რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებს ახალ ფაზაში გადადის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-03-2015, 00:52 | მსოფლიო | ნანახია - 1859

რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებს ახალ ფაზაში გადადის

 

გიორგი იმედაშვილი

 

ახალმა დიპლომატიურმა სკანდალმა ამ კვირაში ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. კოპენჰაგენში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ვანინმა განაცხადა, რომ თუკი დანია „ნატოს“ ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემას შეუერთდება, დანიის სამეფო ფლოტი რუსული ატომური რაკეტების სამიზნედ იქცევა. რასაკვრიველია, ამ განცხადებას დასავლეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

დანიელებმა ჯერ კიდევ აგვისტოში დაადუსტერეს ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში ჩართვის მზადყოფნა და პირობა დადეს, რომ სამეფო ფლოტის მინიმუმ ერთ ფრეგატზე კოლექტიური თავდაცვის სისტემისათვის საჭირო რადარს განათავსებდნენ. საინტერესოა, რამ განაპირობა ამ ნაბიჯზე რუსეთის ელჩის ასეთი დაგვიანებული პასუხი.

 

ცნობილია, რომ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. პუტინის ადმინისტრაციისა და ლავროვის უწყების მხრიდან ანტიდასავლური, აგრესიული განცხადებები აღარავის უკვირს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, რუსეთის ხელისუფლება აღარც დიპლომატიურ ეტიკეტს იცავს და „ჩრდილო-ატლანტიკური“ ალიანსის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ ნაბიჯებსაც ხშირად დგამს.

 

„ივერიის“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს პუტინის მიერ არქტიკაში წამოწყებულ კიდევ ერთ სამხედრო ავატნიურას. გარდა ამისა, დაახლოებით ორი კვირაა რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტი დაუგეგმავ წვრთნებს აწარმოებს. ამ წვრთნების ფარგლებში, კალინინგრადის ოლქში „ისკანდერებიც“ განათავსეს. ამ ფაქტმა აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ სახელმწიფოებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. პოლონეთში, რომელსაც კალინინგრადის ოლქი ესაზღვრება, უკვე დაანონსეს 2016 წლიდან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, რაც რუსეთის მხრიდან რეგიონში გაზრდილი საფრთხით აიხსნება. 24 მარტს „Newsweek“-თან ინტერვიუში პოლონეთის არმიის გენერალმა სტანისლავ კოზიეჟმა განაცხადა: „წარსულში, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ბიუჯეტი მცირდებოდა, ხოლო ამის საპირისპიროდ, წლებია, რაც რუსეთის სამხედრო დაფინანსება იზრდება. ეს სახიფათო და საგანგაშო ტენდენცია უნდა დასრუდლეს“.

 

ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ პოლონელები უკვე ნათლად ხედავენ რუსეთისაგან მომვალ საფრთხეს. კოზიეჟმა აღნიშნა, რომ რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ“ომს აწარმოებს, რაც პირველ რიგში ანტიპოლონურ საინფორმაციო კამპანიასა მოიცავს. რუსულ მედიაში ვრცელდება ტყუილები იმის შესახებ, თუ როგორ წვრთნიდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე კიევის მაიდანზე „მეომარ ბანდერელებს“ და ა.შ. რასაკვრიველია, ეს ყველაფერი სიცრუეა, მაგრამ რუსულ საზოგადოებაში პოლონეთის შესახებ უარყოფით დამოკიდებულებას აღვივებს. ამის შემდგომ, რუსეთის ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად უადვილდება საკუთარი მოსახლეობის აღტაცებაში მოყვანა კალინინგრადის ოლქში „ისკანდერების“ განლაგებით. ოფიციალური განცხადების მიხედვით, რაკეტები რეგიონში წვრთნების დასრულებამდე დარჩება, მაგრამ რუსულ მთავრობის კონტროლირებად მედიაზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ პუტინი ცდილობს საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ დასავლეთი რუსეთთან ახალ ფართომაშტაბიან დაპირისპირებას აპირებს და რუსეთი ამ „ვერაგულ შეტევას“ „ისკანდერების“, უკეთესად გაწვრთნილი ჩრდილოეთის ფლოტისა და ატომური იარაღის გამოყენებით მოიგერიებს.

 

თუნდაც ერთი მაგალითი გავიხსენოთ, 17 მარტს გაზეთმა „Взгляд“ გამოაქვეყნა ევგენი კრუტიკოვის სტატია სათაურით: „У НАТО нет защиты от операции, ход которой отрабатывает Россия“, რომელიც სწორედ კალინინგრადში „ისკანდერების“ განლაგებას ეხებოდა. ამ სტატიაში კრუტიკოვი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩერებს რუსეთი დასავლეთის „მოსალოდნელ“ თავდასხმას და თანაც ამ ყველაფერს ძალიან ამაღელვებლად გვიყვება: როგორ დაიკავებენ რუსული სადესანტო ჯგუფები სკანდინავიას, როგორ ამოქმედდებიან „ისკანდერები“ პოლონეთის წინააღდეგ, როგორ გაანადგურებენ ლატვიაში 12 ამერიკულ ტანკს, როგორ გადავა რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტი ავიაციასთან ერთად შეტევაზე და ატლანტიკის ოკეანეს გააკონტროლებს, რაც ევროპაში ამერიკული ჯარების გადასხმას შეუშლის ხელს და ა.შ. მოკლედ, ტოპონიმები ცვლადებით რომ შევცვალოთ როლანდ ემერიხის რომელიმე ფანტასტიკური ფილმის სცენარის ნაგლეჯი გეგონებათ და არა ანალიტიკური სტატია.

 

ამ ყველაფერს წინ უძღოდა, 3 მარტს ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, გენრალ ანდორ შანდორის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩეხეთში რუსეთის ჯაშუშების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა. გენერალმა პირდაპირ თქვა, რომ აგენტურა ეხლა „უფრო დიდია, ვიდრე იყო ცივი ომის პერიოდში“. ბალტიისპირეთშიც, რუსულენოვან მოსახლეობაში პუტინი ცდილობს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდით პრობლემები შუექმნას ნატოს წევრ ქვეყნებს, ამას რასაკვრიველია ემატება რუსული ჯაშუშური ქსელის მოქმედებებიც. ერთი სიტყვით, შეიძლება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე პუნქტი ნატოს წევრებს პირდაპირი აგრესიისგან ჯერჯერობით იცავს, მაგრამ ის გამოუსადეგარია „ჰიბრიდული“ ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი თავის პროპაგანდით, მოსყიდვებით და ჯაშუშური ქსელის საქმიანობით აწარმოებს.

 

ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ ზაფხულში დაანონსებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა, ამ სისტემის განთავსებას, ირანიდან სავარაუდო საფრთხის გასანეიტრალების აუცილებელ ფაქტორად განიხილავდა. მაგრამ, დღეისათვის უკვე ცხადია, რომ შესაზლო რუსეული სამხედრო აგრესიის განეიტრალება, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. კოლექტიური თავდაცვის ანტისარაკეტო სისტემას მიურთდება პოლონეთიც, რაც, ალბათ, პუტინის გაღიზიანებისა და ანტიპოლონური კამპანიის კიდევ ერთი მიზეზია. რაც შეეხება დანიას, როგორც უკვე ვიცით, აგვისტოში დაანონსდა ანტისარაკეტო სისტემაში მისი ჩართულობაც, თუმცაღა, ეს ყველაფერი სამეფო ფლოტის მინიმუმ ერთ ფრეგატზე დამონტაჟებული სარადარე სისტემით შემოიფარგლება.

 

აქვე უნდა აღინისნის, რომ აგვისტოში დაანონსებულ ქმედებას, სწორედ ახლა, განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე გამოეხმაურა დანიაში რუსეთის ელჩი მიხაილ ვანინი. რუსეთის ადგილობრივი გაზეთისთვის „Jylland Posten“ მიცემულ ინტერვიუში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „არამგონია დანიელებს სრულად ესმოდეთ აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან მიერთების შედეგები. თუკი ეს მოხდება, დანიის გემები რუსეთის ატომური რაკეტების სამიზნეებად იქცევიან“. ცნობილია, რომ აღნიშული გამოცემა რუსეთისადმი საკმაოდ ლოიალურად არის განწყობილი და მისი ყოფილი რედაქტორი, ფლემინგ როზე, რუსეთის სახელმწიფოს დიდ მეგორბად ითვლება. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ რუსეთის საელჩო ამ გამოცემას პერიოდულად გამზადებულ სტატიებს აწვდის.

რამდენად დიპლომატიურად ჟღერს ვანინის განცხადება, ეს თავად განსაჯეთ. გარდა ამისა, აშკარაა, რომ ელჩი არ მალავს აგრესიას. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, რუსებმა შექმნეს საზღვაო ომის ერთგვარი სტრატეგია. ვინაიდან ამერიკულ ავიამზიდებს მძიმე შეიარაღება არ ჰქონდათ და ამ მხრივ მხოლოდ „გამცილებელ“ გემებზე იყვნენ დამოკიდებული, რუსებმა ავიამზიდების თავიანთ ანალოგენზე რაკეტები დააყენეს, რათა ხომალდებს ატომური იარაღის გადატანაც შეძლებოდათ. საჭირო დროს, მათ ატომური ამერიკული ავიამზიდებისა და მათი „გამცილებლებისათვის“ უნდა გაეხსნათ ცეცხლი და ამ გზით გაენადგირებინათ ამერიკული ფლოტის მსხვილი შენაერთები. ვანინი არ არის კარიერული დიპლომატი, ის რუსეთის საბაჟოს ყოფილი უფროსია და დიპლომატიურ სამსახურში ერთგვარი „დამსახურებული პენსიის“ გამო იმყოფება. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირისეულმა საბრძოლო სტრატეგიამ ვანინზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ტერიტორიით უდიდესი სახელმწიფოს ელჩს, საერთოდ დაავიწყდა, რომ დანიას სულ სამი საჰაერო თავდაცვის ფრეგატი ჰყავს (ავიამზიდებზე ლაპარაკი ზედმეტია). ამ სამიდან კი, მინუმ ერთზე უნდა განათავსოს სარადარე სისტემა, ხოლო ფრეგატების გასანადგურებლად ატომური იარაღის გამოყენება, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, არაპრაქტიკულია.

 

ვანინმა ასევე თქვა, რომ ანტისარაკეტო სისტემასთან მიერთებით დანია რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდება და ეს ყველაფერი უფრო ნაკლებად მშვიდობიანი გახდება. დანიასა და რუსეთის ურთიერთობა კი მნიშვნელოვნად დაზარალდება. დანიაში ამ განცხადებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარტინ ლიდეგაარდმა განაცხადა, რომ ვანინის განცხადება „მიუღებელია“ და რუსეთს უნდა ესმოდეთ, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა სულაც არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მხოლოდ თავდაცვის მიზანს ემსახურება.

 

ვანინის განცხადებებს გამოეხმაურნენ ნატოშიც. ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ მკვეთრი განცხადება გააკეთა: „ჩვენ ნათლად განვმარტეთ, რომ ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა არ არის მიმართული არც რუსეთისა და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ბირთვული საფრთხისაგან თავდაცვის მიზანს ემსახურება. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არის მიღებული, ასე რომ, ჩვენ გაკვირვებულები ვართ დანიაში რუსეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების ტონით, შინაარსით და არასწორად სერჩეული დროით“. ვანინის ინტერვიუს ევროპაში ნატოს ჯარების სარდალიც გამოეხმაურა, აშშ-ს საჰაერო ძალების გენერალი ფილიპ ბრედლოუ. მან ბრუსელის კონფერენციაზე თქვა, რომ დანიის მაგალითი არის ანტისარაკეტო სისტემაში მონაწილე ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიის კიდევ ერთი „ნაბიჯია“. ამგვარი პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა უკვე განიცადეს რუმინეთისა და პოლონეთის მთავრობებმაც, ხოლო ახლა, როგორც ჩანს, დანიის ჯერიც დადგა.

 

აშკარაა, რომ რუსეთის „რბილი ძალის“ პოლიტიკა რეგიონში უფრო და უფრო ხისტი ხდება. გაზრდილია პროპაგანდისტული დეზინფორმაციის გავრცელების მაშტაბები, რომელსაც ნატოს ქვეყნები ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯებით ვერ უპირისპირდებიან. აშკარაა, რომ აღმოსავლეთ ევრობაში მკვეთრად იზრდება რუსი ჯაშუსების რიცხვი, ხოლო რუსულ პრესაში დასავლეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის მომასწავებელი ისტერია უფრო და უფრო ღვივდება. ფაქტია, რომ ნატოს თავდაცვის სისტემა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება რუსულ „ჰიბრიდულ ომს“, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად და ჯერჯერობით ახერხებს კიდეც. ვანინის უკანასკნელი განცხადებები საერთო ევროპულ მშვიდობას აზარალებს და რუსეთის, როგორც რეგიონში დომინანტი ძალის წარმოსაჩენად არის მიმართული. რასაკვრიველია, პუტინმა კარგად იცის, რომ ამგვარი „ბლეფური“ მოქმედებებით ის ვერ გააცურებს ნატოს სარდლობას და ევროპის ქვეყნების მთავრობებს, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ დააშინებს და დააბნევს, აღმოსავლეტ ევროპისა და კავკასიის მოსახლეობას და ამ სახელმწიფოებში შექმნის დესტაბილიზაციის კერებს. სწორედ ამიტომ, ის ყოველდღიურად ზრდის რეზიდენტი ჯაშუშების რაოდენობას, აფინანსებს ლოიალურად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციიების, აღრმავებს თანამშრომლობას კოლაბორაციონისტულ პოლიტიკურ პარტიებითან და აწარმოებს ჟურნალისტების მოსყიდვას და ამ მექანიზმების ერთიანობით, პანიკურ ისტერიას ავრცელებს.

 

რუსეთის დესტრუქციული მიდგომების საფუძველზე, ევროპაში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი რუსული “ჰიბრიდული” ომის შემაკავებელი სტრატეგიის შემუშავებაზე. საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუპირისპირდეს რუსეთის გააქტიურებულ აგრესიას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების მაუწყებლობის აკრძალვა საქართველოში.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია