რუსული ტელევიზიები- The Art of Brainwashing

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-03-2015, 23:49 | მსოფლიო | ნანახია - 1969

რუსული ტელევიზიები- The Art of Brainwashing

გიორგი იმედაშვილი

 

პირველი, რაც ვლადიმერ პუტინმა 2000 წელს, რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლისას გააკეთა, სატელევიზიო სივრცის მთლიანად სამთავრობო გავლენის ქვეშ მოქცევა იყო. „ლევადას ცენტრის“ გამოკვლევების თანახმად, თხუთმეტი წლის შემდეგაც კი, რუსეთის მოსახლეობის 90%-ისათვის ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიერ მედიასაშუალებების კონტროლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესისათვის კიდევ უფრო საზიანო ხდება. უკრაინაში მიმდინარე სისხლიანი პროცესების, რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და რუბლის დევალვაციის პირობებში, თებერვლში, ოფიცილური მონაცემებით ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა კიდევ ერთი პროცენტით გააუმჯობისა წინა თვის მონაცემები და 86% შეადგინა. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ პრეზიდენტის მომხრეთა რიცხვი ძალიან საეჭვოდ უახლოვდება იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც ინფორმაციას უმეტესწილად რუსული ტელეარხებიდან იღებენ.

 

რუსულ ტელესივრცეს რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი გააჩნია, რასაც ხელისუფლება ბრწყინვალედ იყენებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ის ადამიანები შეადგენენ, რომლებმაც სხვა უცხო ენებთან შედარებით, რუსული გაცილებით უკეთ იციან (ბევრ შემთხვევაში მშობლიური ენებიც კი), ეს კი მოსკოვს თავისი პროპაგანდის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელებაში ეხმარება.

 

რუსული სამთავრობო ტელეარხების საინფორმაციო გადაცემები სავსეა სრულიად აშკარა ტყუილებით. მაგალითისათვის, 2008 წლის აგვისტოს ომი გავიხსენოთ. ყველას კარგად გვახსოვს გორის დაბომბვის კადრები. რუსულმა ტელევიზიებმა ყველა საინფორმაციო გადაცემაში ეს კადრები უჩვენეს და თან ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი ქართველების მიერ „მძინარე“ ცხინვალის დაბომბვისას იყო გადაღებული. ამ კადრებიდან, ქალაქ გორში ერთხელ ნამყოფი ადამიანიც კი მაშინვე იცნობდა გორის ციხეს, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთის მოსახლეობის სრული უმრავლესობა გორში არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე მათ ყველაფერი ეს, ადვილად დაიჯერეს (არც იმას მიაქციეს ყურადღება, რომ კადრები დღისით იყო გადაღებული და არა ღამით, როგორც ეს „მძინარე“ ცხინვალის ვითომდა დაბომბვისას უნდა ყოფილიყო).

 

მსგავს დეზინფორმაციას ტელევიზიები ავრცელებენ ყველა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. ასეთი მაშტაბის ფარსის „წყალობით“, რუსეთის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას სჯერა, რომ ქართველებმა ოსი ხალხის გენოციდი მოწყვეს, ასევე უკრაინის დასავლეთი ნეონაცისტების ხელშია და ადგილობრივი რუსულენოვანი “თანამემამულეების” დაცვა წმინდა კეთილშობილური საქციელია. რუსული არხებით მონუსხულ მაყურებელს ასევე სჯერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მთელს თავის სამუშაო საათებს რუსეთის დანაწევრებისა და რუსი ხალხის „გარყვნის“ გეგმების მოფიქრებაში ატარებს და რომ ეკონომიკური სანქციები დასავლეთის დიდი ანტიმართმადიდებლური კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია. რასაკვირველია, ამ ეფექტს მხოლოდ სიანფორმაციო გადაცემებით არ აღწევენ.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ერთმნიშვნელოვნად საინფორმაციო გადაცემები რუსული სატელევიზიო სივრცის არცთუ დიდ დროს იკავებს. ძირითადად, პროგრამების უდიდესი ნაწილი გასართობ-შემეცნებით კატეგორიაში უფრო ხვდება, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღადზეა ასე. რეალურად, ყველა გასართობ შოუში შევხდებთ შეთქმულების თეორიების გამოვლინებებს. შემეცნებით გადაცემებში, უკლებლივ ყველა ისტორიულ ფაქტს, წამყვანები რომელიმე შეთქმულების თეორიით ხსნიან. თუკი წარსულის გამოჩენილ რუს მოღვაწეზე საუბრობენ, იმას გვიყვებიან თუ როგორ დაამარცხა მან რომელიმე ანტირუსული (ან ანტიმართმადიდებლური, რაც ასევე ანტირუსულის სინონიმად იქცა) შეთქმულება, ხოლო ყოველ წარუმატებლობაზე საუბრისას პირიქით, მტრული შეთქმულების მზაკვრული გამარჯვების ამბავს მოგვითხრობენ. ამით მოსახლეობაში ყველაფერი უცხოურისადმი ზიზღს აღვივებენ და ანალიტიკური აზროვნებას საოცრად თრგუნავენ. ამას ემატება უცნაური დეტექტივური შინაარსის „რეალური“ შოუები და მხატვრული სერიალები, სადაც უსასტიკესი მკვლელობების გამოძიებას მხოლოდ ექსტრასენსები ახერხებენ.

 

ამ ყველაფრისა და აბსოლიტურად ჩავარდნილი სასკოლო განათლების სისტემის გათვალისწინებით, რუსეთის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობისათვის კრიტიკული აზროვნება საერთოდ უცხოა და შეიძლება ითქვას, რომ მათი უდიდესი ნაწილი ერთგვარ ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობს. ამ სამყაროში ადამიანებს თავისებური წარსული, თავისებური ისტორია და აწმყო აქვთ და მათთვის მომავალსაც თითქმის ყველა ტელეარხზე სხვადასხვა წამყვანები თითქმის ერთნაირად წინასწარმეტყველებენ.

 

ტელევიზიებში ცალკე ხაზია გათვლილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობაზე. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში აშკარაა, რომ რუსეთი „ბოროტების იმპერიის“ გავლენის აღდგენას ცდილობს. პუტინის გამოთქმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, სრულად გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც რუსული ტელევიზიები ამ საკითხთან დაკავშირებით ამჟღავნებენ. „უზრუნველ“ საბჭოთა ყოფას ყველა ტელევიზიაში სევდიანი სითბოთი იხსენებენ და ხაზს უსვამენ თხუთმეტი რესპუბლიკის ხალხთა წარმოსახვით ერთიანობას. გადაცემებში იწვევენ ძველი თაობისა და სხვადასხვა ეროვნებების მსახიობებს, მომღერლებს და კულტურის სხვადასხვა სფეროების მოღვაწეებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ახსენებენ მოსახლეობას, თუ რა „კარგი“ იყო ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრება. თითქმის აკრძალულია იმავე პერიოდში არსებულ სისხლისმღვრელ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ტირანულ მმართველობაზე საუბარი და „ბოროტების იმპერიასაც“ მხოლოდ დადებით კონტექსტში იხსენებენ.

 

დიდი საეთერო დრო ეთმობა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. რუსების, უკრაინელების, ქართველების, სერბებისა და ბერძნების ერთმორწმუნეობის იდეის პროპაგანდაც აქტიურად მიდის, ხოლო რუსეთი მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლების ფლაგმანად არის წარმოჩენილი. ამის საპირისპიროდ ყველაფერი დასავლური გარყვნილების, ზნედაცემულობისა და ღვთისგმობის გამოვლინებად ითვლება. მხოლოდ რუსეთი და რუსული ეკლესია აღიქმება ამ „ექპსნსიური გარყვნილების“ შემაჩერებელ ძალად. ამ პროპაგანდას გარკვეული შედეგები უკვე აქვს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც (მაგალითად საბერძნეთსა და სერბეთში მოსახლეობა რუსეთისადმი ბევრად ლოიალურად არის განწყობილი, ვიდრე ამერიკისადმი). ამ ყველაფერს, თან ერთვის რუსი ჟურნალისტების საავტორო გადაცემები. მათგან ორი ყველაზე ცნობილია ტელეარხ „რასიაზე“ არსებული დიმიტრი კისილიოვის “вести недели“ და ვლადეიმერ სოლავიოვის “Воскресный вечер с Владимиром Соловьёвым”. ორივე ეს გადაცემა სავსეა ომის პროპაგანდით, ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობებითა და რეალური ფაქტების გაყალბების აშკარა მაგალითებით.

 

აშკარაა, რომ რუსული სატელევიზიო პროპაგანდა საკმაოდ „წარმატებით“ მუშაობს, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუნდაც საქართველოს მაგალითზე დავაკვირდეთ. უფრო და უფრო აშკარა ხდება თუ რამდენი ადამიანი მოტყუვდა რუსული სამთავრობრო ტელევიზიების დეზინფორმაციის წყალობით, ხოლო რამდენმა ქართულმა ტელევიზამ გააჟღერა რუსეთიდან წამოსული ანტიდასავლური რიტორიკა. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით-,არგუმენტებიც კი ხშირად რუსული გადაცემებიდან პირდაპირ არის ქართულად გადმოთარგმნილი.

 

არცთუ დიდი ხნის წინ უკრაინაში რუსული სამთავრობო პოლიტიკური პროპაგანდის გამტარებელი ტელეარხების მაუწყებლობა აიკრძალა. ადრე იგივე მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. აშკარაა, რომ იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც პუტინის ექპანსიის უშუალო ინტერესების სფეროში მოიაზრებიან, ამ არხების მაუწყებლობა საშიშია. ეს ხელს უწყობს სახელმწიფოს შიგნით მოსახლეობის დაყოფას, რასობრივი შუღლის გაღვივებას, ძალადობრივი მეთოდების გამართლებას და ამ გზით შიგნიდან ასუსტებს სახელმწიფოს. პუტინმა კარგად იცის, რომ სახელმწიფოს სიძლიერე დიდწილად მისი მოსახლეობის განათლებაზე, ინფორმირებულობასა და კრიტიკული აზროვნების უნარზეა დაფუძნებული, თუკი ეს სამი ფაქტორი დასუსტდა სახელმწიფოც სუსტდება. რუსეთი ვერასდროს გაბედავს ძლიერი სახელმწიფოს ხელყოფას. ამგვარად, პუტინს ექსპასიის ნიადაგის მოსამზადებლად ქვეყნის შიგნიდან დასუსტება სჭირდება. ამისათვის, მთავარ იარაღად ის ტელევიზიებს იყენებს. სწორედ ამიტომ, რუსულ პროპაგანდას საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტების უფლება არ უნდა მივცეთ.

 

რუსეთში კი, “все идет хорошо только мимо“ (Михаил Жванецкий).

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია