გრძელი რეპლიკა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-03-2015, 15:19 | კულტურა | ნანახია - 1839

ზურაბ ბახტაძე

 

საბჭოთა ეპოქაში არსებობდა ასეთი სტატისტიკა: თბილისის ყოველი ზრდასრული მცხოვრები, წელიწადში ერთხელ თბილისის რომელიმე თეატრის ერთ სპექტაკლზე მაინც რომ მისულიყო, თბილისის თეატრები წლის გეგმას შეასრულებდნენ, მაგრამ ასე არ ხდებოდა. თეატრში ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დადიოდა, სხვები კი მაშინ აქტიურდებოდნენ, როდესაც მოსკოვიდან საკავშირო პრესა და ტელევიზია მთელ საბჭოთა კავშირს ამცნობდა, რომ ქართულმა თეატრმა მოსკოველ მაყურებელს შედევრი ან შედევრთან მიახლოებული სპექტაკლი წარუდგინა. ამას კი მოჰყვებოდა წარმატებული გასტროლები საზღვარგარეთ და ამ წარმატებით ჯერ გაკვირვებული და მერე გახარებული ქართველი მაყურებლის გააქტიურება. ეს რაღაც დოზით იმას ჰგავდა, ფიროსმანის შემოქმედების მასშტაბი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, უცხოელებმა რომ დაგვანახვეს. დღეს კი უცხოელების მიერ ნაქებ სპექტაკლებზეც ბევრი არავინ იკლავს თავს.

 

ის ხალხი, რომელიც თეატრში არ დადის, თავის გასამართლებლად, თეატრის ბილეთის სიძვირეს იმიზეზებს. ეს ნაწილობრივ სიმართლეა. თუ საბჭოთა კავშირში ყველაფერს სიმბოლური, არა ბაზრის კანონებით შექმნილი, ფასი ედო, დღეს ყველაფერს ხალხის ჯიბესთან შეუთავსებელი ფასი ადევს და ეს ძირითადად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, მაგრამ მთავარი უფრო მაინც ის არის, რაც ზემოთ აღვნიშნე.

 

ჩვენს მაყურებელს თეატრში სიარული ძალიან რომ უნდოდეს, ეს მთელი საზოგადოებისა და მთავრობისთვისაც თვალნათელი გახდებოდა და გამოსავლის პოვნაზეც დაიწყებოდა ზრუნვა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მარტო თეატრს არ ეხება. იგივე ხდება მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებში, რომლებიც მარტო დაბალი ხარისხის შოუების დროს ივსება დაბალი გემოვნების მქონე მაყურებლით; მაგრამ მე ისევ თეატრს მივუბრუნდები.

 

დღეს ქართულ თეატრში ის ხდება, რაც ყოველთვის ხდებოდა: იდგმება კარგი, საშუალო და ცუდი სპექტაკლები, მაგრამ თვითონ ქვეყანაში ჩამოუყალიბებელია მთავრობის პოლიტიკა თეატრების მიმართ. გასაგებია, რომ ჩამოუყალიბებელ ქვეყანას ჩამოყალიბებულ პოლიტიკას ვერ მოსთხოვ, მაგრამ მაინც მგონია, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში, ზოგი ისეთი რამის გაკეთება შეიძლება, რაც აუცილებლად ფულთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენს თეატრებში წარმოადგენენ ზოგ ისეთ კარგ სპექტაკლს, რომლის ნახვის საშუალება ყველა ჩვენს მაყურებელს არ აქვს, უცხოელების მცირე ნაწილი კი მათ მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში ნახულობს. დღეს თბილისის თეატრებში თამაშობენ მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორების - მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლებსა და ასევე მათი მომდევნო თაობების ნიჭიერი რეჟისორებისაც. თბილისში არსებობს მარიონეტების, პანტომიმისა და თითების თეატრები, რომელთა სპექტაკლებზეც ხალხმა ყურმოკვრით შეიძლება იცოდეს რამე, მაშინ, როცა ყოველი მათგანის შემოქმედება უკვე გახმაურებულია მსოფლიოს თეატრალურ წრეებში.

 

დღეს, როდესაც ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ხომ შეიძლება, მათი რაიმე სახით მოზიდვა? უცხოელ ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისთანავე შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს თეატრები, რომელთა სპექტაკლებსა და მსახიობებს ფურორი აქვთ მოხდენილი მათ ქვეყნებში და რომ მათ ამ სპექტაკლების ნახვა აქვე შეუძლიათ (თანაც ბევრად იაფად). და, რაც უფრო მთავარია, ხომ შეიძლება, ჩვენმა ბიზნესმენებმა და ბანკებმა ჩვენს ბავშვებს შეუძინონ იმ საოცარი სპექტაკლების ბილეთები, რომლებიც მათ შეუძლიათ ნახონ რევაზ გაბრიაძის, ამირან შალიკაშვილისა და ბესო კუპრეიშვილის თეატრებში, სადაც მათ სპექტაკლებზე გაკვირვებისგან პირდაღებული ბევრი უცხოელი და შთაბეჭდილებისგან აგზნებული ბავშვი მინახავს?

 

სიურრეალიზმი, როგორც მიმდინარეობა, უცხოეთში წარმოიშვა, საქართველოში კი მარიონეტების, პანტომიმისა და თითების თეატრების ჟანრთა ცოცხალ ფუძემდებლებს - გაბრიაძეს, შალიკაშვილსა და კუპრეიშვილს არსად განუცხადებიათ მისდამი თავიანთი თავის მიკუთვნების შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უცხოელებს მათ თეატრებში შეუძლიათ ნახონ გამორჩეული ნიჭიერებით გადმოცემული ბუნებრივად სიურრეალისტური ხილვები და უსაზღვრო ფანტაზია, რომელიც ადამიანს, მუსიკალური სმენის მსგავსად, დაჰყვება ან არ დაჰყვება ხოლმე.

 

ამ წერილ-რეპლიკაში ორ ისეთ პრობლემას შევეხე, რომელთაგან ერთი ეთნოფსიქოლოგთა კვლევის საგანია, მეორე კი - სოციოლოგთა; და ვიცი, რომ ერთი ხელის მოსმით არც ერთი არ გადაწყდება. მე მხოლოდ იმ აზრის პროვოცირება მინდა, რომელსაც საქმე უნდა მოჰყვეს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია