1956 წლის 9 მარტის როლი ქართული ეთნოფსიქიკის ფორმირებაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-03-2015, 23:58 | პოლიტიკა | ნანახია - 2064

ნიკოლოზ ვაშაკიძე

 

1956 წლის 9 მარტს განსაკუთრებული ადგილი უკავია რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა შორის. კარგად მახსოვს, როგორ ყვებოდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები ამ ამბებზე, როცა ეს ოფიციალურად ტაბუირებული თემა იყო. შემდეგ, 1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსეთის იმპერიამ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეები დახოცა, ის შორეული მოვლენები ახალი ძალით ამოტივტივდა ქართველების ცნობიერებაში. რა თქმა უნდა, გაავლეს პარალელები. მსგავსება ბევრი იყო, თუმცა, განსხვავებაც არანაკლები.

 

არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც დღემდე ჯეროვნად არ არის გაანალიზებული და რომელსაც მინდა აქ შევეხო.

 

საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული, განსხვავებული პროვინცია იყო რუსეთის იმპერიაში და, შემდგომშიც, საბჭოთა კავშირშიც, ის როგორც იმპერიის შიგნით, ისე იმპერიის გარეთაც თავისებურ, გამოკვეთილ, საინტერესო ხასიათის მქონე და, გარკვეულწილად, ენიგმატურ ფენომენად აღიქმებოდა. რუსი ხელოვანები შეყვარებული იყვნენ საქართველოზე, რუსმა და იმპერიის სხვა ხალხების პოეტებმა უამრავი ლექსი მიუძღვნეს მას. საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირის შიდა ცხოვრებაზე არც ისე ბევრი რამ იცოდნენ, მაგრამ საქართველო მაინც ცნობილი იყო როგორც რაღაც განსაკუთრებული, მიმზიდველი და საინტერესო. კარგად გვახსოვს, როგორი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება იყო საქართველოს მიმართ ე.წ. „სოციალისტურ ბანაკში“, თუმცა, კაპიტალისტურ ბანაკშიც არსებობდა ერთგვარი მითი საქართველოზე, როგორც სხვანაირ, შარმიან პატარა ქვეყანაზე საბჭოეთის დიდ რუხ სივრცეში. ასე, მაგალითად, ყველასთვის მოულოდნელად, ლეგენდარული „ბითლზის“ ცნობილ ჰიტში „Back in the USSR“ მაინცდამაინც მხოლოდ საქართველომ გაიჟღერა როგორც ცალკე, განსაკუთრებულმა თემამ, ხოლო დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში ცნობილი ვიზიტის დროს, ასევე მოულოდნელად, გაუგებარი მიზეზებით ეწვია საქართველოს. სხვათა შორის, ასეთი რამ სხვა მაღალი რანგის ვიზიტების დროსაც ხდებოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჟამთა სიავის გამო რუსეთთან მიერთების მომენტისთვის საქართველო დასუსტებული და დაქუცმაცებული გახლდათ, სხვა რუსული კოლონიებისგან განსხვავებით, ძველი და ერთ დროს ძლევამოსილი, ყოველმხრივ განვითარებული სამეფო იყო, ჰქონდა თავისი ტრადიციები და გავლენა რეგიონში. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული ერი გახლდათ და მას ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი - ბაგრატიონთა დინასტია ედგა სათავეში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიამ უხეშად დაიპყრო საქართველო, გააუქმა მისი დამოუკიდებლობა და დაიწყო ძალადობრივი რუსიფიკაციის პოლიტიკა, მის მმართველ კლასს და სამეფო ოჯახს კარგად ესმოდა საქართველოს ზემოაღნიშნული სპეციფიკა და ერთგვარ ანგარიშსაც უწევდა მას. ამას თავად ქართველებიც აიძულებდენ მათ თავიანთი მრავალრიცხოვანი აჯანყებებით. ამიტომ რუსეთის იმპერია და მისი სამეფო კარი ცდილობდა ქართველთა წარჩინებული ფენის „მოთაფლვას“. ქართული თავადაზნაურობა უფლებებით გაუთანაბრეს რუსულს და, რაც ნიშანდობლივია, ქართველი თავადები აღიარეს რუსეთის იმპერიის თავადებად, რაც გარკვეული კომიზმის ნიშნებს შეიცავდა: რუსეთის იმპერიის ოფიციალურ თავადთა გვარებს შორის 56 პროცენტი ქართული გვარები იყო.

 

ცარისტულ იმპერიაში ესმოდათ, რომ მის შემადგენლობაში ძველი და სახელოვანი წარსულის, მდიდარი კულტურისა და თვითმყოფადობის მქონე საქართველოს ყოფნას თავისი, თუნდაც სიმბოლური, მაგრამ გარკვეული ფასი ჰქონდა. ამას ასე აღიქვამდა თავად ქართული საზოგადოებაც, განსაკუთრებით მისი არისტოკრატია, რომელიც სათანადო პატივით სარგებლობდა უზარმაზარ იმპერიაში. მიუხედავად ამისა, ოცნება სახელმწიფოს აღდგენაზე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, სხვადასხვა ფორმითა და ინტენსივობით, მუდამ არსებობდა საქართველოში - ცარისტული იმპერიის შემადგენლობაში მისი ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ ცარიზმის დამხობის შემდეგ საქართველო მალე ბუნებრივად მოევლინა მსოფლიო რუკას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით. საქართველოს ისტორიიდან და ქართველი ერის, როგორც სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელი ერის ფენომენიდან გამომდინარე, ეს იმ ხელსაყრელ პირობებში გარდაუვალი და ლოგიკური იყო. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული საქართველოს არსებობა კომუნისტურმა რუსეთმა მალე სისხლიანი ინტერვენციით ჩაახშო, ე.წ. „ქართული საკითხი“ კარგა ხანს იკავებდა განსაკუთრებულ ადგილს აწ უკვე წითელი რუსული იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველი თაობის ქართველი ბოლშევიკების უმრავლესობას განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა თავიანთი ხელისუფლების მიმართ საქართველოში. ისინი ყოველთვის, სხვებისგან განსხვავებით, „ზედმეტ“ დამოუკიდებლობას იჩენდნენ და საბჭოთა კავშირში შესული საქართველოს ფორმალურ სუვერენიტეტს არასაკმარისად ფორმალურად აღიქვამდენ. საჭირო გახდა ახალი თაობის ლიდერების მოყვანა ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით და სისხლიანი რეპრესიები ქართული „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალ-უკლონიზმად“ წოდებული მისი ბოლშევიკური ნაირსახეობის კაპიტალური მორჯულებისთვის.

 

საქართველოს სწორედ ამ ახალ, საბჭოურ, დამონების ისტორიაში განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აკისრია იოსებ სტალინს. პოსტრევოლუციურ მოსკოვში, ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ დაუნდობელ ბრძოლაში, თავიანთი პოზიციების გასამყარებლად რუსეთის მმართველ ელიტაში მყოფ ქართველებს - სტალინს და ორჯონიკიძეს ჰაერივით სჭირდებოდათ საქართველოს მოქცევა რუსეთის სივრცეში და მათ ეს წარმატებით განახორციელეს. საბჭოურ იმპერიაში პროვინციების შემომტკიცების მთავარი საშუალებები იყო ძალადობა, სოციალური პირობების გაუმჯობესება და კომუნისტური იდეოლოგია. საქართველოს შემთხვევაში ამას ემატებოდა ერთი მეტად საინტერესო, თავისებური ფენომენი - უზარმაზარი ქვეყნის ლიდერი იყო სტალინად წოდებული ქართველი კაცი, იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც, ამავე დროს, მსოფლიო პროლეტარიატის, საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობისა და „მთელი პროგრესული კაცობრიობის“ ბელადის სტატუსს ითავსებდა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მეტისმეტად სიამოვნებდათ პატივმოყვარე ქართველებს. კომუნისტური იმპერიის ლიდერის ქართული წარმოშობა საოცრად მოხდენილი და ეფექტური ფსიქოლოგიური იარაღი აღმოჩნდა ყველაზე ურჩი პროვინციის ინტეგრირებისთვის. კომუნისტური ბელადის ქართველობა უდიდეს როლს თამაშობდა ქართველების კომუნისტურ იდეოლოგიაში მოქცევის საქმეში. სტალინის ფიგურა თითქოსდა შეუთავსებელი სამი ფენომენის - კომუნიზმის, იმპერიალიზმისა და ნაციონალიზმის საოცარ, პარადოქსულ და, ამავე დროს, ძალზე მტკიცე და ეფექტურ სინთეზს ახდენდა ქართველთა ცნობიერებაში.

 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სტალინისტურ საბჭოთა კავშირში ნამდვილად ტარდებოდა ერთა თანასწორუფლებიანობის პოლიტიკა, ოფიციალური იდეოლოგია საბჭოეთს კომუნიზმის მშენებელ, თანასწორ, ბედნიერ ხალხთა თანამეგობრობად აცხადებდა და უპირისპირებდა მას წარსულის ოფიციალურ ბოროტებას - „ხალხთა საპყრობილედ“ წოდებულ ცარისტულ რუსეთის იმპერიას. ამ „ბედნიერ“ ხალხთა დიდ ანსამბლში ქართველები, როგორც დიდი ბელადის თანამოძმეები, განსაკუთრებული პატივით და სიმპათიით სარგებლობდნენ, დიდ ბელადთან ერთად, გარკვეულწილად, მართლაც გრძნობდნენ თავს უკიდეგანო ქვეყნის ბატონ-პატრონად, რასაც ოფიციალური პროპაგანდაც შთააგონებდათ. ერთი სიტყვით, ისეთი პარადოქსების ქვეყანაში, როგორიც იყო სტალინისტური საბჭოთა კავშირი, მრავალ ტანჯვასა და უბედურებასთან ერთად, ქართველები თავისებური ფსიქოლოგიური კომფორტით სარგებლობდნენ.

 

იოსებ სტალინი თავის დიდ კომუნისტურ „სამოთხეს“ მიზანმიმართულად და თავისებური საქმის ცოდნით აშენებდა. მან ადამიანებს ერთდროულად მოუჭრა გზა როგორც გაღატაკებისკენ, ისე გამდიდრებისკენ და ამით მაქსიმალურად მოწყვიტა ისინი მატერიალურზე მიჯაჭვულობას. საბჭოთა ინდივიდს აუცილებელი მინიმუმი გარანტირებული ჰქონდა. ამავე დროს, იმთავითვე იცოდა, რომ საბჭოთა რეალობაში დიდ ფულსა და ქონებას ვერ იშოვიდა. ამდენად, არც ლუკმაპურისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში იყო ჩართული და არც სიმდიდრეზე ოცნებობდა. მომხვეჭელობა სამარცხვინო თვისებად ითვლებოდა და ე.წ. „მეშჩანები“ დაცინვისა და ქილიკის ობიექტები იყვნენ. რა თქმა უნდა, ასეთი რეალობა ფართოდ უხსნიდა ადამიანებს კარს სულიერი საზრდოსკენ და, უნდა ვაღიაროთ, რომ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში და, კერძოდ, საქართველოში, ერთგვარი იდეალისტების მთელი თაობა გაიზარდა. სამწუხაროდ, ეს ყოველივე მახინჯ, კომუნისტურ იდეოლოგიაზე იყო დამყნობილი. სტალინის საბჭოთა კავშირი მართლაც რომ პარადოქსების ქვეყანა იყო: მატერიალისტურ, ათეისტურ იდეოლოგიაზე ალტრუისტი და იდეალისტი ახალგაზრდა თაობა აღიზარდა. ამ თაობას სჯეროდა კომუნისტური იდეოლოგიის, ნათელი მომავლის და აღმერთებდა თავის დიად ბელადს - იოსებ სტალინს.

ასეთ მდგომარეობაში დახვდა საქართველოს მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომს, რომელსაც საბჭოთა კავშირში დიდი სამამულო ომი შეარქვეს და ქართველებიც ამ სახელწოდებას სრული გულწრფელობით აღიქვამდნენ. ამ ომმა სტალინის მიმართ გრძნობები კიდევ უფრო გააძლიერა. მძიმე განსაცდელში ჩავარდნილი ქვეყნის მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ქართველებისთვისაც, ის იყო მტკიცე ბელადი და მხედართმთავარი, რომელიც იმედს აძლევდა ყველას საშინელი საფრთხის წინაშე. 700 000 ქართველი წრფელი პატრიოტული სულისკვეთებით წავიდა ამ ომში და, როგორც ვიცით, 300 000 უკან აღარ დაბრუნებულა. ამ უზარმაზარმა დანაკარგმა, რა თქმა უნდა, დიდი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას და მრავალი ქართველის ფსიქიკაში, სტალინის ფიგურის დამატებით, თავისებურ როლს შეუწყო ხელი. საქმე ის არის, რომ სამნახევარმილიონიანი ერისთვის სამასი ათასი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვა ნიშნავდა თითქმის მთელი მოზარდი თაობის უმამოდ დარჩენას და დაობლებას. მშობლის დაკარგვა ყოველთვის იწვევს ბავშვის სულში მტანჯველი სიცარიელის გაჩენას. ბავშვი მუდამ ცდილობს ეს სიცარიელე რაღაცით შეავსოს. სტალინი, მრავალ ტიტულთან ერთად, ისედაც ატარებდა „ხალხთა მამის“ სახელს. ახლა მან მრავალი მოზარდის სულში სწორედ ომში დაკარგული მამის ადგილიც დაიკავა. ის ხომ დიდი, კეთილი, ბრძენი და, ამავე დროს, ქართველი იყო, თანაც დაამარცხა ის საზიზღარი მტერი, რომელმაც ამ მოზარდს ნამდვილი მამა მოუკლა. ასე რომ, ომის დროს და ომის შემდეგ სტალინის ფენომენმა ადამიანების ფსიქიკაში დამატებითი მძლავრი ემოციური მუხტი შეიძინა.

 

ამ ყოველივეს გამო გასაკვირი არ არის, რომ სტალინის გარდაცვალებამ 1953 წელს ნამდვილი შოკი და გლოვა გამოიწვია საქართველოში. თუმცა, პრინციპული თვისებრივი ცვლა ხალხის ცნობიერებაში არ მომხდარა. ბელადის სიკვდილი მძიმე, მაგრამ კანონზომიერი მოვლენა იყო. მას სათანადო პატივი მიაგო საბჭოთა ხელმძღვანელობამ და ხალხმა - ბელადმა თავისი კუთვნილი, საპატიო ადგილი დაიკავა მავზოლეუმში, „დიადი ლენინის“ გვერდით. დიდი ვირტუალური მამა გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი და ღირსება დაფასდა. ამდენად, სტალინის გარდაცვალება ქართველებისთვის მძიმე, მაგრამ გასაგები რამ იყო.

 

სულ სხვა ტიპის შეძრწუნება განიცადეს საქართველოში, როცა 1956 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცნობილ მეოცე ყრილობაზე, დაგმეს ე.წ. „სტალინის პიროვნების კულტი“ და მისი სახელი ტალახში ამოსვარეს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის, რომ სტალინის კრიტიკისადმი მიძღვნილი ყრილობის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებული იყო და ხალხიც, რა თქმა უნდა, ათასგვარი ჭორით იკვებებოდა. ერთი რამ ცხადი იყო - საყვარელი, ღირსეული, ეროვნებით ქართველი დიადი ბელადი გაუგონრად და უსამართლოდ შეურაცხყვეს მისივე ე.წ. თანამებრძოლებმა. რა თქმა უნდა, ისევე როგორც თავის დროზე სტალინის ზეობას ქართველობა საკუთარ ზეობად აღიქვამდა, ახლა მისი შეურაცხყოფა საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო.

 

მით უმეტეს, რომ, მოარული ხმების მიხედვით, მეოცე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა და მისმა თანაგუნდელებმა სტალინის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მისი უარყოფითი თვისებები მის ქართულ წარმომავლობას დაუკავშირეს. ერთი სიტყვით, ქართველებს მძიმე და დამამცირებელი დარტყმა მიაყენეს სწორედ იმ ინტიმურ სულიერ სიმზე, რითაც ის ფსიქოლოგიურად ასე მტკიცედ და საიმედოდ იყო შეკრული ერთიან საბჭოურ სივრცეში.

 

სტალინის გარდაცვალების დღე, 5 მარტი, 1956 წელს სულ მალე მოვიდა მეოცე ყრილობის შემდეგ. ქართველებს მაშინ უკვე ტრადიციად ჰქონდათ ამ დღეს თბილისსა და სხვა ქალაქებში სტალინის ძეგლთან მისვლა, მისი ყვავილებით შემკობა, ბელადზე ლექსების წაკითხვა, სიმღერების შესრულება... ასე მოხდა1956 წლის 5 მარტსაც თბილისში, მშრალ ხიდთან მდებარე პარკთან, მაგრამ პოლიტიკური და ემოციური ფონი უკვე სხვანაირი იყო და ეს ჩვეულებრივი ღონისძიება სწრაფად გადაიზარდა ხალხმრავალ საპროტესტო მიტინგში. როგორც ირკვევა, მიტინგი მარტო თბილისში არ ჩატარებულა. ანალოგიური გამოსვლები იყო გორში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმსა და ცხინვალში.

 

ნაღვლიანი ღიმილის მომგვრელია თვითმხილველთა მოგონებები ამ ამბებზე. აი რას იგონებენ ისინი: „ყოველდღიურად ათობით ათასი და ბოლოს ალბათ ასი ათასამდე ადამიანი იყო. საპროტესტო მიტინგებზე დიდად აქტიურობდნენ გოგონები, ქალები. ჩვენი იქ ყოფნისას განსაკუთრებით ერთი გოგონა აქტიურობდა, საოცრად ძლიერი და წკრიალა ხმით კითხულობდა ლექსებს. უამრავი ლექსი იცოდა… დაიწყო იმით, რომ კითხულობდნენ ლექსებს სტალინზე და მღეროდნენ სიმღერას სტალინის ლექსზე „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“, სტალინის საყვარელ სიმღერას „შავო მერცხალო“…

 

საინტერესო აქ ის არის, რომ ამ მრავალრიცხოვან აქციებზე სტალინის რეაბილიტაციის მოთხოვნა თანდათან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. მომიტინგეები გულუბრყვილოდ აპელირებდნენ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებულ მოკავშირე რესპუბლიკების თვითგამორკვევის უფლებაზე. აი, სად გამოჩნდა ის, თუ როგორ კრავდა სტალინის ფენომენი ქართველებს საბჭოთა სივრცეში და ამ მათრობელი ფიგურის დაკნინებისას ქართველების ტრადიციულმა ოცნებამ თავისუფლებაზე კვლავ ამოხეთქა!

 

ეს რამდენიმედღიანი სახალხო აჯანყება იმპერიის სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. 9 მარტს კავშირგაბმულობის სახლისკენ დაძრულ მრავალათასიან ბრბოს ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ სტალინის ძეგლის მიდამოებში მრავალი ქართველი ახალგაზრდა ხიშტებზე წამოაგეს. რა თქმა უნდა, ქუჩებში გამოჩნდა რუსებისთვის ასეთ შემთხვევებში ესოდენ ტრადიციული ატრიბუტი - საბრძოლო ტანკები, რომელთა მეშვეობით შეკრებილ ხალხს ფანტავდნენ. თვითმხილველები ხაზს უსვამენ ჯარისკაცების მიერ გამოვლენილ განსაკუთრებულ სისასტიკეს და ცინიზმს: „ჯარისკაცები ამას სრულიად აუღელვებლად აკეთებდნენ. ის კი არა, ერთმანეთში საუბრობდნენ და დამცინავად გადმოჰყურებდნენ ბრბოს.“

 

მოკლედ, შეურაცხყოფას კიდევ უფრო მძიმე შეურაცხყოფა და სისასტიკე დაემატა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა მძიმე განწყობა დაეუფლა ხალხს ამ ანგარიშსწორების შემდეგ. თავზარდამცემ უბედურებასთან და ახალგაზრდა ადამიანების დახოცვასთან დაკავშირებულ საშინელ ტკივილთან ერთად, ეს იყო მძიმე და მტკივნეული გამოფხიზლება კომუნისტური იდეოლოგიის ილუზიიდან. საბჭოთა პერიოდში აღზრდილმა ახალმა თაობამ უშუალოდ განცდილი საზარელი სისხლიანი რეალობის მეშვეობით ნათლად დაინახა, თუ სინამდვილეში როგორ სახელმწიფოში ცხოვრობდა - ტვინის გამომლაყებელი კომუნისტური პროპაგანდის მიღმა გამოჩნდა ამ სახელმწიფოს ნამდვილი სახე - განახლებული რუსული იმპერიის პირსისხლიანი მხეცი... მაშინ, ამ სისხლიან გაელვებაში, საქართველომ ხელახლა დაინახა და გაიაზრა მივიწყებული და კომუნისტურ-სტალინისტური პროპაგანდის თრიაქით დაბურული რეალობა - ის რუსეთის იმპერიის მიერ დამონებული ქვეყანა იყო და, თავისი ნების გამოხატვის შემთხვევაში, საზარელი, სისხლიანი სასჯელი ელოდა.

 

ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, დიდ ტექტონიკურ ძვრებს იწვევს ინდივიდებისა და ერის მასობრივ ცნობიერებაში. ამ ვულკანურმა ემოციამ აუცილებლად რაღაც გზა უნდა იპოვოს და ახალი რეალობა შექმნას. როცა ანალოგიური მოვლენა მოხდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს, კარგად გვახსოვს, ერთ დღეში როგორ შეიცვალა ჩვენი საზოგადოების ცნობიერება. მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანმა სამხედრო დასჯამ, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლმა, აუტანელი შეურაცხყოფის განცდამ უზარმაზარი ენერგეტიკული ტალღა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის მასობრივ ფსიქიკაში და, რა თქმა უნდა, რაღაც მნიშვნელოვანი თვისებრივი ცვლა გარდაუვალი იყო. ამ მძლავრმა ენერგეტიკულმა ტალღამ თავისი გამოსავალი იპოვა - ერთ დღეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რამდენიმე ვიწრო, მარგინალური ჯგუფის კუთვნილებიდან საერთო სახალხო მოძრაობად გარდაიქმნა. ცხადია, შემდგომში ამ მოძრაობამ მრავალი მახინჯი ფორმა მიიღო და მნიშვნელოვანი დეგრადაციაც განიცადა, რამაც ბევრი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას (მოგვიანებით ამის მიზეზებსაც შევეხები), მაგრამ იმ მომენტში რეალურად მოხდა ამ მძლავრი ემოციური აფეთქების ენერგიის ჯანსაღი და გასაგები კანალიზაცია.

 

ასეთი კანალიზაციის საშუალებას იმდროინდელი პოლიტიკური რეალიები იძლეოდა. ლიბერალიზაციის პროცესში ღრმად შეტოპილი, დასავლეთთან გარიგებაში და მნიშვნელოვან დამოკიდებულებაში შესული გორბაჩოვის საბჭოთა კავშირი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ქართულ საზოგადოებას მიეცა საშუალება 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ფართო ეროვნული მოძრაობა და პოლიტიკური აქტივობა გაეშალა. გამოთავისუფლებული ენერგია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შემოქმედებაში გადაიზარდა.

 

სულ სხვაგვარად იყო საქმე 1956 წელს. საბჭოთა იმპერია თავისი ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა და, რა თქმა უნდა, ხალხში ამოხეთქილი ემოციური მუხტის ეროვნული მოძრაობის მიმართულებით წარმართვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. 9 მარტი შედგა, მაგრამ მერე გათენდა 10, 11 მარტი... ცხოვრება უნდა გაგრძელებულიყო... ბოღმა და ცრემლი გამოსავალს ითხოვდა, მაგრამ რა უნდა ექნა ქართულ საზოგადოებას 50-იანი წლების საბჭოთა კავშირში? ქართველი ეროვნების „დიდი ბელადი“ ისევ პატივაყრილი დარჩა და მის შემდგომ დაცვას არავითარი აზრი არ ჰქონდა. მოულოდნელად გამოღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებას და ნამდვილ, აწ უკვე ქართულ პატრიოტიზმს, ტყვიის წვიმა და ხიშტები დაახვედრეს, ხალხს გააგებინეს, რომ მსგავს რამეებზე ფიქრი გულშიც კი არ გაევლოთ. ქართველთა ცნობიერებაში კომუნისტური იდეოლოგია და საბჭოური ლეგენდები ბედნიერი და თავისუფალი ერების ნათელი მომავლის მშენებელ თანამეგობრობაზე დანგრეული ან საგრძნობლად შერყეული იყო. თანაც, როგორც უკვე ვთქვით, რაღა ფასი ჰქონდა ამ ყველაფერს სტალინის გარეშე?.. არსებული რეალობა თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის მიმართულების განვითარების საშუალებას არ იძლეოდა. ღირსებაშელახულ, გულნატკენ ქართველ ხალხს რაღაც პასუხი უნდა გაეცა ამისთვის, უნდა მოეძებნა ფსიქოლოგიური ნიშა, რომლითაც გააგრძელებდა ცხოვრებას...

 

და ქართველმა ხალხმა არსებული დილემიდან ინტუიციურად მიაგნო გამოსავალს, რომელიც, შესაძლოა, შექმნილ სიტუაციაში უალტერნატივო იყო. ახალმა თაობამ, რომელმაც ტყვიების წვიმაში კვლავ შეიგრძნო თითქოსდა დაძლეული ობლობის გამყინავი განცდა, ალტრუიზმი და იდეალიზმი საიქიოში უკვე კაპიტალურად გადანაცვლებულ სტალინს უკან მიაყოლა და დაადგა კონფორმიზმის, ნიჰილიზმისა და ეგოიზმის გზას. ახლა ობოლ ბიჭებს და გოგოებს შორს უნდა მოესროლათ ის გულუბრყვილო სენტიმენტები, რომლებსაც გუშინ გაუფრთხილებლობით კინაღამ თავი შესწირეს და „საქმისთვის მიეხედათ“ - ეზრუნათ პირად კარიერაზე, გამდიდრებაზე, ოჯახზე და, რა თქმა უნდა, კარგა გვარიანად, ისე როგორც ქართველებმა იციან, გაეტარებინათ დრო. ყველაფერი დანარჩენი კი - კომუნიზმი, სოციალიზმი, საზოგადო საქმე - სისულელე იყო, ან იძულებით თავს მოხვეული ვირტუალური რეალობა და თამაშის წესები, რაშიც ცინიკურად, ცივი გონებით და ქართველებისთვის დამახასიათებელი ირონიით გარკვეული უნდა ყოფილიყავი, რომ ისევ და ისევ საკუთარი, პირადი კეთილდღეობის სამსახურში ჩაგეყენებინა. ამ გარდაქმნაში იყო ერთგვარი ქვეცნობიერი შურისძიება იმაზე, რაც 9 მარტს მოხდა. საქართველო უმალვე გახდა პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში, სადაც კომუნისტური იდეოლოგია ხალხის რეალურ აღქმაში ნამდვილ ფიქციად და ანეკდოტად გადაიქცა. და, ამავე დროს, მალე საქართველო გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მექრთამეობასა და ფულის კეთებაში. სხვათა შორის, სწორედ იმ იდეალისტი ბიჭებისგან, რომლებსაც რუსული ავტომატებისა და ხიშტების წინ თავგანწირვით მაღლა აწეული ეჭირათ სტალინის სურათები და რომლებიც უშიშრად ახტებოდნენ თბილისის ქუჩებში მოთარეშე ტანკებს, შეიქმნა კარგად ცნობილი ქართველი „საქმოსნების“ პლეადა. ამ თაობამ წამოწია თავისი წრიდან ქართველი პარტიული ფუნქციონერების ახალი კოჰორტა, რომელსაც, იდეოლოგიური სულისკვეთების ნაცვლად, მხოლოდ ცინიკური, პრაგმატული კარიერიზმი ამოძრავებდა. „ქურდული გაგების“ გამეფება ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანწილად სტიმულირებული იყო იმ ფსიქოლოგიური გარდატეხით, რომელზეც აქ გვაქვს საუბარი: დამსხვრეული და დისკრედიტირებული ოფიციალური იდეოლოგიის მორალის ადგილი რაღაცას უნდა დაეკავებინა. ცხადია, იმდროინდელი ეკლესია ამას ვერ შეძლებდა და ეს ნიშა „ქურდულ გაგებად“ წოდებულმა მორალისა და იდეოლოგიის მახინჯმა სუროგატმა დაიკავა.

 

1956 წელს დაწყებულ ამ ცვლილებებს ქართველების ფსიქიკაში, რა თქმა უნდა, შემდგომში საბჭოთა სისტემის დეგრადაციამ და კრიზისმაც შეუწყო ხელი. ქვეყნის ლიდერებიც, მაგალითად, ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის კომიკური ფიგურები, ამ პროცესებს კიდევ უფრო მეტ კატალიზაციას უკეთებდა. მავანმა შეიძლება თქვას, რომ 1956 წლის 9 მარტს ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ქართველთა მენტალობის ჩამოყალიბებაში, რომ ეს ცვლილება მაინც მოხდებოდა საბჭოთა კავშირის დეგრადაციასთან ერთად, რომ ანალოგიური პროცესები დანარჩენ საბჭოთა კავშირშიც განვითარდა. მე მაინც მიმაჩნია, რომ საქმე მთლად ასე არ არის. უცნაური ტრადიციის თანახმად, რუსეთის ცარისტულ იმპერიასა თუ საბჭოთა კავშირში მიმდინარე საყოველთაო პროცესები საქართველოში ხშირად ტრავმული შოკის მექანიზმით იწყება და, როგორც წესი, ეს შოკი იმდენად ძლიერია, რომ ამ პროცესების ქართულ ვერსიას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისებრივი თვალსაზრისით. ასე მოხდა 1989 წლის 9 აპრილს და შედეგად საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება „გიჟური“ სცენარით განვითარდა და არა ისე მდორედ, როგორც ბევრ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ქართული მენტალიტეტის გარდაქმნა 1956 წელს ქართულ საზოგადოებაში ასევე შოკური მექანიზმით მოხდა და, შედეგად, საზოგადოებაში ალტრუიზმი და საზოგადო საქმეზე ზრუნვა ერთიანად ჩამოინგრა. საზოგადო და სახელმწიფოებრივი თითქმის მომენტალურად გადაიქცა ჩვენში არაფრის მთქმელ სასაცილო ფორმალობად. საქართველოში ტოტალური საზოგადოებრივი ნიჰილიზმი გამეფდა. შეუძლებელია ამან არ გარყვნას ადამიანები. ასეც მოხდა. და ამან იმაში იჩინა თავი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობისთვის ჩვენი საზოგადოება მორალურად მზად არ აღმოჩნდა. 9 აპრილს გაჩენილი დიდი პატრიოტული მუხტი, სამწუხაროდ, თანდათან წინა ათწლეულებში ნაზარდმა ეგოიზმმა, ნიჰილიზმმა და მომხვეჭელობის ველურმა ინსტინქტმა გადაფარა. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, სამარცხვინო ფაქტებით დამძიმებული მარცხი აფხაზეთში, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უმოწყალო ძარცვა-გაპარტახება, მხედრიონობანა, გვარდიობანა და ათასი სიგლახე.

 

ასეა თუ ისე, მაინც გადავრჩით როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევინარჩუნოთ. ამისთვის კი, ყველაფერთან ერთად, შორეული და ახლო წარსულის ანალიზიც გვჭირდება. სწორედ ამიტომ შევეცადე აქ ჩვენი არცთუ ისე შორეული წარსულის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ეპიზოდის გაანალიზებას.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია