დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-02-2015, 17:47 | მსოფლიო | ნანახია - 1652

დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს

 

ზვიად აძინბაია

 

9 თებერვლის კვირას, Bloomberg View საუბრობდა იმაზე, რომ აშშ-ს პირველმა დიპლომატმა, ჯონ ქერიმ, გერმანიაში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, გაამჟღავნა საიდუმლო, რომ ის პირადად, მხარს უჭერს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღების შესახებ ობამას გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

ბრძოლა უკრაინისთვის გრძელდება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი უკვე თვეებია საბრძოლო მოედნად იქცა უკრაინის რეგულარულ არმიასა - რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის იბრძვის - და რუსი ბანდ-ფორმირებების მიერ, რომელთაც პუტინის რეჟიმის მხრიდან ფართო მხარდაჭერა გააჩნიათ, მძიმე შეიარაღების ჩათვლით. სცენარი უკრაინაში სხვა არაფერია, თუ არა ანალოგი აფხაზეთისა, სადაც რუსებმა, 90-იანებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ეთნიკურ კონფლიქტად მონათვლა და კონფლიქტის წარმატებული ორკესტრირება შესძლეს. ნათლად სჩანს, რომ რუსების, და არა მხოლოდ რუსების ტრადიციული იმპერიალისტური ფორმულა “დაყავი და იბატონე”, ძალზე გამძლე აღმოჩნდა.

 

ევროპელი ლიდერები, მერკელისა და ოლანდის ჩათვლით, მზად არიან ითამაშონ დათბობის თამაში, რამეთუ მათი უსაფრთხოება და თავისუფლება, დეკადებია აშშ-ს მიერაა გარანტირებული. ორი ლიდერი კატეგორიულად წინააღმდეგია უკრაინის თავდაცვითი შეიარაღებით მომარაგებისა, რომელიც თავისუფლების მოყვარე ერს, რუსების პირდაპირი აგრესიისგან დაიცავს. აღნიშნული პოლიტიკური ფლირტის სურათი ნათელია: ევროპელები რუსებს - რომლებიც უკანონოდ შეიჭრნენ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და ომს აწარმოებენ - პრო-რუს ამბოხებულებს ან რუსეთის მიერ მხარდაჭერილებს უწოდებენ. ევროპის დღევანდელი ლიდერობის ამ გულუბრყვილო პოზიციაზე დაკვირვებით, ცხადია ისინი დათანხმდებიან ყველაფერს, ესკალაციის არიდების სანაცვლოდ.

 

ამ ომში, მთავარი როლის მიუხედავად, მოსკოვი ცინიკურად უარყოფს მის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. უფრო და უფრო მკაფიო ხდება, რომ პუტინის მთავრობა თავიანთი წინამორბედის, გრომიკოს, ანუ იგივე “Mister NO”-ს ტექნიკებს ფართოდ ბაძავს, რომელიც მუდმივად ცდილობდა თეთრის გაშავებას, მაშინაც კი, როცა ობიექტის ყველა ფერი ყველასთვის ცნობილი იყო. კიდევ ერთხელ, რუსების ტაქტიკა უკრაინაში, მხოლოდ დეჟა-ვიუა იმათთვის, ვისაც აფხაზეთში რუსების ,,მშვიდობისმყოფელობა“ უკვე ნანახი აქვთ.

 

მწარე რეალობისთვის თვალის გასწორების და მომავალზე ორიენტირებული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თვალდახუჭული ფიქრობს და ბრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ ეს პოზიცია საკმარისია მორიგი ცივი ომის პრევენციისთვის. რა თქმა უნდა, ევროპისა და რუსეთის საერთო გზაჯვარედინი ენერგო სფეროზე გადის, რომელზედაც განვითარებული ევროპელების დამოკიდებულება არ იძლევა რუსების ბოლომდე იგნორირების საშუალებას. თუმცა, ისტორიის ფურცლები განსხვავებულ ფაქტებს მოწმობენ. როგორც ზემოთ ვთქვით, აშშ-ს სახით, ევროპელებს ათწლეულების განმავლობაში კომფორტში ცხოვრება მოუხერხდათ, რამაც ისინი თავისთავად შეაჩვია ფუფუნებას.

 

გასული საუკუნის მსოფლიოს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ პროცესებზე თვალის გადავლებით და პარალელების გავლებით, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი რაც რჩება, არის ამერიკულ-ბრიტანული ტანდემის გაძლიერება, როგორც რუზველტ-ჩერჩილისა და რეიგან-ტეთჩერის შემთხვევაში. მათ გაბედეს ბრძოლა და გაიმარჯვეს ომში, რომელიც მასშტაბით, დიდად აღემატებოდა დღევანდელს.

 

დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს.

 

ამ მომენტში კი, უკრაინა მოუწოდებს რუსეთს ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბრის მინსკის პირველი შეთანხმება შეასრულოს. მარტივი შესადარებელია, რომ ამ პირველადმა ზავმა უკვე გაიზიარა 2008 წლის „სარკოზის ზავის“ ბედი, რომელიც დღემდე არ შესრულებულა. მინსკის მეორე რაუნდის ჩასატარებლად, ოლანდი და მერკელი კვლავ შეეცადნენ მედიაციას რუსებსა და უკრაინელებს შორის. თუმცა, ისტორიული ნორმანდიული ფორმატის მიმართ საწყისშივე, არც ისე დიდი მოლოდინი არსებობდა - პუტინი, პოროშენკო, მერკელი, ოლანდი - რამეთუ, კონტრ-მხარეების პოზიციები პრინციპულად განსხვავდებოდა.

 

“მინსკი 2”-ის შედეგი ასეთია: ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც 15 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, შეთანხმდა მხოლოდ ქაღალდზე. გასაგებია, რომ ბელორუსის დედაქალაქში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტას, მძიმე ტექნიკის უკრაინიდან გაყვანას და დემილიტარიზებული ზონის შექმნას. თუმცაღა, მთავარია მშვიდობა მინსკის ენაზე, არ დაემსგავსოს 1993 წლის 27 ივლისს, აფხაზეთში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლითაც რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე ცალსახად გააცრუა. აფხაზეთის ოკუპაცია დღესაც გრძელდება.

 

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ობამას განცხადებების ანალიზიდან შესაძლოა ვთქვათ, რომ ყველაზე რელევანტური აშშ-სთვის - რომელმაც გასულ დღეებში ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა - არის პირველი ნაბიჯების გადადგმა კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დადგომა ლიდერის პლატფორმაზე, რაც ამავე სტრატეგიაშიც აქვს არტიკულირებული (“Leading the World”).

 

რადგანაც მინსკი 2-ის ზოგადი შედეგი უკვე გასაგებია და ცეცხლის შეწყვეტა არათუ არ დარღვეულა, არამედ არც კი დაწყებულა, Bloomberg View-ს ბოლო ინფორმაცია ჯონ ქერის პოზიცია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, შესაძლოა აშშ-ს კონკრეტულ მოქმედებაში გადაითარგმნოს. თამაში დიდი მნიშვნელობისაა და ამისთვის, უკრაინა აღმოჩნდა ჭიდაობის არეალის ორ ღირებულებით სისტემას - დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს - შორის.

 

საბოლოოდ, თუ აშშ უკრაინაში არ გაზრდის საკუთარ ჩართულობას, ლიბანელი ნედინ ლაბაკის ფილმის სათაური - “Where Do We Go Now” (ჩვენ სად მივდივართ?) - შესაძლოა გახდეს მართებული სიტყვათწყობა, რომელიც იმ დილემას აღწერს, რაშიც ევროპელები აღმოჩნდებიან პუტინის უკრაინაში გამარჯვების შემდეგ. როგორც მე-20 საუკუნის გრანდ სტრატეგოსები ამბობდენენ, ,,ვინც აკონტროლებს ევროპას, აკონტროლებს აზიას“...

 

BBC-მ, გაეროს ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომის მსხვერპლთა რიცხვი:

 

- 5,486 უკრაინელი მოკლული, 12,972 დაჭრილი;

- მსხვერპლში შედის მალაიზიური MH 17-ის ბორტზე, 2014 წლის 17 ივლისს აფეთქებული 298 ადამიანი;

- დაახლოებით 5.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს კონფლიქტურ ზონებში;

- 978,482 ადამიანი იძულებითაა გადაადგილებული, მათ შორის 119,832 ბავშვი;

- 600,000 გაფრინდა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის 400,000 რუსეთში.

 

სტატიის ორიგინალი ვერსია (ინგლისურ ენაზე) იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://neweasterneurope.eu/articles-and-commentary/1494-diplomacy-is-no-longer-working

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია