ჩემი ,,უცნობი“ ამერიკელი მეგობარი Dennis Corey

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-02-2015, 10:52 | მსოფლიო | ნანახია - 2366

ჩემი ,,უცნობი“ ამერიკელი   მეგობარი  Dennis Corey

გიგი კუბლაშვილი

 

რუსეთ-საქართველოს ომამდე დაახლოებით ორი-სამი წლით ადრე, ერთ-ერთი სამსახურეობრივი მივლინების დროს, ევროპის რომელიღაც აეროპორტის ნახევრად ცარიელ სატრანზიტო დარბაზში, რეისის მოლოდინში მორიგი წიგნის კითხვა-თვალიერებისას, ჩემს შორი-ახლოს სკამზე ახოვანი აღნაგობის ჭარმაგი კაცი ჩამოჯდა. მისი ხმამაღალი საუბარი, ჩაცმულობა და სპეციფიური ჟესტიკულაცია ეჭვს არ ტოვებდა, რომ საქმე ,,ველური დასავლეთის“ წარმომადგენელთან გვქონდა.

მალე ერთმანეთს გავეცანით. დენისი, როგორც გითხარით, ამერიკელი გახლდათ დაახლოებით 55-60 წლის, ქალაქ ჩიკაგოდან, ჩვეულებრივი ამერიკელი - მეგობრული, ინტერესიანი.

 

აღარ მახსოვს სად მიემგზავრებოდა. მახსოვს რომ მომიყვა თავისი ოჯახის, ბიზნესის, მეგობრების შესახებ. დაინტერესდა საქართველოთი და დამპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. დამშვიდობებისას სავიზიტო ბარათები გავცვალეთ და ამით დავასრულეთ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან ერთად, იმ უმძიმესი დღეების განმავლობაში 24 საათიან სამუშაო რეჟიმში ვმუშაობდით. დღის განმავლობაში, და განსაკუთრებით საღამოობით გრიგოლ ვაშაძის კაბინეტში ვიკრიბებოდით. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრიდან, რომელიც 9 ან 10 აგვისტოს გაიმართა, გვიან ღამით 2-3 საათზე კაბინეტში დავბრუნდი და მივუჯექი კომპიუტერს. ელექტრონული ფოსტის შემოწმებისას უცნობი მისამართიდან შემოსული წერილი აღმოვაჩინე. დღესაც ვერ ვხვდები რატომ არ წავშალე წაუკითხავად, ისე როგორც ყოველი ჩვენგანი აკეთებს თითქმის ყოველდღიურად.

წერილი შეხსენებით იწყებოდა: - „მე ის ადამიანი ვარ, რომელიც 2 წლის წინ გაიცანით, ამა და ამ აეროპორტში. თუ გახსოვართო?“ ვიფიქრე - ვის გავახსენდი ამ უბედურებაში, რა დროს აეროპორტი და მოგზაურობაა, გაგანია ომია.

 

მაგრამ შემდეგმა სიტყვებმა ჩემზე მართლაც ძალიან იმოქმედა: - „მე მაქვს თქვენთან რამდენიმე შეკითხვა: მზად ხართ თუ არა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები სასწრაფოდ გამოემგზავროთ ამერიკაში? თუ მზად ხართ მე დღესვე გავაკეთებ განაცხადს ამერიკის საელჩოში საქართველოში, რათა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს მისცენ აშშ-ს ვიზები. ასევე მზად ვარ ავანაზღაურო თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მგზავრობის ხარჯები.“

 

სიმართლე გითხრათ, ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი, ნუთუ დღეს არსებობენ კიდევ ასეთი ადამიანები? თანაც არა შენი ნათესავი, ოჯახის წევრი, მეგობარი - პრაქტიკულად უცნობი ადამიანი, რომელიც მზად არის ასეთი უბედურების დროს ძმური ხელი გამოგიწოდოს, თანაც არამარტო შენ, შენი ოჯახის წევრებსაც.

 

რასაკვირველია ერთი წუთითაც არ გვიფიქრია ქვეყნის დატოვება არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს, რის შესახებაც დენისს მაშინვე ვაცნობე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ემოციურად მართლაც ძალიან დავიტვირთე. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ,,ერთმორწმუნე“ რუსეთი შენს ქვეყანას აოხრებს და ჩემს დედულეთს შიდა ქართლს მიწასთან ასწორებს, უცნობი ამერიკელი დახმარებას გთავაზობს.

 

ამ წერილის დაწერა დღევანდელ საქართველოში არსებულმა ზოგიერთმა ტენდენციამ გადამაწყვეტინა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქართველებმა მტრისა და მოყვრის განსხვავება ვერ შევძლოთ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ზოგიერთი გაყიდული და ზნედაცემული დღედაღამ წკავწკავებს და უკეთეს შემთხვევაში ვირ-ეშმაკობისკენ, უარესი კი მტერთან კაპიტულაციისაკენ გვიბიძგებს. არ შევდრკეთ ქართველებო, ეს სიძნელეები დროებითია, მოვერევით და გავინაპირებთ.

 

P.S. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი რუსეთშიც მეგულებოდა არცერთ მათგანს იმ დღეების განმავლობაში მოსამძიმრებაც კი არ უცდიათ, იმ უბედურებისათვის რაც ჩემს ქვეყანას გადმოანთხიეს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია