მატეო რენცი: Un Uomo di Fretta - კაცი, რომელსაც ეჩქარება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-02-2015, 19:56 | მსოფლიო | ნანახია - 1592

მატეო რენცი: Un Uomo di Fretta - კაცი, რომელსაც ეჩქარება

 

გუგა ჯულუხიძე

 

იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებებისა და გარდაქმნის ეტაპია! დღე არ გავა, რომ სამთავრობო კოალიციამ ახალი ინიციატივა, იდეა, ან კანონ-პროექტი არ შემოგვთავაზოს. მართალია, იტალიური ტემპერამენტიდან გამომდინარე, აპენინებზე არასდროს ყოფილა პოლიტიკური დინამიკის დეფიციტი, თუმცა დღეს, მოქმედებათა თეატრის სცენაზე მეტი ენერგია და მრავალფეროვნებაა. ძირეული ეკონომიკური რეფორმებისათვის (რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლამის კრიზისში მყოფი იტალიისათვის) ხელისუფლებას ორივე საკანონმდებლო საფეხურზე, აბსოლუტური უმრავლესობა ესაჭიროება. მმართველი კოალიცია (Italia. Bene Comune – “იტალია. საერთო კეთილდღეობა”) დეპუტატთა პალატაში მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს (307 vs 91), სენატში კი, გაცილებით რთულად აქვს საქმე (172 vs 137), თუმცა ოპოზიციური ალიანსი (Coalizione di centro-destra – “მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია”) "მწვანე შუქს" უნთებს უმრავლესობას და რიგ ეკონომიკურ ინიციატივებს მხარსაც კი უჭერს. ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ცხოვრებაში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ, ოპონენტები ლამის მოსისხლე მტრებად ითვლებოდნენ, დღეს კი...

 

2014 წლის 22 თებერვალს, იტალიის მთავრობის ხელმძღვანელად, ფლორენციის ყოფილი მერი - 39 წლის მატეო რენცი აირჩიეს. იტალიის გაერთიანების შემდეგ (1861 წელი), რენცი პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც ბენიტო მუსოლინის “რეკორდი გააუმჯობესა” და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. იგი საუბრობს ტოსკანური აქცენტით, ფლობს ინგლისურსა და ფრანგულს, უპირატესობას ანიჭებს ჩაცმულობის თავისუფალ სტილს (ხშირად იხილავთ ჯინსებში), აანონსებს რადიკალურ და ყოვლისმომცველ ცვლილებებს, მოგზაურობს ძალიან ბევრს, უყვარს როკი, აქცენტს აკეთებს ახალგაზრდებზე, არ უშინდება ახალ გამოწვევებს, არის თამამი, ქარიზმატული და ენერგიული ... ერთ სიტყვით, უმაღლეს ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელიც ძალიან უცხოა და გამორჩეული, "მოძველებული" იტალიური პოლიტიკური ყოველდღიურობისათვის.

 

მატეო რენცი Partito Democratico-ს (“დემოკრატიული პარტია”) ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და პარტიის იერარქიულ საფეხურებზეც სწრაფად პროგრესირებდა. მან საკმაოდ იოლად ჩამოიცილა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა და დემოკრატიული პარტიის სრული მხარდაჭერის შემდეგ, მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის (იგივე პრემიერ-მინისტრი) პოსტი დაიკავა.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც რენცის, წინამორბედისგან ერგო, ალბათ, არცერთი ლიდერი ისურვებდა მსოფლიოში, ასეთ მძიმე დანატოვარს: საბიუჯეტო დეფიციტი, ძალიან დიდი საგარეო ვალი, ეკონომიკური კრიზისი (რომელიც 2009 წლიდან ამოსნუთქვის საშუალებას არ აძლევს ქვეყნის ეკონომიკას), უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი (განსაკუთრებით, ახალგაზრდებში), არალეგალების შემოსევა (უდიდესი ნაწილი, აფრიკიდან), საზოგადოებრივი ნიჰილიზმი და ა.შ.

 

ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღესვე, რენციმ განაცხადა, რომ სწრაფი მოქმედებების დრო იყო. “უკომპრომისო, რადიკალური და ყოვლისმომცველი რეფორმების” დაანონსების შემდეგ, პრემიერმა ჯერ გადასახადები მოუხსნა იმ მოქალაქეებს, რომლეთა შემოსავალიც 1500 ევროზე ნაკლები იყო თვეში, ხოლო მოგვიანებით, იტალიის ხელისუფლების ბალანსზე არსებული ძვირდაღირებული ავტომობილები გაიტანა აუქციონზე. შემდეგ, "გენდერული რევოლუცია" დაიწყო და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის თანამდებობებზე, ქალბატონები დანიშნა. მომდევნო ნაბიჯი, 1000 დღიანი სახელმწიფო პროგრამა იყო: Millegiorni (ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მთავრობის ინიციატივებსა და რეფორმების მიმდინარეობას დეტალურად აშუქებს - www.passodopopasso.italia.it). კიდევ ერთი დეტალი, რითაც შეუძლია თავი მოიწონოს რენციმ - მისი არაჩვეულებრივი კომუნიკაციის უნარია. პრემიერის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი, ვერ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მან იტალიურ პოლიტიკაში ახალი ფურცელი გადაშალა და ოპონენტებს არა კომპრომატები + კრიტიკა, არამედ დიალოგი შესთავაზა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, იტალიელების 61% დადებითად აფასებს პრემიერის პირველ 100 სამუშაო დღეს, რისი პირდაპირი დასტურიც, მაისის ევროპარლამენტის არჩევნები იყო, სადაც Partito Democratico-მ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, ხმების 41% მიიღო.

 

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ხელისუფლებაში ყოფნის მოკლე პერიოდში, რენციმ მეგობრული ურთიერთობები დამყარება ანგელა მერკელთან, ფრანსუა ოლანდთან, დევიდ კემერონთან და მარიანო რახოისთან. სხვათა შორის, ბევრი იტალიელი ანალიტიკოსისათვის, სილვიო ბერლუსკონის მმართველობის პერიოდში, ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, როცა მერკელი, ლამის დემონსტრაციულად გამოხატავდა საკუთარ ანტიპათიას იმჟამინდელი პრემიერისადმი. რენცის კიდევ ერთი წარმატება, თავისი "პროტეჟე"-ს ფედერიკა მოგერინის "აღზევება" იყო. ეს უკანასკნელი, პოლიტიკური წყვდიადიდან, მოქმედებათა თეატრის სცენაზე მოხვდა (ძალიან მოკლე დროში) და უმაღლესი კომისარი გახდა საგარეო და უსაფთხოების პოლიტიკის საკითხებში.

 

იტალიის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ევროპის კონტინენტით არ შემოიფარგლება. გაპრემიერების პირველივე დღიდან, მან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო აშშ-ს ადმინისტრაციასთან და ბარაკ ობამას სრული მხარდაჭერა აღუთქვა ტერორიზმთან ბრძოლაში. რენცი ასევე აქტიურად თანამშრომლობს G7-ის კიდევ ერთ გიგანტთან და სავაჭრო-საინვესტიციო კავშირებს აღრმავებს იაპონიის პრემიერ შინზო აბესთან.

 

რაც შეეხება რუსეთთან ურთიეთობებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა იტალიის ხელისუფლებაც კი დააფიქრა. რომში ყველა, ან თითქმის ყველა მიხვდა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება კარგს არაფერს მოუტანდა იტალიას, ამიტომაც რენციმ, ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის კუთხითაც დაიწყო მუშაობა. ბრუსელის კულუარებში იმაზეც კი საუბრობენ, რომ რუსული გაზის ალტერნატივის ძიება, პირადად რენცის დააავალეს და მატეოც ამოქმედდა.

თუმცა იტალიის პრემიერ-მინისტრი არსებული ვითარების “ტყვე” უფროა, ვიდრე ევროპის მომავალზე მზრუნველი პოლიტიკოსი: იტალიაში, იმპორტირებული გაზის 46% რუსეთიდან მოდის (დანარჩენი, ჩრდილოეთ აფრიკასა და ყატარზე ნაწილდება). ამიტომაც რენციმ რუსული წილის შემცირებასა და აფრიკულის გაზრდაზე დაიწყო მუშაობა. ამის დასტური, პრემიერის გახშირებული ვიზიტებია ალჟირში, ტუნისში, მოზამბიკსა და ლიბიაში.

 

რაც შეეხება ოფიციალური რომისა და მოსკოვის ურთიერთობებს: უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, იტალია, რუსეთის იდუმალ მხარდამჭერად და ლობისტად ითვლებოდა. მაგალითად, 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნის ინიციატორი იტალია იყო. უფრო მეტიც, ბერლუსკონი სიამაყით საუბრობდა პუტინთან მეგობრობაზე, დემონსტრაციულად აკრიტიკებდა ევროკავშირს და საკმაოდ ხშირად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების ბლოკავდა (ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი - 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის). გარდა ამისა, ძალზედ ინტენსიური იყო/არის თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხითაც, როდესაც უმსხვილესი იტალიურ-რუსული კომპანიები საერთო პროექტებს ახორციელებდნენ (თუნდაც უდიდესი იტალიური ენერგო გაერთიანების ENI-ისა და Gazprom-ის პარტნიორობა რად ღირს).

 

დავუბრუნდეთ ისევ რენცის, რომელმაც 2014 წლის ოქტომბეში, პუტინი მილანში მიიწვია, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე მოხდა, როცა დასავლური სამყაროს ბევრი ლიდერი გვერდითაც კი არ უჯდებოდა პუტინს. მაშინ, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ მსოფლიოში, რომ არც რენცი იქნება მაინცდამაინც პრინციპული და კრიტიკული რუსეთისადმი.

 

რაც შეეხება პროგნოზებს: 2015 წლისთვის დაანონსებულია, რომ იტალიური ეკონომიკის ზრდა 1.4% იქნება (მომავალ წლებში უფრო მაღალი ზრდის პერსპექტივით), 13.3%იანი უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდება მინიმუმ 2 ერთეულით, შრომის მოუქნელი კანონი გადაიხედება და გაუმჯობესდება, იტალია კიდევ უფრო გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს საგარეო პოლიტიკის კუთხით, თუმცა არავინ საუბრობს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის არც აუცილებლობაზე და მითუმეტეს, არც პერსპექტივაზე.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია