,,ავღანური მახე“ - ამერიკელები დროებით რჩებიან ...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-03-2015, 11:12 | მსოფლიო | ნანახია - 1992

გიგი კუბლაშვილი

 

საქართველოში არსებულმა მძიმე პოლიტ-ეკონომიურმა კრიზისმა, დროებით არააქტუალური გახადა ჩვენგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიიმდინარე გლობალური ხასიათის ამბები.

 

რამდენიმე დღის წინ, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, თავისი კოლეგის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიწვევით. ობამამ, პრეზიდენტ განის ხან პრეზიდენტი ყარზაი უძახა, ხანაც ხამიდ ყარზაი. თუმცა პრეზიდენტი განი, როგორც აღმოსავლური დიპლომატიური სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს შეეფერებოდა, ემოციების გარეშე და ღიმილის თანხლებით აგრძელებდა “სუპერ სახელმწიფოს” ლიდერთან საქმიან საუბარს.

 

,,ავღანური მახე“   -    ამერიკელები  დროებით რჩებიან ...

განის თხოვნა, ავღანეთში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის გარკვეული დროით დარჩენას შეეხებოდა, რაზეც მას პრეზიდენტი ობამა დაეთანხმა, თუმცა მხოლოდ 2015 წლის ბოლომდე. ამჟამად, ავღანეთში მყოფი ამერიკული სამხედრო კორპუსის პირადი შემადგენლობა დაახლოებით ათი ათასია, რომელიც პრაქტიკულად პრეზიდენტ განის და მისი მთავრობის არსებობისა ერთადერთი გარანტია. თუმცა რამდენად შეიძლება ვუწოდოთ ავღანეთის მოქმედ ხელისუფლებას სრულყოფილად ფუნქციონირებადი რთული სათქმელია, მაშინ, როდესაც ავღანეთის რეგიონების ნაწილი, დიდი ხანია თალიბანს ემორჩილება, ხოლო მეორე ნაწილი ე.წ. ,,ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს - მე ნამდვილად გამიჭირდება ამიტომ დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მომინდვია.

 

,,ავღანური მახე“   -    ამერიკელები  დროებით რჩებიან ...

მოკლედ ვაშინგტონი თანახმაა 2017 წლის ბოლომდე დატოვოს ათას კაციანი სამხედრო კონტინგეტი სპეციალური ოპერაციების განხორციელებისა და ავღანური თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის. ცხადია, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ავღანეთის დილემამ უკვე ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი ფინანსური და რამდენიმე ათასი კოალიციის სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე ეთანხმება მშვიდობის ფორმულას, რომლის მიხედვითაც მშვიდობა ავღანეთში დამყარდება, მხოლოდ თალიბანთან შეთანხმებით. ამ მიმართულებით ავღანეთის პრეზიდენტმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა როგორც კი გაცხადდა, რომ ამერიკლები რჩებიან 2015 წლის ბოლომდე, თალიბანის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზახიბულა მუჯახედმა განაცხადა: ,,ეს ნაბიჯი - დარტყმაა მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართულებით“.

 

ამ გარემოებების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე, რუსი და უზბეკი მესაზღვრეები გამოჩნდნენ, ჯერჯერობით როგორც სამხედრო კონსულტანტები. დაძაბულობა იგრძნობა უზბეკეთის, ტაჯიკეთის სასაზღვრო ხაზზეც.

 

როგორც უზბეკეთის სპეც-სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, ავღანეთში თალიბანის შემადგენლობაში მყოფი “უზბეკეთის ისლამური მოძრაობის“ მებრძოლების რაოდენობა, ბოლო დროს ხუთი ათასამდე გაიზარდა, ანალოგიური ქვედნაყოფები მოქმედებენ ,,ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაშიც.

 

მაღალი ალბათობით, თუ არ იქნა შემაკავებელი ძალა, რომელიც ამჟამად ერთადერთია და ეს არის აშშ-ს სამხედრო ქვედნაყოფები, ავღანური ბორბალი დაიწყებს მოძრაობას ჩრდილოეთისაკენ, უფრო სწორად მან უკვე დაიწყო მოძრაობა. არარეალური და უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, ამერიკის დახმარების გარეშე შეძლებენ წინ აღუდგენ სამხრეთიდან მომავალ საფრთხეს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ არცერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანას ამ რეგიონში პროფესიული სამხედრო შენაერთები არ გააჩნია, პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში თალიბანი და მისი მოკავშირეები სწრაფად დაამყარებენ კონტროლს ზემოაღნიშნულ ქვეყნებზე. მეტიც, არ უნდა გამოირიცხოს გარკვეული შეთანხმებებიც ზოგიერთი ცენტრალური აზიის ქვეყნების პოლიტიკურ ელიტასთან. თუმცა დიდი ალბათობით ეს დროებითი ზავები იქნება, რომელიც პირველივე ხელსაყრელ მომენტში დაირღვევა.

 

ცოტა ხნის წინათ ცენტრალური აზიის ერთერთი სახელმწიფოს ლიდერმა განაცხადა, რომ თალიბანს არ დასჭირდება ფრონტალური ოპერაციების ჩატარება, მათ შეეძლებათ გვერდი აუარონ ჩვენს ჯარებს, რაც გულისხმობს იმასაც, რომ თალიბანს სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია ამ ქვეყნებში.

 

არაერთხელ გვითქვამს, რომ ცენტრალურ აზიაში მოვლენების მსგავსი დინამიკა, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში და რაც მთავარია ჩვენს უშუალო მეზობელთან ჩრდილოეთში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან. აუცილებელია პროაქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება ამ და სხვა პოტენციური საფრთხეების განეიტრალების მიზნით, რაც გულისხმობს ჩვენს ინტეგრაციას ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ასევე უნდა ვიფიქროთ ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებაზე უპირველეს ყოვლისა აშშ-ს და სხვა დასავლელ პარტნიორებთან.

 

დრო მიდის, უკვე თითქმის სამი წელიწადია მოქმედი ხელისუფლებისგან პასუხი არ არის არცერთ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე რაც ქვეყნისათვის სიცოცხლის ტოლფასია.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია