ზოგი რამ გეოპოლიტიკაზე და არა მარტო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-03-2015, 11:35 | --- | ნანახია - 1414

ზოგი რამ გეოპოლიტიკაზე და არა მარტო

 

მართა იამანიძე

 

გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსსა და საერთაშორისო აქტორების მისწრაფებაზე დაეპატრონონ ან მოიპოვონ გავლენა ცალკეულ ტერიტორიაზე ბევრი კლასიკოსი მკვლევარის ნაშრომი არსებობს. როგორც იტყვიან, არ გავკადნიერდები, მეჰენისა და მაკინდერის თეორიებს ჩემი ნააზრები დავუპირისპირო. და არც ამ მრავალჯერ გამოხვანებულ თეორიებში ჩაღრმავებით შეგაწყენთ თავს. სტატიის თემას ამ თეორიების არასათანადო ინტერპრეტაცია და მათი საშუალებით სახელმწიფოთა (გულახდილად ვთქვათ - ერთი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის) პოლიტიკური მიზნების გამართლება წარმოადგენს.

 

ხშირ შემთხვევაში გეოპოლიტიკის საწყისები, საზღვაო და სახმელეთო ძალებს შორის დაპირისპირება, ხელოვნურად არის გამოყენებული „მკვდრეთით აღმდგარი“ ჩრდილოელის მთავარი იდეოლოგის - ალექსანდრ დუგინის - ევრაზიულ წიაღსვლებში. ვინაიდან დუგინისთვის ძირითად საყრდენს „ატლანტიციზმის“ მიმართ ევრაზიული იდეის პოზიციონირება წარმოადგენს, იგი ცდილობს „ჰართლენდის“ თეორიით გაამყაროს რუსეთის ზრახვები ევროპისა და აზიის კონტინენტებზე. ამის საფუძველზე, მაკინდერით შთაგონებული დუგინი ერთი მხრივ თეორიულ ბაზისს უქმნის თავისი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს - მოიპოვოს კონტროლი რუსეთის გარშემო მყოფ ქვეყნებზე, რათა აკონტროლოს მთელი მსოფლიო, ხოლო მეორე მხრივ გასაღებს არგებს რუსულ იდენტობას - წარმოაჩინოს იგი არა ევროპულ ან აზიურ სახელმწიფოდ, არამედ ევრაზიულ ძალად.

 

არის კი გეოპოლიტიკა საერთაშორისო მოთამეშეებისთვის საკვანძო მნიშვნელობის თემა? ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური ციებ-ცხელება ერთობ თვალსაჩინოა რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ რა წონა აქვს მას ატლანტიკის მიღმა? უდავოა, რომ გეოპოლიტიკაზე საკითხზე ბევრ გავლენიან ამერიკულ გამოცემაში იწერება (მაგალითად Stratfor-ში, Council on Foreign Relations-ში თუ სხვა ორგანიზაციებში), მაგრამ ამ პუბლიკაციებში ნაკლები აქცენტია „ჰართლენდსა“ და სხვა კლასიკურ თეორიებზე. აქ ხშირად შეხვდებით სტატიებს რუსეთზე, ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთზე. მაგრამ ყველაფერი ძალთა ბალანსისა და პოლიტიკური წონასწორობის დაცვამდე დაიყვანება, ვიდრე თეორიულ პოსტულატებამდე.

 

ახსნა ალბათ ის არის, რომ დასავლეთისთვის ლიბერალიზმი და დემოკრატია საკმარისი საზრდოა იდეოლოგიურად, მაშინ როდესაც კომუნიზმის შემდეგ რუსეთის ფედერაცია იდეოლოგიურ კრიზისშია. გამოსავალი რუსეთის პოლიტიკურ საზოგადოებაში კლასიკოსების თეორიების მოშველიებაში მოიძებნა.

 

ის, თუ რა ახსნა აქვს რუსეთის ექსპანსიას, ცალკე განხილვის თემაა. მისი მსოფლმხედვლეობა სწორხაზოვანია: რუსეთის სახელმწიფოებრიობა ექსპანსიის მიმართულებით უნდა წავიდეს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ მისი დაშლაა. საბჭოთა კავშირის სხვა ვარიაცებით აღდგენის მცდელობა კი სხვა არაფერია თუ არა მის გარშემო ე.წ ბუფერის გამაგრება და სამხრეთ კავსაკიის სატრანსპორტო კორიდორის დაბლოკვა.

 

რადგან ექსპანსიის პროცესში ერთი ქვეყნის ინტერესი უპირისპირდება სხვა სახელემწიფო(ებ)ის ინტერესებს, რუსეთი გარდაუვლად მიიჩნევს ამ ბრძოლაში დაუპირისპირდეს დასავლეთს არა მხოლოდ სამხედრო თანაფარდობით თუ ეკონომიკური პოტენციალით, არამედ იდეოლოგიურად და კულტურადაც. რთული წარმოსადგენია რამდენად მოახერხებს რუსეთი „დაეწიოს და გაუსწროს“ დასავლეთს შეიარაღებასა თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. თუმცა ერთგვარი ფუნდამენტი იდეოლოგიაზე აპელირებით ჩაიყარა. მართალია „ევრაზიანიზმი“ უფრო მეტად გეოპოლიტიკური იდეაა, ვიდრე იდეოლოგიური, მაგრამ ის რუსეთის პოლიტიკურ საზოგადოებაში აღიქმება როგორც ბაზისი, რის საფუძველზეც იგი იდეურ მეტოქეობას უწევს „უნიპოლარულ მსოფლიოს“ ამერიკის დომინანტობით.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული მეტოქეობის თემა. Chatham House-ს და Foreign Policy Journal-ს რუსეთის ფედერაცია Русский мир-ს და Россия в глобальной политике-ს უპირისპირებს. აღსანიშნავია, რომ კულტურული მომხიბვლელობისა და ე.წ „რბილი ძალის“ საპირწონედ რუსეთს დიდი საგანძური არ გააჩნია. სწორედ ეს დეფიციტი განაპირობებს იმას, რომ რუსეთში „რბილი ძალის“ აღქმა განსხვავებულია ტერმინის დასავლური აღქმისაგან. კულტურული ექსპანსიისთვის რუსეთი არ ერიდება მართლმადიდებლური სამყაროს გამოყენებას, ფსევდო-ტრადიციებზე ხაზგასმით კი არაერთხელ შეუჩვენებია „გარყვნილი დასავლეთი,“ სადაც მხოლოდ „მამათმავლები“ და „ნარკომანები“ არიან.

 

ამ ორი მიმართულებით - იდოლოგიურად და კულტურულად რუსი მოღვაწეები შეიძლება ითქვას „ფართხალებენ.“ რადგან სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებები, მათ შორის გეოპოლიტიკა, როგორც ისტორიისა და გეოგრაფიის საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში დანახული დისციპლინა, ზუსტი მეცნიერების ნაწილი არ არის, იგი ყოველთვის ტოვებს ადგილს ინტერპრეტაციისთვის. და რადგან, არავის აქვს ზუსტი პასუხი რამდენად სწორია ინტერპრეტირებული თეორიები, სახელმწიფოებს, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას, ფართო დიაპაზონი აქვს თავისი პოლიტიკის სხვადასხვა ნაირსახეობით წარმართვისათვის. რეალურად, გეოპოლიტიკა მხოლოდ საშუალებაა სახელმწიფოთა პოლიტიკური მიზნების ასახსნელად. მაგრამ მას ხშირად იყენებნ როგორც ბერკეტს ამ მიზნების რეალიზაციისათვის. ალბათ ამიტომაც, სოციალური მეცნიერებები შესაძლებლობას გვაძლევენ გავიაზროთ ისტორიული და პოლიტიკური მოვლენები. მაგრამ მას ასევე ხშირად იყენებენ ანტაგონისტური მიზნების შესანიღბად. ამგვარად, თეორიებს შემოაქვთ სიცხადე, მაგრამ ისინი არ ამარტივებენ ცხოვრებას.

 

აქედან გამომდინარე, გეოპოლიტიკის მნიშვნელობა კარგად ესმით მოსკოვში. შეიძლება ის კარგად ესმით ვაშინგტონშიც, მაგრამ ამ ეტაპზე ამერიკელთა გეოპოლიტიკური ორიენტირი აზიის ქვეყნების, უმთავრესად ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ეკვილიბრიუმზე გადის. განსხვავება გეოპოლიტიკის რუსულ და ამერიკულ აღქმაში არის ის, რომ ერთი ღრმად გაჭრილია თეორიებში და მსოფლიო ბატონობის წინაპირობად ევრაზიულ „ჰართლენდზე“ გავლენის მოპოვება ესახება; ხოლო მეორე საკუთარი ეროვნული ინტერესებით შემოიფარგლება და აზიური სამყაროს დაბალანსებაზე ფიქრობს, რათა საფრთხე არ შეექმნას თავისივე სახელმწიფოს უსაფრთხოებას. შედეგად, ამ ორს შორის არა მხოლოდ იდეური სხვაობაა, არამედ სტრატეგიულიც. გამოთავისუფლებულ სივრცეში ლავირების ოსტატობას კი ვინ თუ არა რუსეთი ფლობს ყველაზე კარგად.

 

ასე მოიქცა რუსეთი 1921 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის ძალა ნაკლებად შესწევდათ დასავლეთში (უპირველესად კი დიდ ბრიტანეთში) და ანალოგიურად მოიქცა 2008 წელს, როდესაც მართალია დამოუკიდებელ საქართველოს უკვე აღიარებდნენ, მაგრამ ვერც ვერაფერი შეძლეს საქართველოს ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ 2008 წელს საქართველოს მთავრობა არ წასულა ემიგრაციაში და ქვეყანამ განაგრძო არსებობა, თუმცა „სატრანსპორტო კორიდორის“ გასაღები კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდა. არაერთ მწერალსა თუ ისტორიკოსს, დაწყებული მარკ ტვენიდან დამთავრებული ბერნანდ ბროუდელით ასევე არაერთხელ შეუხსენებია, რომ ისტორია მეორდება. მართლაც, რუსეთის ისტორიული გაკვეთილები უსასრულოა მენდელეევის პერიოდული სისტემასათვის. და გულუხვიც - სხვა თუ არაფერი - „Россия щедрая душа!“

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია