“ივერია” ნიშნავს სახელმწიფოს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-03-2015, 14:07 | პოლიტიკა | ნანახია - 2024

მამუკა გამყრელიძე

 

ამ რამოდენიმე დღის წინ, მარჯანიშვილის თეატრში, საზოგადოებასთან შეხვედრაზე, ორგანიზაციის შექმნიდან ორი წლის თავზე ივერიელებმა გამოაცხადეს ახალი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” შექმნა. ჩვენგან ყველა ელოდა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ არ შეგვეზღუდა არც თავი და არც საზოგადოება, იდეოლოგიური ჩარჩოებით დატვირთული, ხისტი პოლიტიკური პარტიით და საზოგადოებას შევთავაზეთ სრულიად ახალი ტიპი პოლიტიკური ორგანიზაციისა - საზოგადოებრივი მოძრაობა. მისი იდეოლოგიური ჩარჩოები გაცილებით ფართოა და მოისაზრებს სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალების ერთიანობას საერთო მიზნის, საქართველოს ძლიერი და წარმატებული, ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოს მშენებლობის გარშემო. სახელმწიფოსი, რომლის კურსი იქნება მკვეთრი და არა უბრალოდ დეკლარირებული, ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ჩვენი კარი იქნება მუდმივად ღია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ეს მთავარი მიზანი, ძლიერი და წარმატებული საქართველოსი, ჩვენსავით პრიორიტეტული იქნება. რას ნიშნავს ჩემთვის “ივერია” ?

 

“ივერია” არის განათლება. ცოდნის სიყვარული სკოლის მერხიდან. საგანმანათლებლო პროცესის სწორი და ეფექტური ორგანიზება. განათლებული, პროფესიონალი და ენერგიული კადრებით დაკომპლექტებული მთავრობა.

 

“ივერია” არის კანონის უზენაესობა. მტკიცე და პროგრესული კონსტიტუცია. მოქნილი, საქართველოს აღმშენებლობაზე მომართული კანონები, რომლებიც არა მარტო სახელმწიფოს, არამედ მოსახლეობის ინტერესებსა და ეროვნულ თვისებებს ითვალისწინებენ. პარტიული ინტერესებისაგან განთავისუფლებული სამართალდამცავი ორგანოები. მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისაგან თავისუფალი სასამართლო. კონკრეტული “სამართალი” და არა აბსტრაქტული “სამართლიანობა”.

 

“ივერია” არის ძლიერი და თანამედროვე პრინციპებზე აგებული ჯარი. მტკიცედ დაცული საზღვრები. განვითარებული სამხედრო ინდუსტრია. პროფესიონალი ოფიცრები და მომზადებული რეზერვი.

 

“ივერია” არის მომგებიანი სოფლის მეურნეობა, ამოქმედებული ინდუსტრია, პროფესიონალი ექიმების მიერ განხორციელებული ჯანდაცვა, მზარდი ეკონომიკა, სტაბილური საფინანსო გარემო.

 

“ივერია” არის მუდმივი ზრუნვა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და მათი საქართველოს სახელმწიფოს წიაღში დაბრუნებაზე.

 

“ივერია” ეს არის გახსნილი საზღვრები მეგობრებისათვის. ღია და დაცული ბაზარი ინვესტირებისათვის, ახალი ტექნოლოგიებისთვის, ინოვოაციებისთვის.

 

“ივერია” არის პროგრესი.

 

“ივერია” არის მომავალი, ძლიერი ქართული სახელმწიფო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია