ეს გზა აეროპორტში მიდის?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-08-2013, 20:00 | ბლოგები | ნანახია - 2288

ეს გზა აეროპორტში მიდის?ნათია მეგრელიშვილი 

 

ვისი სახელობის უნდა იყოს თბილისის აეროპორტი ?

ზ. გამსახურდიას ვარიანტი ცალსახად გამოირიცხა. ის  საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი 90-იანი წლების „დიქტოტორზე“ მაინც განაწყენებულია. საზოგადოების მეორე ნაწილი კი, რომელიც მას მხარს უჭერდა, ღირსეულად ვერ მოიქცა  და ამით კარგად ისარგებლა მშვიდობისმოყვარე და შემრიგებელმა რუსეთმა -  ყურში ბოროტება ჩაგვაწვეთეს და საკუთარი ხელით სამარცხვინოდ გავწირეთ კაცი. კიდეც გააგდეს და კიდეც მოკლეს. ვერავინ ბედავს იამაყოს ამ საქციელით, მაგრამ აგრესია არ კლებულობს.

რ. სტურუამ გვამცნო, რომ რომის აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა და ქართველებს უცებ ფიროსმანი გაახსენდათ, მაგრამ ის დაავიწყდათ, რომ ლეონარდო იყო მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, მფრინავი მანქანების დამპროექტებელი. რომის აეროპორტში მისი ქანდაკება დგას, ოღონდ არა ფუნჯით, არამედ  მფრინავი მანქანის მაკეტით ხელში.  მან იცოდა, რომ ადამიანი აუცილებლად გაფრინდებოდა. ამიტომაც არის აეროპორტი მისი სახელობის. ასევე იტალიაში არის გალილეო გალილეის და მარკო პოლოს სახელობის აეროპორტები. ამ ლოგიკით ჩვენი აეროპორტიც შეიძლება იყოს ცნობილი გამომგონებელის, ან დიდი მეცნიერული მიღწევის სახელობის.

ჩემი ნება  რომ იყოს, თბილისის აეროპორტი „არჩევნების“ სახელობის იქნებოდა, ვინაიდან უკანასკნელ წლებში არჩევნები ჩვენს ქვეყანაში  ყველაზე დიდი გამოგონებაა, რომელსაც მთელი ერი ეთაყვანება, სინამდვილეში კი არის დიდი მირაჟი, რადგან არაფერი იცვლება. მაგრამ ის მაინც ყველაზე პოპულარული, ეგზალტირებული, დაძაბული  და სასიცოცხლო მნიშვნელობის დაუსრულებელი პროცესია, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი „მდორე, უხალისო,  ბნელი წარსული და ერი გამოაცოცხლა“. ლუარსაბ თათქარიძეებიც კი აქოთქოთდნენ და გააქტიურდნენ.

თუ მოვდუნდებით და დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ მარადისობა სულაც  არ ყოფილა მისტიკა, მეტაფიზიკური მოვლენა, არც ნოოსფეროს და უფოლოგიის, ან რელიგიის კვლევის საგანი. საქართველოში ეს პროცესი არჩევნების მარადიულ დინამიკაში მოგვევლინა, რომელიც სრულიად აკონტროლებს ჩვენს ყოფას და  პირადი ცხოვრებაც კი აღარ გვაქვს.

საარჩევნო კამპანიამანიამ  ტოტალურად მოიცვა საზოგადოება და მედიის დახმარებით ჩვენი გონება და ტვინი თითქოს დაპროგრამებულია და უხილავი ჩიპებითაა გამოტენილი. მერის, საკრებულოს, თვითმმართველობის, რექტორების, პარლამენტის, ახალი ხმების, პრეზიდენტის, ბორდის, მთავარი დირიჟორის, ეროვნული ფრონტის, ცსკოს თავჯდომარის, ერის, ბერის არჩევნები, ყველაფერი ჩვენი სანერვიულოა და რატომღაც, სხვისი გადასაწყვეტი. აუტანელია ამდენი არჩევნები, რომლებსაც შედეგად ისევ არჩევნები მოსდევს და სავარაუდო დასასრული მარადისობაში გადაიზრდება...

მდიდარი ადამიანები მოგზაურობენ მაინც, ღარიბები ბობოქრობენ, მაგრამ უშედეგოდ. საშუალო ფენა არ გვყავს. ფსევდოსაშუალო კი, რომელსაც ვითომ ჩვენ მივეკუთვნებით, არჩევნების არჩეული მსხვერპლი ვართ.

 დიდ გასაჭირში მყოფი ადამიანები  უფრო ოპტიმისტები აღმოჩდნენ და პერიოდულად იჯერებენ, რომ არჩევნები აუცილებლად შეცვლის მათ ცხოვრებას,  უშედეგო შედეგები კი ისევე ავიწყდებათ, როგორც ქალს - მტკივნეული მშობიარობა და ისევ სიხარულით ფეხმძიმდება. მეორე  შემთხვევაში, მოკლე მეხსიერება ამართლებს, მაგრამ არჩევნების პირობებში სასურველია, რომ გამოცდილებაც გაკვეთილად ვაქციოდ.

ჩვენთვის სიტყვა“ არჩევნებმა“ მნიშვნელობა დაკარგა. არაფერი იცვლება. ნამდვილ არჩევნებს ალბათ აზარტი და სიხარულიც ახლავს, მაგრამ ჩვენთან აზარტის ნაცვლად ერში ნერვიული ფუნქციის კოლექტიური აშლილობის  მდგომარეობა ფიქსირდება. ყველა დაგეშილია იმ კანდიდატებზე და პარტიებზე, რომელიც სძულთ და თავის ფავორიტებს ბრმად ენდობიან ისე, რომ არც კი იციან, როგორია მათი საარჩევნო პროგრამა.

 ქართველი ამომრჩევლისათვის მთავარი არის მოწინააღმდეგის დამარცხება და არა გამარჯვება. ანუ ჩვენ ვზეიმობთ არა წარმატებას, არამედ მტრის განადგურებას და ამას ჰქვია ნამდვილი სიხარული. მივაქციოთ ყურადღებ,ა  რა შეძახილებით ვამჟღავნებთ სიხარულს: „ჩაძაღლდნენ“ „ პოლიტიკური გვამები“, „გავანადგურეთ“ და არა - „გილოცავთ გამარჯვებას“.

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ვინც არ უნდა ავირჩიოთ, ასი კაციდან ერთმა შეიძლება გაგვიმართლოს. დანარჩენები კი მოკალათდებიან რბილ, ბზრიალა სავარძლებში, დაგორავენ კაბინეტებში და საქმის კეთების ნაცვლად დიდ დროს ოპონენტების ლანძღვაზე და დამცირებაზე ხარჯავენ. ის ადამიანებიც კი, ვინც რეალურად დიდ გასაჭირშია და ყელში აქვთ მობჯენილი ბოღმა და ტკივილი, არჩევნების კამპანიამანიამ გააერთიანა და ერთმანეთს ქვები დაუშინეს, ღობეები დაუცხრილეს, ეზოებში ერთმანეთს საფრთხობელებს უდგამენ, ერთსქესიანების ქორწინებას ბრძოლაც კი გამოუცხადეს, მაკვანათელ გლეხებს მგონი  არც კი სმენიათ, ეს რა ფენომენია და ცოტა დაფრთხნენ კიდეც. გვაკლდა პრობლემები, რომ ხელოვნურად არ შეგვექმნა? ნეტა რომელმა ნოდარმა ითხოვა თამაზს ხელი ოფიციალურად? ქვეყანაში, სადაც ტოტალური უმუშევრობაა, ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ თვითდამკვიდრება, უმრავლესობას დეპრესიაც აქვს, ოჯახები კრედიტებში და ვალებში ცურავენ და რა დროს „ვახო+გრიშაა“? ეს წინასაარჩევნო კამპანიაა თუ ხალხის ჭკუიდან გადაყვანის კიდევ ერთი მეთოდი?

თითქოს გუშინ იყო საპარლამენტო არჩევნები და გზაში შუალედური დაგვაწიეს, კუდზე საპრეზიდენტო მოგვაბეს. მერე, როგორც გვპირდებიან, თვითმმართველობის არჩევნები იწყება, არ არის გამორიცხული, რომ ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსაც გამოკრავს ხელს და  მერე მერის, მერე მგელის და ასე წავიდა ჩვენი ცხოვრებაც, დაიფერფლა. . . .. აღარც თეატრია ჩვენთვის, აღარც კინო და გამოფენა, არც საჯარო ბიბლიოთეკა, შარდენის კაფე, ბორჯომის სანატორიუმი, წყალტუბოს აბაზანები და ზოოპარკშიც კი ვეღარ მივდივართ. იქ ლომიც კი აღარ იღრინება და არც ვეფხვი გაშინებს, სიარულის თავიც აღარ აქვთ და ეს ყველაფერი არჩევნების ბრალია.

 მარკესი, რომ ვიყო, დავწერდი რომანს:-„არჩევნების ასი წელი“ .

არჩევნების პიარტექნოლოგიებიც ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. „პიარშჩიკები“ აგებენ შენობებს, რომლებსაც საძირკველი არ აქვს და არჩევნების დასრულებისთანავე ბზარები ჩნდება, იშლება და ქრება. საოცარი ის არის, რომ გამარჯვებულის პოპულარობა გაცილებით სუსტდება და დამარცხებულის -ძლიერდება.   ტელევიზიაც,  რადიოც, პრესაც გაცილებით დიდ დროს უთმობს წარსულს, ვიდრე მომავალს. არავინ გვამშვიდებს და გვამხნევებს, პირიქით წარსულით სულს გვიხუთავენ და გონებას გვიბინდავენ. ზოგჯერ მედია ჰალუცინატორ სოკოს ჰგავს, რომელიც მირაჟში და გაურკვევლობაში ამყოფებს ადამიანის ტვინს.

არჩევნებს მოჰყვება „ქუდზე კაცის“ პერფორმანსები, მერე დასცემენ კარვებს, რუსთაველზე რელსებს დააგებენ, დაანგრევენ შენობებს, რომელიც „უხსენებლებმა“ ააგეს და ახალ ნანგრევებზე დაიწყება ახალი ისტორია, როგორიც ეკადრება ჩვენს ღირსებას, პატიოსნებას, უმწიკვლოებას, ვაჟკაცობას და ქართველობას.

იმედი მაქვს, რომ არც მომავალი არჩევნების შემდეგ ვუღალატებთ ტრადიციას და გადავკეტავთ წყალს შადრევნებში, დავჩეხავთ სკამებს და ნაგვის ურნებს, ყვითელ ავტობუსებს ტროლეიბუსები ჩაანაცვლებს, აღმაშენებელის გამზირს ისევ ტალახისფრად გადავღებავთ. რუსთაველზე  ჩამოვხსნით  ბრჭყვიალა ჭაღებს და ჩამოწვება ნანატრი ბინდი.

შესაძლოა, არჩევნების მანიამ ძალიან დაგვაახლოვა თანამედროვე მსოფლიოს, მაგრამ დაგვაშორა სიყვარულს, მეგობრობას, გართობას, სიცილს და სიხარულს.

ეს გზა აეროპორტში მიდის?

რასაკვირველია - „არჩევნების“ სახელობის აეროპორტში.  ტურისტებიც გაოცდებიან, გიდები კი  მათ უამბობენ, როგორ დავამარცხეთ  მონსტრი, რომელმაც რელიგიური რიტუალის სახე მიიღო და ჩვენი ცხოვრება დროებით დაამახინჯა.

თუ მოვლენა სიმბოლოდ ვაქციეთ, ის  ისტორია გახდება და აღარ იქნება საშიში.  ვიცხოვროთ არა არჩევნებიდან არჩევნებამდე, არამედ არჩევანის თავისუფლებით დავტკბეთ და დავუბრუნდეთ ყველა ჩვენს კერას, გაბუტულ ნათესავებს, სამშობლოს, გაბრაზებულ მეზობლებს, კეთილ მეგობრებს და ვიცხოვროთ ცოტა მხიარულად და რომანტიკულად და თუ მოგზაურობა მოგვინდება გავფრინდეთ „არჩევნების“ სახელობის აეროპორტიდან. იმ არჩევნების, რომლებმაც ჩვენ დაგვიმონა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და ბედნიერმა ერმა ის დაამარცხა და ცხოვრება გააგრძელა. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია