ინტერვიუ ნიკოლოზ ვაშაკიძესთან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-03-2015, 21:08 | პოლიტიკა | ნანახია - 870

ქვეყნის განვითარების პროცესში ვიწვევთ ყველას, ვისაც კონკრეტული წვლილის შემოტანა შეუძლია - საზოგადოება ,,ივერია“ პოლიტიკურ აქტივობას იწყებს და მომავალი არჩევნებისთვის ემზადება. ,,ნიუპოსტი“ ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

 

_რაც შეეხება ,,ივერიას“ – თქვენ უკვე გააკეთეთ განახადი პოლიტიკაში შესვლის, რა გეგმები გაქვთ? აპირებთ პერსონალურ აქტივობებს თუ იმოქმედებთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობის რეჟიმში?

 

_ვფიქრობ, საქართველოში მკაფიოდ იგრძნობა, რომ არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მმართველი ძალაც, ოპოზიციაც, მთელი პოლიტიკური სპექტრი, თავისი დონით, სიღრმით და, თუ გნებავთ, წლების მანძილზე ნაზარდი პოლიტიკური ინსტინქტებით ვერ პასუხობს იმ ძალზედ სერიოზულ გამოწვევებს და ამოცანებს, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. განსაკუთრებით არასასიამოვნო და საშიში არის ის კონფრონტაციული რეჟიმი, რომელშიც დღეს პოლიტიკური პროცესი მიდის. დასამალი არ არის, რომ მმართველი ძალა ხელისუფლებაში, ძირითადად, ნეგატიური, კონფრონტაციული, მესიჯებით მოვიდა. თუ კი ამის გამართლება საარჩევნო სპეციფიკით კიდევ როგორღაც შეიძლებოდა, ამ სტილის ყოველდღიურობაში გადმოტანა უკვე ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ძალზედ არასწორი და კონტრპროდუქტიული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ასე მოხდა. ყოფილი მმართველ და, ამჟამად, მთავარ ოპოზიციურ ძალას, როგორც თავის დროზე ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსულს, ასევე, ტრადიციულად ძლიერი პოლიტიკური რადიკალიზმი ახასიათებს. ახლა ეს ორი მწვავედ დაპირისპირებული პოლუსი მძიმე კონფრონტაციულ შეჯახებაში იმყოფება, რაც მმართველი ძალის ეკონომიკური წარუმატებლობის პირობებში ქვეყანაში უმძიმეს ემოციურ ფონს ქმნის. ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს ნაცმოძრაობის პოლიტიკური ფიგურების მიმართ და ამ გატარებული რეპრესიების გზით ოპოზიციასაც რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგებს. პრაქტიკულად ჩაშლილია, ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დიალოგი. გატარებული რეპრესიებისა და ეკონომიკური წარუმატებლობის შედეგად, მმართველ ძალაში მკვეთრად მატულობს პოლიტიკური რევანშის შიში, უკან დასახევი გზები მოჭრილია და, ამიტომ, დიდია რისკი იმისა, რომ ამ ბრძოლამ გადამწყვეტ მომენტში სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ხასიათი შეიძინოს. ბუნებრივია, ამ პირობებში, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების საკითხები უფრო მწვავე პოლიტიკური კამათის ინსტრუმენტებად არის ქცეული, ვიდრე რეალურად და ღრმად განხილვის საგნად. ამ არაჯანსაღი მდგომარეობიდან საზოგადოება და ქვეყანა როგორმე უნდა გამოვიდენ.

 

„ივერიის“ პოლიტიკურ ველში შემოსვლა ამ სავალალო მდგომარეობის გამოსწორების მიზნით არის განპირობებული. მგონი, ნათელია, რომ ერთი მორიგი ბანალური პოლიტიკური პარტიის დაარსებით ბევრი არაფერი შეიცვლება. „ივერია“ ქართულ საზოგადოებას პრინციპულ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებრივი, ან, თუ გნებავთ, სახალხო მოძრაობის სახით. ჩვენი მიზანია, გამოვიყვანოთ ქვეყნის საუკეთესო ინტელექტუალური ძალები პოლიტიკური პროცესების პასიური მაყურებლის როლიდან და ჩავრთოთ ისინი აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ დიდი ხანია ვაყალიბებთ ღია და ფართო საზოგადოებრივ პლატფორმას, სადაც ყველა პატიოსან და უნარიან მოქალაქეს ექნება საშუალება რეალურად შეიტანაოს თავისი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენი მიზანია, გამოვიყვანოთ საზოგადოება უნაყოფო და საშიში კონფრონტაციის რეჟიმიდან და მოვახდინოთ მისი კონსოლიდაცია პოზიტიური დღის წესრიგის გარშემო. ჩვენ უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა ქყეყნის განვითარების თითქმის ყველა დარგის სტრატეგიულ ხედვებზე და ამ სამუშაო პროცესში ვიწვევთ ყველას, ვისაც კონკრეტული წლილის შემოტანა შეუძლია.

 

_თქვენ როგორც დიპლომატები, თქვენი საქმიანობა იქნება მიმართული პერსპექტივაში კვლავ სამთავრობო გუნდში დაბრუნებაზე, თუ ეს იქნება მომავალ არჩევნებზე ორიენტირებული ვიწრო პარტიული აქტივობა კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის?

 

მართალია, რომ „ივერიაში“ დიპლომატებიც მოღვაწეობენ, მაგრამ ჩვენთან უამრავი სხვა დარგის წარმომადგენელიც არის, წარმოდგენილია, ასევე, სხვადასხვა სოციალური თუ ინტერესთა ჯგუფი. აქტივობა პოლიტიკური მიზნების მისაღწევათ ნამდვილად იქნება, მაგრამ არა ვიწრო, არამედ, პირიქით, ფართო.

 

_როგორია თქვენი დამოკიდებულება 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით?

 

_ნაციონალური მოძრაობა ახდენს საჯარო საპროტესტო აქციის გამართვის თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას. ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამის საბაბს იძლევა. თუმცა, როგორც უკვე ხედავთ, „ივერიას“ განსხვავებული დღის წესრიგი აქვს. მგონი, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ მხოლოდ საპროტესტო აქციებით და ქუჩის ღონისძიებებით ქვეყნის წინაშე მდგარ უსერიოზულეს ამოცანებს ვერ გადავწყვეტთ. ცხადია, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მოსახლეობა მისი საქმიანობით უკმაყოფილოა, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია რეალურ ალტერნატივის შეთავაზება ქვეყნისთვის. ამას კი სერიოზული და სოლიდური მუშაობა სჭირდება. სწორედ ამაზე ვართ ჩვენ ახლა კონცენტრირებული. გვინდა მოვუწოდოთ როგორც ხელისუფლებას, ასევე, აქციის ორგანიზატორებს, რომ 21 მარტის აქცია ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონიერების ჩარჩოების დაცვით. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამავე დროს, უკიდურესად საშიში საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა ერთად მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას.

 

_ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას და საგარეო გამოწვევებს რომ შევეხოთ - დღეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია სავალუტო კრიზისი და შესაბამისად, მძიმე ეკონომიკური ვითარება. რაში ხედავთ გამოსავალს?

 

_გამოსავალი მარტივია - დაბალი ინტელექტის ადამიანები მაღალ თანამდებობეს არ უნდა იკავებდენ. რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დატრიალებული სავალუტო და ეკონომიკური კრიზისის ობიექტური წინაპირობები არ არსებობდა. რა დიდი ცოდნა სჭირდებოდა იმას, რომ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის მიზანმიმართული შელახვა „სისხლიანი 9 წლის“ და ქართული რეფორმების „სიყალბის“ თემის საზღვარგარეთ ტირაჟირებით ჩვენ საინვესტიციო კლიმატს მოვკლავდით? განა ნობელის პრემიის ლაურეტობა სჭირდება იმას, რომ გესმოდეს - როცა მთელი წლის განმავლობაში შენივე უნიათობის გამო აფერხებ ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ხარჯების შესრულებას და მერე ამ აკუმულირებულ ფულს წლის ბოლოს ერთიანად შემოყრი ბაზარზე - ეს რომ მწვავე სავალუტო კრიზის გამოიწვევს? უმეცრების გარდა, ამ სიტუაციას ხელს უწყობს ის, რომ ქვეყანაში მართვის და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების სისტემა მანკიერ რეჟიმშია გადასული და პრაქტიკულად მოშლილია. დარგების ხელმღღვანელებს, მათ ქვეშევრდომებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ელოდებიან სიგნალს „ზევიდან“, საიდანაც ეს სიგნალი ეპიზოდურად და ხშირად არაკომპეტენტურად მოდის. შედეგად დარღვეულია სახელმწიფოს მართვის და ეკონომიკის დინამიკა. ინვესტორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქართველ ჩინოვნიკებთან ურთიერთობა ნამდვილ ტანჯვად არის ქცეული. გამოსავალი ერთია - სწორი ეკონომიკური სტრატეგიის მომზადება, ახალი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლა და, რაც მთავარია, სახელმწიფოს არაფორმალური, ჩრდილიდან მართვის პრაქტიკის გაუქმება.

 

_განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, მათ შორის აფხაზეთის რკინიგზის მიმართულებით. რა რისკები არსებობს რკინიგზის გახსნის შემთხვევაში?

 

_ოკუპანტი, აგრესორი სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიის ქვეყნის გულში შემოყვანის საშუალების მიცემა მომაკვდინებელ სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის. ეს არტერია აუცილებლად იქნება გამოყენებული რუსეთის მიერ მცოცავი და პირდაპირი აგრესიისთვის. ის გახდება სხვადასხვა, ხელოვნურად შექმნილი და ყურით მოთრეული მოტივებით ჩვენს საშინაო საქმეში უხეში ჩარევისა და სუვერენიტეტის ჩამოშლის საბაბი და საშუალება. რკინიგზა მწვავედ დაძაბავს ჩვენს ურთიერთობებს სამეზობლოსთან და ამისთვის რუსები ყველაფერს გააკეთებენ. ამასთან ერთად, ვინაიდან რკინიგზის ფუნქციონირება შესაბამის სამართლებრივ რეგულირებას მოითხოვს, ის მთავარი ფაქტორი, თუ რომელი სახელმწიფოს იურიდიულ სივრცეში იფუნქციონირებს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი გადამწყვეტ საკითხს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. განაცხადოს რუსეთმა, რომ აფხაზეთი საქართველოა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზამ საქართველოს იურიდიულ სივრცეში უნდა იმოქმედოს. ასეთ შემთხვევაში კიდევ შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი. მაგრამ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება. მაშინ რაზე ვსაუბრობთ? ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის იურიდიულ გაფორმებაზე?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია