,,იჯდერაოდან“ ,,მიჯირყვნამდე“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-08-2013, 20:14 | ბლოგები | ნანახია - 4252

,,იჯდერაოდან“ ,,მიჯირყვნამდე“ზურა ოდილავაძე

 

გუშინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსში“ შევიხედე.მსურდა, საზაფხულოდ ჩამოსული სტუმრებისთვის ჩემი წიგნის ორი ეგზემპლარი მეყიდა. შესვლისთანავე ვხედავ, ბესტსელერების განყოფილებიდან ყოფილი ცკ-ს მდივნის გიგანტური ტომი მიმზერს. მისი ადგილმდებარეობა და ზომა ამ წიგნის აშკარა რიტუალურ დანიშნულებას მიანიშნებდა. დაუყონებლივ მცირე მეტანია შევასრულე და ,,ხატს” ვემთხვიე. საბჭოური ობის სურნელი მეცა, წარსული გამახსენდა... წაუკითხავად ცხადია, წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორი მონდომებით ასრულებდა საოკუპაციო რეჟიმის ,,ნამესტნიკი“ იმპერიის დავალებებს და რა საამოა მონობა. იქვე კითხვა გამიჩნდა: საინტერესოა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოსცემენ ამხანაგების – ვოიცეხ იარუზელსკის, ერიხ ჰონეკერისა თუ ტოდორ ჟივკოვის მემუარებს?

  მეფისნაცვლის ნაღვაწთან ჩემი წიგნი რა მოსატანია, მაგრამ მორცხვად მაინც მოვიკითხე... მე და მაღაზიის კოლექტივი, სრული შემადგენლობით  – სულ 5 სპელეოლოგი - ერთი საათის განმავლობაში ,,ბიბლუსის“ მღვიმის კუთხე-კუნჭულს უშედეგოდ ვიკვლევდით. სასოწარკვეთილებს დამლაგებელიც შემოგვეშველა და აი... რატომღაც პოეზიის განყოფილებაში, ქვედა მტვრიან თაროზე, ჩემმა სავსებით პროზაულმა ნაშრომმა მზის სხივი იხილა!.. მეორე ეგზემპლარზე ხმის დაძვრაც კი ზედმეტი იყო. რარიტეტი გულში ჩავიკარი და მაღაზიიდან გახარებული გამოვედი. გზად მაინც მომეძალა ფიქრები: ჩემს წიგნში ხომ სწორედ იმავე წლების, რომლებიც ცკ-ს მდივნის მემუარებშია, ანუ საბჭოური რეჟიმის სისასტიკეა აღწერილი. ამხანაგო გამომცემლებო, ,,ბიბლუსის“ თანამშრომლებო, რომლებმაც ცკ-ს მდივნის ,,კარედი ხატი”, დიდი რუდუნებით თვალშისაცემ ადგილზე, ბესტსელერთა შორის მოათავსეთ! გასაგებია, რომ ტოტალიტარული რუსეთი თქვენში ნოსტალგიას იწვევს, მაგრამ ჩვენ, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე ებს რას გვერჩით, რატომ ქვედა, მტვრიან თაროზე?

   საბჭოეთმა ცხოვრების ყველა სფეროში იმძლავრა! ,,ჯიშიანები“ კარგა ხანია გადაშენდნენ, გამძლე ,,დვარნიაჟკების“ ეპოქა დადგა! გადაჯიშების ეს პროცესი ხელისუფლების ცვლისა და ,,მეორადი“ ფიგურების აღზევების შემდეგ, განსაკუთრებული სიცხადით წარმოჩნდა – ქვეყანა აშკარა პოლიტიკურ მარაზმში შევიდა, ხოლო კულტურული ცხოვრება პრაქტიკულად ჩაკვდა.

   მართალია, თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმატებების შესახებ არათუ  შორეულ კუალა-ლუმპურში, არამედ მეზობელ ზაქათალაშიც არაფერი სმენიათ, ეროვნული ელიტის ცხოვრება დუღს და გადადუღს! მწერლებისა და პოეტების ათკაციანი ჯგუფი ერთმანეთში ლიტერატურული პრემიების ,,ვისი სული გსურს?”-ს ათამაშებს; ჟურნალისტებს სიძულვილისა და აბსურდის წლის საუკეთესო მთესველის წოდებით აჯილდოვებენ; მომღერლების, მოდელების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვა გამოჩენილი მოღვაწეების სექსუალურ ფოტოებს ჟურნალ ,,თბილისი და თბილისელების“ გარეკანზეც კი ათავსებენ... ადამიანები იხვეწებიან, ბიწიერი ხორცისგან განიმოსებიან და აი, ანგელოზები და მთავარანგელოზები ზეციურ ,,პროფილში“ გამოჩენის ღირსნი ხდებიან, ხოლო ღმერთებს ,,ნანუკას შოუში“ პატიჟებენ! საბჭოეთის დროიდან შემორჩენილ პერსონაჟებს, სანამ ისინი ზეცად ამაღლდებიან, მონიკელებული ვარსკვლავის სახით, ფილარმონიის ასფალტში აცემენტებენ და იუბილეებს უხდიან. მეცნიერები?.. მართლაც ჩამჭრელი კითხვაა! ისინი, საერთოდ თუ არსებობენ ხილულად, დანამდვილებით არავინ იცის. დამოუკიდებლობის ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, ღვაწლმოსილები მათმა უნიჭიერესმა შვილებმა და შვილების მოწინავე მეუღლეებმა ჩაანაცვლეს, უკვე შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ჯეჯილი ბიბინებს, ფეოდალური ნაბარტყის ეპოქა გვიახლოვდება! მიდის, მიედინება ყოფიერების მდინარე...

   დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკა უტიფრობის, უვიცობისა და სიძულვილის წარმოსაჩენ არენად საბოლოოდ ჩამოყალიბდა. სახეზეა  წარმოუდგენელი აბსურდი, არნახული ირაციონალიზმი და მორალის სრული დეგრადაცია. ქვეყანაში, რომელშიც ერთი კარგი ექიმის მონახვა ჭირს და ამის გამო, ოდნავ შეძლებული ადამიანები სამკურნალოდ  საზღვარგარეთ გარბიან,  სწოდერ ამ სახელმწიფოში პრეზიდენტობაზე ათეულობით პრეტენდენტი აცხადებს პრეტენზიას. კანდიდატების ძირითადი ბირთვი, საუკუნოვანი კორპორაციის – ,,ერთმორწმუნე ოკუპანტის“ შვილობილი კომპანიებით არიან წარმოდგენილნი. განსაკუთრებით აქტიურია კომპანია ,,რკინის ლედი ენდ ,,გრუ“-ს ბიჭები”.

   მომავალი პრეზიდენტები ერთმანეთს საქართველოსთვის ორი ეგზისტენციალური პრობლემის გადაწყვეტაში ეჯიბრებიან: 1. ვინ უფრო მოხეხებულად ჩაგვახდევინებს შარვალს და შეგვათრევს ევრაზიულ კავშირში; 2. ვინ უფრო მაგრად დაიჭერს მიხეილ სააკაშვილს. მხოლოდ ერთი, საოცნებო და თითქოს გამარჯვებისთვის განწირული კანდიდატი ვერ ახერხებს აგვიხსნას, რა სურს და ჩვილის სავსე სახით მხოლოდ გვიღიმის... ,,მამა მზეც“ ჯიუტად დუმს და ბავშვს ,,აღუთი“ ენის ადგმაშიც არ ეხმარება...

   წინა ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის საკმაოდ ხშირად იყენებდა სიძულვილის ენას, თუმცა, საქმესაც ბევრს აკეთებდა. ახლანდელმა მთავრობამ სიტყვა და საქმე შეაერთა და სახელმწიფოს, ერის ცხოვრების ერთადერთ აზრად ზიზღი აქცია. მასებიც აღფრთოვანებულნი არიან ამ მდგომარეობით – ხალხი სისხლის სურნელით ტკბება და სულ უფრო მეტსა და მეტს ითხოვს! მასობრივი ფსიქოზის აშკარა ნიშნები სახეზეა.

    თავიდან იყო დაპირებაი ,,ასავალ-დასავალში” გიგანტური კარტოფილის ტუბერებისა და პომიდვრის ხეივნის ჩითილების შესახებ და დაპირებაი იგი იყო მესიასა თანა… და იქმნა ,,იჯდერაობის“ ნათელი... ამ ნეტარ დროს ოპტიმიზმის მინიმალურ დოზას ჯერ კიდევ ვინარჩუნებდი. ამჟამად უკვე ასი მძლავრი ფაბრიკა-ქარხნის ,,მიჯირყვნის“ ხანა დადგა და იმედი საბოლოოდ გადამეწურა. თან, რამ გამახსენა – ნუთუ ის მართლა გვტოვებს?!..

   ხალხის მასების თავგანწირული ბრძოლის შედეგად გამეფებული, აწ უკვე ამ ხალხზე დარდით  გადაღლილი ,,მამა მზე“  წასვლის შესახებ განცხადებას განცხადებაზე აკეთებს.   მართალია, მან თავიდანვე გაგვაფრთხილა, წავალო, მაგრამ იმხანად არ დავიჯერეთ და განშორების ტკივილი სავსებით ვერ გავითავისეთ... თუმცა, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ – ,,მამა მზე“ არ მოიწყენს და დროებით მაინც, მრავალმილიონიანი სურათის ,,მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის“ ყიდვით გაერთობა, ხოლო ჩვენ ყველას ოჯახში თითო სოლარიუმს დაგვიმონტაჟებს! ვინმეს გსმენიათ სხვაგან ამის მსგავსი აბსურდი? მე არა...

    მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც მიდის... სამაგიეროდ, ნუგეშად ისიც გვპირდება – ზეცად გაუჩინარებამდე  სააკაშვილს მაინც დავიჭერო – ხოლო ეს ცოტა როდია! ამხანაგებო, დასასრულს მინდა მოგმართოთ შემდეგი თხოვნით: ცნობილი ჟურნალისტის მოწოდების ქვეშ დღესვე შევუდგეთ ხელმოწერების შეგროვებას და ეს პეტიცია ,,შეუცნობადს“ გადავუგზავნოთ: ,,მამა მზევ“, ჩვენ ხომ თქვენმა ,,იჯდერაომ“ და ,,ბუტკამ“ ასე მოგვიხბლა, ახლა კი არჩევანი თქვენზეა – გინდ ,,მიგჯირყვნე“ და გინდ ... – ჩვენ თქვენს მხარეს ვართ! მამაო, გევედრებით, ეგებ გადაიფიქრო, ჰა?

 

P.S.

   ასეა თუ ისე ,,იჯდერაოდან“ ,,მიჯირყვნამდე“ განვლილ გზაზე ერი დაბრძენდა. ჩვენმა მჩქეფარე საზოგადოებრივმა ცხოვრებამ ყოველდღიური მოლოდინის ხასიათი შეიძინა და ამ ნოვატორულ მიმართულებას ჰქვია – ,,სირობიდან სირობამდე“. მოსახლეობა მხოლოდ ერთზე ფიქრობს – დღეს ხელისუფლება, რა მორიგ სირობას ჩაიდენს? ერთი სიტყვით, დიდი მოდუნებაა სირინეთში, ჩვენში დიდმა გამ... ყინვარებამ დაისადგურა! 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია