ენასაც პოლიცია სჭირდება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-03-2015, 13:47 | კულტურა | ნანახია - 2930

ენასაც პოლიცია სჭირდება

 

ზურაბ ბახტაძე

 

ჩამოვყალიბდით ისეთ ქვეყნად, სადაც შესაბამისი დარგის მუშაკმა არ იცის, რომ მატერიას ქართულად ქსოვილი ჰქვია, მეტალს ლითონი, სადაც ჟურნალისტმა და პარლამენტარმა არ იცის, რომ “ცივილური“ ცივილიზებულს არ ნიშნავს; სადაც ეკლესიის მსახურმა არ იცის, რომ კელიას ქართულად სენაკი ეწოდება და სადაც უკვე ახალი თაობის მწერლებიც კი ქართულად შეცდომებით წერენ.

 

პირველი წერილი ამ სათაურით 1997 წლის დასაწყისში გამოვაქვეყნე გაზეთში “დრონი”. მაშინ იმის იმედი ნამდვილად არ მქონია, რომ თვრამეტ წელიწადში ყველა უშეცდომოდ ილაპარაკებდა, მაგრამ ის კი ნამდვილად მეგონა, რომ ყოველწლიურად თითო ნაბიჯით მაინც წავიდოდით წინ. მაგრამ თურმე “ეგრე გეგონოს”... წინ წასვლას ვიღა ჩივის, როცა ბევრად უკან წავედით.

 

საბჭოთა კავშირს და მასში შემავალ საქართველოს ერთი პარტია მართავდა და იმ პარტიამ იცოდა, რომ ყველაფერზე თვითონ იყო პასუხისმგებელი, მათ შორის ენის მდგომარეობაზეც. ენის მდგომარეობას კი იმ ხალხის განათლების დონე განაპირობებდა, რომელიც მის ხარისხზე იყო პასუხისმგებელი. სხვადასხვა ორგანიზაციებში ტექსტებს არედაქტირებდა ხალხი, რომელიც, ცენზურის არსებობის პარალელურად, ტექსტის ენობრივ მხარესაც აქცევდა ყურადღებას. ეს გუშინ იყო.

დღეს კი, როცა, მადლობა ღმერთს, მრავალპარტიული და მრავალი შესაძლებლობის მქონე ქვეყანა გვეღირსა, ილიასეული “მამული, ენა, სარწმუნოებ”-იდან ყველაზე არად ჩაგდებული ენაა, რომელსაც წინათ გვართმევდნენ, ახლა კი თვითონ ვიშორებთ თავიდან.

 

როდესაც ენის სავალალო მდგომარეობას მისი უცოდინრობა განაპირობებს, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ როცა ამ უცოდინრობის მიზეზი უფრო ენის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობაა და მის გამოსასწორებლად საგანგებო ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

 

ქვემოთ უამრავ ენობრივ შეცდომას მოვიყვან მაგალითად, რომლებსაც ყველგან და ყველაფერში ვაწყდებით, მაგრამ მთავარი მაინც ენის მიმართ ის დამოკიდებულებაა, რომელიც ამ შეცდომების არსებობას განაპირობებს.

 

თანდათან იმატებს იმ სავაჭრო დაწესებულებათა თუ სხვადასხვა ორგანიზაციათა რაოდენობა, რომელშიც ხელმარცხნივ უცხო ენაზე გაკეთებულ წარწერებს უთმობენ ადგილს, ხელმარჯვნივ კი_ ქართულზე. ამ “წვრილმანში” ის მსხვილი პრობლემა მოჩანს, რომ ქართველს თავისი ენა მეორეხარისხოვნად მიაჩნია, რის ფონზეც ენობრივი შეცდომების რაოდენობა მხოლოდ სტატისტიკად მოჩანს. ხშირად წავწყდომივარ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ვინმეს დასცინიან ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო, მაგრამ მათ შორის იშვიათად თუ შეხვდებით ისეთს, ქართულის ცუდად ცოდნა სირცხვილად რომ მიაჩნდეს. წინათ თუ ეს პრობლემა საზოგადოების დაბალ ფენებში უფრო იყო თვალშისაცემი, ახლა ამ უბედურებამ მაღლა გადაინაცვლა და მისი მასშტაბები თანდათან ფართოვდება. ამის პარალელურად კი, კიდევ ერთი და ამაზე არანაკლები (იქნებ უფრო დიდიც!) უბედურება ხდება: ქართველი გლეხკაცი, რომელიც წინათ ბუნებრივი ქართულით მეტყველებდა, დღეს უკვე, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების გავლენით, მათ მსგავს ენაზე ამეტყველდა. ბევრჯერ მინახავს ტელევიზიით, როგორ უთქვამს გლეხს სწორი ფორმით რომელიმე სიტყვა და იქვე გადაუკეთებია დღევანდელ “ქართულზე”.

 

საბჭოთა კავშირში ქართველებს ორენოვან გარემოში გვიწევდა ცხოვრება და თანაც რუსულს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ უკეთესად პასუხობდა თანამედროვეობის მოთხოვნებს და, რაც მთავარია, მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირების გარდა, თვით რუსი ხალხიც მეტი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა თავის ენას. მაგრამ ეს ერთგვარი მაგალითი იყო ჩვენთვის და რუსულის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილს გვიღვიძებდა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ იმ ეპოქიდან მხოლოდ ცუდი შემოგვრჩა და ახლა ამას კიდევ ინგლისურის წამლეკავი გავლენა დაემატა. თანაც ეს ორივე ენა ევროპულია, მათი ბუნება არანაირად არ ემთხვევა ქართულს და მათგან მექანიკურად გადმოტანილი კალკირებული ცნებები თუ სიტყვები ქართულად სასაცილოდ ჟღერენ. ამ მდგომარეობას, ერთი მხრივ, განაპირობებს ის, რომ ბევრს ძველის ახლით შეცვლა ენის განვითარება ჰგონია. ახლის შემოტანა კი ნებისმიერ ენაში მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ის ენაში არსებულ ვაკუუმს ავსებს და არა მაშინ, როცა უკვე არსებულ ცნებებსა თუ სიტყვებს ცვლის. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ემსგავსება ალჟირს, სადაც არაბულისა და ფრანგულის ნაზავი ბუნებრივად არსებობს, როგორც სახელმწიფო ენა. ასე შემოვიდა ქართულ ენაში “თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა”, (ალბათ შემდეგ კატასტროფამდე დაავიწყდება თვითმფრინავს ის განცდები); “საჩუქარი გაუკეთა” (თავისი ხელით გაუკეთა?) და სხვა ამისთანები. ფილმებში გაუპატიურებული ქალები მოძალადეებზე “ეს რა გამიკეთას” ამბობენ, “მიქნამ” რომ ცუდი ასოციაცია არ გამოიწვიოს (არადა, მეტი რაღა უნდა უქნან). “დათმობა” “დათმობაზე წასვლა” გახდა (სად წასვლა?), “მონაწილეობდა”, “მონაწილეობს” და “მონაწილეობას აპირებს” _ “მონაწილეობას იღებდა” ან კიდევ უარესი _ “მონაწილეობას ღებულობდა”, _ “მონაწილეობას იღებს” და “მიიღებს” გახდა, “ვგულისხმობ” _ “მხედველობაში მაქვს”, “იკისრა” _ “თავის თავზე აიღო”, გადაწყვიტა _ “გადაწყვეტილება მიიღო”, (ვისგან მიიღო?); თავის მკვლელი _ “თვითმკვლელი”, თავდაჯერებული _ “თვითდაჯერებული”, და ახლა ალბათ თავკერძა _ “თვითკერძა” გახდება, თავგასული კი _ “თავის თავზე თვითონ გასული”. მთვრალი _ “არაფხიზელი” გახდა, უსიამოვნო _ “არასასიამოვნო”, აშკარაა _ “სახეზეა” და ალბათ მალე “ულამაზო” _ არალამაზი გახდება. “რაც უნდა იყოს” _ “რაც არ უნდა იყოს” გახდა, რაც სათქმელის შინაარსს მთლიანად ცვლის. შეცდა ან შეცდომა მოუვიდა _ “შეცდომა დაუშვა” გახდა, “სისტემური გახდა” _ “სისტემატური ხასიათი მიიღო”, “მათთვის ხელსაყრელია” _ “აწყობთ” და “ხელს აძლევთ”, შადრევანი _ “ფანტანი”, ნაიარევი _ “შრამი”, მუზარადი _ “კასკა”, ნიღაბი _ “მასკა”, მეკობრე _ “პირატი”, ასლი _ “კოპიო”, აუზი _ “ბასეინი”, ბანაკი _ “ლაგერი”, კერპი _ “კუმირი”, ერთმნიშვნელოვანი _ “ცალსახა”, ნამდვილი ამბავი _ “რეალური ისტორია”, “მოლაპარაკების გამართვა” _ “მოლაპარაკების წარმოება”, “დაახლოებით ორ თვეში” _ “სადღაც ორ თვეში”, “თავი შინაურად მიიჩნიეთ” _ “თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში”.

 

“სიმპტომურის” მაგიერ “სიმპტომატური” იხმარება, “ნეაპოლურის” მაგიერ _ “ნეაპოლიტანური”, ისტორიული “ამირა” _ “ემირმა” ჩაანაცვლა, სტრადივარიუსი _ “სტრადავარიმ”, “კორპორაციული” _ “კორპორატიულმა”, “ფიქციური” _ “ფიქტიურმა”, “აპოკალიფსური” _ “აპოკალიპტურმა”.

 

იესოს მიმდევარი მარიამი წარმოშობით მაგდალიდან იყო და “მაგდალინელი” კი არა, “მაგდალელია”. სამარიის ცნობილი კეთილი მკვიდრი სახარებიდან _ “სამარიელის” მაგიერ “სამარიტელად” იხსენიება. მთელ მსოფლიოში ცნობილი ფილმი “ნათლია” საქართველოში მხოლოდ იმიტომ იქცა “ნათლიმამად”, რომ მისი სათაურის მთარგმნელმა ის არ იცოდა _ “კრიოსტნი ოტეც” რომ რუსულად მხოლოდ ნათლიას ჰქვია და არა ნათლიმამას, რომელსაც რუსულად “კუმს” ეძახიან, ნათლიმამას კი საქართველოში მხოლოდ ნათლულის მამას ეძახიან, ნათლიდედას კი ნათლულის დედას და სხვას არავის. იაპონურ კიმონოს ქართველი მოჭიდავეები და სპორტის კომენტატორები რუსული ფორმით, “კიმანოთი” მოიხსენიებენ. წინათ რასაც კვადრატული მეტრით აღვნიშნავდით, ის ახლა “მეტრკვადრატი” გახდა, ტელევიზიისა თუ რადიოს წამყვანები კი გადაცემის ბოლოს გვთავაზობენ “ამ ნოტაზე დავამთავროთო”, მაგრამ არ გვეუბნებიან, რომელ სახელმწიფოს უნდა გავუგზავნოთ ნოტა. ამიტომ, გართულების თავიდან ასაცილებლად, ვთავაზობ, რომ ნოტზე დაამთავრონ. რეკლამები გვთავაზობენ “ჟატის თეთრეულს” და “დუტის კურტკებს”, სამშენებლო მასალების მაღაზიებში კი ”გიფსო-კარდონს” და ის არ იციან, რომ “გიფსი” თაბაშირია და არც ის, რომ “კარდონში” რომ მუყაოს გულისხმობენ _ ის რუსულად “კარტონია”, კარდონად კი რუსულად საზღვრის სახელი ჟღერს და ასე ვაბითურებთ ერთი წარწერით ქართულსაც და რუსულსაც.

 

“პროტეინი” ისე შემოიჭრა _ თითქოს ცილას არც უარსებია ქართულ ენაში, “ტენისი” ისე დამკვიდრდა, რომ ჩოგბურთი მალე რომელიღაც შუასაუკუნეების დროინდელი თამაში ეგონებათ და გიორგი ნიკოლაძის შრომა, რომელიც მან სპორტის სახეობების ქართულად თარგმნისა და დამკვიდრების საქმეში გასწია, წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. კრივი “ბოქსმა” შეცვალა, მებრძოლი “ბოევიკმა”, ჩვენს სოფელში კი ღუმელი რომ ახსენო, იქვე უნდა დაამატო, რომ “ფეჩს” გულისხმობ.

ქაოსური “ქაოტური” გახდა, სროლა _ “ცეცხლის გახსნა” (მრავლობითში კი “სროლები”), ასევე მრავლობითში “თმებად” გადაიქცა თმა, “ქალწულობა” მთლიანად შეცვალა “ქალიშვილობამ” (ქალიშვილი ხომ ყველაა, ვინც ვაჟიშვილი არ არის), დაჯავშნილი _ “ბრონირებული” გახდა, დერეფანი _ “კორიდორი”, ძალაყინი _ “ლომი” და ა.შ.

 

ახლა კი უარესი. შეცდომები, რომლებიც სხვა ენების “ბრალი” არ არის: ვდგამ _ “ვდგავ” გახდა, ვიცვამ _ “ვიცმევ”, უსვამენ _ “უსმევენ”, დახარჯვა _ “გახარჯვა”, მივყავართ _ “მივყევართ”, ვამბობ _ “ვიძახი”, ჩვენგანი _ “ჩვენთაგანი”, გამჭვირვალე _ “გამჭირვალე”, ლიტანიობა _ “ლიტონიობა” (ლიტონი სიტყვის დღე ისედაც ყოველდღე გვაქვს), აქედან _ “აქიდან”, იქიდან _ “იქედან”, მეთქის ადგილას თქოს ხმარობენ, თქოს ადგილას _ მეთქის, მეტსახელი _ “ზედმეტი სახელი” გახდა, მომსახურება _ “მომსახურეობა”, ერთმანეთში ურევენ “გონს მოსვლასა” და “გონზე მოსვლას”, “მადლობის გადახდასა და მადლობის მოხდას”, რასაც მალე ალბათ “ბოდიშის გადახდა” მოჰყვება. კარი _ “კარები” გახდა, კარები _ “კარებები”, გაუხარდა _ “გაეხარდა”, უკანასკნელად _ “ბოლოჯერ” _ და მალე ალბათ “პირველჯერსაც” გავიგონებთ, ნაბიჯი გადადგა _ “ნაბიჯზე წავიდა”, “ჯერ ერთის” _ “მეორეც ერთის” მიაყოლებენ ხოლმე, “გოლები გააქვს” _ “გოლებს იტანს” გახდა და მალე ალბათ “გოლებს ვერ იტანსაც” იტყვიან. “საუკეთესო” გვეცოტავა და წინ “ყველაზე” დავუმატეთ, “მაშინვე” კი _ “ეგრევე” გახდა.

 

“მასიური ღონისძიებების” მთქმელმა არ იცის, რომ ეს ისეთივე შეცდომაა, რომ “მასობრივი ქვა” ან “მასობრივი კედელი”, პირიქით კი ყველაფერი სწორად იქნებოდა. მღვდლებს ხშირად “მამაოდ” მოიხსენიებენ, “მამაო” კი მხოლოდ მიმართვის დროს გამოიყენება. მესამე პირში ხსენების დროს კი ისინი მამად უნდა მოიხსენიებოდნენ.

ამ საუკუნის დასაწყისში ის არ გვეყო _ 2000 წელი რომ უკვე ახალი საუკუნის პირველი წელი გვეგონა და 2001 წელს “აღმოჩნდა”, რომ თურმე ორი ათას პირველი წელი დამდგარა (ბარემ ახალი წელთაღრიცხვა შემოგვეღო) და იმ საუკუნის სამხიარულო ამბებს ამ საუკუნისაც მიემატა.

 

პრობლემად იქცა ასო “ი”-ს არასწორად ამოგდება, როცა ის ზოგადი ან საკუთარი სახელის ფუძის ნაწილია და არა ბრუნვის ნიშანი. არადა, თითქოს რა მარტივია: “იშტოიანმა ბურთი გაიტანა” _ სწორია, იმიტომ, რომ ის “იშტოიან”-ია, “მოდილიანმა დახატა” კი _ შეცდომაა, იმიტომ, რომ ამ გვარში “ი” ფუძის ნაწილია. ამავე პრინციპით, “სტოკჰოლმში” სწორია, “ჰელსინკში” კი შეცდომა. ჩვენმა საამაყო მორაგბეებმა თავის დროზე კარგი მაგალითი უჩვენეს ყველას და მცდარი ფორმა “რეგბი” მართებულ “რაგბი”-დ გადააკეთეს, მაგრამ დღეს ისინი “რაგბს” და “რაგბში”-ს ამბობენ. ანუ აქაც ზემოთ აღნიშნულ შეცდომასთან გვაქვს საქმე. “ვენესუელას პრეზიდენტი” ისეთივე შეცდომაა, როგორც “მცხეთას გამგებელი”. “დან” და “გან” დიდი ხანია ერთმანეთშია არეული. არ გაიკვირვოთ, ტელევიზიის დიქტორმა თუ გამცნოთ: “შედეგებს” (პირობითად) მანანა ტყემალაძიდან გაიგებთ”-ო.

 

სიტყვა “ზედმიწევნით” აღარ ისმის და “ბუკვალურად” ისე შემოვიდა, თითქოს საერთაშორისო ტერმინი იყოს. სიტყვა “საკუთარმა” ყველაფერი წალეკა, “თავისი” უკვე იშვიათად ისმის, “უშედეგოს” კი გაიგონებ, მაგრამ “შედეგს” თითქმის ვეღარ, ყველას “რეზულტატი” აკერია პირზე. ძალიან ძნელად იმკვიდრებს თავს “კათოლიკოსი” (ისიც ალბათ თვით კათოლიკოს-პატრიარქის პატივისცემით). მეტწილად ჯერ ისევ რუსული “კათალიკოსი” ისმის (რუსეთში სწორად წერენ მაინც). პათოლოგიურ ადამიანს პათოლოგს ეძახიან და მალე გიჟებს ალბათ ფსიქოპათოლოგებს დაუძახებენ. ვიღაცებმა მიიჩნიეს, რომ ქართულს ევროპული (იკ) ”კ”, არ სჭირდება და სპეციფიკური _ “სპეციფიურად” გადააქციეს, ლირიკული და რომანტიკული კი _ “ლირიულად” და “რომანტიულად”. რაც მთავარია, ეკონომიკურს (დარგთან დაკავშირებულს) და ეკონომიურს (დაზოგვასთან, ეკონომიასთან დაკავშირებულს) ურევენ ერთმანეთში; რის შედეგადაც სათქმელის შინაარსი კომიკური ხდება. მაგალითად: “ეკონომიური კრიზისი”, “ეკონომიურად მაღალგანვითარებული ქვეყნები” და სხვა ამის მსგავსი. ჯერჯერობით “ფიზიკურს” რატომღაც არ ერჩიან და მის “ფიზიურად” გადაკეთებას არ ცდილობენ. საგარეო საქმეთა მინისტრი “ევრო-ატლანტიურს” ამბობს, არადა ყველაფერზე სწორად სწორედ ამას უნდა ამბობდეს. დღეს მსოფლიოში ყველაზე გახმაურებულ კიევის მაიდანს ხშირად თბილისის მეიდნის სახელით ახსენებენ ჟურნალისტები.

 

აქამდე თუ გულითა და თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი, ახლა ყველა “ყურებამდეა შეყვარებული”. რუსულიდან უაზროდ გადმოტანილ სიტყვებსა და ცნებებს ახლა კიდევ რუსულ-ინგლისური “შედევრები” დაემატა. ჩვენს “ზარაფხანა”-ს ინგლისურ სახელში “კჰ”-ს ნაცვლად რუსული “ხ” უწერია და ამის გამო ‘ზარაფქსანად” იკითხება. ეს კი იმ ხალხის “შემოქმედებაა”, რომელმაც არც რუსული იცის და არც ინგლისური და რომელსაც, პირობითად, ის მიხო შეიძლება დაერქვას, რომელიც შენობების კედლებზე თავისი სახელის მაგიერ “მიქსოს” წერს, ფრანგული “ელისეს მინდვრების” მაგიერ “ელისეის მინდვრებს”, ინგლისურ აბრევიატურას_ “პი ეს პი”-ს კი “პე ეს პე”-დ (რუსულად) გამოთქვამს, ნიუ იორკის სახელს დეფისით წერს და არც იცის, რომ “ნიუ იორკ”-ს დეფისი ისევე არ სჭირდება, როგორც “ახალ ათონს” ანდა “ქვემო მაჩხაანს”. ფრანგულ სიგარეტ “გოლუაზს” რუსულად გამოთქმული “გალუაზით” ვუწევთ რეკლამას და ფრანგები (მათი საელჩოს საშუალებით) იგებენ, რა კარგად ვიცით მათი ენა რუსულად. მაგრამ სხვებს რა უნდა მოსთხოვო, როცა თვით პოლიტიკოსებიც კი ხშირად “სამოკავშირეო ხელშეკრულების” მაგიერ “სამეკავშირეო ხელშეკრულებას” ამბობენ, რითაც ეს აქტი კომიკურ შინაარსს იძენს. პოლიტიკაში მყოფმა ხალხმა არ იცის, რომ ოპოზიციის საპირისპირო ძალას ხელისუფლება ჰქვია და არა “პოზიცია”, და არც ის, რომ საკითხის “პერსონალიების მიხედვით” განხილვა იგივეა, რაც მათი _ ადამიანების სხვადასხვა თვისებათა ერთობლიობის მიხედვით განხილვა.

 

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ “ცივილური”, რომელმაც ცივილიზებულის ადგილი დაიკავა. დღეს მათ შორის, ვინც ამ ტერმინს იყენებს, იშვიათია, ვინმემ ან ინგლისური არ იცოდეს ან რუსული. ინგლისურში საუკეთესო მაგალითია “სივილ ვორ”, რომელიც სამოქალაქო ომს ნიშნავს, რუსულში კი ერთხელაც ვერ წააწყდები ამ ორი ტერმინის ერთმანეთში აღრევას. იქ ჯარისკაციც კი “სეგოდნია ცივილნო ოდენუს” ამბობს _ როდესაც სამხედრო ფორმას სამოქალაქოთი ცვლის და რაღა ჩვენი ჟურნალისტები და პარლამენტარები ურევენ ერთმანეთში სამოქალაქოსა და მაღალგანვითარებულს? როცა მთელ ერს განათლებული კაცის პოზიციიდან ელაპარაკები, ან სიტყვის ფუძის მნიშვნელობა უნდა იცოდე, ან თვით სიტყვის.

 

ქართული ისეთი ენა არ არის, რომ მასზე მოლაპარაკეს “აბსოლუტურის” თქმა გაუჭირდეს და გაუგებარია ყველა “აფსოლიტურს” რატომ ამბობს. ასევე სასაცილო მოსასმენია, როგორ იწყებს ქართველი ყველა წინადადებას რუსული “ნუ”-თი ან “ვიტყოდი”-თ, როცა მის სათქმელს უფრო “უნდა ითქვას” ან “შეიძლება ითქვას” სჭირდება. “ვიტყოდი”-თ ხომ ქართველი მაშინ იწყებდა ლაპარაკს, როცა მერე დააყოლებდა “მაგრამ თქმად არ ღირს”, ანდა “მაინც ვერ გაიგებენო”.

 

საერთოდ კი, ბრტყელ-ბრტყელმა ლაპარაკმა გაიმარჯვა ბუნებრივზე. მაგალითად: წინანდელი “დიდი უსინდისობაა ის, რომ...” ახლა ტრიბუნიდან მეტწილად ასე გამოითქმის: “დიდ უსინდისობას წარმოადგენს ის, რომ...” და ბრტყელ-ბრტყელზე კიდევ უარესი: ”ეს ორგანიზაციები ეხმარებიან ბავშვებს _ აიხდინონ ოცნებები”. ვითომ “ეხმარებიან ოცნებების ახდენაში” სათქმელს ვერ გამოხატავდა და მისი შეცვლით ქართული ენის განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა? ანდა “ლეტალური შედეგის” დამკვიდრების მერე სიკვდილმა რამე სხვა შინაარსი შეიძინა და უფრო ადვილი შესაგუებელი გახდა? ანდა, გარაჟს რომ ცხვრის სადგომის სახელი, “ფარეხი” დავარქვით, ამით ეროვნულ ფესვებს დავუბრუნდით? დამოუკიდებლობის მოპოვების მერე, ხალხს “წიაღისეულის” მაგიერ თვითონ “წიაღის ამოღება” შევთავაზეთ, ახლა კი მაღაზიების მეპატრონეები მყიდველს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მაგიერ “ხილ-ბოსტანში” ეპატიჟებიან, ბოსტანი კი მაღაზიის ახლო-მახლო არ მოჩანს. სიტყვა ორსულზე ხშირად “ფეხმძიმე” ისმის, თითქოს მძიმე ფეხები ორ სულზე უკეთ გამოხატავდეს ორსულობის ფაქტს. “ორი თვის ფეხმძიმესაც” კი გაიგონებთ და კიდევ უარესსაც: “მაშინვე დავფეხმძიმდი” (ანუ “ეგრევე”.) ტელეეკრანიდან ხშირად ისმის “ქალბატონი მაცაცო”, “ბატონი რობიკო” და სხვა ამის მსგავსი და გვიკვირს, თუ მაცაცოა _ ქალბატონი როგორ არის და თუ რობიკოა _ სადაური ბატონია.

 

მაგრამ ამ ყველაფერზე დიდი უბედურება ის არის, პარლამენტარს, ჟურნალისტსა თუ გამყიდველს რომ გამსწორებელი არავინ ჰყავს. ენის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაც ისეთივეა, როგორიც ხალხის. მთავრობა არ ერევა საქმეში მაშინ, როცა ვისაც რა ენაზე მოესურვება, იმ ენაზე აკეთებს წარწერებს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებზე. ზოგან მარტო ინგლისური წარწერებია, (გაიხსენეთ ქართული სიტყვა “საუცხოო”) ზოგან კი ქართულ-ინგლისური, როცა ინგლისურის არანაირი აუცილებლობა არ არის. ზოგან სამენოვანი ქართულ-რუსულ-ინგლისური, სადაც ეჭვი მაქვს, რომ ინგლისური წინა მთავრობის შიშით მიაწერეს, თორემ რუსულზე გაჩერდებოდნენ. ზოგან ქართულ-ინგლისურ-რუსული, სადაც ასევე ვეჭვობ, რუსული შეაპარეს, რომ თვალთახედვიდან არ გაქრეს. ამის ფონზე კი, ცნობილ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახლებზე დამაგრებული მემორალური დაფები იუწყება, რომ გალაკტიონ ტაბიძე, დიმიტრი უზნაძე და სხვები თურმე ქართველები ყოფილან, წიგნის მაღაზიები კი სავსეა გაურედაქტირებელი წიგნებით. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი _ ენის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის გამო ხდება. ვინმემ რომ თავისი სურვილით თურქული ან ირანული წარწერებიც დაამატოს, რომელიმე კანონით ხომ უნდა შეიძლებოდეს ამის დაშლა, თორემ დრო მოვა და ქართველებს ხელფასები კარგი გვექნება, ენა კი ძალიან ცუდი.

 

პარადოქსია, მაგრამ როცა მსოფლიოს რუკაზე არ ვარსებობდით, მაშინ “ასი წლის წინ”-ს ვამბობდით, ახლა კი, როცა თავისუფლები ვართ, “ასი წლის უკან”-ს ვამბობთ და მიდის კიდეც საქმე უკან. რევოლუციამდელ საქართველოში ენა ისე იყო “სტოლითა” და “სტაქნით” დაბინძურებული, რომ თვით იაკობ გოგებაშვილსაც კი ეგონა, რომ მათი ამოგდება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ საოცრება მოხდა და ბოლშევიკების ბატონობის ეპოქაში, რომელშიც მასობრივი ტერორის დროს, საუკეთესო ხალხი ამოწყდა, ენა გადარჩა! ახლა კი, თავისუფალი ქართველი ერი მშობლიურ ენას უწყობს მასობრივ ტერორს, მისი ხელისუფლება კი უმოქმედოდაა! ამ საქმეს ახლა უკვე მხოლოდ დრაკონული მეთოდებით თუ ეშველება. ვერანაირი ენათმეცნიერთა რჩევები და ენის პალატა ამას ვერ უშველის (გაიხსენეთ ქუთაისური ანეკდოტი “ვინ კითხავს სუდიას!”). საჭიროა სპეციალური ორგანოს შექმნა, რომელსაც არა პოლიციური, არამედ უფრო ენობრივი უშიშროების დაცვის ფუნქცია ექნება ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ორგანიზაციას მისცემს დირექტივებს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული სასჯელით დაისჯებიან.

ახლა კი მოვიდა დრო, რომ ბრაზი დავიცხრო და ეს პრობლემა სხვა მასშტაბში გადავიყვანო.

 

“ენა არ შეიძლება წარმოშობილიყო უცებ და ერთბაშად”. ეს გერმანელი ვილჰელმ ჰუმბოლდტის აზრია _ ზურაბ კიკნაძის საოცარი “ჩანაწერებიდან” ამოღებული. ახლა კი თავად ზ. კიკნაძეს მოვუსმინოთ. “შესაძლოა ეს “უცებ” და “ერთბაშად” გადაჭარბებულად წარმოგვიდგენდეს ენის წარმოშობის სპონტანურობას, მაგრამ ისიც წარმოუდგენელია, რომ დროში იწელებოდეს სტრუქტურის და სისტემის შექმნა _ ნაკლულიდან სრულყოფილამდე”.

 

ანუ შესაძლოა, ღმერთმა ენა ერთბაშად გვიბოძა, ჩვენ კი მას ნელ-ნელა ვკლავთ.

 

ზ. კიკნაძის იმავე წიგნიდან: “ენა უფრო მეტია, ვიდრე სისხლი”, წერდა ფრანც როზენცვაიგი. რატომ დააწყვილა ერთმანეთთან როზენცვაიგმა ენა და სისხლი? ჩანს, ებრაელობის სუბსტანციას ჯერ ენაში, მერე სისხლში ხედავდა”.

 

და ბოლოს ისევ (მერამდენედ!) გრიგოლ ორბელიანი: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია