ადამიანი გამოცანა - გჟეგოჟ სჰეტინა (დიპლომატიური ვაბანკი)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-02-2015, 12:08 | მსოფლიო | ნანახია - 2889

ადამიანი გამოცანა - გჟეგოჟ სჰეტინა (დიპლომატიური ვაბანკი)

გუგა ჯულუხიძე

 

გასული წლის აგვისტოში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში გადაბარგება დაანონსდა. ხანგრძლივი დისკუსიისა და განხილვის შემდეგ, წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის საპარლამენტო საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი უნდა გამხდარიყო.

 

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელისუფლებო ელიტაზეც უნდა ასახულიყო. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ შემდეგი ნაბიჯი, ახალი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბება იქნებოდა.

 

ტუსკის "ევროპული ვოიაჟი" 2014 წლის 1 ნოემბერს იღებდა სტარტს. ბრიუსელში გადაბარგებამდე კი, პრემიერს არაერთი გამოწვევა ელოდა წინ. გარდა იმისა, რომ დონალდს, უმოკლეს დროში საკუთარი ინგლისური უნდა გაეუმჯობესებინა და ფრანგული შეესწავლა, მას საკუთარი შემცვლელის დასახელება და ახალი პოლიტიკური ელიტისათვის გზის გახსნა უწევდა.

 

მომავალ პრემიერად, “Platforma Obywatelska”-ს ("სამოქალაქო ფლატფორმა" - მმართველი საპარლამენტო ძალა) რამდენიმე წარმომადგენელს მოიაზრებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში, არჩევანი პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეზე, ევა კოპაჩზე გააკეთა. ბევრის აზრით, ტუსკმა "იოლად მართვადი" პოლიტიკური ფიგურის აღზევებას შეუწყო ხელი და ამ ნაბიჯით, პოლონეთის მთავრობაზე დე-ფაქტო კონტროლი შეინარჩუნა.

 

კოპაჩის ხელისუფლებაში, "ძველი" მთავრობიდან მინისტრების უმრავლესობამ პოსტები "ახალ" მინისტრთა კაბინეტშიც შეინარჩუნა. ბევრისთვის მოულოდნელად, მინისტრის პორტფელის დათმობა პოლონური დიპლომატიის "ფლაგმანს", რადოსუავ შიკორსკის მოუწია. მაღალი ალბათობით, მას 2014 წლის ჩაგდება (პირდაპირი გაგებით) არ აპატიეს.

 

გასული წლის დასაწყისში, შიკორსკის ევროპული დიპლომატიის მომავალ შეფად მოიაზრებდნენ. მისი პოლიტიკური პროექტი “აღმოსავლეთ პარტნიორობა” ყოველდღიურად იკრეფდა ძალას, ხოლო  პოპულარობის ინდექსი, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის  მიხედვით (Centrum Badania Opinii Społecznej), 54%-ს აღწევდა. თუმცა პოლონური დიპლომატიის კრახმა კიევში, ამერიკულ პორტალ "Politico"-სთან მიცემულმა  რეზონანსულმა ინტერვიუმ, აუდიო ჩანაწერების სკანდალმა (ე.წ. “Polish Watergate”) და პრეზიდენტ კომოროვსკისთან კულუარულმა დაპირისპირებამ, მძიმე დარტყმა მიაყენა  “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არქტირექტორის კარიერას. შედეგად, შიკორსკი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ "გადაისროლეს", ხოლო მისი ადგილი “ადამიანმა გამოცანამ”, გჟეგოჟ სჰეტინამ დაიკავა.

 

მართალია პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრებისათვის სჰეტინა არასდროს ყოფილა "ადამიანი გამოცანა" (ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მაინც), თუმცა მისი ცნობადობის ხარისხი არცთუ ისე მაღალია საზღვარგარეთ. იგი ვერც დიპლომატიური ეტიკეტის ცოდნით დაიკვეხნის და ვერც საკუთარი ქვეყნის საგარეო  უწყებასთან ინტენსიური თანამშრომლობის გამოცდილებით. სჰეტინას მოქმედებათაარეალი PO-ს (Platforma Obywatelska) ფრთა გახლდათ. სხვათა შორის, ხასიათის თვისებებითა და თამამი პოლიტიკური მანევრირების უნარით, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხშირად ადარებენ ამერიკული ტელე-სერიალის, "ბანქოს სახლი"-ს (House of Cards) მთავარ გმირს და მას პოლონური პოლიტიკის ფრენსის ანდერვუდს უწოდებენ.

 

გჟეგოჟი 1997 წელს მოხვდა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ქვემო სილეზიის სავოევოდოს მაჟორიტარი (Województwo dolnośląskie).სჰეტინამ სწრაფად შეძლო პარტიის იერარქიულ საფეხურებზე პროგრესირება და ძალიან მალე PO-ს საპარლამენტო კლუბის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2003 წლისთვის მისი პოზიციები იმდენად მყარი იყო, რომ გჟეგოჟის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზეც განიხილავდნენ, რომელიც საბოლოო ჯამში, დონალდ ტუსკმა დაიკავა. 2007 წელს, "სამოქალაქო პლატფორმა" უკვე ხელისუფლებაში მოვიდა და სჰეტინა შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

 

ცალკე სასაუბრო თემაა სჰეტინასა და ტუსკის ურთიერთობა. პოლონელი პოლიტიკური ანალიტიკოსები მათ "იდეალურ დუეტს" უწოდებდნენ: ტუსკი - ძლიერი ლიდერი, კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვებით; სჰეტინა -  შიდა პარტიული წესრიგის კურატორი და "ოპონენტების გილიოტინა".

 

თუმცა ბზარი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორისაც გაჩნდა მაშინ, როცა სჰეტინამ სმოლენსკის ტრაგედიის გამოძიების პროცესს "არაეფექტური უწოდა" და ამაში პირადად დონალდ ტუსკი დაადანაშაულა. იმის მიუხედავად, რომ სჰეტინას ახასიათებენ, როგორც იღბლიან პოლიტიკოსს, მაშინ ვერც იღბალი დაეხმარა მას. იგი ჯერ მაღალი პოლიტიკური თანამდებობიდან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აღმოჩნდა, შემდეგ კი, პარტიაშიც დათმო პოზიციები და ქვემო სილეზიის მაჟორიტარობაც დაკარგა. ნელ-ნელა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულზეც ალაპარაკდნენ - მისი სახელი სულ უფრო იშვიათად ისმოდა.

 

თუმცა იღბალმა გჟეგოჟს ზურგი არ აქცია ბოლომდე. ტუსკმა ბრიუსელში გადაინაცვლა, ხოლო პრეზიდენტმა კომოროვსკიმ სჰეტინას აღზევებას დაუჭირა მხარი (რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა).

 

სამთავრობო გუნდის წარდგენისას, პრემიერმა კოპაჩმა განსაკუთრებული ყურადღება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე გაამახვილა. მან დარწმუნებით აღნიშნა, რომ სჰეტინა შიკორსკის გზას გააგრძელებდა და აქტიური კონსულტაციების რეჟიმში იქნებოდა მისწინამორბედთან.

 

შიკორსკის ხსენება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა შემთხვევითი. მიუხედავად წარუმატებელი 2014 წლისა, შიკორსკიმ საგარეო პროცესებში პოლონეთის ჩართულობა/როლი მნიშვნელოვნად გაზარდა და საკუთარი ქვეყანა აღმოსავლეთ-ევროპული ბლოკის + ასპირანტი სახელმწიფოების ინტერესთა დამცველად აქცია. ამიტომაც კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, ასეთი აქტიური საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, ყველასათვის უცნობი პოლიტიკოსის (პოლონეთის ფარგლებს გარეთ) აღზევება. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საბრძოლო მოქმედებათა აქტიურ ფაზაში გადავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში. კოპაჩის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, "დიპლომატიურ ვაბანკადაც" კი შეფასდა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, პირველი საპარლამენტო მოხსენებისას, გჟეგოჟ სჰეტინამ განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობას დაუთმო. 40-წუთიანი მიმართვისას, მან ბევრი ისაუბრა უკრაინაზე, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი. თუმცა შიკორსკის შემდეგ, სულ უფრო იშვიათად ისმის ტერმინი: “Partnerstwo Wschodnie” ("აღმოსავლეთ პარტნიორობა") რადგან ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ მიმართულებით, თავისი წინამორბედის "ინერციას" უფრო მიჰყვება, ვიდრე საკუთარ ხედვებს.

 

რაც შეეხება უკრაინის თემას, სჰეტინა ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფის. იგი ასევე მხურვალედ ითხოვს რუსეთისათვის  დამატებითი სანქციების დაწესებას და ფედერიკა მოგერინის, საერთაშორისო საბანკო სისტემიდან რუსეთის იზოლაციას სთავაზობს (information and payments transfer, SWIFT).

 

მიუხედავად, აშშ-სთან ძალიან მჭიდრო კავშირებისა, რაც ახალ სამხედრო დოქტრინაზეც აისახა, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ვარშავა მომდევნო 10 წლის განმავლობაში $42 მილიარდს დახარჯავს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და შეღავათიან ფასებში პენტაგონისგან თანამედროვე შეიარაღებას შეიძენს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ბერლინში შედგა.

 

ერთი სიტყვით, აღმოსავლეთ ევროპაში მეგობრების ძიების ნაცვლად, სჰეტინამ დასავლეთთან დაიწყო ფლირტი.

 

თუმცა არავინ იცის, ექნება, თუ არა თანამედროვე პოლონური დიპლომატიის ვაბანკს happy-end, მსგავსად იულიუშ მაჰულსკის ცნობილი ფილმისა "Vabank"!

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია