გამოცხადებული ომის ქრონიკა სირიაში და საქართველო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-08-2013, 21:49 | მსოფლიო | ნანახია - 5008

გამოცხადებული ომის ქრონიკა სირიაში და საქართველომამუკა კუდავა

 

რამდენიმე დღეში სირიაში ომი დაიწყება, უფრო სწორად, დასავლეთის სამხედრო ინტერვენცია, თორემ სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლიდანაა გაჩაღებული. მას უკვე 100 ათასი ადამიანი შეეწირა, 2 მილიონი კი ლტოლვილად იქცა. რა შედეგებს გამოიწვევს ეს ომი საქართველოსთვის, რომელიც 1000 კილომეტრითაც არაა დაშორებული პოტენციური საომარი ზონიდან?

ჯერ გამოცხადებული ომის ქრონიკა აღვწეროთ. ეს არ არის ძნელი, თუ წინა წლების მსგავს ინტერვენციებს გავიხსენებთ. დიდი ალბათობით, მოვლენები ასე წარიმართება:

 

•  გაეროს უშიშროების საბჭოზე დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი გავა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სირიაში ძალის გამოყენებას ითვალისწინებს. ამავე დროს, გამოქვეყნდება დაზვერვის მონაცემები და გაეროს ინსპექციის შედეგები. მიუხედავად ამისა, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევის უფლებას უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი რუსეთი და ჩინეთი ვეტოს დაადებენ, როგორც ეს უკვე სამჯერ მოხდა. შეიქმნება კოალიცია აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის, საუდის არაბეთის, ყატარის და სხვების შემადგენლობით, რომელიც განახორციელებს საჰაერო ტარგეტირებულ დარტყმებს სირიის სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულების სამთავრობო ინფრასტრუქტურაზე. 

 

•  როგორც ლიბიაში, სარაკეტო დარტყმებს ამერიკული წყალქვეშა ბირთვული ხომალდი („ფლორიდა" ან „ჯორჯია") დაიწყებს. ეს ხმელთაშუა და წითელი ზღვებიდან ან, შესაძლოა, სპარსეთის ყურიდან მოხდება და პოტენციურად 300 „ტომაჰოკის" ტიპის ფრთიანი რაკეტის ჩამოგდებას ნიშნავს. შემდგომი ეტაპი, შესაძლოა, კოალიციაში შემავალი ქვეყნების საზღვაო-სამხედრო ძალების იმ ხომალდებზე განლაგებული საბრძოლო თვითმფრინავების გაფრენები იყოს, რომლებიც ასევე აღნიშნულ ზღვებში ცურავენ. სამხედრო ოპერაციის დაწყებისას კოალიციის მთავარი პრობლემა საჰაერო სივრცე იქნება. 2003 წელს, ერაყის ომისას დასავლეთის ახლო მოკავშირეებმაც კი - თურქეთმა და საუდის არაბეთმა - არაბული საზოგადოების განაწყენების თავიდან ასაცილებლად, უარი თქვეს გადაფრენების უფლების მიცემაზე. წითელი ზღვიდან რაკეტების სასროლი პოზიციები კი გადაფრენაზე იორდანიის ნებართვას მოითხოვს. ეს პრობლემა მოგვარებადია თურქეთის მტკიცე მზადყოფნის პირობებში (ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის დათმობა) და იმის გათვალისწინებითაც, რომ წყალქვეშა და საზღვაო ხომალდებიდან რაკეტების სროლა და თვითმფრინავებით დაბომბვა შესაძლებელია ხმელთაშუა ზღვიდან, სირიის 150 კმ-იანი სანაპირო ზოლის გავლით განხორციელდეს.

 

•  მოვლენების შემდგომი განვითარება პრეზიდენტ ობამასა და კოალიციაში მისი კოლეგების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - იქნება მათი დეკლარირებული სტრატეგია პრეზიდენტ ასადის დამხობა თუ დამიზნებული რაკეტების მეშვეობით მას მხოლოდ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის დასჯიან. ამჟამად ორივე სცენარია მოსალოდნელი, თუმცა მეორეს განვითარება უფროა შესაძლებელი, განსაკუთრებით, კოალიციიდან ბრიტანეთის გამოთიშვის გამო. 

 

•  პირველი სცენარი ლიბიისას ჰგავს - რამდენიმე თვეში, როცა სირიის დასუსტებული არმია ვეღარ გაუმკლავდება ამბოხებულ მებრძოლთა არარეგულარულ, მაგრამ დასავლეთის მიერ დამატებითი შეიარაღებით აღჭურვილ ჯგუფებს (დღემდე ამბოხებულებს ყატარი და საუდის არაბეთი ეხმარებოდნენ, რადგან ევროკავშირში ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი იარაღის ემბარგოს მოხსნის თაობაზე), ასადის რეჟიმი დაემხობა. ზუსტი დრო დამოკიდებული იქნება სახმელეთო ოპერაციებში ჩართული მეამბოხეების ეფექტურობაზე (კოსოვოში ნატოს საჰაერო ინტერვენცია 1999 წელს 4 თვე გაგრძელდა, ლიბიაში, 2011 წელს - 7, საჰაერო-სახმელეთო ინტერვენცია ავღანეთში - 2, ერაყში კი - 1 თვე). მაგრამ სირიაში ვითარება ლიბიისაგან იმით განსხვავდება, რომ მოკავშირეების დახმარებით ასადმა გარდატეხა შეიტანა მეამბოხეებთან ბრძოლაში. დღეს ამბოხებულთა დიდი ნაწილი რადიკალი ისლამისტია და კოალიციას ძალიან გაუჭირდება მათზე დაყრდნობა. მოკლედ, ობამამ კი მოითხოვა ასადის წასვლა უკვე 2011 წელს, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია ამის ხელშესაწყობად. ამის მიზეზი შესაძლოა მისი საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა იყო, თუმცა მაშინ მან ასადის ჩამოგდების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

 

•  მეორე სცენარი ობამას და დასავლეთის სახის შენარჩუნების პოლიტიკაა, რაც გულისხმობს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხის გაცემის დაპირების შესრულებას. წინააღმდეგშემთხვევაში, ობამას მიერ „წითელი ხაზის" დაწესების გამო, დასავლეთის სანდოობა იკარგება. სათუოა სირიის საჯარისო ნაწილებზე სარაკეტო დარტყმების ეფექტურობა, რადგან ისინი კარგა ხანია დასახლებულ პუნქტებში იმყოფება და არა ბაზებზე. ამდენად, შესაძლოა სიმბოლურად მიზანში იქნას ამოღებული ასადის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. ამასთან, ეს სცენარი ვაშინგტონს აძლევს საშუალებას მსოფლიოს სხვა პრობლემატურ საკითხებზე გააკეთოს კონცენტრაცია და აგრეთვე მსოფლიო მასშტაბით თავიდან აიცილოს ჰეზბოლას ტერაქტები (აგვისტოში ამერიკის ათეულობით საელჩოს დაკეტვა ალბათ ამ გეგმაში შედიოდა).

 

•  ორივე სცენარით ომი რამდენიმე კვირაში ან თვეში, კოალიციის პრესტიჟისთვის მეტნაკლებად დადებითი შედეგით დამთავრდება, მაგრამ, როგორც ერაყისა და ავღანეთის მაგალითები გვაჩვენებს, რეგიონში სრული მშვიდობის დასადგურებას ანუ ტერაქტებისა და ცალკეული რელიგიური და პოლიტიკური ძალების სამხედრო წინააღმდეგობის აღკვეთას დიდი დრო დასჭირდება. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია სირიის რელიგიური სიჭრელე და ის, რომ 1970 წლიდან 60 პროცენტ სუნიტურ მოსახლეობას ასადის ალავიტ-შიიტური ოჯახი (10%) მართავდა. ამდენად, მომავალში, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, სუნიტების უპირატესობა დამკვიდრდება.

 

თუ დაანონსებული ომის შედეგები დაახლოებით პროგნოზირებადია, არც თუ ცხადია სირიის და საერთოდ უფრო ფართო, სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოების მომავალი საომარი ოპერაციების დამთავრების შემდეგ. მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის სტაბილურობის პრობლემატიკის განხილვისათვის ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მომენტებს:

 

•  სპარსეთის ყურის რეგიონში თავმოყრილია მსოფლიო ნავთობის რეზერვების ორი მესამედი, ხოლო გაზისა - ერთი მესამედი. აქვე სახეზეა პლანეტის ყველაზე სერიოზული კონფლიქტები - ისრაელ-პალესტინა, ირანის ბირთვული პროგრამა, ერაყის პოსტ-საომარი სიტუაცია, პოსტ-რევოლუციური სამოქალაქო დაპირისპირება ეგვიპტეში და სხვა. აქედან გამომდინარე, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა შეუფასებელია. ამდენად, ომის მიმდინარეობისას და მისი დამთავრების შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში, სირია ზემოაღნიშნულ კონფლიქტებთან ერთად, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩება.

 

•  სამოქალაქო ომი ამა თუ იმ ფორმით რამდენიმე თვე მაინც გაგრძელდება, არ აქვს მნიშვნელობა, დარჩება ასადი თუ წავა. კადაფისგან განსხვავებით, ბაშარ ასადს სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს მეზობლებში, ყველაზე მთავარი კი ირანია. ბედის ირონიაა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის დასჯილ სირიას ირანი იცავს - ერთადერთი ქვეყანა უახლეს ისტორიაში , რომლის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული - დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ერაყის მიერ. სირიის ჯარის მხარეს იბრძვის ჰეზბოლაც. ამ ორი ძალა ასადს ბოლომდე დაეხმარება. ომის მიმდინარეობისას ასადს ფარულად შესაძლოა ერაყის პრემიერი ალ-მალიკიც დაეხმაროს, რადგან ის შიიტური ირანის მთავარი მოკავშირეა ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

•  სირიის ომი გაართულებს დასავლეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას რეგიონში წამყვანი ქვეყნის როლის მოსურნე ირანთან, რომლის ახალარჩეული პრეზიდენტი როჰანი დასავლეთთან დათბობის პოლიტიკის წარმართვას აპირებს. სირიაზე გავლენის დაკარგვის შედეგად, თეირანი კიდევ უფრო გარშემორტყმულად იგრძნობს თავს - მის თითქმის ყველა მეზობელს ამერიკული ბაზა აქვს. ამგვარად, ირანი შესაძლოა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. კერძოდ, სირიის ომში ისრაელის აქტიური ჩარევის და მაგალითად, ირანის ბირთვული დაწესებულებების დაბომბვის შემთხვევაში, თეირანმა, შესაძლოა, ამერიკული ბაზები ამოიღოს მიზანში.

 

•  მოსალოდნელია მეტი დაძაბულობის გაჩენა დასავლურ და არაბულ ცივილიზაციებს შორის. კოალიციის შემადგენლობაში არაბული ქვეყნების მონაწილეობის მიუხედავად, უცხოური სამხედრო ინტერვენციის მიმდინარეობისას ისედაც ანტიდასავლური განწყობების მქონე არაბული სამყარო კიდევ უფრო უარყოფითად განეწყობა ამერიკისა და ევროპის მიმართ. სამხედრო ოპერაციების ლომის წილს ხომ ისინი განახორციელებენ. ამდენად, ასადი აუცილებლად შეეცდება არაბულ გრძნობებზე თამაშს. ამით ის, მიუხედავად არაბთა ლიგიდან სირიის გარიცხვისა, 21 სხვა არაბულ სახელმწიფოთა მოსახლეობას მოუწოდებს, ჩამოაშორონ მათი მთავრობები კოალიციას. ერაყის ომის მაგალითის მსგავსად, ამ კონტექსტში არ არის გამორიცხული სირიის მიერ ისრაელის დაბომბვით მისი კონფლიქტში ჩათრევა.

 

•  ომის შედეგად ამერიკის და დასავლეთის არცთუ დადებითი იმიჯი რეგიონში და საერთოდ არაბულ სამყაროში კიდევ უფრო შეირყევა, რასაც ასევე დაემატება სირიაში ისლამისტ ამბოხებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოაშკარავება და მათ მიერ სახელმწიფოს შესაძლო არაეფექტური მართვის შიში. შესაბამისად, ბევრს აშინებს, ეგვიპტელი „მუსლიმი ძმების" მთავრობის მსგავსად, დამასკოში ასადის სეკულარული ხელისუფლების ნაცვლად შესაძლო ისლამისტური მთავრობის წარმოდგენა, რომელიც ლოგიკურად უფრო ანტიდასავლური იქნება, ვიდრე სირიის რომელიმე ყოფილი მთავრობა.

 

•  პოსტ-საომარი სიტუაცია გაცილებით გაართულებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას. კერძოდ, თელავივის გადაწყვეტილებათა მიღების სისტემაში კარგა ხნის განმავლობაში მემარჯვენეები იქნებიან გამარჯვებულნი, რაც ამცირებს ისრაელის სახელმწიფოსგან კომპრომისზე წასვლის შანსს.

 

რუსეთის ფაქტორი

ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებას რუსეთი ორი მიზეზის გამო ეწინააღმდეგება. 

 

პირველი - სტრატეგიული მიზეზია. ახლო აღმოსავლეთის / სპარსეთის ყურის რეგიონში მოსკოვს მხოლოდ ორი მოკავშირე დარჩა - ირანი და სირია - და მის ინტერესში არ არის დამასკოში დასავლეთის მოკავშირე მთავრობა იჯდეს. აგრეთვე, სირიის ხელში ჩაგდებით მომავალში დასავლეთი, თეირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების თავიდან აცილების მიზნით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ფორპოსტს შექმნის. გარდა ამისა, ასადის დაკარგვით რუსეთს შესაძლოა ხმელთაშუა ზღვაში მისი ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზის დატოვება მოუხდეს - პორტი ტარტუსი. გარდა სამხედრო დანიშნულებისა, პორტი მას, როგორც ყველა ექს-კოლონიურ სახელმწიფოს, წარსულის ძლევამოსილ დიდებას აგონებს. ტარტუსის გარდა რუსეთს მხოლოდ ერთი ბაზა აქვს თბილ წყლებში - სევასტოპოლში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომის დაწყებამდე დასავლეთი როგორმე შეუთანხმდა რუსეთს ამა თუ იმ საკითხზე, კერძოდ ტარტუსის ბაზის დატოვებაზე, რუსული ბაზის ოპერირება სირიის სანაპიროზე ახალი დასავლური სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის კვალდაკვალ გაძნელდება.

 

მეორე მიზეზი წმინდა ეკონომიკურია. რუსეთს სირიაში უკვე განხორციელებული აქვს 20$ მლრდ-მდე ინვესტიცია და გაფორმებული აქვს 4-დან 8$ მლრდ-მადე ღირებულების სამხედრო კონტრაქტები. ბაშარ ასადის ჩამოგდებით აღნიშნული პროექტების უმრავლესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხოლო მომავალი სამხედრო-სამრეწველო კონტრაქტები ძნელი წარმოსადგენი შეიმნება. 

 

ომის მზადების გამო ნავთობის ფასმა უკვე 115$-მდე აიწია, რაც სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას კიდევ უფრო გაიზრდება. ამით მოკლევადიან პერიოდში რუსეთიც იხეირებს, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივის პროგნოზირება ძნელი იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დააზარალებს ნავთობის ფასის ზრდა ევროკავშირის მყიფე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის (ჩინეთი, იაპონია) სპარსეთის ყურის ნავთობზე დიდად დამოკიდებულ ეკონომიკებს. პოტენციური ზიანი ნაკლებად შეეხება ამერიკას, რომლის გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია ახალაღმოჩენილ ფიქალის გაზზეა გათვლილი. 

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ, ერთ-ერთი ინფორმაციით, საუდის არაბეთმა ვაშინგტონის მხარდაჭერით პრეზიდენტ პუტინს ასადის თავის სანაცვლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ენერგეტიკული ჰეგემონია და ნავთობის მაღალი ფასები შესთავაზა. ამ გარიგების ფარგლებში თითქოს მოსკოვს სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, საუდელთა დახმარებიღ, ჩეჩენი ტერორისტების განეიტრალებასაც დაპირდნენ. ეს ინფორმაცია მართალიც რომ არ იყოს, რუსეთი ყველა შემთხვევაში შეეცდება უშუალო სამეზობლოში ძალისხმევის გაააქტიურებას. საომარი ვითარება სოჭის თამაშების დროს მართლაც გაართულებს ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამიტომ გარდაუვალია რუსეთის მიერ დიალოგის გაგრძელება საუდის არაბეთთან.

 

რა გავლენას მოახდენს სირიის ომი საქართველოზე? 

დადებითი ალბათ მხოლოდ ის შეიძლება მოხდეს, რომ გაეროში კენჭისყრისას სირია ჩვენი რეზოლუციის წინააღმდეგ არ მისცემს ხმას და ისიც იმხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასადის მთავრობა დაემხობა. ეს კი არცთუ გარდაუვალია.

 

უარყოფითი ფაქტორები კი გაცილებით მნიშვნელოვანია და ორად შეიძლება გაიყოს:

 

1.  მოსკოვის მეტი გაააქტიურება მის ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში": სპარსეთის ყურეში ეროვნული ინტერესების კიდევ უფრო დათმობით შეშფოთებული კრემლი მეტ ყურადღებას დაუთმობს მის უშუალო მეზობლებს ანუ ძალისმიერ რევანშისტულ პოლიტიკას გააორმაგებს. და ეს მაშინ, როცა თბილისის სტრატეგიული პარტნიორები კიდევ ერთ, მსოფლიო დონის კონფლიქტში იქნებიან ჩართულნი და დღევანდელზე ნაკლებად ეცლებათ საქართველოს პრობლემატიკისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმებზე. 

 

2.  გასათვალისწინებელია ე.წ. „პოლიტიკური ისლამის" გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის სამთავრობო წრეებში სერიოზულად განიხილება და ითვალისწინებს, სეკულარიზმის ხარჯზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში ისლამის გავლენის ზრდას. ამ გეგმის განხორციელებას ამჟამად სირიაში, შემდეგ კი ეტაპობრივად რეგიონის ქვეყნებსა და ასევე ყოფილ საბჭოთა მუსულმანურ რესპუბლიკებში აპირებენ. რადგან საქართველოშიც არის მუსულმანი მოსახლეობა, აუცილებელია რისკების კარგად გათვალისწინება. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება არათუ უნდა დაუპირისპირდეს მის მუსულმანურ საზოგადოებას, არამედ ყოველნაირად დაეხმაროს და ეცადოს საერთო სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მის ჩართვას, რათა ის არ იქნას გამოყენებული ისლამისტურ ძალად ქვეყნის სეკულარულ პოლიტიკურ სივრცეში. ანუ საზოგადოების მუსულმანმა წევრებმა/ჯგუფებმა არ უნდა იგრძნონ გაუცხოება თავიანთ სახელმწიფოშივე და ამგვარად ძირშივე შეეწინააღმდეგონ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში (სეპარატიზმი, რადიკალიზმი, რელიგიური შეუწყნარებლობა) მათ ინსტუმენტალიზაციას, როგორც ზემოაღნიშნული იდეოლოგიის მიმდევარი ქვეყნების, ასევე რუსეთის მიერ.

 

დასკვნის სახით, სირიის ომის საშიშ პერიოდს საქართველოს მთავრობა მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს. შიდა დაპირისპირების, ქსენოფობიის, რელიგიური საკითხების წამოწევისა და დეოკუპაციის პოლიტიკის ნიველირების ნაცვლად, ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი ინტერესების გარშემო სხვადასხვა ძალების კონსოლიდაცია, ინვესტიციების მოზიდვით ეკონომიკის ზრდა, ცალსახად ევროინტეგრაციული საგარეო სტრატეგია და მოსკოვის მიმართ მტკიცე პოლიტიკა უნდა განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასუსტებული საქართველო შესაძლოა უნებურად აღმოჩნდეს სირიის ომის უარყოფითი გვერდითი ეფექტი: სირიაში რუსეთის ტარტუსის ბაზის ნაწილის აფხაზეთში გადმონაცვლებით და არა მხოლოდ - თბილისში პრორუსული მთავრობის დასმით. 

 

2008 წელს ხომ მსგავსი რამ უკვე შეგვემთხვა: პუტინისვე აღიარებით, დასავლეთის მიერ კოსოვოს საერთაშორისო აღიარების და ნატო-ში გაწევრიანების დაპირების გამო სამხედრო აგრესიით და ორი რეგიონის ოკუპაციით დავისაჯეთ. მთელი ქვეყნის ოკუპაცია და სატელიტი მთავრობის დასმა მაშინ ვერ მოხერხდა. იმისათვის, რომ გააბას სტრატეგიული ვერტიკალი მოსკოვი-თბილისი-ერევანი-თეირანი და ამ გზითაც ხელი შეუშალოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მის საბოლოო განდევნას, ამჯერად კრემლი ამღვრეულ რეგიონში ნამდვილად შეეცდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევას, მათ შორის ქართული გავლენის ჯგუფების/ინსტიტუტების მეშვეობით.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია