პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-04-2015, 18:10 | მსოფლიო | ნანახია - 1681

გიგი კუბლაშვილი

 

სულ რამოდენიმე დღის წინ 29 მარტს, ჩვენგან არცთუ შორეულ მეზობელ ქვეყანაში უზბეკეთში, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ქვეყნის მეთაურის სავარძელს კვლავ ისლამ კარიმოვი დაიკავებდა.

 

არჩევნებში რამოდენიმე კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. უზბეკეთში 21 მილიონამდე ამომრჩეველია, აქედან 17 მილიონმა ხმა ისლამ კარიმოვს მისცა, მან ხმების 90.39 პროცენტი დააგროვა.

 

ისლამ კარიმოვი უზბეკეთის სათავეში 1990 წლიდან იმყოფება. მიუხედვად იმისა, რომ თავისუფალ სამყაროს მის მიმართ ბევრი შეკითხვები აქვს, ადამიანის უფლებების, ოპოზიციის შეზღუდვის და ზოგადად ავტორიტარული მმართველობის შექმნისა და გაძლიერების კონტექსტში, დასავლეთისათვის კარიმოვი მაინც ასოცირდება ძლიერ რეგიონულ ლიდერად, რომელიც რკინის ხელით მართავს ქვეყანას და არ აძლევს უფლებას არც რუსეთს და არც დასავლეთს, ზედმეტად ჩაერიონ მის საქმეებში. აქედან გამომდინარე დასავლეთი აქტიურად თანამშრომლობს მასთან, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ველზე.

 

საქართველოს მიმართ კარიმოვის განწყობა უაღრესად დადებითია, წლების განმავლობაში, როგორც საქართველოს წარმომადგენელს ამ ქვეყნაში არაერთხელ მქონია საშუალება ამაში დავრწმუნებულიყავი, იგი ყოველთვის პატივისცემით და სიყვარულით იხსენებდა ქართველ ხალხს და საკმაოდ კარგად ერკვევა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში.

 

უზბეკეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც საექსპორტო ტვირთის მაფორმირებელია ცენტრალურ აზიაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან არსებობს ყველა საშუალება, რომ ჩვენი ტვირთბრუნვა მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ახალი სატრანზიტო სარკინიზო ხაზი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი შემდგომი განშტოებებით დანარჩენ ევროპაში, საქართველოს ბიუჯეტი დამატებით ათეული მილიონობით დოლარით შეივსოს.

თუმცა აღნიშნულის იმპლემენტაციას ჭირდება ჩვენი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა, რათა დაწყებული საქმე შესაბამისი შედეგებით დასრულდეს. წლების განმავლობაში საქართველო - უზბეკეთის ურთიერთობებში იყო აღმასვლა და იყო გარკვეული ჩავარდნებიც, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ზოგადად საქართველოს მხარდაჭერა, უზბეკეთისათვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ალბათ, ცალკე უნდა გამოვყოთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტებიც, რომელიც 2009 წლიდან მუდმივად უმჯობესდება და ხასიათდება ზრდის პერსპექტივით.

 

ცენტრალურ აზიაში მიმდინარე რთული პოლიტიკური ლანდშაფტის მიუხედავად, აუცილებლად გასათვალისწინებელია, მეტიც, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ამ ქვეყნების ისტორია, კულტურა, ადათ-წესები და რაც მთავარია გვქონდეს გათვლილი და ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული და არა ფუჭ საუბარზე.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია