დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან საქართველოს ნელ-თბილი ურთიერთობები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-02-2015, 12:34 | მსოფლიო | ნანახია - 3086

დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან საქართველოს ნელ-თბილი ურთიერთობები

თორნიკე ცირამუა

 

15 თებერვალს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის ინაუგურაცია შედგა. ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთ ბალკანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზებით მის მიმართ ყურადღება და ინტერესი ნაკლები იყო. მდგომარეობა თითქოს გამოსწორდა 2004 წლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ შორსაა ურთიერთობების სასურველი დონისგან.

 

ცივი ომის დასრულების შემდეგი პერიოდი დაკავშირებულია ერთა თვითგამორკვევისა და ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესებთან. სწორედ ეს მოვლენები, სხვა ღრმა ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, გახდა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ომების და ხანგრძლივი დაპირისპირების მიზეზი. დასავლეთ ბალკანეთის ეთნიკურ-რელიგიური კონფლიქტები გამოირჩეოდა თავისი ძალადობრივი ხასიათით, დიდი მსხვერპლითა და მძიმე დანაშაულებებით.

 

წინა საუკუნის ბოლოს ევროპის პოლიტიკურ რუკაზე იუგოსლავიის ერთიანი სახელმწიფოს ნაცვლად წარმოიშვა ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიის, ბოსნია–ჰერცოგოვინის, მაკედონიის და მონტენეგროს სახელმწიფოებრივი ერთეულები, ასევე დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობის მიერ აღიარებული კოსოვო.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის შემადგენლობაში შედის ავტონომიური რესპუბლიკა ვოივოდინა, სადაც მოსახლეობის 14 პროცენტს სეპარატისტულად განწყობილი უნგრელები წარმოადგენენ, რაც შესაძლოა მომავალში ბელგრადისათვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიული კავშირები ჰქონდა ბალკანეთთან, დღეს ამ რეგიონთან საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს. გამომდინარე დასავლეთ ბალკანეთის და კავკასიის რეგიონების როგორც პოლიტიკური პრობლემებისა და გამოწვევების, ისე სოციო-ფსიქოლოგიური ფაქტორების მსგავსებისა, ქართულს დასავლეთ ბალკანური ქვეყნების ურთიერთობები საჭიროებს გაუმჯობესებას.

 

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებს განვითარების სხვადასხვა პერსპექტივა აღმოაჩნდათ. როგორც ტრანზაციის პერიოდში მყოფ ყველა სახელმწიფოს, ხორვატიის წინაშეც იდგა თავისუფალი ბაზრის განვითარების, დემოკრატიის გამყარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გამოწვევა, რომელსაც ხორვატიამ წარმატებით უპასუხა, რამაც განაპირობა ევროატლანტიკურ სივრცეში ხორვატიის ინტეგრირება.

 

ხორვატიაში დღეისათვის ორი ძირითადი პარტიაა - „ხორვატიის დამოუკიდებლობის კავშირი“ და „ხორვატიის სოციალისტური პარტია“. ექსპ-პრეზიდენტ ფრანიო ტუჯმანის მიერ დაფუძნებული მემარჯვენე-ცენტრისტული „ხორვატიის დამოუკიდებლობის კავშირი“, კონსერვატიზმისა და ეთნიკური ნაციონალიზმით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ხორვატთა კათოლიციზმა დიდწილად განსაზღვრა დასავლეთის მიერ ხორვატიის დამოუკიდებლობის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა. ქვეყნის პოლიტიკური დისკურსი ეფუძნება უფრო ევროპული, ვიდრე ბალკანური იდენტობის ხაზგასმას, ზაგრები ცდილობს ბალკანელობისა და დასავლეთ ევროპელობის სინთეზის აქცენტირებას. ხორვატიის ევროპიზაციამ ხელი შეუწყო ბელგრადსა და ზაგრებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას.

 

სერბეთს ისევე როგორც ყოფილი იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებს, ჰქონდა ტრანზაციის პერიოდისთვის მახასიათებელი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელსაც დაემატა იუგოსლავიის ტერიტორიაზე სეპარატისტული განწყობილებების მქონე ავტონომიური რესპუბლიკის, კოსოვოს პრობლემა. ბელგრადი კოსოვოს კონფლიქტის ტყვეობაში აღმოჩნდა, ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგად დაშვებულმა შეცდომებმა, არასწორმა საგარეო პოლიტიკამ და კონფლიქტის ძალადობრივი გზით მოგვარების მცდელობამ, სერბეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და დიდი ხნით დააყოვნა მისი ევროპული ინტეგრაციის მომავალი.

კოსოვოს მიერ 2008 წლის თებერვალში დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებამ და ევროპული კავშირის წევრი-სახელმწიფოების მიერ მისმა აღიარებამ გაამწვავა ურთიერთობები ბელგრადსა და ბრიუსელს შორის. უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ სერბეთის ექს-პრეზიდენტ ბორის ტადიჩის ხელძმღვანელობის დროს 2013 წლის აპრილში ბელგრადსა და პრიშტინას შორის გაფორმდა ე.წ. ბრიუსელის შეთანხმება, რომელიც თავის მხრივ მხარეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას გულისხმობდა. დოკუმენტის თანახმად, ხდება კოსოვოს დამოუკიდებლობის ნაწილობრივი აღიარება, რაც გულისხმობს, პრიშტინას მიერ სახელმწიფოს სტრუქტურების ჩამოყალიბებას, სამხედრო და პოლიციური ნაწილების გაკონტროლებას. სერბეთისთვის ერთადერთ დადებით პუნქტად შესაძლოა კოსოვოს სამთავრობო სტრუქტურებში სერბული უმცირესობების მონაწილეობა ჩაითვალოს. ხელმოწერილი დოკუმენტი სერბეთს გზას უხსნიდა ევროკავშირისკენ. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებით ტადიჩმა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით კოსოვოს სუვერენიტეტის შეზღუდული ფორმით აღიარება მოახდინა.

 

კოსოვოსთან დაკავშირებული საკითხები თბილისის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. რასაკვირველია, კოსოვო წარმოადგენს “sui generis”, მაგრამ რევიზიონისტული რუსეთი საკუთარი აგრესიის გამართლებისთვის ნებისმიერი საერთაშორისო პრობლემის საკუთარ ინტერპრეტაციას ეკიდება. 2008 წლის აგვისტოს ომი შესაძლოა იყო მოსკოვის აგრესიული პასუხი დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ე.წ. გაყინული კონფლიქტი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ხელს აძლევდა რუსეთს საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

 

პრო-ევოპელი ტადიჩის მმართველობის პერიოდში საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით სერბეთი და მონტენეგრო მშვიდობიანად დაშორდნენ. დღეს მონტენეგრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ასპირანტი სახელმწიფოა.

 

ალბათ არავინ იფიქრებდა 1984 წლის სარაევოს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას, რომ სულ რამდენიმე წელიწადში სარაევო ცეცხლის ალში იქნებოდა გახვეული. ბოსნია-ჰერცეგოვინა რჩება მძიმე გამოწვევების წინაშე, ქვეყანა ნაწილობრივ საერთაშორისო თანამეგობრობის პროტექტორატია. მთავარი პრობლემა ბოსნია-ჰერცოგოვინას პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში პოსტ-კონფლიქტური სტაბილიზაცია და დეიტონის შეთანხმების პუნქტების და პრინციპების დაცვა იყო.

დეიტონის შეთანხმებამ ხელი შეუწყო დეცენტრალიზაციის სისტემის ჩამოყალიბებას და ეთნიკურ მხარეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, შექმნა მართვის ვერტიკალური და ჰორიზონზატული სისტემა, ვეტოს მექანიზმი და მხარეთა ინტერესების დაცვისათვის სპეციალური კონცეფცია. ამასთან, ბოშნიაკებმა (მუსლიმი ბოსნიელები), სერბებმა და ხორვატებმა პარლამენტში გადაინაწილეს ძალაუფლება, თუმცა, პრობლემების სრული აღმოფხვრა არ მომხდარა.

 

სლოვენია პირველი პოსტ-იუგოსლავიური სახელმწიფოა, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანდა. ამას შეიძლება მარტივი ახსნა აქვს, სლოვენია პირველი იყო, რომელმაც იუგოსლავიას მინიმალური დანაკარგებით დააღწია თავი. მას კარგი ლობისტებიც ჰყავდა იტალიის, ავსტრიის და გერმანიის სახით, რომელთანაც ისტორიული კავშირები და გეოგრაფიული მეზობლობა აკავშირებს. შედეგად სლოვენია დღეს ევროკავშირის, ევროზონის და ნატო-ს წევრია.

მონტენეგროში პოლიტიკური, რელიგური და სხვა სახელმწიფოებრივი საკითხები საზოგადოებაში აზრთა მწვავე დაპირისპირებას და ხშირად პოლარიზაციას იწვევს. თუმცა, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე არსებობს ეროვნული კონსენსუსი. ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია ითვლება ნაციონალურ ინტერესად და მას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია.

 

მონტენეგროს პოლიტიკური პლურალიზმის ისტორია შესაძლებელია სამ პერიოდად დავყოთ. პირველი პერიოდი (1990-1996 წწ.) გულისხმობდა მულტიპარტიული სისტემის შექმნას, მას შემდეგ რაც ე.წ. ანტიბიუროკრატიული რევოლუცია განხორციელდა. მეორე პერიოდი (1997-2006 წწ.) წარმოადგენს მონტენეგროს პარტიული სისტემის გათავისუფლებას სერბულ პარტიებზე დამოკიდებულებისგან. მესამე პერიოდი (2006 წლიდან დღემდე) მოიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. მონტენეგროს მმართველი პარტია მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია „ევროპული მონტენეგროა“, რომელშიც ორი ძალა ერთიანდება, პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩის სოციალიალ-დემოკრატიული პარტია და „ლიბერალები“. ხოლო კოალიციის ლიდერი მოქმედი პრემიერ მინისტრი მილო ჯუკანოვიჩია.

 

2008 წლის სექტემბერში მონტენეგროს მთავრობამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირში გაერთიანების მხარდამჭერია, თუმცა, იუგოსლავიის კონფლიქტში ამ ორგანიზაციის ჩართულობიდან გამომდინარე, გარკვეულ წრეებში უფრო მეტი სკეპტიციზმია ნატო-ს მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნატოს 4 ასპირანტ ქვეყნაში, მონტენეგროც შედის და სავარაუდოდ რიგის სამიტზე დამატებით დივიდენდებს მიიღებს.

 

მაკედონია, მიუხედავად იმისა, რომ ბალკანურ ქვეყნებში პირველი იყო, რომელმაც 2001 წელს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მალევე მიიღო კანდიდატის სტატუსი, დღემდე ელოდება გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას. ასეთი სიტუაცია განპირობებულია ქვეყანაში არსებული არამდგრადი პოლიტიკური გარემოთი, რომელიც ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტით ხასიათდება. აღნიშნულის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ალბანური პოლიტიკური წრეების კონსტიტუციურად გამყარებული გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ეთნიკურად ალბანელები მოსახლეობის 26%-ს შეადგენენ და ორი პოლიტიკური პარტიით არიან წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, აუცილებლად უნდა იყოს სამთავრობო კოალიციის წევრი.

 

მაკედონიის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს აფერხებს დავა მეზობელ საბერძნეთთან ქვეყნის სახელწოდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მაკედონიასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას აფერხებს სახელწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა. საქართველო ანგარიშს უწევს საბერძნეთის პოზიციას (საერთაშორისო ფორუმებზე მაკედონია იწოდება „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიად", ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, „მაკედონიის რესპუბლიკად").

 

ნატოს ოთხი ასპირანტი ქვეყნიდან, მონტენეგრო 2016 წლის ვარშავის სამიტზე სავარაუდოდ მაპის მიღებით ახალ ეტაპზე გადავა, 2017 წლისთვის მასთან ერთად შესაძლოა ბოსნიამაც მიიღოს სამოქმედო გეგმა. სლოვენია და ხორვატია, როგორც ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრები, დანარჩენი ბალკანური სახელმწიფოებისთვის ძლიერ ლობის წარმოადგენენ.

 

საინტერესოა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა და თანამშრომლობის პერსპექტივები. დღეს ბალკანურ სახელმწიფოთა უმეტესობა სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებიდან იფარებიან, არც რომელიმე ბალკანური სახელმწიფოს დიპლომატიური მისია ფუნქციონირებს თბილისში.

 

რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა თითოეულ ქვეყანაში მინიმუმ ერთი დიპლომატის მივლინება, პოლიტიკური პროცესების ადგილზე მონიტორინგისა და პოლიტიკურ ელიტებთან მუდმივი კავშირის გაღრმავების მიზნით. ცალსახაა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი და შეუქცევადი პროცესი. მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცოგოვინა და მაკედონია ნატოს თვალსაწიერში არიან მოაქცეულნი და 4 ასპირანტი ქვეყნიდან (მათ შორის საქართველო), მონტენეგრო სულ მალე ევროატლანტიკურ თანამეგობრობას შეუერთდება.

 

სერბეთსა და რუსეთს შორის არსებობს პარტნიორული პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც ისტორიული საფუძვლები აქვს და დიდწილად განპირობებულია საერთო მართლმადიდებლური აღმსარებლობით. აღნიშნული ფაქტი გარკვეულ უხერხულობას ყოველთვის უქმნიდა ქართულ დიპლომატიას.

სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება საქართველოს ინტერესების მხარდასაჭერად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა. მაგალითად, სერბეთის პრეზიდენტმა ტადიჩმა 2008 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ სერბეთი არ აპირებს კოსოვოს პრეცენდენტის დაშვებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, მაგრამ 2012 წლის მაისში სერბეთის პარლამენტმა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში შეტანაზე დაიწყო საუბარი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 800 მილიონიანი დოლარის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია განახორციელა სერბეთში. საერთაშორისო ორგანიზაციებში სერბეთის გადაწყვეტილებები ხშირად მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით არის ნაკარნახევი. გასულ წლებში ბელგრადი ყოველთვის წინააღმდეგი იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთის და ცხიმვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს წარმოდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერის, მხოლოდ 2014 წელს შეიკავა თავი.

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონი საინტერესოა როგორც ინვესტიციების განხორციელების, ისე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმებულია სერბეთთან, ხორვატიასთან და სლოვენიასთან. აუცილებელია ამ მიმართულებით რეგიონის სხვა ქვეყნებთან გაფორმდეს ანალოგიური ხელშეკრულებები.

 

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთ მიმართულებად შესაძლებელია იქცეს განათლების სფერო, ვინაიდან დიდია ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება ევროპული განათლების მიღების და გაცვლითი პროგრამების შექმნის კუთხით.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია