებს ღრმა ეკონომიკურ კრიზისში.

 

მონოპოლიური ეკონომიკური პოლიტიკა, სადაც ეკონომიკური თავისუფლება და კონკურენციის მაჩვენებელი ნულს უტოლდება, უძლური აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკური ბაზრის მიერ დაწესებული ახალი ეკონომიკური თამაშის წესების წინაშე. ნავთობზე ფასის ვარდნამ რუსული ეკონომიკის დეფექტის გამოაშკარავება და მისი დამანგრეველი მეტასტაზების მოქმედების დაჩქარება გამოიწვია.

 

იანვრის თვისთვის ფასების მატებამ 1999 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

ცენტრალური ბანკისა და როსტატის მონაცემებით 2015 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 3,2%–ით დაეცემა. რუსეთის ვიცე–პრემიერმა იგორ შუვალოვმა მთავრობას, პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სექტორების რაოდენობა.

 

„ ღიად უნდა ვთქვა : ჩვენ არავითარი ოპტიმისტური წარმოდგენები და ილუზიები არ გაგვაჩნია“ – იგორ შუვალოვი.

ამასთან, განსხვავებულია რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებით. ანტიკრიზისული გეგმის შესრულებისას, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს სურს, რომ ანტიკრიზისული ნაბიჯების გადასადგმელად დახარჯოს 656 მილიარდი რუბლი, მაშინ როდესაც ანტონ სილუანოვის სამინისტრო ბიუჯეტიდან მხოლოდ 10 მილიარდი რუბლის ხარჯვაზე თანხმდება.

ეკონომიკის სამინისტრო მოუწოდებს სახელმწიფოს წლის პირველ კვარტალში 40 მილიარდი რუბლი რეგიონებს წლიური 160 მილიარდი რუბლიდან გამოუყოს. ფინანსთა სამინისტრო კი ვერ ხედავს ამის აუცილებლობას. უარს ისინი იმით ამყარებენ, რომ ჯერ კიდევ აუთვისებელია 150 მილიარდი რუბლი, რომელსაც 2014 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა.

 

იგივე მდგომარეობაა ბანკებთან მიმართებაშიც, მათი დაფინანსებაც უნდა მოხდეს ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან. ეკონომიკის სამინისტრო მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტით გათვალისწინებული 250 მილიარდი რუბლი გახარჯოს, ფინანსთა სამინისტრო ამ უკანასკნელზე უარს ამბობს.

 

მნიშვნელოვანია, თავად ცენტრალური ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები,რომელიც არაეფექტური აღმოჩნდა რუსული ეკონომიკისათვის/რუსული რუბლისათვის. ცენტრალური ბანკის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ქვეყანაში ინფლაციის დონის მაქსიმალური დაწევა. შესაბამისად ბანკმა მონეტარული რეგულირების პოლიტიკის გამკაცრება გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის პრობლემის არსი არაერთგვაროვანია. ექსპერტების ნაწილის აზრით, მონეტარული პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. ნაწილის აზრით კი, ცენტრალური ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო ხელს უწყობდა რუსული რუბლის გაუფასურებას და დოლარის გამყარებას. ამასთან, ექსპერტების პროგნოზი წინა წელთან შედარებით ფასების მატებასთან დაკავშირებით მართლდება და უკვე ნათელია, რომ ცენტრალური ბანკი ვერ შეძლებს, შეასრულოს დასახული მიზანი ინფლაციის პროცენტულ მაჩვენებელთან მიმართებაში. 2014 წლის მონაცემებით, რუსეთში ინფლაციამ 11,4 %–ს მიაღწია. 2015 წლისათვის ექსპერტები არსებული ციფრის მაჩვენებლის 1,5 %–ით ზრდას ვარაუდობენ.

 

არსებულმა მდგომარებამ წლის დასაწყისში კაპიტალის დამატებითი გადინება გამოიწვია, რამაც რუბლთან მიმართებით დოლარი და ევრო კიდევ უფრო გაამყარა. შესაბამისად ფასების გაძვირებამაც არ დააყოვნა, უარყოფითი ეფექტი გაცილებით უფრო მასშტაბური 3–4 თვის შემდეგ იქნება.

კაპიტალის გადინების შედეგად რუსულმა ეკონომიკამ დახლოებით 80 მილიარდის ზარალი განიცადა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი რუბლი დაუჯდა ცენტრალურ ბანკს რუსული ეროვნული ვალუტის შენაჩუნებაზე თანხების გახარჯვა, რუსულმა საფინანსო ბირჟამ ამ ქმედებებით 4 ტრილიონი რუბლი დაკარგა. არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში რუსული საფინანსო ბირჟიდან კაპიტალის გადინება 40 მილიარდით გაიზრდება და ის 120 მილიარდს მიაღწევს.

 

არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უცხოური კაპიტალის გადინებამ შექმნა სიტუაცია, როცა ქვეყანაში ფულადი კაპიტალის გაჩერება არ არის მომგებიანი. ამას ემატება ისიც, რომ ცენტრალური ბანკი აქტიურად გამოუყოფს თანხებს კომერციულ ბანკებს, რომლებიც თავის მხრივ ახდენენ ამავე ფულის უკან სავალუტო ბირჟაზე გატანას. შესაბამისად, ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ამყარებს დოლარს და ასუსტებს რუბლს, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე.

 

ინფლაცია იზრდება, ცენტრალური ბანკი კი ვერ ახერხებს ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას. შედეგი რუსული ეკონომიკისათვის მიმდინარე მოვლენებიდან ერთია: 1998 წელი.

 

„რუსული ეკონომიკის მდგომარება გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე დღეს ამაზე საუბრობენ “ – დიმიტრი მიროშნინჩენკო (ეკონომიკური ექსპერტი).

 

ცენტრალური ბანკის მიერ პროცენტული განაკვეთის კურსით მანიპულაციის პოლიტიკა კიდევ უფრო ართულებს არსებულ მწვავე ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

Morgan Stanley–ის მონაცემებით, რუსეთში 2015 წელს ინფლაციის დონე 13,7%–ი იქნება. Fitch–ის მონაცემებით კი - ის 8,5%–ს მიაღწევს. რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებს 2015 წლისათვის ის ინფლაციის გაზრდას 12%–მდე ვარაუდობს. ცენტრალური ბანკი კი 8 % –იან მაჩვენებელს პროგნოზირებს.

 

მიუხედავად არსებული მონაცემების და პროგნოზების ციფრებს შორის განსხვავებისა, ერთი რამ ნათელია, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია