ჯეიმს კირჩიკი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-08-2013, 20:44 | მსოფლიო | ნანახია - 1606

ჯეიმს კირჩიკი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგამერიკელმა  ჟურნალისტმა და დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარმა ჯეიმს კირჩიკმა  ტელეკომპანია Russia Today-ს პირდაპირ ეთერში რუსეთში “გეი პროპაგანდის“  წინააღმდეგ  მიღებული  კანონი გააპროტესტა და განაცხადა, რომ Russia Today კრემლიდან ფინანსდება.

„თქვენ გაქვთ 24  საათი იმისთვის, რომ იცრუოთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და იგნორირება გაუკეთოთ იმას,  რაც რუსეთში ხდება, მე კი თქვენი ეთერის იმ ორ წუთს, რომელიც  დაითმეთ, იმისთვის გამოვიყენებ, რათა  ხალხმა სიმართლე გაიგოს,“ - განაცხადა ჯეიმს კირჩიკმა.

კირჩიკი ტელეკომპანიის სტოკჰოლმის სტუდიაში ბრედლი მენინგის საქმეზე   სასაუბროდ იყო მიწვეული, თუმცა, ამერიკელმა ჟურნალისტმა,  წამყვანის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა  და იმით დაინტერესდა, თუ როგორ ძინავთ  Russia Today-ს ჟურნალისტებს ღამით.

„მე მაინტერესებს,  როგორ შეგიძლიათ თქვენ საკუთარ თავს ჟურნალისტი უწოდოთ?! როგორ შეგიძლიათ ღამე მშვიდად გეძინოთ მაშინ, როდესაც ის, ვინც  ხელფასს გიხდით, მართავს ქვეყანას, სადაც ნამდვილ ჟურნალისტებს კლავენ?!“ - მიმართა ჯეიმს კირჩიკმა გადაცემის წამყვანს. 

ჯეიმს კირჩიკი ლგბტ პირების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით სტუდიაში ცისარტყელის ფერებიანი „პომოჩებით“ მივიდა.

„ იმ ტელეკომპანიის ეთერში, რომელიც კრემლის პროპაგანდას ეწევა, მე გავაპროტესტებ იმ საშინელ  „ანტიგეი“ კანონპროექტს, რომელიც ვლადიმერ  პუტინმა მიიღო.  ახლა  ჩემთვის მნიშვნელოვანია საუბარი არა ბრედლი მენინგზე, არამედ იმ საშინელ ჰომოფობიაზე, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს და იმ რეპრესიებზე, რომლებსაც ბატონი პუტინი ახორციელებს.“ - განცხადა დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარმა ჯეიმს კირჩიკმა  Russia Today-ს ეთერში, რის შემდეგაც ის ტელეკომპანიამ პირდაპირი ეთერიდან გათიშა.

მოგვიანებით, ჯეიმს კირჩიკმა  The Washington Post-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც Russia Today-ს სტუდიაში გამოთქმულ პროტესტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  აღნიშნული ტელეკომპანია ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა. კირჩიკი ამბობს, რომ Russia Today თავს სერიოზულ მედიად ასაღებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

„ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ Russia Today რუსეთის ხელისუფლებისგან ფინანსდება. მართალია, ხანდახან აჟღერებენ კრემლის ზომიერ კრიტიკას, მაგრამ არსებითად ეს ტელეკომპანია ეწევა პუტინის პროპაგანდას. ეს არის კარგად, ყურადღებით გააზრებული ცინიკური  პროპაგანდა.“ - წერს The Washington Post-ში ჯეიმს კირჩიკი.

გარდა ამისა, კირჩიკმა აღნიშნულ თემაზე  გერმანულ გამოცემას  Der Spiegel მისცა ინტერვიუ, რომელშიც  განაცხადა, რომ ცისარტყელის ფერებიანი „პომოჩები“  „სექენდ-ჰენდში“  შეიძინა  და ისე დაიმაგრა, რომ პირდაპირ ეთერში გასვლამდე არ გამოჩენილიყო.

„პირდაპირი ეთერი რომ არ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ მივიდოდი ამ ტელეკომპანიაში. ბევრჯერ გადავამოწმე ნამდვილად პირდაპირ ეთერში ვიქნებოდი თუ არა, რადგან ეს რომ ჩანაწერი ყოფილიყო, ამოჭრიდნენ.“ - განაცხადა ჯეიმს კირჩიკმა  და აღნიშნა, რომ Russia Today-ს ეთერში საქართველოს ოკუპაციაზეც აპირებდა საუბარს.

„ეთერიდან რომ არ გავეთიშეთ, ვაპირებდი მომეთხოვა Pussy Riot-ის წევრების, მიხეილ ხადარკოვსკისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასევე მინდოდა მესაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და სირიის კონფლიქტში რუსეთის როლზე.“- განაცხადა ჯეიმს კირჩიკმა და აღნიშნა, რომ სხვებსაც მოუწოდებს ასევე მოიქცნენ.  „საზოგადოებამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც Russia Today-ში მუშაობენ, უნდა გააანალიზონ, რომ დიქტატურას ემსახურებიან, ამიტომ პროტესტი აუცილებელია.“ - განაცხადა ჯეიმს კირჩიკმა.

აღსანიშნავია, რომ  ჯეიმს კირჩიკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკვე დიდი ხანია აკვირდება.  ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარმა The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნა ანალიტიკური  სტატია,  სათაურით  - „რუსეთის გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე“, რომელშიც   განაცხადა, რომ  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მილიარდერი რუსეთში გახდა, სავარაუდოდ, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დააბრუნებს. კირჩიკი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინი საჯაროდ არასდროს გაუკრიტიკებია.

ჯეიმს კირჩიკი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო გეზს რუსეთისკენ აიღებს, მაშინ  უკრაინასა და ბელორუსს დაემსგავსება, ხოლო თუ  NATO-სა და ევროკავშირისკენ   სვლას გააგრძელებს, შანსი ექნება, ჩეხეთისა და პოლონეთის მსგავსი ქვეყანა გახდეს.

 

მოამზადა თიკა ნიკოლაძემ

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია