მისი აღმატებულება ლუი არმსტრონგი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-09-2013, 21:30 | კულტურა | ნანახია - 3514

მისი აღმატებულება ლუი არმსტრონგიგიგი კუბლაშვილი

 

მესაყვირე, ვოკალისტი, ტრადიციული ჯაზის პირველი გამორჩეული წარმომადგენელი. არ არსებობს ჯაზის მესაყვირე, რომელიც არ აღიარებდეს არმსტრონგის გავლენას მის შემოქმედებაზე. მისი ღვაწლი იმდენად დიდია, რომ თვით შემდგომი თაობის სნობისტურად განწყობილი მუსიკოსებიც კი, პატიობდნენ არამხოლოდ ზოგიერთი ეფექტური იმპროვიზაციული ფრაზის გამეორებას, არამედ პოპულარულ მუსიკასა და გასართობ ესტრადასთან გათამაშებასაც. არმსტრონგი კანონზომიერად ითვლება ყველაზე ცნობილ პიროვნებად XX საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაში, რომელთანაც საზოგადოება ტრადიციულ ჯაზს აიგივებდა.
არმსტრონგმა საკუთარი დაბადების თარიღი ზუსტად არ იცოდა. ის ახალი ორლეანის უღარიბეს რაიონში დაიბადა. ამ რაიონის  მაცხოვრებლები ხშირად არანაირ დოკუმენტს არ აფორმებდნენ და შემდეგ დაბადების თარიღებს წერდნენ ისე, როგორც თვითონ თვლიდნენ მომგებიანად ან პრესტიჟულად. განსაკუთრებით პრესტიჟულად,  4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დაბადება ითვლებოდა; ბევრი დოკუმენტის თანახმად, არმსტრონგის დაბადების თარიღი 1900 წლის 4 ივლისია. საყვირზე დაკვრა გამოსასწორებელ სახლში ისწავლა, სადაც ახალი წლის წინა ღამეს (1913 წელს) მოხვდა - ფოიერვერკის დროს შემთხვევით გაუვარდა მის მიერ ნაპოვნი ნამდვილი პისტოლეტი. უკრავდა კოლონიის სასულიერო ორკესტრში და სმენით აწყობდა ახალი ორლეანის ქუჩებში ბავშვობაში მოსმენილ მუსიკას. წლინახევრის შემდეგ არმსტრონგი სრულიად მზად იყო საცეკვაო ორკესტრებშიპროფესიული მუშაობისათვის. ნიჭიერ ახალგაზრდას ყურადღება მიაქცია ჯო კინგ ოლივერმა, რომელიც მას კონცერტებზე თავის მაგივრად ხშირად გზავნიდა. 1917 წელს ოლივერი ჩიკაგოში გაემგზავრა, კიდ ორის ორკესტრში მისი ადგილი არმსტრონგმა დაიკავა. ორისთან მან 16 თვე იმუშავა, შემდეგ ფეტს მარეიბლის ბენდს შეუერთდა და ორი წელი (1919-1920) მდინარე მისისიპის საექსკურსიო გემებზე მუშაობდა. 1922 წლის ზაფხულში ოლივერმა არმსტრონგი ჩიკაგოში გამოიძახა. პირველი ჩანაწერები არმსტრონგმა,,,Creol Jazz Band”ორკესტრთან გააკეთა.1924 წელს დაქორწინდა პიანისტ ლილ ჰარდინზე (ეს მისი მეორე ქორწინება იყო) და იმავე წელს ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც 11 თვის განმავლობაში ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრის სოლისტი მესაყვირე გახლდათ, პარალელურად, კლარენს უილიამსის ჯგუფთან ,,Blue Five”ჩაწერა კომპოზიცია Red Onion Jazz Babies. 1925 წელს ჩიკაგოში დაბრუნდა და საკუთარი ჯგუფის ,,Hot five”ფირფიტები ჩაწერა. ამ ჯგუფში შედიოდნენ ტრომბონისტი კიდ ორი, კლარნეტისტი ჯონი დოდსი, ბანჯოისტი ჯონი სენტ-სირი და ლილ ჰარდინი; 1927 წელს კი გამოუშვა ახალი ჩანაწერები უკვე ,,Hot Seven”ჯგუფთან ერთად, რომელსაც დაემატნენ მესაყვირე პიტ ბრიგსი და დრამერი ბები დოდსი. 1925-26 წლებში უკრავდა ლილ ჰარდინის ანსამბლში ,,Dreamland Syncopators”, ასევე ერსკინ ტეიტისა და კეროლ დიკენსონის ორკესტრებში. 1927 წელს შეკრიბა საკუთარი შემადგენლობა ჯგუფისაL,,Louis Armstrong And His Stompers”. 20-იანი წლების ბოლოს, არმსტრონგი უმაღლესი კლასის ჯაზის ვარსკვლავად ითვლებოდა.მისი სახელი რეკლამაზე, უზარმაზარი ასოებით იყო გამოსახული, ხოლო საშემსრულებლო სტილი ნამდვილ ახალორლეანურ ჯაზთან ასოცირდებოდა.

    

მისი აღმატებულება ლუი არმსტრონგიარმსტრონგი, თანდათანობით უარს ამბობდა კოლექტიურ იმპროვიზაციაზე, რომელიც დამახასიათებელი იყო ახალი ორლეანის მუსიკისთვის. ის წარმოადგენდა, ეგრეთ წოდებულ, ჩიკაგოს სკოლას, რომელშიც მეტი ყურადღება სოლო ეპიზოდებს ეთმობოდა; ამასთან, არმსტრონგის ჯგუფის მუსიკა აგებული იყო პრინციპზე "გამორჩეული სოლისტი და თანმხლები ჯგუფი". 1929 წელს, ბროდვეის რევიუში ,,Hot Chocolates” ფეტს უოლერის სიმღერა შეასრულა და როგორც ვოკალისტი პოპულარული გახდა. მან პირველად გამოიყენა ხმა, როგორც ინსტრუმენტი, პირველად გამოიყენა ვოკალური იმპროვიზაცია სკეტი. ამ პერიოდში შეარქვეს მეტსახელი "სეჩმო" (სიტყვიდან "Satchelmouth” – ჩანთასავით პირი). 1930 წელს არმსტრონგი ლუის რასელის ორკესტრში მუშაობდა. 1932 წელს, იგი პირველად გაემგზავრა ევროპაში, სადაც მოულოდნელად დიდი წარმატება ხვდა წილად (განსაკუთრებით ინგლისში). 1933-34 წლებში, 18 თვის განმავლობაში იგი ჯერ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა გასტროლით (ჯერ კიდევ 1932 წელს, ახალ ორლეანში, მას ისე შეხვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს), ხოლო შემდეგ, ისევ ევროპის ქვეყნებში იმოგზაურა. 1935-42 წლებში, ხელმძღვანელობდა ორკესტრს (რასელის, თითქმის მთელი ყოფილი შემადგენლობა), მოდურ სტილ "სვინგს" მიუბრუნდა. 1940 წელს, დაინტერესდა ძველი ჯაზით და ფირფიტების ჩასაწერად კვლავ ტრადიციული შემადგენლობა შეაგროვა. 1946 წელს, საკონცერტო გამოსვლებისთვის, მუდმივი სექსტეტი, All Stars შეკრიბა და საბოლოოდ დაუბრუნდა ჩიკაგოს სკოლის საშემსრულებლო პრინციპს. თავდაპირველი შემადგენლობით (კლარნეტისტი ბარნი ბიგარდი, ტრომბონისტი ჯეკ ტიგარდენი, დრამერი ბიგ სიდ კატლეტი, პიანისტი დიკ კერი და კონტრაბასისტი არველ შოუ.), სექსტეტი, არმსტრონგის სიკვდილამდე არსებობდა. სხვადასხვა დროს მის შემადგენლობაში შედიოდნენ ერლ ჰაინზი, ჯო ბანკინი, ედმონდ ჰოლი, ტრამი იანგი, მილტ ჰინტონი. 50-იან წლებში მან სიმღერები ჩაწერა სიმებიანი საკრავების ჯგუფებთან, ელლა ფიცჯერალდთან, ოსკარ პიტერსონთან, დეივ ბრუბეკთან და სხვა მრავალთან ერთად.

 

არმსტრონგის პოპულარობა დაკავშირებული იყო არამარტო სტუდიურ სამუშაოსთან, არამედ კინემატოგრაფიასთანაც. ის მონაწილეობდა 36 მხატვრულ ფილმში, მათ შორის, ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: "Pennies From Heaven” (1936), “Artists And Models” (1938) “New Orleans” (1946),  “The Glenn Miller Story” (1954), “High Society” (1956), “Paris Blues” (1966), “Hello, Dolly” (1969) და სხვ.

 

მისი ინტერპრეტაციით შესრულებულმა ბევრმა ჯაზურმა მელოდიამ და სიმღერამ წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა - West End Blues, Tiger Rag, Struttin’ With Some Barbeque, Potato Head Blues, Make The Knife, Mame, It’s A Wonderfull World,  Hello, Dolly და სხვ. 1936 წელს, გამოიცა მისი წიგნი "სვინგი - ეს მუსიკაა", 1954 წელს კი "ჩემი ცხოვრება, ჩემი ახალი ორლეანი".

 

60-იან წლებში იგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო (ყოველთვის თავის მეოთხე ცოლთან "დედა ლუსილთან"ერთად), ის თავს მისიონერად, "ჯაზის ელჩად" თვლიდა. არმსტრონგი ზარზეიმით მიიღეს აფრიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (ჩეხოსლოვაკია, აღმოსავლეთ გერმანია). იმ დროს კულტურულ გაცვლებზე პასუხისმგებელი რუსი ჩინოვნიკების გამო, საბჭოთა კავშირში ჩასვლა ვერ შეძლო.

 

60-იანი წლების ბოლოს არმსტრონგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ექიმებმა მას დაკვრა აუკრძალეს, ის მხოლოდ რამდენიმე ნომრისთვის გადიოდა სცენაზე, მაგრამ მაინც უზარმაზარი წარმატებით სარგებლობდა.

 

ლუი არმსტრონგი ჯაზმენების იმ მიუწვდომელ კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებმაც ფაქტიურად შექმნეს ჯაზი და შემდგომ,  აქციეს ისეთად, როგორიც  დღეს არის.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია