შეუძლია თუ არა უკრაინას დაამარცხოს რუსეთი?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-03-2015, 23:55 | პოლიტიკა | ნანახია - 1800

შეუძლია თუ არა უკრაინას დაამარცხოს რუსეთი?

 

შალვა ძიძიგური

 

რამდენიმე კვირის წინ, გავლენიან ამერიკულ ჟურნალ „Foreign Policy” - ში გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით „გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც უკრაინას შეუძლია მოიგოს“ (A Stalemate Ukraine can win ).

 

სტატიის ავტორი, რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდერ მოტილი დებალცოვოს ბრძოლის შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე, ძირითადად, ორი განსხვავებული მოსაზრებაა გავრცელებული: დასავლური მედია მას უკრაინის ხელისუფლების მძიმე მარცხად მიიჩნევს და ამ ბრძოლას ხშირად მოიხსენიებს, როგორც „განადგურება დებალცოვოში“ (Debaltseve Debacle). ამის საპირისპიროდ, უკრაინის ზოგიერთი უმაღლესი სახელისუფლო პირი ამტკიცებს რომ დებალცოვო იქცა „რუსეთის გარდაუვალი მარცხის მაუწყებელ დიდ სიგნალად“.

 

მოტილის აზრით, კი, სიმართლე ამ ორ შეფასებას შორის უნდა ვეძებოთ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უკანდახევისა, უკრაინის არმიის მიერ დებალცოვოს ბრძოლის დანაკარგმა პირად შემადგენლობაში მხოლოდ 260 ჯარისკაცი შეადგინა, როცა სეპარატისტებმა და მისმა მხარდამჭერმა რუსულმა რეგულარულმა სამხედრო ძალებმა 868 მებრძოლი დაკარგეს ერთ თვეში. თუმცა, ამ რიცხობრივმა თანაფარდობამ უკრაინის სასარგებლოდ, ვერ გადაფარა ამ ქვეყნის არმიის სერიოზული ჩავარდნები, განსაკუთრებით, მართვასა და კონტროლში, ქვედანაყოფებს შორის არასათანადო კოორდინაციასა და სტრატეგიულ - ტაქტიკურ დაგეგმარებაში. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა აჩვენა, რომ ჯარისკაცების ცალკეული თავდადება არ იყო საკმარისი წარუმატებლობების თავიდან ასაცილებლად, როგორც ეს მოხდა ქალაქ ილოვაიცკში და დონეცკის აეროპორტში.

 

მოტილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად რუსეთის უზარმაზარი სამხედრო უპირატესობისა, უკრაინას მაინც შესწევს ძალა სათანადო სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს თავის მეზობელს. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა რეფორმების სასწრაფო გატარება თავდაცვის სფეროში. მცირე ზომის, კარგად გაწვრთნილმა და აღჭურვილმა, მობილურმა უკრაინულმა სამხედრო შენაერთებმა კი უნდა აირჩიონ სტრატეგია „ომი დაუძლურებამდე“ (war of attrition), რომელიც მიმართული იქნება არა მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეტაკებაში ჩართვაზე, არამედ მასთან ხანგრძლივი ომის წარმოებაზე, მისი ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოფიტვამდე. ამ შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია, მინიმუმ, ბრძოლის გაგრძელების სურვილი დააკარგვინოს რუსეთს. მხოლოდ „გამოუვალ მდგომარეობაში“ (stalemate) ჩაყენებას შეუძლია აიძულოს რუსეთი მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და მშვიდობიანად გადაწყვიტოს კონფლიქტი. აუცილებელია ასევე ძლიერი საგარეო მხარდაჭერაც დასავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის თანამედროვე შეიარაღებით, ხაზს უსვამს პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი.

 

რამდენად სერიოზულია მოტილის ეს არგუმენტი და მართლა შეუძლია თუ არა პატარა ქვეყანას სამხედრო დაპირისპირებაში დაამარცხოს მასზედ ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგე, როგორიც, ვთქვათ, რუსეთია - ამ კითხვაზე პასუხი არამარტო უკრაინელებისთვის, არამედ, ქართველებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

თუ ისტორიას გადავხედავთ, შეგვიძლია უამრავი ფაქტი მოვიპოვოთ ისეთ ომებზე, რომელშიც სუსტმა ქვეყანამ მარცხი აგემა მასზედ ბევრად ძლიერ ქვეყანას და ზოგჯერ საკმაოდ მტკივნეულიც. საქართველოს ისტორიაშიც მოიძებნება ასეთი საქმენი საგმირონი. ხშირად, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ დამპყრობლის წინააღმდეგ არაერთი სამახსოვრო ბრძოლა მოგვიგია. უმალ დიდგორის „ძლევაჲ საკვირველი“ გაგვახსენდება, როდესაც დავით აღმაშენებელმა 55 000 კაციანი ლაშქარით თურქ-სელჯუკთა კოალიციური არმია დაამარცხა, რომელშიც, ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, 400 000 მეომარი ირიცხებოდა. გამარჯვების საკვირველება, არა მხოლოდ მეტოქე ძალების ასიმეტრიულობაში, არამედ ბრძოლის ხანმოკლეობაში და თურქ-სელჩუკთა კოლოსალურ დანაკარგშიც გამოიხატა. როგორც ისტორიკოსები გადმოგვცემენ, 1121 წლის 12 აგვისტოს სისხლისმღვრელი შეტაკება სულ რაღაც 3 საათი გაგრძელდა. ბრძოლის ველიდან მოულოდნელად გაქცეულ მტერს, კი, ქართველებმა თურმე 8 დღე სდიეს და, უზარმაზარი ალაფის მოპოვების გარდა, მტრის მეომართა დიდი ნაწილიც გაანადგურეს. 

 

რა თქმა უნდა, ადრე შუა საუკუნეების ომების 21-ე საუკუნის ბატალიებთან შედარება მთლად მართებული არ არის და თანამედროვე ასიმეტრიულ ომში, ლოგიკურად, ძლიერმა ყოველთვის უნდა შეძლოს სუსტის დამარცხება. ეს ეხება, როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე, კოალიციებს ან სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის ომს.

 

თუმცა, როგორც ჩანს, სამხედრო ძალით დიდი უპირატესობა არც 21 - ე საუკუნეში არის ომში საბოლოო გამარჯვების გარანტი.

 

მაგალითად, ამერიკელმა მეცნიერმა, ივან არეგინ ტოფტმა თავის წიგნში „როგორ იგებენ სუსტები ომს: ასიმეტრიული ომის თეორია“ (“How the Weak Win Wars: A Theory of Asymmetric Conflict”) შეისწავლა 200 ასიმეტრიული ომი 1800 წლიდან მოყოლებული 2003 წლის ჩათვლით და სტატისტიკურად გამოთვალა, რომ გამარჯვების რაოდენობის თანაფარდობა ძლიერსა და სუსტ შორის არის მხოლოდ 71.5¬ % : 28.5 % პირველის სასარგებლოდ. საგულისხმოა, რომ მან კვლევის საგნად ის კონფლიქტები აიღო რომლებშიც ძალთა უთანასწორობა ძლიერსა და სუსტს შორის 10:1 - ზე შეადგენდა. ძალაში (power) მან მატერიალური ტერმინი იგულისხმა, რომელიც სამხედრო კომპონენტს და მოსახლეობის რაოდენობას მოიცავს. ტოფტის აზრით, შეიძლება ძალა არაა გადამწყვეტი ომის მოსაგებად. გაბედულებას, ტექნოლოგიას, სწორ სტრატეგიას, მართვას ან სულაც გმირობას და სილაჩრეს შეუძლია მოულოდნელ შედეგის გამოწვევა ომში. თუმცა, ძალის მნიშვნელობა მაინც გაცილებით დიდია ვიდრე სხვა დანარჩენი ერთად, რადგან ძალას შეუძლია სხვა კატეგორიებში არსებული ხარვეზების გადაფარვა. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა მან ძალის მატერიალური დეფინიციით ეხელმძღვანელა კვლევის დროს.

 

შეუძლია თუ არა უკრაინას დაამარცხოს რუსეთი?

 

ნიშანდობლივია, რომ ორსაუკუნოვანი ასიმეტრიული ომების ანალიზში, მკვლევარმა აღმოაჩინა რომ ძლიერი აქტორები დროთა განმავლობაში უფრო მეტ ომში გამოვიდნენ დამარცხებულები. მაგალითად:

 

• 1800 – 1849 წლებში ძლიერების გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი იყო 88.2.

• 1850-1900 წლების შუალედში მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება და ძლიერ სახელმწიფოთა გამარჯვება 65.1 % - მდე ეცემა.

• აი, 1950 – 99 წლებში ეს მონაცემი კიდე უფრო მცირდება და სულ რაღაც 48.8% -მდე ჩამოდის.

 

შეუძლია თუ არა უკრაინას დაამარცხოს რუსეთი?

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და სამხედრო ექსპერტები ასეთ უარყოფით ტენდეციას მრავალი ფაქტორით ხსნიან. თუკი, მე-19 საუკუნეში ძლიერი სახელმწიფოების ტექნოლოგიური უპირატესობა (ცეცხლსასროლი იარაღი, არტილერია, საზღვაო ხომალდები და ა.შ. ) გაცილებით თვალსაჩინო იყო, მე-20 საუკუნეში ეს განსხვავება უმნიშვნელო გახდა. გარდა ამისა, წინა საუკუნეში, განმანთავისუფლებელი ომების და დეკოლონიზაციის პერიოდში, სუსტები, ნაციონალური თვითგამორკვევით მოტივირებულებნი, უკეთ ახერხებდნენ მედგარი წინააღმდეგობის გაწევას ევროპელი კოლონიზატორებსთვის და ხშირად თავგანწირვის ხარჯზე ამარცხებდნენ ან უკარგავდნენ მათ ძვირადღირებული სამხედრო კამპანიის გაგრძელების სურვილს.

 

ზოგიერთ ექსპერტი ასევე ხაზს უსვამს მმართველობის ფორმის მნიშვნელობას მეომარ სახელმწიფოებში. მაგალითად, დემოკრატიული მთავრობებისგან განსხვავებით, ავტორიტარული რეჟიმები უფრო სწრაფად ახერხებენ სამხედრო ძალების მობილიზებას და მათთვის მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით უზრუნელყოფას.

შეუძლია თუ არა უკრაინას დაამარცხოს რუსეთი?

 

ორი ასეული ასიმეტრიული კონფლიქტის კვლევის შედეგად არეგინ ტოფტმა დაადგინა, რომ ასიმეტრიულ ომში უფრო მნიშვნელოვან როლს ომში ჩართული მხარეების მიერ არჩეული საომარი სტრატეგია თამაშობს, ვიდრე სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები. მაგალითად, თუკი ძლიერი და სუსტი მოწინააღმდეგები ერთდაიგივე სტრატეგიას ირჩევენ და პირდაპირ, კონვენციურ ომში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მაშინ 75%-ია იმის შანსი რომ სუსტი დამარცხდება. ხოლო თუ სუსტი მიმართავს ისეთ ბრძოლის ფორმას, რომელიც განსხვავებული იქნება ძლიერის სტრატეგიისგან, მაშინ სუსტების უპირატესობა 60%-მდე იზრდება. სუსტებისთვის ყველაზე წარმატებულ სტრატეგიად არეგინ ტოფტი პარტიზანული ომს ასახელებს. ამის დამადასტურებელ ერთ-ერთ მაგალითად ბურების ომი მოჰყავს, რომელშიც ინგლისელმა კოლონიზატორებმა ლორდ რობერტსის მეთაურობით დასაწყისშივე საგრძნობ წარმატებას მიაღწიეს მათზე ბევრად სუსტი ბურების წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელნი კონვენციურ ომში პირისპირ ჩაებნენ ბრიტანელებთან. 1900 წლიდან ბურებმა სტრატეგია შეცვალეს და არაპირდაპი, პარტიზანულ ომი გაუმართეს მტერს და წარმატებული თავდასხმები განახორციელეს კავშირგაბმულობის საშუალებებზე, რკინიგზაზე და საწყობებზე, რითაც საგრძნობი ზარალი მიაყენეს მოწინააღმდეგეს. თუმცა, ბრიტანელებმაც უმალ შეცვალეს ბრძოლის ფორმა და ე.წ. „გადამწვარი მიწის“ (scorched earth) ტაქტიკას მიმართეს, რაც გამოიხატებოდა ბურების სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტების განადგურებასა და ადგილობრივი სამოქალაქო პირების კონცენტრაციის ბანაკებში დაპატიმრებაში. საბოლოოდ, ბურების ომი ბრიტანელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია