არჩევანი მე, არადანიც მე (საუბრები ვადამდელი არჩევნების შესახებ)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-02-2015, 17:47 | პოლიტიკა | ნანახია - 2135

არჩევანი მე, არადანიც მე (საუბრები ვადამდელი არჩევნების შესახებ)

მამუკა გამყრელიძე

 

მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, უკვე მესამედაა ლაპარაკი პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შესახებ. თუმცა მიზეზი და წყარო ამ საუბრებისა სხვადასხვაა. მოსალოდნელი შედეგიც რადიკალურად განსხვავებული.

 

პირველად, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა 2013 წელს გაისმა და ის ქართული ოცნების, იმ დროისათვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი, მომხრეების წიაღში იშვა და გაჟღერდა. მაშინ პრემიერი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი, ხოლო პრეზიდენტი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იყო. საზოგადოება აღსავსე იყო “ქართული ოცნებისაგან” გაცემული ირეალური დაპირებების ასრულების იმედით და აბსტრაქტული “ღირსების” აღდგენის წყურვილით. ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია დაშლის პირას იყო მისული. მაშინ ნაციონალების რიგები რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა დატოვა და წარმოიშვა საშიშროება, რომ “ქართული ოცნება” პარლამენტში კვალიფიციურ უმრავლესობას მიიღებდა, რაც მას საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების შესაძლებლობას და სააკაშვილის იმპიჩმენტის დაწყების საშუალებასაც კი მისცემდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა და ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა თავისი ბირთვის შენარჩუნება. გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ხარჯზე მან მმართველ გუნდს სერიოზული ოპონირება გაუწია. აი სწორედ ამ დროს გაისმა ხმები საზოგადოებაში, რომ დროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რათა “ნაცხროვა” საბოლოოდ გაქრეს პოლიტიკური “რადარებიდან”. ეს მოთხოვნები საფუძველს მოკლებული გახლდათ, რადგან წინ ჯერ პრეზიდენტის, ხოლო შემდეგ კი ადგილობრივი არჩევნები იყო. ივანიშვილის გუნდმა ამ არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვა და საქართველოს მმართველობა მთლიანად ქართული ოცნების ხელში გადავიდა. ტრიუმფატორის შარავანდედით გარშემორტყმულ ივანიშვილს ამ დროისთვის უკვე დატოვებული აქვს ქართული პოლიტიკური ოლიმპი და როგორც ჩანს, იმპერატორ დიოკლეტიანესაგან შთაგონებული “მოკრძალებულად” განმარტოებულია ბოტანიკურ ბაღში, სადაც იმავე დიოკლეტიანესაგან განსხვავებით არა კომბოსტოს მოყვანით, არამედ უფრო ეგზოტიკური ზვიგენების მოვლითაა დაკავებული.

 

პრემიერის სავარძელს ივანიშვილის ოჯახის “პაჟად” წოდებული და სრული ნდობით აღჭურვილი ღარიბაშვილი იკავებს. სწორედ აქ იწყება პრობლემები. ღარიბაშვილს, საზოგადოებაში, წინამორბედის ნდობის მეასედიც კი არ გააჩნია. მას საქმით უნდა ეჩვენებინა ხალხისთვის საკუთარი შესაძლებლობები და ივანიშვილის იმედები გაემართლებინა. სამწუხაროდ, ყველაფერი უკუღმა მოხდა. ამას დაემატა ახლადარჩეული “პლასტელინის” პრეზიდენტის მოულოდნელი ურჩობა და ქალაქისათვის უხეშად თავსმოხვეული კოკელი მერის სრული ფიასკო. მმართველ გუნდში წინააღმდეგობები იწყება. არ მოხდა ივანიშვილის მიერ დაანონსებული მისი მოსვლა “ვითარცა მესიისა” საზოგადოებრივ სექტორში. საზოგადოება “მოქალაქე” მორიგი საპნის ბუშტი აღმოჩნდა. ეკონომიკური მონაცემები დაპირებული ზრდის მაგივრად პირიქით უარესდება. რამდენიმე მინისტრს ცვლიან და აქ კვლავ გაისმის ხმები, რომ დროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. მიზეზად კი ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება უნდა იქცეს. ახლა რთულია იმის გარკვევა საიდან წამოვიდა ეს ხმები, “ქართული ოცნების” უკვე შემცირებული, მაგრამ ჯერ კიდევ აქტიური მხარდამჭერებისაგან თუ თავად მმართველი გუნდიდან, მაგრამ 2014 შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების იდეა საზოგადოებაში უკვე საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა. “ბოროტი ხმები” იმასაც ამბობდნენ, რომ მთავრობას რეგიონებში მივლენილი ჰყავდა სუსი, რათა მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გარანტირებული გაეხადა ამ არჩევნებში გამარჯვება. მაშინ საზოგადოება “ივერია”-მ ძალიან აქტიური პოზიცია დაიჭირა და პირველმა დაიწყო საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვადამდელი არჩევნების შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ. როგორც ჩანს მთავრობამ ყურადიღო ჩვენი გაფრთხილება და ხელისუფლების სრული მართვის პირობებში არ ჩათვალა საჭიროდ პროცესების ფორსირება.

 

ვადამდელი არჩევნების გარშემო სპეკულაციის მესამე ტალღა სულ ახლახანს დაიწყო და მას ამჯერად მართლაც ძალიან სერიოზული საფუძველი გააჩნია. დავიწყოთ იმით, რომ მმართველმა გუნდმა რღვევა დაიწყო. პირველი მას “თავისუფალი დემოკრატები” გამოეყვნენ და სახელისუფლებო გუნდის აქტიური კრიტიკა დაიწყეს. “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა უმრავლესობა აჭარის პარლამენტში. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონშიც ადგილობრივ მმართველობას შეექმნა პრობლემები ხმების უმრავლესობის მოპოვებაში. ასეთ პირობებში ნიშანდობლივია შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება და მის მაგივრად ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის დანიშვნა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ივანიშვილს გაუჩნდა საზოგადოებაში სულ უფრო მზარდი გაღიზიანებისა და პროტესტის შიში. გასაკვირი ამაში არაფერია. დაპირებული “კარგი და უკეთესი წლების” მაგივრად მივიღეთ ეკონომიკის ძალიან სერიოზული ვარდნა და ლარის კატასტროფული გაუფასურება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ძირითადად მცირეშემოსავლიან მოსახლეობას არათუ კრედიტების მომსახურების არამედ ელემენტარულად კვების პრობლემაც კი გაუჩნდა, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხალხს გაახსენდა “უფასო ფულის” და სოფლებისათვის დარიგებული მილიონების ბიძინასეული ფუჭი დაპირებები. არ შეიქმნა სამუშაო ადგილები. ხალხს მხოლოდ “სანახაობა”, ხმაურიანი დაჭერების სახით აღარ აკმაყოფილებს. მას “პური” სჭირდება. ხელისუფლების მიმართ გაღიზიანება სულ უფრო იმატებს, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებში, რომლებიც “ქართული ოცნების” უპირობო მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ. ნათლად გამოკვეთილ სახელისუფლებო კრიზისს ემატება ის, რომ დღეს საქართველო რეალურად დგას სოციალური აფეთქების წინაშე.

 

ყოველივე ზემოთ თქმული და აგრეთვე მთავრობიდან მომავალი გახშირებული მოარული ხმები გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს უგუნური გადაწყვეტილება და წავიდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების გზით. მიუხედავად მისი ლეგიტიმურობისა, და სახელისუფლებო კრიზისის დროს ხშირად მისი აუცილებლობისა, ვადამდელი არჩევნები არ მიგვაჩნია საუკეთესო ნაბიჯად დღევანდელ პირობებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

 

1. არ არის მიზანშეწონილი დავარღვიოთ საქართველოში ძლივს დაწყებული რიგითი არჩევნების დროულად ჩატარების რიტმი და ქვეყანა ისევ ექსტრემალურ რეჟიმში შევიყვანოთ;

 

2. ვადამდელი არჩევნებისათვის აუცილებელი და გაუთვალისწინებელი 30 მილიონის დახარჯვა, დღეს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ბიუჯეტისთვის, შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს. თუ ამას დავუმატებთ უნდობლობისა და არასტაბილურობის განცდას რომელიც მოსახლეობაში ასეთ დროს წარმოიშვება ადვილი მისახვედრია რამდენად შეიძლება გამძაფრდეს საფინანსო კრიზისი;

 

3. ვადამდელი არჩევნები ვერ გადაარჩენს სრული კრახისაგან მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს. მთავრობამ მთლიანად ამოწურა როგორც იდეების, ასევე საკადრო რესურსი. მას არც კვალიფიკაცია და არც ენერგია გააჩნია ქვეყნის იმ კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანისათვის, რომელშიც იგი თავად შეიყვანა. უმოქმედო და უნიათო მთავრობის აგონიის დარჩენილი წელიწადნახევრის ნაცვლად კიდევ ოთხი წლით გახანგრძლივება არა თუ გამოასწორებს ქვეყანაში არსებულ სავალალო ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ პირიქით, უკიდურესად მძიმე და შეუქცევად შედეგებამდე მიიყვანს მას;

 

4. ვადამდელი არჩევნები გამოიწვევს იმ გადაუდებელი და მკაცრი ღონისძიებების გადავადებას, რომლებიც აუცილებელია ვარდნაში მყოფი ქართული ეკონომიკის გადასარჩენად. სავალუტო კრიზისი უკვე ეკონომიკურ კრიზისად იქცა, სასწრაფო და შესაძლოა არაპოპულარული რეფორმების გატარება, პოპულისტური ბიუჯეტის რეალობასთან ჰარმონიზირება უკვე სასიცოცხლოდ აუციებელი ხდება;

 

5. შექმნილი სოციალური გარემოს გათვალისწინებით, მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებას, სავარაუდოდ, ვეღარ მოიპოვებს. ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ყველა ხერხის ხმარების ცდუნება კი დიდი იქნება. თუ მოხდება ადმინისტრაციული რესურსის უხეში გამოყენება და არჩევნების გაყალბების მცდელობა, არ გამოვრიცხავთ სახალხო მღელვარებას, რამაც შეიძლება ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უდიდესი საფრთხე შეუქმნას. აქ გასათვალისწინებელია გარეშე ფაქტორიც, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენი მეზობელი შეეცდება ჩვენს ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

 

როგორც ხედავთ, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ვადამდელი არჩევნები არათუ დადებით ეფექტს არ მოიტანს, არამედ პირიქით, ქვეყნისათვის საზიანოც იქნება.

 

აქ უნებურად გამახსენდა სიდნი პოლაკის ცნობილი ფილმი “ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ. ხომ ასეა ?”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია