პასუხი პოლონურად

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-03-2015, 11:45 | მსოფლიო | ნანახია - 3081

პასუხი პოლონურად

გუგა ჯულუხიძე

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში, პოლონეთში თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასა და შეიარაღების მოდერნიზებაზე საუბრობენ. ეს ინიციატივა, ჯერ კიდევ ლეჰ კაჩინსკიმ გააჟღერა და ამ საკითხს აქტუალურობა, არც პრეზიდენტის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დაუკარგავს.

 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, “გადაიარაღება” 2018 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა თავდაცვის უწყების გეგმები შეცვალა და პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა! პირველად, ძალიან დიდი ხნის მანძილზე, პოლონეთში პუბლიუს ფლავიუს ვეგეტიუს რენატუსის ფრაზა გაჟღერდა: "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის!" - შედეგად, მიმდინარე წლის თებერვალში, თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ახალი ციკლი იწყება, რომლის მიხედვითაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში, $42 მილიარდი დაიხარჯება სუპერ-თანამედროვე შეიარაღების შესაძენად! შეიარაღების ძალიან დიდ ნაწილს, პოლონეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს, თანაც შეღავათიან ფასებში.

 

შეიარაღების ის ნაწილი, რომელიც “გრიფით საიდუმლო”-ს კატეგორიას არ განეკუთვნება, ჰაერსაწინააღმდეგო, ანტი-სატანკო, წყალქვეშა თავდასხმების აღსაკვეთ და ანტი-სარაკეტო აღჭურვილობებს მოცავს. ანტი-საჰაერო სისტემა, თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით, $5 მილიარდი დაუჯდება, ხოლო 30 მოიერიშე ვერტმფრენი - $1.5. ასევე არჩევანი გაკეთდა HOMAR-ის სარაკეტო სისტემაზე, უპილოტო სადაზვერვო-საბრძოლო თვითმფრინავებსა და რადარებისათვის, თითქმის შეუმჩნეველ JASSM-ის ჰაერი-მიწა რაკეტებზე (F16-ებისათვის). გარდა ამისა, ეროვნული თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტში (Komisja Obrony Narodowej) შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდასა და თავდაცვის ახალი დოქტრინის აუცილებლობაზე დაიწყეს აქტიური საუბრები. თუმცა შეიარაღების მოდერნიზაციის დეტალურ აღწერაზე გაცილებით საინტერესო, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებია.

 

პოლონელი პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზეზი პირველ რიგში, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებებია. ასეთ პირობებში, ოფიციალურმა ვარშავამ მოქმედებები დაიწყო და ფრანგულ-გერმანული დიპლომატიის გარანტიებს, რომლის მიხედვითვაც: "ყველაფერი კარგად იქნება!" ნაკლები დამაჯერებლობით შეეგება.

 

"გადაიარაღების" ფორსირების კიდევ ერთი მიზეზი, რუსეთის სამხედრო წვრთნები გახლდათ, რომლის მიხედვითაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი პოლონეთს უტევს (ჰაერიდან და ზღვიდან). ასევე აღნიშვნის ღირსია, ვილნიუსიდან მოსული სიგნალებიც, სადაც რუსეთის შესაძლო აგრესიაზე საუბრობენ! Veidas-ის (ლიტვური გამოცემა) ანალიტიკოსის, აუდრიუს ბაჩიულისის თქმით, ამ ეტაპზე პირდაპრი აგრესიის შანსი მცირეა, თუმცა არავის შეუძლია იმის გარანტირება, რომ უკრაინის შემდეგ, ლიტვის ჯერი არ დადგება.

 

ევროპის უსაფრთხოების სისტემის ხარვეზებმა და რუსეთის მზარდმა მადამ, ბევრი დააფიქრა ვარშავაში - არ არის გამორიცხული, კრემლმა ნატოს მე-5 მუხლი "მოსინჯოს" სამომავლოდ (ნატოს მე-5 მუხლი: “შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველა მოკავშირეზე”).

თანამედროვე შეიარაღების შესყიდვისათვის გამოყოფილი $42 მილიარდით, პოლონეთმა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გააკეთა განაცხადი - ბალტიისპირეთი, სკანდინავია, აღმოსავლეთ ევროპა.

 

შეიარაღების პირველ ნაწილს, 2015 წლის სექტემბერში მიიღებს პოლონეთი და პარალელურ რეჟიმში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეეცდება სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა, გჟეგოჟ სჰეტინამ ხაზგასმით ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას.

თუმცა პოლონეთის მსგავსად, ნამდვილად არ მოქმედებენ ევროპის დასავლეთ ნაწილში (რუსეთთან მიმართებაში), სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი ხმამაღლა აცხადებს, რომ “უახლოეს მომავალში ნატო არ უნდა გაფარდოვდეს”, ხოლო იტალიის პრემიერ-მინისტრი რენცი, იმედებით აღვსილი სტუმრობს მოსკოვს და პუტინს თანამშრომლობის ახალ ეტაპს სთავაზობს ტერორიზმთან ბრძოლასა და ეკონომიკაში. რაც შეეხება გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელი ტრადიციულად ყოყმანობს და რუსეთისათვის დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობას არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით უყურებს.

 

ამრიგად, პოლონეთმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და "კუნთების თამაშს" ფრენსის ანდერვუდის "დიპლომატიით" უპასუხა: "მარჯვენათი, ხელი ჩამოართვი, ხოლო მარცხენათი, ქვა დაიჭირე ... მაინც, ყოველი შემთხვევისათვის"!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია